შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

სკოლის შიში და მისი დაძლევის გზები  

 

ვფიქრობ, ძნელია მოიძებნოს ისეთი სკოლა, რომელსაც, თავისი ისტორიის განმავლობაში,  ისე დაეწყო სასწავლო წელი, რომ ერთი-ორი ატირებული, დედის კალთას მიკრული პირველკლასელის დასამშვიდებლად რაიმე ზომების გატარება არ დასჭირვებოდა. ასეთი ბავშვები საზეიმოდ მორთულ სკოლის ეზოში გვინახავს წარსულში, გვხვდებიან დღეს და, დიდი ალბათობით, მომავალშიც ვიხილავთ. საუკეთესო შემთხვევაში, ისინი რამდენიმე დღეში მშვიდდებიან და ხალისით ერთვებიან სასწავლო პროცესში. თუმცა გვხვდებიან ისეთებიც, რომლებიც უარს აცხადებენ საკლასო ოთახში შესვლაზე, თუ იქ დედაც არ შეჰყვებათ; ზოგჯერ ისინი მშობლის დერეფანში ყოფნის პირობითაც თანახმანი არიან მიუსხდნენ სასკოლო მერხებს.

     ასეთი ბავშვების ქცევა, როგორც წესი, განპირობებულია სკოლაში  სიარულის პანიკური  შიშით. ამ  შიშის  დაძლევის გარეშე სკოლასთან  ადაპტაციის პროცესი საკმაოდ რთულდება და მოგვიანებით, ის შეიძლება სასწავლო პროცესში ბავშვის ჩართვის სერიოზულ ხელისშემშლელ ფაქტორად მოგვევლინოს. ამდენად, აუცილებელია ვიზრუნოთ იმაზე, რომ რაც შეიძლება დროულად დავძლიოთ ბავშვში სკოლის შიში. თუმცა იმისთვის, რომ ეს მოვახერხოთ, უნდა გავარკვიოთ ამ შიშის გამომწვევი მიზეზები, რადგანაც, როცა შიშის გამომწვევი მიზეზი ცნობილია, მისი დაძლევა გაცილებით იოლად ხერხდება.

      ალბათ ყველა მშობლისთვის და პედაგოგისთვის საინტერესო იქნება იმის ცოდნა, თუ რა შეიძლება იწვევდეს სკოლის პანიკურ შიშს ბავშვში, რომელიც არც კი იცნობს სკოლას და ჯერ ერთი დღეც კი არ გაუტარებია იქ.

       სკოლის შიშის გამომწვევი ძირითადი მიზეზები:

  • უპირველეს ყოვლისა, სკოლის შიში შეიძლება იყოს რაიმე ნეგატიური გამოცდილების შედეგი. მაგ. შეიძლება სკოლისათვის მოსამზადებელ პერიოდში, ბავშვი ესწრებოდა საბავშვო ბაღში ჩატარებულ მეცადინეობებს, სადაც მიიღო უარყოფითი შეფასება უფროსის მხრიდან, რამაც გამოიწვია ნეგატიური  ემოციები, რომლებიც შემდეგ გადაიზარდა ამ მდგომარეობის კვლავ განცდის შიშში, თავად უფროსის ან უარყოფითი შეფასების მიღების შიშში. შეიძლება ბავშვი შეაშინა უფროსის აწეულმა ტონმა და ყვირილმა. შიშის მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე კონფლიქტური სიტუაციები თანატოლებთან მეცადინეობების პროცესში. ბავშვს შეიძლება ჰქონდეს იმის შიში, რომ ისინი მას დასცინებენ არასწორი პასუხების, მეტყველებისას დაშვებული შეცდომების, ქცევის  გამო;
  • ძალიან ხშირად, ბავშვში სკოლის შიშს იწვევს მშობლებისგან ან უფროსი და-ძმებისგან მიღებული უარყოფითი, არასასურველი ინფორმაცია სკოლის შესახებ. მომავალ მოსწავლეში შფოთიანობის დონემ შეიძლება მნიშვნელოვნად მოიმატოს ბავშვის მიუღებელი ქცევის გამო მშობლების მიერ მისი მისამართით და მის დასაშინებლად გამოყენებულმა ფრაზებმა: “აი, წახვალ სკოლაში და იქ გასწავლიან როგორ უნდა მოიქცე, როგორ ელაპარაკო უფროსებს; იქ ისე ვერ ირბენ, ვერც იხტუნავებ შენს ნებაზე, და თუ ასე მოიქცევი, შენთან არავინ იმეგობრებს, ცუდ ნიშნებს მიიღებ, დირექტორთანაც შეგიყვანენ და დაგსჯიან“.  ხშირად უფროსი და-ძმებიც სერიოზულ მონაწილეობას იღებენ ბავშვის სკოლით დაშინებაში. არის ხოლმე შემთხვევები, როცა ოჯახის უფროსი წევრების მიერ განებივრებულ, ტელევიზორთან ან კომპიუტერთან მჯდომ ან თუნდაც   თამაშით გართულ ხუთი-ექვსი წლის ბავშვს სასკოლო დავალებების შესრულებით დაკავებული, თავისუფლებას მონატრებული უფროსი და-ძმა ნიშნისმოგებით მიმართავს: „წახვალ სკოლაში და დამთავრდება შენი თავისუფლება. ხომ არ გგონია მაშინაც ასე ითამაშებ – როცა გინდა და როგორც გინდა. დაიწყება შენი წამება, სულ სამეცადინო გექნება. ასე რომ, გამოემშვიდობე თავისუფლებას“.  ცხადია, ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ სკოლის ხსენება და იქ სწავლის დაწყება ბავშვში მხოლოდ უარყოფით ემოციებს და შიშს აღძრავს;
  • სკოლის მიმართ შიშის აღმოცენების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე ბავშვის სოციალური განვითარების არასათანადო დონე. არცთუ ისე იშვიათია შემთხვევა, როცა უცხო გარემოში და უცხო ადამიანებთან ყოფნას მიუჩვეველ პატარას ეშინია და უჭირს ახლობლების გარეშე სადმე დარჩენა. ეს პრობლემა განსაკუთრებით იმ ბავშვებთან გვხვდება, რომელთაც საბავშვო ბაღში არასოდეს უვლიათ. ასეთ ბავშვებს არ უყვართ მარტო სეირნობა, გაურბიან უცხო ადამიანებს, კომფორტულად ვერ გრძნობენ თავს სტუმრად. უპირატესობას ანიჭებენ ადამიანთა გარკვეულ, ვიწრო წრესთან ურთიერთობას. სკოლაში წასვლა მათთვის დაკავშირებულია გაურკვევლობასა და უცხო გარემოში მოხვედრასთან, რაც მათი შიშის მიზეზი ხდება.

რეკომენდაციები სკოლის შიშის დასაძლევად  სასკოლო ცხოვრების საწყის ეტაპზე:

  • შევეცადოთ, პირველ დღეებში მაინც, არ გამოვიყენოთ უარყოფითი შეფასებები. მივცეთ ბავშვს ისეთი დავალება, რომელსაც ის წარმატებით გაართმევს თავს და შევაქოთ შესრულებული დავალების გამო;
  • მოვერიდოთ აწეული ტონით ლაპარაკს, მით უმეტეს – ყვირილს, მაშინაც კი, თუ ის ჩვენს მითითებებს ზუსტად ვერ ასრულებს;
  • დავეხმაროთ ბავშვს თანატოლებთან უკონფლიქტო და კეთილგანწყობილი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ნუ დავუშვებთ, რომ თანატოლებმა მას დასცინონ და აწყენინონ, შევუქმნათ სოციალურად უსაფრთხო გარემო;
  • ვიზრუნოთ იმაზე, რომ მშობლების და ოჯახის წევრების მხრიდან ბავშვს არ ჩამოუყალიბდეს უარყოფითი დამოკიდებულება სკოლის მიმართ; და, თუ ასეთი დამოკიდებულება უკვე ჩამოყალიბებულია, რეალური მაგალითებით დავარწმუნოთ პატარა, რომ სკოლა მისთვის სრულიად უსაფრთხო ადგილია. აქ მას შეუძლია როგორც სწავლა, ასევე გართობა და თამაშიც კი.
  • და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სკოლის შიშის დაძლევაში ბავშვს დიდ დახმარებას გაუწევს სკოლაში მისვლის პირველსავე დღეს მასწავლებლის კეთილგანწყობილი, გაღიმებული, სიყვარულით სავსე სახის დანახვა.

     დაბოლოს, ნუ დავივიწყებთ, რომ მოსწავლესთან, მით უმეტეს, უმცროსკლასელთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება მშობლებთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია. ვერც პედაგოგი და ვერც მშობელი დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება ზემოაღნიშნულ პრობლემას. მისი გადაწყვეტა მხოლოდ მათი ერთობლივი ძალისხმევით და თანამშრომლობით იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი