ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სოკრატეს პარტნიორებო

დღეს სადაო ვერავისთვის იქნება ფაქტი, რომ  ბევრით ვართ დავალებული სოკრატესგან, რომლის, როგორც იდეალური მასწავლებლის ხატი სწორედ მისმა მოწაფეებმა – პლატონმა და ქსენოფონტემ დაგვიტოვეს. სოკრატული მეთოდის შესახებ თითქმის ყველამ ვიცით – კი არ ვიქადაგოთ, არამედ დიალოგში გამოვიწვიოთ მოწაფეები და ამ გზით თავად შევაცნობინოთ ჭეშმარიტება. ეს ფართოდ გავრცელებული ინტერაქტიული მეთოდია, უკვე ასე ნაცნობი და ორგანული, ისევე როგორც აღსზრდელებისადმი სოკრატეს დამოკიდებულება: ისინი ინტელექტუალურ პარტნიორებად მივიჩნიოთ და დიალოგებში არასოდეს გავამჟღავნოთ ჩვენი უპირატესობა.

პირადი მაგალითი და პრაქტიკული საქმიანობა ხომ  სოკრატემ საკუთარი მოწაფეების ზნეობის მკაცრი კრიტერიუმებით  ჩამოყალიბებისთვის პრიორიტეტად დაისახა და ამგვარად უთხრა უარი დამოძღვრის ფორმას, რომელშიც ნამდვილად გაძნელდებოდა მუდმივად  „პარტნიორების“ მონაწილეობა. სწორედ იმ დროიდან მოყოლებული, პირადი მაგალითი ზნეობრივი აღზრდის ძირითად ფაქტორად სახელდება. ნაზარეველის გახსენება რად ღირს, შემდეგ იმისი მოწაფეების, აკი ილია ჭავჭავაძეც თავის თხზულებებში  განსაკუთრებულ მნიშვნელობას მასწავლებლის პიროვნებას და მის პირად მაგალითს ანიჭებს. იაკობ გოგებაშვილის, სილოვან ხუნდაძის, ქუთაისის პირველი ქართული გიმნაზიის (1880) დამაარსებლის  იოსებ ოცხელის და სხვათა  პედაგოგიური მოღვაწეობა საუკეთესო პირადი მაგალითებია. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი პარტახტიანი ტიფით დასნებოვნებული, მომაკვდავი მოწაფის მონახულების შემდეგ იმავე სენით გარდაცვლილა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და საორგანიზაციო კრების თავმჯდომარეს, სიმონ ყაუხჩიშვილის, დიმიტრი უზნაძის, არნოლდ ჩიქობავას, ვიქტორ ნოზაძის, გიორგი ახვლედიანის, კონსტანტინე გამსახურდიას… აღმზრდელს  საკუთარ თავისი პედაგოგიური ვალი ასე აღუსრულებია.

აკაკი ბაქრაძე თავის წერილში „კეთილშობილების გაკვეთილი“ ანტიკური ფილოლოგიისა და ისტორიის მკვლევრის, აკად. კ.კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის, თეკერეის, კეროლის, გოლზუორთისა და სხვათა ქართულად მთარგმნელის, ალექსანდრე გამყრელიძის პედაგოგიურ ღვაწლსა და გარდაცვალებას ასე იხსენებს: სამუშაო დღის ბოლოს ინსტიტუტიდან გასულ ალექსანდრე გამყრელიძეს ჯერ ბუკინისტურ მაღაზიაში დიდი სიხარულით ივანე ჯავახიშვილის «დიპლომატიკა» შეუძენია, მერე კოლმეურნეთა მოედანზე საზამთრო უყიდია. შინმიმავალს დაუნახავს, რომ ასე 20-22 წლის ორ ახალგაზრდას უცნობი ქალისთვის ჯერ ლაპარაკი დაუწყიათ, მერე ხელებით ბღლარძუნზეც გადასულან. გათავხედებულებს პანღურიც კი ამოუკრავთ ქალისთვის, რომელიც მოძალადეებს ვერა და ვერ იცილებდა. ალექსანდრე გამყრელიძე უცნობ ქალს გამოსარჩლებია. არამკითხე მოამბეობისთვის ერთ-ერთ ხულიგანს საშასთვის სახეში გაურტყამს. დარტყმისთანავე სათვალე დავარდნია საშას… დაიხარაო და ხულიგნებსაც დრო უხელთიათ: საშასათვის წიხლები დაუშენიათ. ასე ცემით საძილე არტერია გაუწყვეტიათ და მოუკლავთ.

თავად დაუვიწყარი და სამაგალითო პედაგოგი – აკაკი ბაქრაძე – ამგვარ ფაქტს უბრალოდ ვერ გაატარებდა. მისი ეს წერილი მოსეირე და გულდამშვიდებული ბრბოს, შეურაცხყოფილი და შემდეგ გაუჩინარებული ქალის, მოძალადეების წინააღმდეგ მიმართული სამხილიცაა  და პასუხიც საზოგადოების შეკითხვაზე:  „ღირს კი ადამიანმა სხვისთვის თავი გაწირო თუ იგი, ვისთვისაც საკუთარი სიცოცხლე გაიმეტე, სასამართლოზეც არ მოვა, რომ მოსამართლეს სწორი და ზუსტი ჩვენება მაინც მისცესო?“ იგი მისეული დამაჯერებლობით პასუხობს, რომ „ღირს, რამეთუ ადამიანის უპირველესი ვალი მოყვასის შველაა, თუნდაც იგი (მოყვასი) სულმდაბალი პიროვნება აღმოჩნდეს. მე არ ვიცი, მიჰყვებოდა თუ არა ალ. გამყრელიძის კუბოს ჩუმად, სხვებისაგან შეუმჩნევლად, ის უცნობი ქალი, ვისთვისაც საშამ საკუთარი სიცოცხლე გასწირა, მაგრამ მე ვიცი, რომ ალ. გამყრელიძეს უკანასკნელ სავანემდე გვერდიგვერდ თავჩაქინდრული მიაცილებდა ადამიანის კეთილშობილება და ადამიანის უმადურება. ალბათ ცხოვრება ამ ორი საწყისის ბრძოლაც არის და ყოველმა კაცმა მათ შორის უნდა აირჩიოს თავისი ადგილი. ალ. გამყრელიძემ თავის საქციელით უბრალოდ გვითხრა, ადამიანი კეთილშობილების მხარეს უნდა იდგეს და ეს იყო მისი უკანასკნელი გაკვეთილის აზრი. 50-იან წლებში, უნივერსიტეტში ჩემ თაობას ალექსანდრე გამყრელიძე ლათინურ ენას ასწავლიდა. 70-იან წლებში კი კიდევ ერთი გაკვეთილი ჩაგვიტარა – ვაჟკაცური კეთილშობილების გაკვეთილი“. მეცნიერული და მხატვრული თარგმანის ერთნაირად უზადოდ შემსრულებელი ალექსანდრე გამყრელიძის ცხოვრება, კეთილშობილური საქციელის გაკვეთილის გვერდით, კეთილშობილური შრომის გაკვეთილიცააო, – დასძენს იმავე წერილში აკაკი ბაქრაძე, რომლის ყოველი ლექცია ასევე კეთილშობილური საქციელისა და შრომის დაუვიწყარ გაკვეთილებად დაგვამახსოვრდა აღზრდილთ.

ძვირფას მკითხველს თავადაც არაერთი ამგვარი მაგალითი გაახსენდება – დაფასებისა და მოგონების, მუდამ გათვალისწინების ღირსი მაგალითები, პროფესიული არჩევანის გამართლების განცდას რომ შეგვაგრძნობინებენ. ისინი ხომ დროში უკვდავი მაგალითებია, არა ისეთი, მშობელთა კრებაზე თუ მშობელთან პირად საუბარში რომ გაუჟღერებია საჯარო სკოლის ზოგიერთი სამარცხვინო კოლეგას: „ამ ხელფასით რასაც ვაკეთებ, მათთვის ეგეც ზედმეტია“; „საგაკვეთილო დრო არ ჰყოფნით თქვენს შვილებს, დამისვით და კერძოდ გიმეცადინებთ“; „საკუთარი შვილებისთვის თქვენ თუ არ გცალიათ, ჩვენ რა ვქნათ?!“ – ამგვარი მიდგომები კლავს მოტივაციას, კრეატიულობას, აქრობს სწავლის სიყვარულს და შემდეგ ძნელი მისახვედრი აღარაა, თუ რატომ სძულთ ბავშვებს სკოლა, პედაგოგები და წიგნებიც, მათგან გამომდინარე.

ჟაკ ლაკანი ამბობს, ეგო ნევროზების ადგილსამყოფელიაო. ჰოდა სკოლა მით უფრო არ არის ის ადგილი, სადაც ეგოიზმმა და აგრესიამ, ნევროზებმა უნდა იწინამძღვროს. სკოლა თითოეული ბავშვის სიხარულის, შთაგონების, მოტივაციის, ზეიმის, ბედნიერების ადგილსამყოფლად უნდა ვაქციოთ. სიყვარული და პატიოსნება, პროფესიონალიზმი კი ამ ყველაფერში ძალიან დაგვეხმარება.  სიყვარულით ნათქვამი თუნდაც ერთი ფრაზა: „ძვირფასო პარტნიორებო!“, მოწაფეების გულამდე მიგვიყვანს და მათ გონებას სასიკეთოდ აგვანთებინებს. მთავარია, თავად დავიჯეროთ ამ სასწაულის.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. შეროზია, ლ., პირადი მაგალითი, როგორც ზნეობრივი აღზრდის ძირითადი ფაქტორი,  პედაგოგიკა, ფსიქოლოგია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009. გვ.69-73.
  2. ჭავჭავაძე, ილია, „პედაგოგიური თხზულებანი“, თბილისი,1938.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი