პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ერთი ხელნაწერის ამბავი

ამბის მოყოლა ალბათ იქიდან უნდა დავიწყო, როცა მინიატურებიანმა, ლამაზყდიანმა წიგნმა საკუთარი თავი ეტლში აღმოაჩინა.  ჰო, ასე, უბრალოდ, თანამგზავრების გარეშე.  მარტო აღმოჩნდა ტფილისური ეტლის ოდნავ გადაქექილ სავარძელზე.

წერეთლის ვაჟმა, ფრიდონმა, „ვეფხისტყაოსნის“ არა, ისე, ფრიდონმა… ხელნაწერი საჩხერიდან თბილისში ჩამოიტანა და მერე, თბილისის დუქნებში შესმული ღვინის თუ უბრალო, ახალგაზრდული დარდიმანდობის გამო, ეტლში დარჩა… წიგნი სულ ცოტახანს იყო მარტო,  საკუთარ ტექსტთან  დარჩენილი, ხელნაწერის მინდვრების სიცარიელეში გაყუჩებული, თავისივე მინიატურების თოვლიან უდაბნოში განმარტოებული. იცით ეს როგორი თოვლია? თბილი, თბილი,  ხელში ქვიშასავით რომ იფანტება და საკუთარ ზედაპირზე ყვავილებს რომ ახარებს…       ცოტა ხანში, წიგნი ერთმა ნოქარმა იპოვა, რომელმაც წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში გააქანა, სარფიანად გავყიდი და ბედსაც ვეწევიო. ექვთიმე თაყაიშვილი, საგანძურის მცველი და შემგროვებელი იქ არ დახვდა, ამიტომაც, შემთხვევითი მპოვნელი უკან გამობრუნდა და ნაპოვნი განძი დავით სარაჯიშვილს შესთავაზა, მანაც, წიგნისა და ხელნაწერების ღირებულების კარგმა მცოდნემ და გულშემატკივარმა, ხელნაწერი შეიძინა. შეიძინა და თავისი ფრანგი სტუმრის, ბარონ დე ბაისთვის ჩუქება გადაწყვიტა.

ვინ იცის, რომელ გზას დაადგებოდა, რომელი ქვეყნის ჰაერს ჩაისუნთქავდა  მეთვრამეტე  საუკუნის უძვირფასესი ხელნაწერი, რომ არა მისი საბედისწერო შეხვედრა ექვთიმე თაყაიშვილთან, რომელმაც ხელნაწერის ბედი შეცვალა.

დავით სარაჯიშვილს ძალიან უყვარდა ექვთიმე თაყაიშვილი, მისი ნიჭის, გულწრფელობის, რაღაცნაირი, ბავშვური დაბნეულობისა და გულანთებული მამულიშვილობის გამო. ხშირად სადილობდნენ ერთად, სარაჯიშვილის სასახლის მყუდრო ბაღში, ექვთიმე ექსპედიციებზე უყვებოდა, ლიტერატურაზე საუბრობდნენ, ათას რამეს მიმოიხილავდნენ.  ამ კვირასაც ტრადიციულ  საზეიმო სადილზე იყო დაპატიჟებული  რამდენიმე მწერალთან და ოჯახის ახლობელთან ერთად.

ეკატერინე, სარაჯიშვილის მეუღლე, ბოლო დროს ევროპულ კერძებს უფრო სწყალობდა,  კნეინა ბარბარე ჯორჯაძის სამზარეულო წიგნიდან ათასგვარ ბლომანჟეს და პუდინგს ამზადებდა სარაჯიშვილების მზარეული. იმ საღამოსაც, რამდენიმე ქართულ კერძთან ერთად ევროპული დესერტებიც შესთავაზეს სტუმრებს, ღვინოც საგანგებო ჰქონდათ, მსურველებს კი პატარა, ბროლის სირჩებით სურნელოვანი კონიაკის გასინჯვაც შეეძლოთ.

მათთან სტუმრობა ყველას უყვარდა, ღირსეული მასპინძლები, კეთილგანწყობილი სტუმრები, საინტერესო საუბრები. თუკი ტფილისის გული სადმე სცემდა, ეს სარაჯიშვილების სასახლე იყო.

იმ კვირა დღესაც ათასი მეფისა და თავადის,   რამდენიმე შემთხვევითი და ზოგი ნამდვილი მკითხველის ხელში გამოვლილი ხელნაწერი სარაჯიშვილისეულ ბიბლიოთეკაში თვლემდა, რაღაცნაირ, გრილ სიმყუდროვეში გაყუჩებული და  ზანტად უცქერდა თაროებსა და მაგიდებზე  ჩამოლაგებულ წიგნებსა და ხელნაწერებს.

ბიბლიოთეკაში სულ ოდნავ ისმოდა მისაღები ოთახის ფორიაქი და ფაციფუცი, ფორტეპიანოს ხმა, ხმამაღალი სიცილი….

ზოგჯერ ბიბლიოთეკის კართან კაბების შარიშურითა და სწრაფი ნაბიჯით გაივლიდნენ ხოლმე შინამოსამსახურეები, ვერცხლის  დანა-ჩანგალი მოჰქონდათ, ან ფაიფურის  ულამაზესი ჭურჭელი სარაჯიშვილების გერბის ანაბეჭდით.

საკუთარი ნახატების ფერებში, საკუთარ სიუჟეტში ასე რომ არ გახლართულიყო, ხელნაწერი უთუოდ გაიგებდა საუბრის ნაწყვეტებსაც. ახალგაზრდა გიგო გაბაშვილი პარიზზე, მის მხატვრებზე და მონმარტრის ქუჩაზე ლაპარაკობდა, არტურ ლაისტი „ივერიის“ ახალ პუბლიკაციას განიხილავდა, აკაკი ახალბედა პოეტებზე  სასაცილო ამბებს ყვებოდა, ექვთიმე ჩუმად იჯდა და გონებაში ტაო-კლარჯეთის რამდენიმე ტოპონიმზე ფიქრობდა, საკითხები და კითხვები წინა საღამოს ჩაიწერა სამუშაო რვეულში, სავარაუდო პასუხები კი მოსვენებას არ აძლევდა.

-უი, ექვთიმე,  ერთი ისეთი ხელნაწერი უნდა გაჩვენო, ისეთი, რომ შენი მოწონებული! -უთხრა დავითმა. თუ რამე გამოიყვანდა ექვთიმეს ამ აბურდულ-ჩაბურდული ფიქრებიდან, ეს მაგიური სიტყვა „ხელნაწერი“ იყო. -რუსთაველია, საუცხოო ნახატებით, წამოდი წიგნების ოთახში და გაჩვენებ! მეგობრებო, გვაპატიეთ, მაგრამ ამ ყმაწვილის გულის ჭირს უნდა ვუწამლო, ახლა ვეღარ მოისვენებს,  ცოტა ხანში დავბრუნდებით!

წიგნმა ჯერ ორი ადამიანის ნაბიჯების ხმა გაიგონა, შემდეგ მძიმე კარი გაიღო და ერთ ნაცნობ და მეორე – უცნობ მზერას შეეფეთა.

ეს მეორე განსაკუთრებულად უცქერდა, შემდეგ მასპინძელს შეაჩერდა უსიტყვო კითხვის გამომხატველი თვალებით და როცა დასტური დაინახა, ოდნავ აკანკალებული, გამხდარი და ულამაზესი თითები ხელნაწერის ყდას შეახო, შემდეგ გადაშალა, ფრთხილად, ფრთხილად, განსაკუთრებული რუდუნებით ფურცლავდა, ხან სინგურისფერ, საწყის ასოებს აკვირდებოდა, ხანაც გადამწერის ხელწერას, გონებაში ყველა ადრე ნანახს ადარებდა, საერთოს ეძებდა, მერე კი, როდესაც პირველივე მინიატურას გადააწყდა, საერთოდ შეეცვალა მზერა, რუდუნება თაყვანისცემაში გადაეზარდა და ხმამაღლა აღმოხდა:

-საოცრებაა! დავით, საიდან მოიპოვეთ?

– წერეთლებისგან ვიყიდე, ხომ ძალიან მოგეწონა? უძვირფასესი ხელნაწერია,  განსაკუთრებული მეგობრისა და სტუმრისთვის მინდა, ბარონ დე ბაის უნდა ვაჩუქო…

იმ წუთიდან, როდესაც ეს სიტყვები გაიგო, ექვთიმემ გონებაში გადაწყვიტა, რომ ამ განსაკუთრებულ წიგნს საქართველოს საზღვრის გადალახვის უფლებას არ მისცემდა, ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ ის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაცულ საცავში ეხილა. გადაწყვიტა და მოქმედების გეგმაც დასახა. სარაჯიშვილს აღწერისა და კვლევისთვის სთხოვა ხელნაწერი რამდენიმე დღით ეთხოვებინა, წამოიღო და …

თითქმის ყოველ კვირაში მოდიოდა მასთან სარაჯიშვილის გამოგზავნილი შიკრიკი  ხელნაწერის წასაღებად, მაგრამ ექვთიმე ხან რას იმიზეზებდა, ხან რას, ხან აღსაწერი დამრჩაო, ხანაც თარიღს ვადგენო, ზოგჯერ კი უბრალოდ სახლში არ ხვდებოდა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ბარონმა დე ბაიმ და მისმა მეუღლემ თბილისი არ დატოვეს. ცოტა ხანში, ექვთიმემ წიგნი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა დავით სარაჯიშვილის სახელით.

თუმცა, ბედისწერას, რომელიც საერთოდ  თან სდევს ხოლმე წიგნებს, ასე მარტივად არ დაუტოვებია იგი საცავის დაცულ სიმყუდროვეში. ჯერ წერეთლებმა წაიღეს ხელწერილით და დიდხანს არ დააბრუნეს, სანამ კვლავ ექვითმე თაყაიშვილმა არ გამოიჩინა თავისი დიპლომატიური და ამავე დროს მკაცრი ხასიათი, დაბრუნებისას კი აღმოჩნდა, რომ ხელნაწერს მინიატურები აკლდა, რამდენიმე უძვირფასესი ნახატი ისე ამოჭრეს წიგნიდან, როგორც ფურცლებს ამოხევს კაცი თხელყდიანი რვეულიდან… ნახატები კვლავ ექვთიმეს ძალისხმევითა და მარჯორი უორდროპის დახმარებით მოიძიეს და  დიდი ხნის შემდეგ  ორ ყდას შუა, თავის ადგილზე დააბრუნეს…

ყველა წიგნს თავისი ბედი აქვს, ამ ხელნაწერსაც მათ შორის… როგორც წესი, ორგვარ ადამიანებს ხვდებოდა ხოლმე, ერთნი გულწრფელად ეთაყვანებოდნენ ხოლმე, მის გადარჩენაზე ზრუნავდნენ, მეორეთათვის კი ის გემრიელი ლუკმა იყო, ამიტომაც არც გაყიდვას, არც  ქვეყნიდან ნაწილ-ნაწილ, ფურცელ-ფურცელ გატანას არ ერიდებოდნენ… ასე იყო თუ ისე, წიგნი ცხოვრობდა და ცხოვრობს დღემდე, უცნობი გადამწერისა და მომხატველების საერთო შრომის ნაყოფი, თავისი გენიოსი ავტორისა და კალიგრაფ-შემმკობელების ხსოვნის მარადსაყოფად…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი