შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

საზაფხულო არდადეგები და სასკოლო დავალებები

ძნელად იპოვით ბავშვს, მოუთმენლად რომ არ ელოდეს საზაფხულო არდადეგების დაწყებას. რა გასაკვირია – ამ პერიოდს ხომ მათი უმრავლესობა საინტერესო და მიმზიდველ ადგილებში: მთაში, ზღვაზე, სოფლად, მონატრებულ ბებია-ბაბუასა და ბიძაშვილ–მამიდაშვილებთან, – ატარებს, იძენს ახალ მეგობრებს, ცხოვრობს თავგადასავლებით აღსავსე სამყაროში… ყველაფერი ეს საზაფხულო არდადეგებს განსაკუთრებულ მიმზიდველობას, ზღაპრულ ელფერს ანიჭებს და ის ყველა ბავშვისთვის ოცნებების ასრულების პერიოდად იქცეოდა, რომ არა ერთი გარემოება – იმ დავალებების რაოდენობა, რომლებსაც ისინი სასწავლო წლის დასრულებისას იღებენ.

თანატოლებსა და მასწავლებლებთან დამშვიდობების შემდეგ მეოთხეკლასელმა გიომ სინანულით შენიშნა, რომ ზაფხულში დასვენებას ვეღარ მოასწრებდა, რადგან მასწავლებლებმა არდადეგებისთვის უამრავი დავალება მისცეს. აღშფოთებას ვერც მეექვსეკლასელი ნინი მალავდა: „ჩვენს მასწავლებლებს ჰგონიათ, რომ მათი საგნის მეტს არაფერს ვსწავლობთ! იმდენი დავალება მოგვცეს, მთელი არდადეგები მხოლოდ ერთი საგნის დავალებების შესასრულებლად არ მეყოფა!“

ზაფხულის პერიოდში ბავშვებისთვის მიცემული სასკოლო დავალებების ჩამონათვალი ხშირად მართლაც გამაოგნებელია: ამოცანები და მაგალითები, ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვა და თხზულებების წერა… ცალკეული პედაგოგები ბავშვებს ავალებენ, არდადეგებზე გაიმეორონ ყველაფერი, რაც მთელი წლის განმავლობაში ისწავლეს ამა თუ იმ საგანში. თუ ბავშვი დავალებებს კეთილსინდისიერად შეასრულებს, მისი ცხოვრების რიტმი დიდად განსხვავებული არ იქნება იმისგან, რაც სასწავლო წლის განმავლობაში ჰქონდა, თანაც ახლა ყველაფრის გაკეთება დამოუკიდებლად, მასწავლებლის დაუხმარებლად მოუწევს. ეს გარემოება, ცხადია, ხიბლს უკარგავს არდადეგებს, რომელსაც ის მთელი წელი ელოდა.

მაინც რა აიძულებს პედაგოგს, ბავშვი დავალებებით დატვირთული გაუშვას საზაფხულო არდადეგებზე?

მასწავლებელთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ამას თავად მშობლები მოითხოვენ. ეს მოსაზრება საფუძველს მოკლებული არ არის, ვინაიდან მშობლები პედაგოგის პროფესიონალიზმს ხშირად იმით აფასებენ, რა მოცულობის დავალებას აძლევს ის ბავშვს, მისი სიმცირის შემთხვევაში კი უკმაყოფილებას გამოხატავენ და საყვედურებს არ იშურებენ.

მეორე ნაწილი საზაფხულო არდადეგების პერიოდში მოსწავლეთათვის დავალებების მიცემის საჭიროებას იმით ხსნის, რომ უამისოდ ბავშვს შესაძლოა დაავიწყდეს ყველაფერი, რაც წლის განმავლობაში ისწავლა.

რასაკვირველია, სააზროვნო დავალებების შესრულება არდადეგების პერიოდში არათუ სასურველი, არამედ აუცილებელიც კია. ჩვენ გამუდმებით უნდა ვიზრუნოთ ბავშვის აზროვნების, მეხსიერების, აღქმის, ყურადღების, ფანტაზიის განვითარებაზე. მაგრამ როგორ მოვახერხოთ ეს ისე, რომ ბავშვს არც სწავლის მიმართ გაუჩნდეს უარყოფითი დამოკიდებულება და არდადეგებიც ხალისიანად, შინაარსიანად და საინტერესოდ გაატაროს? რასაკვირველია, აქ უმთავრესად დაწყებითი სასკოლო საფეხურის მოსწავლეებს ვგულისხმობთ – მოზარდები, სწორი აღზრდისა და ურთიერთობის პირობებში, თავად უნდა წყვეტდნენ, რა უფრო სასარგებლო და მიზანშეწონილი იქნება მათთვის არდადეგების პერიოდში. ვერც ერთ უფროსკლასელს ვერ ვაიძულებთ რამის კეთებას მათივე შინაგანი თანხმობის გარეშე.

რეკომენდაციები მშობლებისთვის არდადეგების პერიოდში ბავშვის საქმიანობის სწორად დასაგეგმავად

  • პირველი აუცილებელი პირობა, რომლის შესრულებაზეც უნდა იზრუნოს მშობელმა, ის არის, რომ არდადეგების პერიოდში ბავშვის ცხოვრების რიტმი სრულიად განსხვავებული იყოს იმისგან, რაც მას სასწავლო წლის განმავლობაში ჰქონდა – მივცეთ საშუალება, კარგად გამოიძინოს, ისეირნოს, ირბინოს, ითამაშოს თანატოლებთან, აკეთოს ყველაფერი ის, რასაც სასწავლო წლის განმავლობაში ვერ ასწრებს ან ვერ ახერხებს.
  • საზაფხულო არდადეგები საუკეთესო პერიოდია მხატვრული ლიტერატურის წასაკითხად. ხშირად ამით სარგებლობენ როგორც პედაგოგები, ისე მშობლებიც და წიგნების საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალს უმზადებენ ბავშვს. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მნიშვნელოვანია არა წაკითხული წიგნების რაოდენობა, არამედ ის, რამდენად ახერხებს ბავშვი წაკითხულის გააზრებას. ერთხელ არდადეგებიდან დაბრუნებული მესამეკლასელი ნიკა თანატოლებთან იმით იწონებდა თავს, რომ ზაფხულში ათი წიგნის წაკითხვა მოასწრო და, ფაქტობრივად, კლასის „რეკორდი მოხსნა“, მისი თანაკლასელი მიშო კი, რომელსაც მხოლოდ ერთი წიგნი – „ტომ სოიერის თავგადასავალი“ – წაეკითხა, დარცხვენილი იდგა. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ ათი წიგნიდან ნიკას არც ერთის არც ავტორი და არც სათაური არ ახსოვდა, შინაარსიდან კი მხოლოდ ცალკეულ ფრაგმენტებს იხსენებდა, მაშინ როდესაც პატარა მიშო გატაცებით საუბრობდა წაკითხულის შესახებ, აანალიზებდა და აფასებდა თითოეული პერსონაჟის ქცევას. საკამათო არ უნდა იყოს, რომ ჯობს, ბავშვმა ერთი წიგნი წაიკითხოს და მისი გააზრება შეძლოს, ვიდრე ათი და უშედეგოდ.
  • თუ ბავშვს უჭირს კითხვა და წაკითხულის გააზრება, სასურველია, ტექსტის გარკვეული ნაწილი თავად მშობელმა წაუკითხოს. აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დიდხანს კითხვა არ იქნება ეფექტიანი, რადგან უმცროსკლასელებს ყურადღების დიდი ხნით კონცენტრაცია უჭირთ. კარგი იქნება, მშობელმა შვილთან ერთად გააანალიზოს წაკითხული, ჰკითხოს, რას ეხება წიგნი, ვინ არის მთავარი გმირი, რა მოეწონა და რა არა მის საქციელში. შეიძლება, ბავშვს შევთავაზოთ, დახატოს ის, რაც მოისმინა ან მოიფიქროს ამბის გაგრძელება.
  • თუ ბავშვი დამოუკიდებლად კითხულობს, გარკვეული მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ შეიძლება ვთხოვოთ, ორი-სამი წინადადებით დაწეროს, რაზე იყო საუბარი ტექსტში, ვესაუბროთ წაკითხულის შესახებ. მშობლებთან ასეთი საუბრები ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, საჭიროც კი.
  • კარგი იქნება ბავშვთან ერთად ამა თუ იმ სიუჟეტის მოფიქრებაც. ეს ავითარებს ფანტაზიას, მეტყველებას, მეხსიერებას, აღქმას, ლოგიკურ აზროვნებას, ხელს უწყობს ბავშვის ზოგად განვითარებას.
  • ნუ შევაწყვეტინებთ ბავშვს საყვარელ საქმიანობას იმის მომიზეზებით, რომ სამეცადინო აქვს – ამით სერიოზულ ზიანს მივაყენებთ მის სასწავლო მოტივაციას და შფოთვის დონის აწევასაც შევუწყობთ ხელს. მთელი საზაფხულო არდადეგების განმავლობაში სასკოლო დავალებების შესრულებით დაღლილი ბავშვი სექტემბერში ნამდვილად არ მიუჯდება ხალისით სასკოლო მერხს და მონდომებით და ინტერესით არ ჩაერთვება სასწავლო პროცესში.
  • კარგი იქნება, თუ არდადეგების პერიოდში ბავშვთან საგანმანათლებლო და განმავითარებელ მუშაობას მეცადინეობის ხასიათს არ მივცემთ და ვიზრუნებთ იმაზე, რომ ბავშვმა სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენება შეძლოს. ამისთვის საჭიროა მასთან მუდმივი ურთიერთობა, მით უმეტეს, რომ სასწავლო პერიოდში ის ასეთ ურთიერთობას, როგორც წესი, მონატრებულია. საზოგადოდ, კარგი იქნება, თუ მშობლები მაქსიმალურად გამოიყენებენ ზაფხულს შვილთან ურთიერთობისთვის. რაც უფრო მეტ დროს გაატარებენ ერთად, მით უკეთეს ნაყოფს გამოიღებს ეს ორივესთვის.
  • სასურველია, არდადეგების პერიოდში მშობლებმა ორგანიზება გაუწიონ ბავშვის შეხვედრას თანატოლებთან, მათთან ურთიერთობას, თამაშს. ამით ისინი დიდად შეუწყობენ ხელს შვილის სოციალურ განვითარებას, რაც მას მომავალში ბევრ სირთულეს ააცილებს თავიდან.

ამრიგად, რაც უფრო ლაღი იქნება არდადეგების პერიოდში ბავშვის ცხოვრების რიტმი, რაც უფრო საინტერესოდ და შინაარსიანად დაისვენებს, რაც უფრო მეტად მოიკრებს ძალას, მით უფრო მონდომებით ჩაერთვება ის ახალ სასწავლო წელს სასკოლო ცხოვრებაში, რაც, თავის მხრივ, მისი წარმატებების წინაპირობად იქცევა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი