პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

შავსა ძაღლსა გადავკიდე…

ფეხის გულში მწვავე ტკივილი ვიგრძენი. მექანიკურად ავწიე ფეხი… იატაკზე გაჭყლეტილი კელა დამხვდა. არა, ისე ჩემი ბრალი იყო. რით ვეღარ ვისწავლე, რომ ფეხშველამ არ უნდა ვიარო და ყველაფერს ფეხი არ დავადგა. თუმცა რა გამემტყუნება, სულ შვიდი თუ რვა წლის ვარ. გავიღვიძე თუ არა, საძინებლიდან შუშაბანდში ფეხშიშველა გავტყაპუნდი (დიახ, სწორედ შუშაბანადს ეძახდა ბებია სახლის იმ ადგილს, სადაც ყველაზე მეტად მიყვარდა ყოფნა).

მიხვდით ალბათ, ძველ ამბავს ვიხსენებ. ფანჯრიდან ეზოში მინდოდა გადახედვა და გზად ეტყობა დაბლა მჯდარ კელას დავადგი ფეხი. იმან კიდევ სიკვდილის წინ ადგა და მიკბინა. ეს ამბავი გავახმოვანე… აბა, ეზოში მყოფი ბებიის ყურადღება ხომ უნდა მიმექცია. ბებიასთან სტუმრად მეზობლად მცხოვრები ჯიქიძიანთ ქალი ყოფილა. სინამდვილეში თამარი ერქვა, მაგრამ ეს მგონი თავადაც აღარ ახსოვდა. მკაცრი ხმით ბრძანება გასცა, ცივი დანა მოიტანეთო. მეგონა, ნაკბენი ფეხი უნდა მოეჭრა და ბებოს ჩავებღაუჭე, არ დაანებო-მეთქი. საქმე უფრო მარტივად იყო, ცივი დანა უბრალოდ ნაკბენზე უნდა დაედო. ბებიას ისიც შესთავაზა, რომ იქვე, ზედა უბანში ექიმბაშ ქალთან გადავსულიყავით, ვინც ყველანაირ დაავადებას შელოცვით არჩენდა. ბებიას შელოცვების არ სწამდა, მაგრამ ეტყობა გასართობად დათანხმდა და ასე აღმოვჩნდი შემლოცველთან მიმავალ გზაზე. ნახეთ, ასე იცის, როცა წინ არ დახედავ და ათას უბედურებას  დაადგამ ფეხს.

ეზოში გრილოდა, იქვე ცივი წყალი მოდიოდა, სადაც ეზოს ქათმები გასაგრილებლად რიგში ჩამდგარიყვნენ.

ექიმბაშს პაციენტი ჰყავდა. ჩვენ ხელით იქვე სკამისკენ მიგვითითა, მანდ დამელოდეთო. მართა ბაბო (ესე ეძახდნენ) ცხვირის მიდამოებში პაციენტს ხელებს უსვამდა და ბუტბუტებდა:

სურდო შევკარ, გადვიკიდე,

შავსა ძაღლსა გადავკიდე,

შავი ძაღლი გამეპარა,

სურდო წყალში გადმეყარა.

თურმე პაციენტს ჰაიმორიტი აწუხებდა და ასეთი შელოცვის შემდეგ ნამდვილად განიკურნებოდა, რადგან მის გაციებას, სურდოს და ყველანაირ ცუდ საქმეს შავი ძაღლი წაიღებდა თან.  შავი ძაღლი ეზოში ვერსად ვნახე, მაგრამ ჩავთვალე, რომ არ ეცალა, სულ საქმეში იყო. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, ამდენი პაციენტის ჩივილის სადღაც წაღება.

კელას ნაკბენით მიყენებული ტკივილიც, ბუნებრივია, შავ ძაღლს გადავაბარეთ და სახლში გახალისებულები დავბრუნდით: ბებია იმიტომ, რომ კეთილად გაერთო, თავს რომ ოდნავი სიცელქის ნება მისცა; მე იმიტომ, რომ თითქოს ფეხი ისე აღარ მეწვოდა (ფსიქოლოგიური ამბავი იყო); ჯიქიძიანთ ქალი კიდევ იმიტომ, რომ ხუმრობა საქმე ხომ არაა, კეთილი საქმე გააკეთა, ფეხი გადამირჩინა.

ეს  ამბავი ახლაც გასახალისებლად გავიხსენე. წერით კი კვლავ ჯანსაღ კვებაზე მინდა  დავწერო.

ძველი აცტეკები მას ტყის კარაქს ეძახდნენ. ევროპაში მეჩვიდმეტე საუკუნეში გაიცნეს. ყველაზე კალორიული და ცხიმიანი ხილია, რის გამოც 1998 წელს გინესის წიგნში შეიტანეს. 100 გრამი 20 გრამ ცხიმს შეიცავს და 160 კ/კალორიაა. ძირითადად ომეგა-9 მჟავებია, ოლეინ  მჟავა. ეს მჟავა ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას უშლის ხელს. მათი წარმოქმნის რისკს ამცირებს.

რაზე ვწერ? ავოკადოზე.

კალორიულობის მიხედვით, ერთმანეთს შევადაროთ ავოკადო, კარტოფილი და ბანანი. პირველ ადგილზე ავოკადოა (100 გრამი – 160 კ/კალორია), მეორეზე ბანანი (100 გრამი -95კ/კალორია) და მესამეზე კარტოფილი (100 გრამი -80კ/კალორია).

სად არის ყველაზე მეტი ნახშირწყალი. საქმე ის გახლავთ, რომ თავად ცხიმის წარმოქმნა ინსულინის მიერ პროვოცირდება. გლუკოზა იწვევს ინსულინის გამოთავისუფლებას. ინსულინი კი თითქმის ყველაფერს ცხიმად გარდაქმნის.

გლიკემიური ინდექსით (გლიკემიურ ინდექსზე ადრე ბევრჯერ დამიწერია) ბანანი  პირველ ადგილზეა (100 გრამში 23გრ. ნახშირწყალი), კარტოფილი – მეორეზე (100 გრამში 18 გრ ნახშირწყალი), ავოკადო კი – მესამეზე (100 გრამში 9გრ. ნახშირწყალი).

მოკლედ, ავოკადო  სასარგებლო ცხიმს  შეიცავს, თუმცა გლიკემიური ინდექსი მაღალი აქვს და კალორიულია. შეიცავს ბევრ კალიუმს. კალიუმი ნატრიუმის ანტაგონისტია. ნატრიუმი ორგანიზმში წყალს აკავებს, თუ ორგანიზმს ნატრიუმის ანტაგონისტ კალიუმსაც არ მივაწვდით, მაშინ  წყალი შეკავდება, რაც არტერიული წნევის მომატებას გამოიწვევს. ამით იმის თქმა მსურს, რომ ავოკადო და კალიუმის შემცველი სხვა ხილი თუ ბოსტნეული, იმ მარილის ზემოქმედებას ამცირებს, რომელსაც ჩვენ ასე ჭარბად მოვიხმართ. კალიუმის გარეშე ასევე შეუძლებელია  ნერვების და კუნთების ფუნქციონირება. აუცილებლად უმად უნდა მიირთვათ. მექსიკელები მას წიწაკა ჩილის უმატებენ და სხვადასხვა სალათებთან ერთად გეახლებიან. ხშირად ჩიფსებთან ერთადაც. არა, ჩვენ გულში არც კი გავივლოთ ჩიფსის ჭამა.

სალათში ავოკადო უეჭველად კიტრს შეხვდება.

წარმოშობით ინდოეთიდანაა და გოგრისებრთა ოჯახს ეკუთვნის.  თუმცა ახლა უკვე მათი მრავალნაირი ჯიშია გამოყვანილი. წყალს შეიცავს, მაგრამ ეს წყალი უბრალო არ არის, მინერალებით გახლავთ გაჯერებული. ბოჭკოებით მდიდარია. ამ ბოჭკოების მონელება არ ხდება, თუმცა აუცილებელია ნაწლავების პერისტალტიკისთვის. შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, მცირე რაოდენობით სილიციუმს. აქვე არის ვიტამინი k. თუთიის და იოდის შემცველობაც დაბალანსებულია, რაც ფარისებრი და კუჭქვეშა ჯირკვლების კარგი მუშაობის გარანტიაა. სპილენძის იონები, რომელსაც კიტრი შეიცავს, ნერვულ სისტემაზე კარგად მოქმედებენ. ასევე საყრდენ – მამოძრავებელ აპარატზე.

რომელ პროდუქტში მეტი რაოდენობითაა წყალი? შევადაროთ: პომიდორი, ბადრიჯანი და კიტრი.

პირველ ადგილზე კიტრია, მეორეზე – პომიდორი, მესამეზე – ბადრიჯანი.

შემდეგი, ვისაც ავოკადო სალათში შეხვდება პომიდორია. პომიდორს ცხიმი საერთოდ არ აქვს და ძალიან სასარგებლოა. იმასაც შეგახსენებთ, რომ პიგმენტ ლიკოპინს შეიცავს და სიმსივნურ უჯრედებს ებრძვის. ერთ-ერთი პროდუქტია, რომლის  თერმული დამუშავებაც  ლიკოპინს  კიდევ უფრო ააქტიურებს. ასე რომ, შემწვარი პომიდორი უმს სჯობს.

ლიკოპინის ფორმულაა C40H56. ბეტა კაროტინის არაციკლური იზომერი გახლავთ, ამიტომ მისი სტრუქტურა სწორხაზოვანია. თავისუფალი სახით პირველად 1910 წელს გამოყვეს, 1931 წელს კი სტრუქტურა დაადგინეს. ლიკოპენი ტეტრატერპენია, რომელიც რვა იზოპრენული ნაშთისგან შედგება. თერთმეტი ორმაგი ბმის არსებობა მისი დაჟანგვის უნარს აძლიერებს. წყალში არ იხსნება. იხსნება ზოგიერთ ორგანულ გამხსნელში. პომიდვრის გარდა, დიდი რაოდენობით გრეიტფურტში, გუავასა და საზამთროშია.

ავოკადო და პომიდორი ერთად დიდი ძალაა. გავიხსენოთ, რომ პომიდორი ლიკოპინს შეიცავს, ავოკადო ომეგა 9 მჟავას. თერმულად დამუშავების შემდეგ კი პომიდვრის ლიკოპინი უფრო აქტიურდება.

უფრო დავაკონკრეტოთ… ჩვეულებრივი, უმი პომიდვრის ლიკოპინი ხაზოვანი სტრუქტურისაა, ამიტომ ორგანიზმში ცუდად შეიწოვება და მოქმედებაც უჭირს. თერმულად დამუშავებისას, მისი სტერეოქიმიური მოდელი იცვლება (ცის-იზომერს წარმოქმნის). ამ ფორმით კი მისი შეთვისებაც და მეტაბოლიზმში მონაწილეობაც იოლდება.  თუ უმ პომიდორს და ავოკადოს ერთად მივირთმევთ, ლინოლენის მჟავა ლიკოპინს სწორედ იოლად შესათვისებელ ფორმაში გადაიყვანს. ანუ მის შეწოვას და შეთვისებას გააიოლებს.

მოკლედ, არჩევანი ჩვენზეა. ისეთ აგრესიულ გარემოში გვიწევს ცხოვრება, რომ თავი სწორი კვებით მაინც უნდა დავიცვათ. აგრესიულ გარემოს ყველაფერი ქმნის. ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ და რომელიც რბილად რომ ვთქვათ, მაინცდამაინც სუფთა არ არის. წყალი, რომელიც უნდა დავლიოთ და არავინ უწყის, რა სისუფთავისაა. დაბოლოს… სტრესი, რომელიც ყოველი მხრიდან გვიტევს. ვიცით, რომ არ უნდა ვინერვიულოთ, მაგრამ…

სტრესზე გამახსენდა. სადღაც თვალი მოვკარი ასეთ ხუმრობას, ისრებით იყო დახაზული, „პრობლემა გაქვთო?“ სავარაუდო პასუხები გახლდათ: „დიახ“, „არა“. თუ პასუხად „არას“ აირჩევდით, ე.ი. პრობლემა არ გქონიათ და არ უნდა გენერვიულათ. თუმცა ხომ შეიძლებოდა, პასუხი „დიახ“ ყოფილიყო? მაშინ სხვა შეკითხვა გამოჩნდებოდა – „პრობლემა მოგვარებადია?“ და კვლავ პასუხის ორი ვარიანტი: „დიახ“, „არა“. თუ „დიახ“, მოგვარებადი ყოფილა და  მაშინ რაღას ნერვიულობთ?  თუ არ არის მოგვარებადი, მით უმეტეს, რატომ ნერვიულობთ, მაინც არ მოგვარდება და ეგ არის.

მოკლედ, მორალი ერთი იყო: არ ინერვიულოთო.

და მაინც… თუ ემოციური ხართ (ჩემი არ იყოს) და მღელვარება  გჩვევიათ, წყალთან დადექით  და გაიმეორეთ:

დარდი  შევკარ, გადვიკიდე,

შავსა ძაღლსა გადავკიდე,

შავი ძაღლი გამეპარა,

დარდი წყალში გადმეყარა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი