პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

     სიტყვის ემოციური კონტექსტის დადგენისათვის

 

სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებისა თუ რესურსების დიდი ნაწილი მიმართულია მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრებისკენ. ეს სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია და მისკენ არაერთ გზასა თუ საშუალებას  მივყავართ. ერთი მათგანია მოსწავლეთა გათვითცნობიერება სიტყვის ემოციური კონტექსტის დადგენის არცთუ მარტივ საკითხებში. ერთია სიტყვის მნიშვნელობა, სემანტიკური არეალი თუ ეტიმოლოგია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ემოციები, განცდები, მგრძნობელობითი გავლენა, რომელიც თითოეულ სიტყვაშია დაუნჯებული. სწორედ ეს განსაზღვრავს  სიტყვის სწორად გამოყენებას, მათ „ჩასმას“ შესაფერისი ფრაზისა თუ წინადადების წიაღში.

კარგ, სასიხარულო ამბავს ვყვებით? კმაყოფილების  გამომხატველი რამ გვაქვს სათქმელი? ამისთვის ქართულ ენას შესაბამისი ემოციური კონტექსტის სიტყვები მრავლად აქვს. წუხილს ვუზიარებთ სხვებს? მრისხანების, ბრაზის გამოხატვას ვცდილობთ? საამისო ლექსიკური მარაგიც უხვია ჩვენს ენაში. ჩვენი მეცადინეობით, მათი მიკვლევა და გამოყენება არ უნდა უჭირდეთ მოსწავლეებს. ვფიქრობთ, არ არის საჭირო რთული, დამაბნეველი დავალებების მიცემა  ან ჩახლართული აქტივობების გამოყენება. პირიქით, ჩვენი მეთოდი რაც უფრო მარტივი,  სახალისო იქნება, რაც უფრო მეტად უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობას მათი კომპეტენციის  ფარგლებში, მით უფრო კარგ შედეგს მივიღებთ. ასეთად გვესახება ჩვენი ერთი ჩვეულებრივი „მუშა“ გაკვეთილი.

    გაკვეთილის თემა – „რასაც ვამბობ, იმას ვმღერი; რასაც ვმღერი, იმას ვამბობ…“

    გაკვეთილის მიზანი – მოსწავლემ შეძლოს მხატვრული ნაწარმოების ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა, სიტყვის ემოციური კონტექსტის დადგენის უნარ-ჩვევის გაუმჯობესება.

სასურველი თემისკენ მოსწავლეთა აზრისა და ფიქრის მისამართავად, შეგვიძლია კლასს დავუსვათ მარტივი შეკითხვები:

– თქვენი აზრით, ყოველთვის ვახერხებთ, ჩვენი ფიქრი, განცდა ზუსტად გამოვხატოთ?

– გაიხსენეთ, რა საშუალებები გვაქვს მათი გამოხატვისთვის?

მოსწავლეები გულწრფელად ისაუბრებენ იმის შესახებ, რომ ხშირად ვერ პოულობენ შესაფერის სიტყვებს, უჭირთ იმის გადმოცემა, რასაც განიცდიან… ამავე დროს, მათ არ გაუძნელდებათ იმაზე საუბარი, რომ გრძნობისა და ემოციების გამოხატვა შეგვიძლია სიტყვით (მაგალითად, ლექსით), ფერით (ფერწერული ნამუშევრით), მელოდიით, ფოტოხელოვნებით და ასე შემდეგ.

შესაძლოა, საგანგებოდ მომზადებული 2-3-წუთიანი ვიდეომასალაც ვუჩვენოთ, მაგალითად, მუსიკის ფონზე წაკითხული ლექსი ან რომელიმე ცნობილი ტილოს დეტალური ჩვენება… ან სხვა შესაფერისი რამ, რომელიც მათ განწყობებსა თუ ემოციებზე დააფიქრებდა.

ვფიქრობთ, სასურველი განწყობის შექმნისა და უკვე არსებული ცოდნის გამოწვევა-გააქტიურებისთვის გაკვეთილის დასაწყისი ათიოდე წუთი საკმარისი იქნება.

კლასი დაყოფილია 5 ჯგუფად:

1-ლი ჯგუფი იმ მოსწავლეებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც მუსიკალური სკოლის ამა თუ იმ კურსს ეუფლებიან (ვიოლინო, ფორტეპიანო, გიტარა, სალამური, ვოკალი, ფოლკლორი…);

მე-2 შემოქმედებითი ჯგუფია, რომლის წევრებიც ორიგინალურ ტექსტებს შექმნიან.

მე-3 და მე-4 ჯგუფებს ეძლევა ერთნაირი დავალება. ესენი ერთგვარი „მუშა“ ჯგუფებია, რომელთაც სახელწოდებებს შევურჩევთ.

მე-5 – შეფასების ჯგუფია.

„მუსიკალური“ ჯგუფი  ასრულებს მის მიერ  წინასწარ შერჩეულ მელოდიას ან სიმღერას. სრული შთაბეჭდილებისთვის შეიძლება თან ახლდეს ვიდეოჩვენება  ან მცირე ქორეოგრაფიული ნომერი… თუმცა ამ „დანამატს“ უარყოფითი მხარეც აქვს – შესაძლოა მოსწავლეთა ყურადღება მელოდიიდან სხვა მიმართულებითაც  წავიდეს. ამის გადაწყვეტა უმჯობესი იქნება კონკრეტულ კლასში.
„მუშა“ ჯგუფებს დავალებებს მელოდიის მოსმენამდე ვურიგებთ. ეს დავალებები, პირობითად, ასეთი იქნება:

ყურადღებით მოუსმინეთ შესრულებულ მელოდიას. ჩამოწერეთ ის სიტყვები, რომლებიც, თქვენი აზრით, იმავე გრძნობებსა და ემოციებს გამოხატავს, რაც ჩაქსოვილი იყო მუსიკაში. შეადგინეთ წინადადებები, გამოიყენეთ თქვენ მიერ შერჩეული სიტყვები.

განსხვავებული დავალება ეძლევა შემოქმედებით ჯგუფს: მოსმენილი მელოდიის შთაბეჭდილებით, დაწერეთ 25-30-სიტყვიანი ამბავი. შეეცადეთ თქვენს ტექსტში ისეთივე განწყობა თუ ემოცია იყოს გამოხატული, როგორსაც მელოდიაში შეიცნობთ.

შეფასების ჯგუფი, პედაგოგთან ერთად შემუშავებული სქემით, ქულებით შეაფასებს ცალკეული ჯგუფის მიერ შესრულებულ სამუშაოს.

ჯგუფებს სამუშაოდ მიეცემათ 10 წუთი, ხოლო პრეზენტაციებს დაეთმობა 15 წუთი. ეს შეადგენს გაკვეთილის  II  ნაწილს, რომლის ფარგლებშიც მიიღწევა ძირითადი მიზნები. დაგვრჩება უაღრესად  მნიშვნელოვანი  ბოლო 10 წუთი, რომელმაც უნდა გვიჩვენოს, მივაღწიეთ გაკვეთილზე დასახულ მიზანს თუ – არა. ფაქიზად უნდა შევარჩიოთ შეკითხვები და დავალებები, რომელთაც ამ დროს გამოვიყენებთ.

მაგალითად, შევთავაზებთ, ახსნან გაკვეთილის „სახელწოდება“ – „რასაც ვამბობ, იმას ვმღერი; რასაც ვმღერი, იმას ვამბობ…“. თუკი მათეულ ახსნაში გამოჩნდება გაკვეთილზე ნაფიქრ-ნაღვაწი და მოსწავლეთა მიერ  გამოყვანილი დასკვნები იქნება სწორი, მაშასადამე, მიზანიც მიღწეულია – მოსწავლეები სიტყვების წარმოთქმისა  თუ დაწერის დროს, მათი მნიშვნელობის გარდა, ემოციურ კონტექსტზეც დაფიქრდებიან.

კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს გაკვეთილის ზოგადი შეფასების  საშუალებასაც მივცემთ. რასაკვირველია, უნდა შევარჩიოთ საინტერესო საშინაო დავალება, რომელიც უკუგებად, ერთგვარ რეფლექსიად გამოგვადგება ჩატარებული გაკვეთილისათვის.

ეს, ერთი შეხედვით,  „პროზაული“ გაკვეთილი შესაძლოა, დიდ დღესასწაულად ვაქციოთ. მუსიკა თავისთავად ქმნის ესთეტიკური აღქმისთვის შესაფერის გარემოს. თუ ჩვენ შევძლებთ, მოსწავლეებს ამ აღქმის სიტყვიერ გამოხატვაში დავეხმაროთ, ან უფრო ზუსტად, ამ ქმედებისთვის შევაგულიანოთ, შედეგად, მათ გონებაში „ჩაიწერება“ კონკრეტული დადებითი ან უარყოფითი ემოციის გამომხატველი სიტყვები, რომელთაც ისინი მომავალში სწორად გამოიყენებენ. გარდა ამისა, ჩართულობით, ჯგუფური მუშაობით, თითოეულის ლექსიკურ მარაგს შეემატება 2-3 ათეული სიტყვა. ამ ლექსიკური სიმწირის ჟამს ესეც მნიშვნელოვანი რამაა, სწავლის პროცესისთვის სასიკეთო და სასარგებლო.

            ნინო ბილოხოძე

ქ. ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი