პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

წერილი დედას

გახსოვს? – შენი კომოდის ზედა უჯრაში, ტყავშემოკრული, ფრანგული კინოს ვარსკვლავების ფოტოებით გამოჭედილი ორი ალბომი იდო – ერთი შინდისფერი, ოდნავ შელახული, ამოცვენილი გვერდებით, მეორე – მოვერცხლისფრო, რომელშიც მხოლოდ ნარჩევი ფოტოები გქონდა ჩაკრული. იშვიათად ფერად, მეტწილად კი შავ-თეთრ ფურცლებზე დატყვევებულნი იყვნენ მაგარზე მაგარი ტიპები – ჟან გაბენი, რობერ ოსეინი, მილენ დემონჟო, ჟან მარე, ჟან-პოლ ბელმონდო, მიშელ მერსიე. ნეტავ იცოდე, როგორი რომანი მქონდა ბრიჯიტ ბარდოსთან. სწორედ იმ ბრიჯიტთან, საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი მზისგან გავარვარებულ ფილებზე რომ იწვა და ჩემკენ იყურებოდა. როგორ მჯეროდა, რომ სწორედ მე მიყურებდა იმ მომენტში. მხოლოდ მე და არავის სხვას…

მაგრამ, ყველა ამ ვარსკვლავის ფოტოს ჩრდილავდა ერთი ვარსკვლავის კოლექცია. ვარსკვლავის, რომლისადმი შენი სიყვარულიც იმდენად მკაფიოდ ჩამრჩა მეხსიერებაში, რომ როგორც კი გავიგე ალენ დელონი თბილისში ჩამოდის და კონცერტს გაუძღვებაო, სამსახურიდან ელვის სისწრაფით გავიქეცი, რათა შენთვის ყველაზე კარგი ბილეთების ყიდვა მომესწრო. „დაბერებულა“ – მითხარი შინ დაბრუნებულმა. ღმერთო, რამდენი სევდა იყო ამ ნათქვამში. სად არის ახლა ის ალბომები? დიდი ხანია აღარ მომიკრავს თვალი. არც კი ვიცი, მინდა თუ არა მათი გადაშლა. რაც წლები მემატება, მით უფრო გულჩვილი ვხდები ასეთი ამბების მიმართ. არადა, განა რა, სულ ოცდამეექვსეში ვარ გადამდგარი. ღირს კი ბრიჯიტთან შეხვედრა?

ძალიან დიდი ხნის წინ, მგონი მაშინ, როცა მომიყევი, თუ როგორ ოცნებობდი საფრანგეთში მოგზაურობაზე,  საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ პარიზს შენ გარეშე არ ვნახავდი. სამწუხაროდ, ადამიანებს პირობების დარღვევა სჩვევიათ, მათ შორის ყველაზე ხშირად კი – საკუთარი თავისთვის მიცემულ პირობებს ვარღვევთ. გვავიწყდება ათასგვარი ფიცი, მაგალითად იმის შესახებ, რომ 18:00-ის შემდეგ აღარ შევჭამთ ან ორშაბათიდან სიგარეტს თავს დავანებებთ. ეს ფიცი არც კი გამხსენებია, როდესაც ტელეფონით გახარე, რომ პარიზის საგზური მოვიგე და ევროპის ჩემპიონატის გახსნით მატჩს დავესწრებოდი. ასე, დილით დაწყებული დიეტასავით შემომერღვა შენთვის, უფრო სწორად კი საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა. მგონი ბედიც მიძალიანდებოდა. ალბათ ამის ნიშანი იყო, რომ ჯერ გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ავიაკატასტროფა და საკუთარი სიკვდილი მესიზმრა, მერე კი ფრენას ძლივს მივუსწარი. ვიღაც გაუჩერებლად იმეორებდა ჩემს სახელს: „დავით გორგილაძეს ვთხოვთ გამოცხადდეს” და ასე უსასრულოდ. მე კი, რკინის ჩიტისკენ მიმავალს, ვერ გადამეწყვიტა, ეს აეროპორტის რომელიღაც პატარა ჯიხურში მჯდომი გოგონას ხმა იყო, რომელიც მექანიკურად ამბობდა ამას, თუ ჩემი მფარველი ანგელოზის, რომელსაც ნიშნის მოცემა სურდა.

დადებული პირობა მხოლოდ ბორტზე ასულს გამახსენდა, როცა პირობის შესრულება უკვე შეუძლებელი იყო, სინანული კი – დაგვიანებული. პირობასთან ერთად, გამახსენდა ჩემი ლექტორისა და მეგობრის, დათო პაიჭაძის ნათქვამი: “როდესაც რეპორტაჟს აკეთებ, წარმოიდგინე, რომ შენს თანამგზავრს თვალები აქვს დახუჭული, შენ კი ხელი მასზე ჩაკიდებული და ცდილობ აუხსნა, სად ხართ, რა ხდება ირგვლივ”. ცხადია, ციტატის სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ წამოდგენით კი წარმოვიდგინე, რომ ჩემ გვერდით, ის თვალდახუჭული თანამგზავრი სწორედ შენ იყავი, მაგრამ არაფრის მოყოლა არ იყო საჭირო, ჩემი თვალებიდან შენც ხედავდი – რასაც დავინახავ მე, დაინახავ შენც – ასე გადავწყვიტე.

როცა პარიზის თავზე აღმოვჩნდი, ილუმინატორიდან ეიფელის კოშკის ძებნა დავიწყე, მაგრამ, შეიძლება ერთი მხრივ ჩემი ასტიგმატიზმის, მეორეს მხრივ კი ცაზე ჩამოკიდებული, ბამბის ნაკუწების მსგავსი ღრუბლების გამო, ვერ ამოვიღე მიზანში. ვერც შარლ დე გოლის აეროპორტიდან ამსტერდამის ქუჩაზე მიმავალმა დავლანდე სადმე მისი მსგავსი. განგებას ჩემთან ბრძოლა არც საფრანგეთის მიწაზე შეუწყვეტია: სასტუმროს ნომერში, ქუჩებში სახეტიალოდ რომ ვემზადებოდი, სარკის წინ მდგომს, სრულიად მოულოდნელად სათვალე ორად გამიტყდა. რეპორტაჟი მოულოდნელად შეწყდა, რადგანაც იმისთვის, რომ ვინმეს რამე აღუწერო, თავად უნდა ხედავდე მას. მე კი, იმ მომენტში ვხედავდი მხოლოდ ლანდებს, რომლებიც პარიზის ქუჩებში დააბიჯებდნენ. მაღაზია ხელის ცეცებით ვიპოვე. ფრანგულენოვან კონსულტანტს დიდხანს ვუხსნიდი რა მჭირდებოდა. ვამბობდი ყველა იმ ინგლისურ სიტყვას, რაც შეწებებასთან, შეერთებასთან არის კავშირში. თამაში “ფურცლობანა” დამეხმარა იმაში, რომ ხელით ამეხსნა მისთვის, თუ რა მჭირდებოდა.

  • აააა, სკოჩ? – მკითხა კონსულტანტმა.
  • აგაშენა ღმერთმა – აღმომხდა ქართულად.

თვალები დავიბრუნე თუ არა, დაწებებული სათვალით ეიფელის კოშკის საძებნელად წავედი. დილა იყო. მეეზოვეები ქუჩის კიდეებს ასუფთავებდნენ, დახლიდარები შუშის ვიტრაჟებზე კრუასანებისა და სენდვიჩების პირველ პარტიებს ალაგებდნენ, მეშაურმეები ხორცის შებრაწვას იწყებდნენ, სამსახურისკენ მიმავალი ქალები გზად ყავას ყიდულობდნენ და თავიანთ კოხტა Peugeot-ში ფრთხილად სხდებოდნენ. აქეთ-იქიდან ისმოდა: „სავა, სავა“. ვცდილობდი, ის ადგილები, რომლებსაც გვერდით ჩავუვლიდი, მიმემსგავსებინა იმ ადგილებისთვის, რომლებიც შენს ალბომში მქონდა ნანახი. პერიოდულად გამვლელებს ვეკითხებოდი გზას. თავდაპირველად სათვალის გამო მრცხვენოდა, მერე აღმოვაჩინე, რომ ვისაც დაველაპარაკე, არცერთს არ მიუქცევია ყურადღება სკოჩგადახვეული სათვალისთვის. ვიფიქრე, ნეტავ თბილისში რამდენი შემომხედავდა და იფიქრებდა: „საწყალი, ეტყობა ახალი სათვალის ფული არ აქვს“, ან „ამას უყურე ერთი, რანაირი სათვალით დადის, ნეტა არ რცხვენია?“ არ მრცხვენოდა და იცი რატომ? მივხვდი, რომ სათვალე მე მიკეთია, შესაბამისად, გარშემო კაციშვილს არ ეხება, დამტვრეული იქნება ის, მთელი, შავი, წითელი თუ ყვითელი.

ეიფელის კოშკს არა და არ სურდა თვალში მომხვედროდა. ზუსტად ისე, როგორც მეგ რაიანის გმირს ემალება ფილმში „ფრანგული კოცნა“. პარიზელები გზას მასწავლიდნენ, აქეთ ჩაუხვიე, იმ შენობასთან მარჯვნივ, დაღმართს ჩაუყევი, ხიდზე გადადი… მივდიოდი და მემალებოდა, მივდიოდი და მემალებოდა, თუმცა თითქოს კეფასთან ვგრძნობდი მის ჟანგიან სუნთქვას, თითქოს გნომების ოქროში დავაბიჯებდი და ახლომახლო სმაუგს ეძინა. ერთ კოხტა კაფეს გავცდი, ზებრაზე გადავედი და ვაიმე, ეს რა იყო… იმის მიუხედავად, რომ მდინარის მეორე ნაპირზე იდგა, თითქოს გვერდით იყო, დიდი და ზვიადი, თვალებში მიყურებდა და მეუბნებოდა: „აი, სულ ეს ვარ, რაც ვარ“. ნაბიჯს ავუჩქარე, მინდოდა სწრაფად მივსულიყავი და skype-ის დახმარებით ახლოდან მეჩვენებინა შენთვის რკინის გიგანტი, რომლის ნახვაც მთელი ცხოვრებაა ასე გინდა, მაგრამ უიღბლობამ, რომელიც თბილისში, შარვალზე მოხვედრილი ტალახივით ამეკრო, ტელეფონი 0%-ზე დამახვედრა.

დიდხანს ვიჯექი იქ, სადაც შენთან ერთად, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დავჯდები. დაღლილი ვიყავი, სათვალეზე გადახვეული სკოჩი ცხვირს მიფხაჭნიდა, ძალიან მცხელოდა, მშიოდა და ამავდროულად ვიყავი ბედნიერი. ბედნიერი იმით, რაც ხდებოდა ჩემ გარშემო და ბედნიერი იმით, რაც მოხდებოდა მომავალში. მეტს არაფერს  მოგიყვები. დანარჩენს შენ თვითონ ნახავ, რადგანაც ოცნება ოხერი რამაა, მას ახდენა შეუძლია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი