ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

სამყაროთმცოდნეობის სახალისო გაკვეთილები

ყოველ დილით ვხვდები ექვსი-შვიდი წლის ბიჭს, რომელიც ლეკვს ასეირნებს. აიყვანს ხელში, დასვამს, თან ელაპარაკება: „შეგეშინდა? მოდი ჩემთან, ნუ გეშინია, აქ არ ვარ? რა გაშინებს? მოიცა, მოიცა… ფეხი არ ჩაგეჭედოს… აი, ასე. ახლა ირბინე… ველოსიპედზე დაჯდომა გინდა? მიყიდიან და დაგსვამ… მოდი, მოდი ჩემთან, დიდი ძაღლები მოდიან, გავიქცეთ…“ ვცდილობ, თვალში არ მოვხვდე, მაგრამ ნაბიჯს ვანელებ, რომ მეტი გავიგონო. ალბათ, რომ გავჩერდე, ვერც შემამჩნევს, რადგან არავისთვის სცალია, თავისი საზრუნავი აქვს. საღამოობითაც, როცა ბავშვების გუნდი ხმაურიან თამაშებშია ჩაბმული, ბიჭი და ლეკვი ავტონომიას ინარჩუნებენ…

 

ცხოველები და ბავშვები საკმაოდ მგრძნობიარე თემაა მშობლებისთვის. პატარა ენას ამოიდგამს თუ არა, მაშინვე ცხოველის ყოლის სურვილს გამოთქვამს. უმრავლესობას ძაღლი უნდა, ზოგს  – კატა, ზოგიც ზღვის გოჭზე ოცნებობს. მშობლები თავს იტეხენ, აუსრულონ თუ არა სურვილი, საფრთხეს ხომ არ შეუქმნის ეს ბავშვის ჯანმრთელობას, რომელი ცხოველი აჯობებს და ასე შემდეგ… უფროსებს ის პასუხისმგებლობაც აფრთხობთ, რომელიც ცხოველის მოვლა-პატრონობას უკავშირდება. ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ჯანმრთელობისთვის რისკი მართლაც არსებობს და მისი თავიდან აცილების ხერხებზეც მიგვითითებენ. ეს რეკომენდაციები, თავისთავად, გასათვალისწინებელია, მაგრამ ამჯერად მათზე საუბარს არ ვაპირებთ.

ფსიქოლოგები ბევრს წერენ ბავშვისა და ცხოველის მეგობრობის კეთილისმყოფელ შედეგებზე.

ცხოველთან ყოველდღიური ურთიერთობა დადებითად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე. მასთან თამაშის დროს ბავშვი სწავლობს ურთიერთობას, ეჩვევა დამოუკიდებლობას, ძლევს ფსიქოემოციურ პრობლემებს. არსებობს მოსაზრება, რომ იმ ოჯახში გაზრდილი ბავშვის ინტელექტის დონე, სადაც ცხოველი ჰყავთ, უფრო მაღალია, ვიდრე იმ ბავშვისა, რომელსაც ცხოველთან შეხება არ აქვს.

ცხოველებთან ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა აქვს აღზრდის თვალსაზრისითაც. ხშირად მოზარდისთვის ცხოველი ხდება უახლოესი მეგობარი, რომელსაც ესაუბრება, უზიარებს სიხარულსა თუ გულისტკივილს, ენდობა. სათამაშო, რაც არ უნდა „ჭკვიანი“ და ძვირფასი იყოს, ვერასდროს შეცვლის ცოცხალ მეგობარს, რადგან უსულო საგანი ვერ ურთიერთქმედებს.

როცა ოჯახში ძაღლი, თუთიყუში, თევზი ჰყავთ, ბავშვს პასუხისმგებლობის გრძნობა უვითარდება და მზრუნველობას ეჩვევა. სხვაგვარად შეუძლებელიცაა, რადგან თითოეულ ცხოველსა თუ ფრინველს თავისებური მოვლა სჭირდება და რაც უფრო მეტად იქნება ბავშვი ჩართული ამ პროცესში, მით მეტად განუვითარდება ზემოხსენებული თვისებებიც.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ თუ ბავშვს აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს, ძაღლის ყოლა ხელს უწყობს გარე სამყაროსთან მის ადაპტაციას და წარმატებულ სოციალიზაციას.

საზოგადოდაც, ცხოველთან მეგობრობა მოზარდს უფრო კონტაქტურს ხდის. მას უნდება, თანატოლებსაც გააცნოს თავისი ოთხფეხა მეგობარი. ძაღლის გასეირნების დროს ადვილად ამყარებს ახალ ურთიერთობებს, მით უფრო – თანამოაზრეებთან, ცხოველების მოყვარულებთან.

განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოველს იმ ბავშვისთვის, რომელსაც, მიზეზთა გამო, ხშირად უწევს მარტო ყოფნა, ოჯახში ხალხმრავლობით არ არის განებივრებული.

ცხოველთან მეგობრობა განსაკუთრებული შემეცნებითი ღირებულების მქონე პროცესია. ცხოველის მოვლა-პატრონობისას, მასთან ურთიერთობისას ბავშვი ცოცხალი ბუნების შეცნობის პირველ გაკვეთილებს იღებს. ეს მისთვის საინტერესო და სახალისო გაკვეთილებია. ცხოველი კი ამ სამყაროში მისი მეგზური ხდება. ბავშვი აკვირდება, როგორი გარეგნული ნიშნები აქვს მის მეგობარს, როგორი ბეწვი ან ბუმბული, როგორ იცვლება ეს ნიშნები ზრდასთან ერთად, რა მოსწონს მას და რა – არა. ეს პროცესი დაკვირვების უნარსაც უვითარებს.

ცხოველის შერჩევისას გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი და ხასიათი. მოუსვენარ ბავშვს უფრო აქტიურ ცხოველთან მეგობრობა მოეწონება, მშვიდსა და ფიქრის მოყვარულს – უფრო დინჯთან.

შევეხოთ ერთ გარემოებასაც, რომლის თაობაზეც ფსიქოლოგები გვაფრთხილებენ: ბავშვისთვის უმძიმესი სტრესია საყვარელი ცხოველის სიკვდილი და ამ დროს მას განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება. მშობლის მიერ დაშვებული შეცდომები ბავშვის ფსიქიკაზე ხანგრძლივ კვალს ტოვებს.

 

ეს შეცდომაზე მეტია

ტურისტული ავტობუსის დაღლილ-დაქანცულმა მძღოლმა, საღამო ხანს სულის მოსათქმელად რომ ჩამოჯდა სასტუმროს ბარში, უცნობ ახალგაზრდას, რომელიც ტელეფონით თავისი ძაღლის ამბავს კითხულობდა, გული გადაუშალა:

– დიდი ხანია გყავს? მე კურდღელი მყავდა. რვა წლის რომ გავხდი, ბაჭია მაჩუქეს. გამოვზარდე, ცუდად ვსწავლობდი, სკოლაში სიარულიც მეზარებოდა, მასწავლებელი სულ მსაყვედურობდა… ერთი სული მქონდა, შინ მივსულიყავი, ჩემს კურდღელთან ვიყავი ყველაზე ბედნიერი… იმ დღესაც ასე მივირბინე შინ. დედამ სადილი მომიტანა. ჩქარ-ჩქარა შევჭამე, მერე კურდღლისთვის ბოსტნეული მოვამზადე და… დიდხანს ვეძებე ამაოდ… ბოდიში, ახლაც მეტირება… თურმე ხმაურზე ჩემს კურდღელს გული გასკდომია და მამაჩემს მაშინვე… დედამ მაინც როგორ გამიმეტა ამისთვის, როგორ მაჭამა ის სადილი?! ორმოც წელიწადზე მეტი გავიდა და გახსენებაზე ახლაც გულ-მუცელი მეწვის. მთელი თვე ავად ვიყავი, საჭმელს პირს ვერ ვაკარებდი… მშობლები შემჯავრდნენ… მერე გავიდა დრო, გავიზარდე, დავოჯახდი, სამი შვილი მყავს. მშობლებიც ჩვენთან ცხოვრობდნენ. დედა ცოცხალი აღარ არის… ის ამბავი არასოდეს მიხსენებია, მაგრამ გულში ვერ ვაპატიე. გაუნათლებელი ხალხი იყო, მაგრამ ამის მიხვედრას რა განათლება უნდოდა?! არც მე მომიკლავს სწავლით თავი, მაგრამ ჩემს უმცროს შვილს თუთიყურში რომ მოუკვდა, დილაადრიან გავქანდი თბილისში, ისეთივე ვიპოვე და ჩუმად მივიყვანე შინ, რომ გული არ სტკენოდა. პატარა იყო და ვერ მიხვდა… უცხოელებს ვატარებ სამცხე-ჯავახეთში. გზამ ფიქრი იცის. დღეს, თბილისიდან რომ წამოვედით, იგოეთთან ბაჭიებს ყიდიდნენ და ისევ ამეშალა დარდი…

 

კარგი მაგალითიც მაქვს:

ჩემი უმცროსი მეგობარი ელენე, რომლის სახლშიც ჩვენი არასამთავრობოს ოფისია, ახლა „არდადეგობს“. შინ ხშირად რჩება მარტო. ათი წლისაა და ზრდასრულივით მსჯელობს. მიხსნის ჯო ენის კლინიკის პაციენტთა პრობლემებს, სისხლის ბანკის მნიშვნელობას… კლინიკაში ელენე დედასთან ერთად „მუშაობს“. აქამდე მცენარეებით, უფრო სწორად, ეზოსა და ქოთნის ყვავილებით იყო გატაცებული. თავისი ყვავილების შესახებ, ლათინური სახელებით დაწყებული, ნიადაგის სასურველი სტრუქტურით დამთავრებული, ყველაფერი იცის. მოკლედ, ექსპერტია. 6-7 თვეა, ელო ორ პაწაწინა კუს ზრდის. ოცთეთრიანზე დიდები არ ყოფილან, ზამთრის არდადეგებზე რომ გამაცნო. ახლა უკვე ასანთის კოლოფს გაუტოლდნენ. ფურცელზე მათი კონტურები აქვს შემოხაზული და თარიღებიც მითითებული. რას არ მიყვება მათზე: ბაბუაწვერა და მრავალძარღვა უყვართო, სტაფილოსაც სიამოვნებით შეექცევიანო… რა არ მოსწონთ, როდის როგორ მაგრდება მათი ბაკანი… ადრე მის გამოჩენაზე თურმე თავებს მალავდნენ, ახლა მცნობენ და ჩემი აღარ ეშინიათო, მუცელზე ხელის მოსმა სიამოვნებთ, ინაბებიანო… ეჭვს როგორ შევიტან მის ნათქვამში, აშკარაა, უკვე ამ არსებების ექსპერტიც გამხდარა.

 

რამდენი წიგნი უნდა წაიკითხოს ბავშვმა ან რამდენი ფილმი უნდა ნახოს, რომ თვალსაწიერი ასე გაუფართოვდეს? ძალიან ბევრი, და ეს მაინც სხვა ცოდნა იქნება, რომელსაც არ ახლავს პირადი შეგრძნებებით მიღებული დასკვნები. ელენეს წიგნი კი არ უყვება ამ ამბებს, ის თავად აღმოაჩენს სამყაროს და მერე ამ აღმოჩენებში გასარკვევად, დასაზუსტებლად მირბის წიგნებთან, იქექება ენციკლოპედიებში, ინტერნეტში…

ელენე არდადეგებზეც სწავლობს, სამყაროთმცოდნეობის შესავალს ეუფლება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი