ინტერნეტის „გაფილტრული ბუშტები“

ელი პარისერი

გამოსვლა TED2011-ზე

ჟურნალისტმა მარკ ცუკერბერგს ფეისბუკის სიახლეების გვერდის შესახებ შეკითხვებით მიმართა. ერთ-ერთი შეკითხვა იყო: „რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი?“ და ცუკერბერგმა უპასუხა: „ამ წუთას თქვენს ეზოში მომაკვდავი ციყვი შეიძლება უფრო საინტერესო იყოს თქვენთვის, ვიდრე აფრიკაში მომაკვდავი ადამიანები“. მე კი დღეს მინდა ვისაუბრო იმის შესახებ, თუ როგორი გახდება მსოფლიო გლობალური ქსელი, თუ ის დაეფუძნება ინფორმაციის მართებულობის ამგვარ იდეას.

ბუ1

როდესაც მეინის ერთ-ერთ დაბაში ვიზრდებოდი, ინტერნეტი რაღაც განსაკუთრებულს ნიშნავდა ჩემთვის. ის იყო კავშირი მსოფლიოსთან. ის იყო რაღაც, რასაც შეეძლო ყველა ადამიანის ერთმანეთთან დაკავშირება. დარწმუნებული ვიყავი, რომ ინტერნეტი არაჩვეულებრივი რამ იქნებოდა დემოკრატიისა და ჩვენი საზოგადოებისთვის. მაგრამ ახლა შეიცვალა ინფორმაციის ონლაინგავრცელების წესები და ეს ცვლილება უხილავია. ამ ცვლილების უყურადღებოდ დატოვება მნიშვნელოვან პრობლემებს გამოიწვევს. პირველად ეს ცვლილება იმ სივრცეში შევნიშნე, რომელსაც დიდ დროს ვუთმობ – ჩემი ფეისბუქის გვერდზე. პოლიტიკური თვალსაზრისით პროგრესული ვარ. რა სიურპრიზია, რომ არასდროს ვიშურებდი მცდელობას, ურთიერთობა მქონოდა კონსერვატორებთან. მინდა ვიცოდე, რას აწუხებთ მათ. მომწონს იმაზე დაკვირვება, თუ რასთან აიგივებენ ისინი თავს. მომწონს სიახლეების გაგება და სწავლა. ამიტომ გამიკვირდა, როცა ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ კონსერვატორები გაქრნენ ჩემი სიახლეების გვერდიდან. როგორც აღმოჩნდა, ფეისბუქი აკვირდებოდა, თუ რა ბმულებს ვხსნიდი და შეამჩნია, რომ უფრო ხშირად ჩემი ლიბერალური მეგობრების მიერ გაზიარებულ ბმულებს ვხსნიდი, ვიდრე კონსერვატორი მეგობრების ბმულებს. და ისე, რომ არც არაფერი უკითხავს ჩემთვის, მან ისინი ამოაგდო ჩემი სიახლეების გვერდიდან. ისინი გაქრნენ.

ფეისბუქი არ არის ერთადერთი ადგილი, რომელიც ახდენს ინტერნეტის ამგვარ უხილავ, ალგორითმულ რედაქტირებას. გუგლიც ასევე მოქმედებს. თუკი მე და შენ ერთსა და იმავე სიტყვებს ჩავწერთ საძიებო ზოლში, თუნდაც ზუსტად ერთსა და იმავე დროს, ძიების განსხვავებულ შედეგებს მივიღებთ. ერთმა ინჟინერმა მითხრა, რომ მაშინაც კი, როცა გუგლში მომხმარებლის სახელით არ ხართ შესული, გუგლი აკვირდება 57 სიგნალს – დაწყებული იმით, თუ როგორ კომპიუტერს და რომელ ინტერნეტ-ბრაუზერს იყენებთ, დამთავრებული თქვენი ადგილმდებარეობით. ის და ამ სიგნალებს იყენებს, რომ კონკრეტულად თქვენზე მორგებული შედეგები მოგაწოდოთ. იფიქრეთ ამაზე სულ ერთი წუთით: უკვე აღარ არსებობს სტანდარტული, ერთნაირი გუგლი. და ყველაზე საინტერესო ამ ყველაფერში ისაა, რომ ეს მოქმედება უხილავია. თქვენ არ შეგიძლიათ განსაზღვროთ, რამდენად განსხვავებულია თქვენი ძიების შედეგები სხვების ძიების შედეგებისგან.

რამდენიმე კვირის წინ მე ვთხოვე ჩემს მეგობრებს, გუგლში მოეძებნათ „ეგვიპტე“ და ჩემთვის გამოეგზავნათ შედეგები. აი, ჩემი მეგობრის სკოტის ეკრანის სურათი. აი, ჩემი მეგობრის დენიელის ეკრანის სურათი. როცა მათ გვერდიგვერდ დადებთ, ბმულების წაკითხვაც კი არ გჭირდებათ, რომ მიხვდეთ, რამდენად განსხვავებულია ეს ორი გვერდი. მაგრამ თუ ბმულებსაც წაიკითხავთ, მაშინ ეს ყველაფერი სულ სხვა მნიშვნელობას შეიძენს. დენიელს არაფერი მიუღია ეგვიპტის პროტესტების შესახებ გუგლის საძიებო შედეგების პირველ გვერდზე. სკოტის საძიებო შედეგების გვერდი სავსე იყო პროტესტების შესახებ ინფორმაციით. სინამდვილეში, ეს პროტესტები იმ დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი იყო. აი, ამდენად განსხვავებულია ძიების შედეგები.

ბუ2

მხოლოდ გუგლი და ფეისბუქი არ იქცევა ასე. ეს უკვე მთელ ინტერნეტზე ვრცელდება. უამრავი კომპანია მიმართავს ამ ტიპის პერსონალიზაციას. “იაჰუუ ნიუს” – ინტერნეტის ყველაზე დიდი საინფორმაციო პორტალი – უკვე პერსონალიზებულია. სხვადასხვა ადამიანები განსხვავებულ ახალ ამბებს ეცნობიან. “ჰაფინგტონ პოსტი”, “ვაშინგტონ პოსტი”, “ნიუ იორკ ტაიმსი” –  ყველა ეთამაშება პერსონალიზაციას ამა თუ იმ ფორმით. და ამ ყველაფერს ძალიან სწრაფად მივყავართ იმ სამყაროსკენ, სადაც ინტერნეტი ყოველთვის გვიჩვენებს იმას, რის ნახვაც გვსურს მისი აზრით, მაგრამ არცთუ ხშირად იმას, რის ნახვაც ნამდვილად გვჭირდება. როგორც ერიკ შმიდტი ამბობს, „ხალხისთვის რთულია იმის ყურება ან გამოყენება, რაც, გარკვეული თვალსაზრისით, მათზე არაა მორგებული“.

ბუ3

ვფიქრობ, რომ ეს ყურადსაღები პრობლემაა: თუკი ყველა ასეთ ფილტრს, ყველა ალგორითმს ერთად შევკრებთ, მივიღებთ იმას, რასაც მე გაფილტრულ საპნის ბუშტს ვუწოდებ. თითოეული თქვენგანის გაფილტრული ბუშტი არის თქვენი საკუთარი, უნიკალური ინფორმაციის სამყარო, რომელშიც თქვენ ონლაინ ცხოვრობთ. ხოლო თქვენი ბუშტი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას წარმოადგენთ და საქმიანობთ თქვენ. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ თქვენ თავად არ წყვეტთ, რა მოხვდეს ამ ბუშტში. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, თქვენ ვერც კი ხედავთ, რა ამოვარდა ინფორმაციის ერთიანი მასიდან, ვიდრე თქვენამდე მოვიდოდა. მაგალითად, გაფილტრული ბუშტის ერთ-ერთი პრობლემა “ნეტფლიქსზე” რამდენიმე მკვლევარმა აღმოაჩინა. ისინი აკვირდებოდნენ “ნეტფლიქსის” რიგებს, და აღმოაჩინეს რაღაც საინტერესო, რაც ალბათ ბევრ ჩვენგანს აღმოუჩენია მანამდე – რომ არის ზოგიერთი ფილმი, რომელიც პირდაპირ მოდის ჩვენს სახლებში. ანუ დგებით რიგში და ეს ფილმები პირდაპირ მოდიან: „რკინის კაცი“ უცებ მოდის, ხოლო „სუპერმენის“ლოდინს შეიძლება დიდი ხნის ლოდინი დასჭირდეს.

რაც მათ აღმოაჩინეს, “ნეტფლიქსის” რიგში გამართული ბრძოლაა ჩვენს მომავალ სასურველ „მესა“ და ჩვენს უფრო იმპულსურ ამჟამინდელ „მეს“ შორის. იცით, რომ ყველას გვსურს ვიყოთ ვიღაც, ვისაც უნახავს „რაშომონი“ (აკირა კუროსავას 50-იანი წლების ფილმი – მთარგმნელის შენიშვნა), მაგრამ ამ წუთას ჩვენ გვსურს მეოთხედ ვუყუროთ ეის ვენტურას (ამერიკული კომედია – მთარგმნელის შენიშვნა). საუკეთესო შერჩევა ცოტა ოდენობით ორივეს მოგვცემდა: მოგვცემდა მცირე რაოდენობით ჯასტინ ბიბერს და მცირე რაოდენობით ავღანეთს; მოგვცემდა ცოტა სასარგებლო, ბოსტნეულ ინფორმაციას და ზოგიერთ გასართობ, ტკბილეულ ინფორმაციას. ამ ტიპის ალგორითმული ფილტრებისა და ამ პერსონალიზებული ფილტრების პრობლემა ისაა, რომ ვინაიდან ისინი ძირითადად აკვირდებიან თქვენ მიერ პირველ რიგში შერჩეულ ბმულებს, ისინი არღვევენ ამ ბალანსს. ანუ ბალანსირებული საინფორმაციო დიეტის ნაცვლად, თქვენ იღებთ მავნე საინფორმაციო საკვებს.

ეს მიდგომა ნიშნავს, რომ ამჟამად ჩვენ არასწორად გვესმის ინტერნეტის არსი. სამაუწყებლო საზოგადოებაში – როგორც მითოლოგია გვიყვება – სამაუწყებლო საზოგადოებაში არსებობდნენ კარიბჭის მცველები, რედაქტორები, რომლებიც აკონტროლებდნენ საინფორმაციო ნაკადს. შემდეგ მოვიდა ინტერნეტი, რომელმაც განდევნა ისინი და საშუალება მოგვცა, ერთმანეთს უკონტროლოდ დავკავშირებოდით, და ეს შესანიშნავი იყო. მაგრამ აი, რა ხდება ახლა: კარიბჭის ადამიანმა მცველებმა გასაღები ალგორითმულ მცველებს გადასცეს. ხოლო ამ ალგორითმებს ჯერ არ აქვთ თანდაყოლილო ეთიკის შეგრძნება, რაც ადამიან რედაქტორებს ჰქონდათ. ამგვარად, თუკი ალგორითმებმა სამყარო ჩვენ ნაცვლად უნდა მართონ, თუკი მათ უნდა გადაწყვიტონ, რა უნდა ვნახოთ და რა არ უნდა ვნახოთ, მაშინ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი ამ გაფილტვრას მხოლოდ რელევანტურობის მიხედვით არ ახორციელებენ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი აუცილებლად გვიჩვენებენ რაღაცებს, რაც არაკომფორტულია, გამომწვევია ან მნიშვნელოვანი – ანუ როგორც TED აკეთებს – გაგვაცნონ განსხვავებული თვალთახედვები.

საინტერესო ისაა, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, უკვე გავიარეთ ასეთი მდგომარეობა. 1915 წელს გაზეთებს დიდად არ ანაღვლებდათ სამოქალაქო პასუხისმგებლობა. შემდეგ ადამიანებმა შეამჩნიეს, რომ ისინი რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებდნენ. რომ სინამდვილეში არ შეიძლება გქონდეს მოქმედი დემოკრატია, თუკი მოქალაქეები არ იღებენ ინფორმაციის კარგ ნაკადს, რომ გაზეთების გავლენა მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ფილტრივით მოქმედებენ. ამის შედეგად განვითარდა ჟურნალისტური ეთიკა. ის არ იყო სრულყოფილი, მაგრამ მან გადაგვარჩინა ბოლო საუკუნეში. ახლა კი ჩვენ უკან დავბრუნდით, 1915 წლის ინტერნეტში. და გვჭირდება, რომ კარიბჭის ახალმა მცველებმა მსგავსი პასუხისმგებლობა ჩანერგონ იმ ალგორითმების კოდებში, რომელთაც თავად წერენ.

ვიცი, რომ ამ წუთას ფეისბუქის და გუგლის ბევრი თანამშრომელი იმყოფება აქ – ლარი და სერგეი, მაგალითად (ლარი ფეიჯი და სერგეი ბრინი, გუგლის დამფუძნებლები – მთარგმნელის შენიშვნა) – ადამიანები, ვინც მსოფლიო გლობალური ქსელი შექმნა დღევანდელი სახით და მე თქვენი მადლიერი ვარ. მაგრამ აუცილებელია, რომ თქვენ მიერ შექმნილ ალგორითმებში ჩაიდოს საზოგადოებრივი ცხოვრების არსი, სამოქალაქო პასუხისმგებლობის შეგრძნება. თქვენ უნდა გახადოთ ეს ალგორითმები საკმარისად გამჭვირვალე, რომ დავინახოთ, თუ რა წესებით განისაზღვრება ჩვენს ფილტრებში შემოსული ინფორმაციის ნაკადი. ჩვენ გვჭირდება, რომ გარკვეული კონტროლი გადმოგვცეთ იმაზე, თუ რა შემოვა ჩვენს ბუშტში და რა – არა. რადგან მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ისეთი ინტერნეტი, რომელზეც ყოველი ჩვენგანი ოცნებობდა. ჩვენ გვჭირდება ინტერნეტი, რომელიც გაგვაცნობს ახალ იდეებს, ახალ ადამიანებს და სხვადასხვა პერსპექტივებს. ეს კი არასდროს მოხდება, თუკი ის ყოველ ჩვენგანს იზოლირებულად, საკუთარ ქსელში დატოვებს.

კომენტარები

comments