პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

განძის კუნძული

ალბათ წაგიკითხავთ რობერტ ლუის სტივენსონის რომანი „განძის კუნძული” და დაინტერესებულხართ კიდეც, სად მდებარეობს იგი სინამდვილეში. თუ მსოფლიოს რუკას კარგად დააკვირდებით, კარიბის ზღვაში, კუბის სამხრეთ სანაპიროდან არცთუ შორს, პატარა კუნძულების ჯგუფს აღმოაჩენთ, რომელიც კუბას ეკუთვნის. მათ შორის ყველაზე დიდია ჰუვენტუდი (ფართობი – დაახლ. 3000 კვ. კმ), რომელსაც არცთუ შორეულ წარსულში პინოსი ერქვა. სწორედ ეს არის სტივენსონის განძის კუნძული.
თუ მე-18 საუკუნეში შედგენილ კუნძულის რუკას და რომანში ავტორის მიერ ჩადებულ რუკას ერთმანეთს შევადარებთ, მათ მოხაზულობასა და კონფიგურაციას შორის გასაოცარ მსგავსებას აღმოვაჩენთ. ერთმანეთს ძალიან ჰგავს მათი რელიეფიც. მაგალითად, ჰუვენტუდზე ერთ-ერთ ბორცვს, ისევე როგორც სტივენსონის „განძის კუნძულში”, სათვალთვალო მილი (ესპანურად – ლა ვიხია) ჰქვია. მწერალმა ნაწარმოებში კუნძულზე გავრცელებული ხშირი ფიჭვის ტყეები აღწერა, რომლებიც კუნძულის თითქმის ნახევარს ფარავდა, ამით კი მხოლოდ ჰუვენტუდი თუ დაიკვეხნის, არც ერთ სხვა კუნძულზე ასეთი ლანდშაფტი არ გვხვდება. ამიტომაც მიიჩნევა, რომ რომანში აღწერილი მოვლენები სწორედ ამ კუნძულზე ხდებოდა.
ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენამდე ჰუვენტუდზე უკვე ცხოვრობდნენ ინდიელთა ტომები, რომლებიც სოფლის მეურნეობას და მეთევზეობას მისდევდნენ. ხმელეთის ამ თვალწარმტაც ნაგლეჯს, რომელიც კოლუმბმა 1494 წელს აღმოაჩინა, ესპანელებმა ისლა დე პინოსი – „პინიების კუნძული” – უწოდეს (პინია იტალიური ფიჭვია, 20-25 მ სიმაღლისა და ქოლგისებრვარჯიანი; მისი სამშობლო ხმელთაშუა ზღვის ოლქია და პორტუგალიიდან მცირე აზიამდე ვრცელდება ზღვის დონიდან 1000 მეტრამდე სიმაღლეზე). კოლონიზატორებმა მოკლე ხანში მუსრი გაავლეს აქაურ მოსახლეობას და წიწვოვანი ტყეების მნიშვნელოვან ნაწილსაც, მაგრამ მიხვდნენ, რომ ოქროს აქ ვერ იპოვიდნენ და კუნძულის მიმართ ყოველგვარი ინტერესი დაკარგეს. პინოსს მალევე გამოუჩნდა ახალი პატრონი – ფლიბუსტიერები (ზღვებში მოთარეშე ყაჩაღები, მეკობრეები). კუნძულმა მათი ყურადღება იმით მიიპყრო, რომ იუკატანის სრუტესთან ახლოს მდებარეობდა, ამ გზაზე კი კოლონიზატორების მიერ სამხრეთ ამერიკის მოსახლეობისთვის წართმეული სიმდიდრით დატვირთული გემები ესპანეთისკენ მიემართებოდნენ. სწორედ ამ კუნძულიდან ესხმოდნენ თავს ფლიბუსტიერები არა მარტო გემებს, არამედ კარიბის ზღვის პორტებსაც.
დაახლოებით 300 წლის განმავლობაში კუნძული პინოსი მეკობრეებისთვის სასმელი წყლით მომარაგების ადგილს, თავგადასავლების მაძიებელთა ასპარეზს და გემების გასაჩერებელ და სარემონტო ბაზას წარმოადგენდა. გეოგრაფიულ წყაროებზე დაყრდნობით, სხვადასხვა დროს პინოსზე იმყოფებოდნენ იმ დროისთვის ყველაზე სახელგანთქმული მეკობრეები – დრეიკი, მორგანი, დამპირი, ოლონე, ჰოლი, ბასკერვილი და მრავალი სხვა. ისინი კუნძულს განძის სამალავადაც იყენებდნენ და ნაქურდალ ქონებას მიუვალ ადგილებში მალავდნენ. ასეთ ადგილებს ისინი საიდუმლოდ ინახავდნენ და სპეციალურ რუკებზე აღნიშნავდნენ, რომლებსაც მხოლოდ ერთ ეგზემპლარად ამზადებდნენ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი რუკა ჩაუვარდა ხელში ცნობილი რომანის მთავარ გმირს – ჯიმ ჰოპკინსს. მიიჩნევა, რომ სტივენსონმა, რომელიც ამ ადგილებში ნამყოფიც კი არ იყო, კუნძულის აღწერისას დრეიკის, მორგანისა და სხვა მეკობრეთა ჩანაწერები გამოიყენა.
ესპანელებმა არაერთხელ სცადეს მეკობრეთა ბუნაგის განადგურება. პონოსი მათ მხოლოდ 1830 წელს დაიბრუნეს და დამნაშავეთა გადასახლების ადგილად აქციეს. კუნძულის მეტსახელთა ნუსხას, „მეკობრეთა ბუნაგთან” ერთად, „კუნძული-ციხე”, „ტანჯვის ადგილიც” დაემატა.
ამ კუნძულის ცხოვრება მაშინაც კი არ შეცვლილა, როცა ესპანელებმა მასზე ბატონობა დაკარგეს და ის ოფიციალურად კუბის მფლობელობაში გადავიდა. იმ დროისთვის პინოსზე ერთადერთი მნიშვნელოვანი ნაგებობა ე.წ. „საჩვენებელი ციხე” იყო სიერა-დე-კაბალოსის მთის ძირას. სწორედ ამ ციხეში იჯდა 1953 წელს ფიდელ კასტრო – კუბის რევოლუციის ლიდერი, მთავრობის მეთაური 1959 წლიდან და ქვეყნის პრეზიდენტი 1976 წლიდან.
შემდეგ წლებში კუნძულზე, რომელიც, შეიძლება ითქვას, კუბის ციმბირს წარმოადგენდა, არსებითად არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ აქ მრავალი ტურისტი ჩამოდიოდა, უმთავრესად – ამერიკელი ავანტიურისტები, რომლებიც ძველ რუკებზე დაყრდნობით გულმოდგინედ ეძებდნენ მეკობრეთა მიერ დამალულ განძს. განძის მაძიებელთა მიერ ხელში ჩაგდებულ ერთ-ერთ რუკას თან ახლდა ტექსტი, რომელშიც ეწერა, რომ ერთ-ერთ გამოქვაბულში დამალული იყო 20 მილიონი პიასტრი, ხოლო ოკეანის ფსკერზე აურაცხელი სიმდიდრით დატვირთული რამდენიმე ესპანური გემი იყო ჩაძირული. აღსანიშნავია, რომ განძის მაძიებელთა ერთ-ერთ საზღვაო ექსპედიციას მართლაც გაუღიმა ბედმა – 1954 წელს ამერიკელმა ტედ უიკერმა ხანგრძლივი ძიების შემდეგ ოქროთი და ვერცხლით სავსე სკივრი იპოვა.
1958 წელს კუნძულზე ტურისტებისთვის პატარა სასტუმრო ააშენეს, რომლის ჰოლს მოზაიკური პანო ამშვენებდა. პანოზე გამოსახული იყო სცენა რომანიდან „განძის კუნძული”.
კუნძულის ახალი ისტორია 1959 წლიდან იწყება, როცა ციხეები აქ სამუდამოდ იქნა ლიკვიდირებული, ხოლო ნოყიერი მიწები აყვავებულ ბაღებად აქციეს. ვისაც კი ფეხი დაუდგამს განახლებულ კუნძულ პინოსზე, მას კარიბის ზღვის ზურმუხტს უწოდებს. ოდესღაც ღვთისა და კაცისგან მივიწყებული ხმელეთის ეს პატარა ნაკუწი ახლა მთელ მსოფლიოშია ცნობილი თავისი ციტრუსების პლანტაციებით, რომლებიც გვალვაში აქ აშენებული ოცამდე წყალსაცავის წყლით ირწყვება. გარდა ამისა, კუნძულის მოსახლეობას მოჰყავს ანანასი და ბანანი, მისდევს მეცხოველეობას, თევზჭერას. ოდესღაც გაუვალი ბილიკები გზატკეცილებმა შეცვალა. კუნძულზე მოიპოვებენ ვოლფრამს და მარმარილოს, განვითარდა მსუბუქი და კვების მრეწველობაც. კუნძულის შავი – ბიბიჰაგუას – და წითელი ქვიშის პლაჟები მრავალრიცხოვან ტურისტს იზიდავს. ფლიბუსტიერების ბატონობის პერიოდს კი მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატები მოგვაგონებს.
1978 წელს კუნძულს ჰუვენტუდი („ახალგაზრდობის კუნძული”) ეწოდა. მისი დედაქალაქია ნუევა-ჰერონა. ამჟამად კუნძულზე 70 ათასი კაცი ცხოვრობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი