პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ზაფხულის ორი კვირა

აგვისტოს ორი თავისუფალი კვირა სკეიტით სხვების განსაცვიფრებელად მოგონილი ხრიკების  შესწავლასა და შეყვარებულთან დაშორებას მივუძღვენი.

 

სკეიტბორდი

დამწყები სკეიტერი პირველად მაშინ იბნევა, როცა აღმოაჩენს, რომ მსოფლიო ოთხ ბორბალზე მდგარ ხის მგორავ დაფას სკეიტბორდის გარდა სხვა დასახელებებითაც იცნობს: მაგ. ლონგბორდი და პენიბორდი. გააკეთო არჩევანი ამ სამს შორის მაშინ, როცა მანამდე არცერთზე არასდროს მდგარხარ, რთულია. თითოეულს კი ზომისა და ფორმის გარდა,  ფუნქცია და დანიშნულებაც განსხვავებული აქვს. ერთით უკეთესად გამოგდის ხრიკები, მეორეთი- მარტივად და სწრაფად დიდ მანძილებზე გადაადგილდები, მესამე კი მცირე ზომისაა, მსუბუქი, მოქნილი და მოკლე მარშრუტებზე გათვლილი. სანამ ამ ყველაფერში გაერკვევი, ხარბად ათვალიერებ ონლაინ მაღაზიებს და თვალს ლამაზად მოხატული დაფები გჭრის. ცდუნებას რომ ავყოლოდი, მანათობელ, პლასტიკატის პენიბორდს ვიყიდიდი, 80- იანების პოპვარსკვლავივით ფერადი ქვედაბოლოთი და გამჭვირვალე ბადე- ბლუზით შევიმოსებოდი, თმაზე ბაფთას მივიბნევდი და „I wanna dance with somebody”- ის ღიღინით ჩავიქროლებდი ჩრდილო რაინ- ვესტფალიის პატარა ქალაქის ვიწრო ქუჩებში.

მე  სკეიტბორდი ვიყიდე, მფრინავი ადამიანებისთვის.

ის დილის ათზე მუყაოს გრძელი ყუთით მომიტანეს. მთელი ღამე ბავშვურმა მოლოდინმა არ დამაძინა და ზარი რომ დარეკეს, უკვე ვიცოდი, კართან კეთილი ბიძია იდგა და ხელში ჩემი მფრინავი დაფა ეჭირა, ჩემი ალადინის ხალიჩა, ჩემი ნიმბუს 2000. ხელის კანკალით გავხსენი და მთელი ჯადოსნობა წამში გაქრა: დიახ, ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, ოღონდ არასრულყოფილი სახით, ნაწილებად დაშლილი და შეფუთული. ცალკე ბორბლები, ცალკე დაფა თუ  ლითონის გაურკვეველი დეტალები. ჩუმად ჩავედი სარდაფში, ხელსაწყოების ყუთი ამოვიტანე და მივხვდი, რომ სრულიად მარტო დავრჩი ბრტყელტუჩასთან და ჩემი ხელით ასაწყობ ოცნებასთან, რომელიც უკვე საკმაოდ არარომანტიულად გამოიყურებოდა.

შესაძლოა, თქვენ ფლობდეთ ხუთ ან მეტ უცხო ენას, რამდენიმე დიპლომს, საკმარის თავდაჯერებულობას, მაგრამ თავი მაინც ძალიან უსუსურად იგრძნოთ ლითონის ამდენი უცნაური ნივთის წინაშე.

მაგრამ გამოწვევა მივიღე და ღირსეულადაც გადავლახე.

შემდეგი გამოწვევა სკეიტერის სახელის დამკვიდრება გახლდათ. ამაზე დღემდე დაუღალავად ვმუშაობ.

იანი

მანამდე არცერთ ურბანისტს არ ვიცნობდი.  უზარმაზარი ქალაქების, ამ ცოცხალი ორგანიზმების დაბალანსება შესანიშნავი საქმეა- მეთქი, გავიფიქრე და დავინტერესდი. გერმანული მარტი იდგა ანაც აპრილის დასაწყისი და ის მსოფლიოს ყველა სხვა მარტსა ან აპრილის დასაწყისზე უფრო  ნაცრისფერი და წვიმიანია. ჩვენი გაცნობა, შესაძლოა, ყოფილიყო საკმარისად რომანტიკულიც, მაგალითად ნიუ- იორკში, უმჯობესი იქნებოდა, ბიჭს ხელში ყვითელი ქოლგა სჭეროდა, რომელიც შენ ოდესღაც რომელიღაც წვეულებაზე დაგრჩა, მაგრამ ეს საერთოდ არ აღმოჩნდა რომანტიკული, არც- ლეგენდარული, რადგან ჩვენ არ ვიყავით საკულტო ამერიკული სერიალის (How I met your mother) პერსონაჟები.

იმ წვიმიან მარტსა თუ აპრილის დასაწყისში მარკეტის შესასვლელში საიმედოდ დაპარკინგებული ველოსიპედი მომპარეს. გადავწყვიტე, რომ საშინლად უბედური ვიყავი, ასფალტზე დავჯექი და ავბღავლდი. გამოცდები ახლოვდებოდა, ნერვები დაწყვეტაზე მქონდა და ვიღაც უნამუსომ ამ დროს ველოსიპედის მოპარვა გამიბედა. ქურდები ძალიან არაკეთილშობილები არიან, ისინი ვერასდროს არჩევენ სწორ დროს.

„ორი კვირის შემდეგ მაინც მოეპარათ“,-  გერმანულად მივმართე ბიჭს,  რომელიც ჩემს დამშვიდებას ცდილობდა. მერე კი ქართულად გავაგრძელე საკუთარი უიღბლობის გამოტირება, სასოწარკვეთილს ყველა სხვა ენა მავიწყდება ქართულის გარდა.

ის ძალიან კარგი ბიჭი აღმოჩნდა, შესანიშნავიც კი. მაგრამ გავა დრო და უხერხულად დამისვამს კითხვას ჩემი ერთადერთი ტატუს შესახებ, მეც მშრალად ვუპასუხებ რომ ეს სპილოა, რომელიც გველმა გადაყლაპა, ანაც გველი, რომელმაც სპილო გადაყლაპა, ზოგიერთისთვის შლაპა და საერთოდაც, რამდენიმე დღის შემდეგ „პატარა პრინცს“ ვაჩუქებ. გავა დრო და იანი ამ წიგნს ბოლომდე არ წაიკითხავს, რადგან მისი აზრით, ზედმეტად ბავშვურია. მე  გული დამწყდება. ჩემი მეგობრები თავს გააქნევენ. თითოეულ მათგანს სახეზე „ასეც ვიცოდი“ ან  „ხომ გეუბნებოდი“ გამომეტყველება აღებეჭდება და აი, ეს კი ძალიან ემსგავსება სცენას  ამერიკული საკულტო სერიალიდან, როცა ტედი აღმოაჩენს, რომ მის საყვარელ ქალს „ვარსკვლავური ომები“ არ მოეწონა. უფრო მეტიც, ერთ დიდ სისულელედ შერაცხა.

ამის გამო, როგორც წესი, არ შორდებიან. შესაძლოა, სამარცხვინო საქციელია ჩემი მხრიდან. მაგრამ სულ მახსენდება, როგორი უძლური ვიყავი სიტყვების წინაშე, რომელიც „ბავშვურობისთვის“ ყველაზე გენიალურ წიგნს სჯიდა.

შეიძლება, თქვენ ფლობდეთ ხუთ ან მეტ უცხო ენას, რამდენიმე დიპლომს, საკმარის თავდაჯერებულობას, მაგრამ თავი მაინც ძალიან უსუსურად იგრძნოთ სიტყვების წინაშე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი