ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

პროფესიული განათლება ქართული მეღვინეობის სექტორში

საქართველოს შესწევს უნარი, ვაზის ადგილობრივი ჯიშებისგან აწარმოოს თავისებური, დამახასიათებელი ღვინო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით ქართული ღვინო აღიარებულია საერთაშორისო ბაზარზე. ევროპაში ქართული ღვინის გატანა ადვილი საქმე ნამდვილად არ არის, მაგრამ რამდენიმე ქართველმა მეღვინემ ევროპისკენ ბილიკები უკვე გაჭრა და ეს იმედს გვიტოვებს, რომ მომავალში ამ ბილიკებზე ჩვენი თანამემამულე სხვა მეღვინეებიც გაივლიან.

ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი ყოველთვის იყო ღვინის დაყენების ქართული ტრადიციისა და ხარისხის დასავლური სტანდარტის ერთმანეთთან შერწყმა. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიური მევენახეობა-მეღვინეობის ახალდაარსებულ ფაკულტეტზე, ჰაილბრონის უმაღლესი სასწავლებლის ხელშეწყობითა და დახმარებით, უმაღლესი განათლება საერთაშორისო დონეზე იქნა აყვანილი და ეს მომავლის დიდ იმედს იძლევა.

სასიხარულოა, რომ ღვინოსთან დაკავშირებული ცოდნის გაღრმავების მსურველი ახალგაზრდების რაოდენობა საქართველოში საკმაოდ დიდია. შტაინბაისის ინოვაციის ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატები თავისთავად ევროპის ღვინის ქარხნებში დასაქმების გარანტიას არ იძლევა (თუნდაც სტუდენტს პრაქტიკა გერმანიაში ჰქონდეს გავლილი), თუმცა, გერმანელი ტრენერების განმარტებით, ევროპის ღვინის ქარხნები სერტიფიკატებზე მეტ მნიშვნელობას სტუდენტის რეალურ ცოდნას ანიჭებენ.

ამ ცოდნას კი ყველა ის ქართველი ახალგაზრდა მიიღებს, რომელიც არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ სწავლებაშიც გამოიჩენს თავს. თანამედროვე მსოფლიოში ღვინოსთან დაკავშირებული ცოდნის 60% – პრაქტიკულ, 40% კი თეორიულ მუშაობას მოიცავს, რაც ძირეულად განსხვავდება საბჭოთა განათლების სისტემისგან, რომელიც პრაქტიკოსი მეღვინეების ნაცვლად ხშირად თეორეტიკოსებს ზრდიდა და ასეთი „კაბინეტის მეღვინეები“ ღვინის დაყენების პრაქტიკულ პროცესებში ხშირად სრულიად ვერ ერკვეოდნენ.

კარგი პროფესიული განათლება ყოველი დარგის გრძელვადიანი წარმატების საფუძველია. ის მოიცავს როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებასაც. ამიტომ დუალური პროფესიული განათლება ორივე ამ მოთხოვნას თანაბრად ასრულებს. გარდა ამისა, თავიდანვე უყრის საფუძველს ღირებულ პარტნიორულ ურთიერთობებს საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ღვინის კერძო კომპანიებს შორის. მუდმივი ცვლილებები საბაზისო ცოდნის გაფართოების საჭიროებას გულისხმობს. ისევე როგორც სხვა პროფესიებში, ამ პროფესიაშიც სწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაშია აუცილებელი.

სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ბრენდის შესახებ ცოდნას და რა შეიძლება შესძინოს ამ კუთხით ევროპულმა გამოცდილებამ ქართულმა ღვინის სექტორს ღვინის ბრენდირების საკითხი დიდ ყურადღებას იმსახურებს და თუ ქართულ ღვინოს ევროპის ბაზარზე გასვლის პრეტენზია აქვს, უწინარესად სწორედ ბრენდების ზუსტი და ლოგიკური განსაზღვრა მოეთხოვება.

ცნობილია (და ბუნებრივიც), რომ მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი ღვინის შეძენის დროს ყურძნის ჯიშზე, ღვინის დაყენების ტექნოლოგიასა და სხვა ნიუანსებზე მეტ ყურადღებას სწორედ ბრენდს აქცევს, ამიტომ ღვინის ბრენდირება და შეფუთვა ისე უნდა მოხდეს, რომ არც მყიდველი დაიბნეს და ღვინის მწარმოებელმაც ზუსტად იცოდეს, რა სჭირდება მისი ღვინის პოტენციურ შემძენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი