ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

იაპონია

ვირთხა მკვდარია, სრულყოფილყურებიანი კიკი გაუჩინარებული. ყველაფრის თავიდან დასაწყებად კი იქ უნდა წახვიდე, სადაც ყველაფერი ერთხელ უკვე დაიწყო. „ვირთხის ტრილოგიის“ გაგრძელება („დენს, დენს, დენს“) ცხოვრების გაგრძელებაა მაშინ, როცა ყველა უკვე წასულია, როცა ცოლმაც უსიტყვოდ მიგატოვა და რადგან საკუთარი თავის მიტოვება არ გამოდის, დარჩენა უნდა გააგრძელო. საპოროში უნდა წახვიდე, სასტუმრო „დელფინში“ და ისევ შეხვდე ადამიან- ცხვარს, როგორც მედიუმს, რომელიც სხვა სამყაროსთან, ალტერნატიულ რეალობასთან გაკავშირებს.

ჰარუკი მურაკამი დიდების მწერალია, რადგან მხოლოდ დიდები არიან ისეთი დაღლილები და ისეთი სუსტები, როგორიც მისი მთავარი, უსახელო გმირია. ძალიან მკაცრი, ლაკონური და სიკვდილამდე სერიოზული მწერალია თითქმის ნობელიანტი ჰარუკი მურაკამი. გერმანელი კრიტიკოსებისთვის- ფასთ ფუდი, ჩემთვის- უცხიმო ვეგეტარიანული სალათი, საშინლად დახვეწილი, გულმოდგინედ შეზავებული და გონივრულად ჯანმრთელი.

მე მიყვარს მურაკამი, რადგან ის ყველაზე არათავმომწონე მწერალია. იყო მწერალი, თავისთავად ნიშნავს ამპარტავნებას, ამბების თხრობა, რომანების გამოცემა მით უმეტეს მრავალ ენაზე თავდაჯერებული, ცოტათი ამბიციური ადამიანების საქმეა. ყველა მწერალი ხომ დარწმუნებულია რომ შენთვის, მკითხველისთვის რაღაც მნიშვნელოვანი აქვს მოსათხრობი, ის, რაც შენთვის არასდროს მოუყოლიათ, ის, რასაც რაღაცის შეცვლა შეუძლია. ცვლილებები პოლიტიკოსების და მწერლების საქმეა. უფრო მწერლების. ამაში დარწმუნებული ვარ.

მე არ ვიცნობ სხვა ასეთ იმედდაკარგულ, დაღლილ და მიტოვებულ პერსონაჟს, რომელიც თავის ძველ „სუბარუში“ ამერიკულ 60- 70იანების პოპმუსიკას ცამეტი წლის გოგოსთან ერთად უსმენს. ძალიან მნიშვნელოვან ცამეტი წლის გოგოსთან ერთად. პერსონაჟს, რომელსაც სჯერა, რომ ყველა და ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და რომელიც, ბოლოსდაბოლოს, ადამიან- ცხვარს იცნობს. ის, რაც თქვენ მისტიკა გგონიათ, მურაკამისთან ყოველდღიური და არასაშიში ამბავია. თანაც, დაღლილ უფროსებს უკვე დიდი ხანია არაფრის ეშინიათ.

„იცეკვე, იცეკვე, სანამ მუსიკა ჟღერს,“- ამბობს ადამიანი ცხვარი და მთავარ გმირს ნამდვილ ცხოვრებაში აბრუნებს. ასეც უნდა იყოს, თუნდაც იმ ნამდვილ ცხოვრებაში შენს სკოლელს გადაეყარო, ახლა უკვე კინოვარსკვლავს, დაუმეგობრდე კიდეც და მერე იმედი კიდევ ერთხელ გაგიცრუვდეს.

ამ წიგნში ძალიან ბევრი გულდასაწყვეტი ამბავი ხდება. ადრე დიდი ქალაქებიდან ჩემს მშობლიურ სოფელში რომ ჩავდიოდი, გული მისკდებოდა. მეშინოდა, რომ ჩემ გარდა ყველა ცხოვრობდა, განსაკუთრებით კი იმ მიტოვებულ, უზარმაზარ ქალაქებში. მეშინოდა, რომ დრო მეპარებოდა, მეშინოდა, რომ უდროობაში მოვხვდი. ამ წიგნში ამისი აღარ ეშინიათ, რადგან ყველა შიში გადალახულია და სიკვდილსაც უკვე რამდენჯერმე პირისპირ შეხვდნენ. ის არ იყო საშიში, არამედ მშვიდი, აუღელვებელი. ეს წიგნი ერთდროულად იმედგაცრუება, გულდაწყვეტა, შეგუება და დაბრუნებაა. შენ თავთან დაბრუნებაა, რადგან, საბოლოოდ, ეგაა ცხოვრება.

ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მე და მურაკამი ერთმანეთს აუცილებლად უნდა შევხვდეთ. აქამდე არასდროს მიოცნებია საყვარელ მწერლებთან შეხვედრაზე, ისინი, თავისთავად შესანიშნავები არიან, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რაზე უნდა ვილაპარაკოთ. ანაც- რაღაზე. მე მათთან კითხვები არ მაქვს და არც შთაბეჭდილებების გაზიარება მომნდომებია. განა იმიტომ რომ მაგარი ვინმე ვარ, არა, პირიქით: მხოლოდ იმიტომ რომ ისინი ზედმეტად შესანიშნავები არიან. პირდაპირ ჩინებულები. დიდებულები. ბრწყინვალეები.

იცით, ტოკიოს შიშს დავძლევდი, ჩავიდოდი. ტოკიოსი მასშტაბის გამო მეშინია და კიდევ იმიტომ რომ დახვეწილად ტექნოლოგიურია. ხაზგასმით ჭკვიანი. არა, ფეხებზე მკიდია, ჩავიდოდი.  დაღლილ ადამიანებზე ვილაპარაკებდით და იმედგაცრუებებზე. ცხოვრებაში პირველად ცხოვრებაზე ვილაპარაკებდი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი