ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

      თაობის ტკივილი _ კოტე ჯანდიერის „მიპატიჟება კინოში“

შემოქმედება თავისუფლების წყურვილია. თავისუფლება კი თვითგამოხატვას გულისხმობს. მწერალი სიტყვას ირჩევს და ღვთის მსგავსად ქმნის მხატვრულ სამყაროს. ყველაზე მთავარი ამბავი უკვე მოყოლილია, `ბიბლიას~ ვგულისხმობთ. ეს პირველი `კომენტარია~ ადამიანური ცხოვრებისა, სიცოცხლის არსისა. მერე ყველანი იმეორებენ, თავისებურად იმეორებენ, ცნობიერად თუ არაცნობიერად: `თაობა მიდის, თაობა მოდის, ეს ქვეყანა კი უცვლელია უკუნისამდე… რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი~ (ეკლესიასტე).   კოტე ჯანდიერმა ეს იცის, ამიტომაც წერს: `ცხოვრება თავდაპირველი და უნიკალური ტექსტია, რომელიც მუდმივად იწერება, ხოლო ლიტერატურა კი – ამ ტექსტის თარგმანი და კომენტარი~.

`პირველითგან იყო სიტყვა~ _ ასე იწყებს იოანე მახარებელი ღვთის ამბის მოყოლას სახარებაში  და ბოლოს ადამიანის გონების  უძლურების აღიარებით ამთავრებს. ადამიანს არ შეუძლია იტვირთოს ღვთის `ამბავთა~ მთელი სისავსე, ამიტომაც ყველაფერს არ გვიყვება ღვთის საყვარელი მოწაფე: `ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს~ (იოანე, 25, 21). თუმცა `მოსაყოლი~ არ ასვენებს და წერს  ღვთის გამოცხადების ამბავს, როგორც ბიბლიის ყველაზე საიდუმლო წიგნს.

ღმერთმა `იდუმალის შეცნობად აღძრა გონება კაცთა, ოღონდ ისე, რომ ვერ გაუგონ ღვთის ნამოქმედარს თავი და ბოლო~ (ეკლესიასტე). ამგვარი უძლურება სტანჯავთ შემოქმედთ: `მაგრამ ვერ გრძნობენ გლახ მოკვდავნი განგებას ციურს~ _ ეს ასე ლამაზად  თქვა ბარათაშვილმა. ფიქრები კი რა `ლაჟვარდს იხილვენ~, მაინც ზეცისკენ მიისწრაფვიან და მეორდება დაუსრულებლად სიცოცხლის მისტერია.

კოტე ჯანდიერიც თავის შემოქმედებაში ამ ადამიანური ფიქრების ამბავს გვიყვება, სიცოცხლის თავგადასავალზე მოგვითხრობს. ეს, უპირველესად, მისი თავგადასავალია. მაგრამ ეს `მე~ ხომ დრო-სივრცეში შეზღუდული არ არის? ამ `მეში~ დალექილია თაობათა გამოცდილება. მეხსიერების სიღრმეში უამრავია პალიმფსესტია ჩამარხული. კარგი მწერალი ახერხებს მათ აღმოჩენასა და წაკითხვას. ამგვარად, მწერალი კერძო ადამიანს ხატავს, როგორც, იმავდროულად, ზოგადსაკაციობრო პერსონაჟს, სიყვარულითა და სიძულვილით, მადლითა და ცოდვით სავსეს, ხორციელსა და სულიერ მისწრაფებებს შორის გახლეჩილსა და დატანჯულს.

რაც უფრო ნიჭიერია მწერალი, მით მეტ ნიღაბს ქმნის, მით მეტად წარმოაჩენს ადამიანური ცხოვრების მრავალფეროვნებას. ვფიქრობ, არასოდეს გაცვდება ვაჟა-ფშაველას შეფასების კრიტერიუმი ნიჭიერი მწერლისა: `ვინ არის ნიჭიერი მწერალი? ვისაც დიდად უყვარს ადამიანი, დიდად  მოწადინებულია გააბედნიეროს იგი, ვისაც დიდად უყვარს ცხოვრება და ენიაზება მისი გაუკეთესება. ამისთვის საჭიროა დიდი გრძნობა, დიდი ცოდნა ადამიანის სულისა და მისი ცხოვრებისა~.

 კოტე ჯანდიერის მოთხრობების კითხვისას გრძნობ, როგორ უყვარს  მას ადამიანი.

ქართულ ლიტერატურას ათასნაირი მთხრობელი ჰყავს. ეს ჩვენი მწერლობის სიმდიდრეა. ძნელია გამორჩეულობა, ინდივიდუალური სტილის მიგნება, მაგრამ შეუძლებელი არ არის. სიტყვის შესაძლებლობები ამოუწურავია, ამიტომაც დროდადრო გამოჩნდებიან ხოლმე კარგი, ინდივიდუალური სტილის მთხრობელები. ასეთია კოტე ჯანდიერი, რომელიც ხელხვავრიელობით არ გამოირჩევა, მაგრამ რასაც წერს, ღირებულად მიგვაჩნია. `ვწერ მხოლოდ მაშინ, როდესაც მე ეს მანიჭებს სიამოვნებას~, _ აღნიშნავს ერთ ინტერვიუში. ეს ნიშნავს იმას, რომ იგი კარგად გრძნობს, `ვნების სიმძაფრე შენებაშია~ (გურამ რჩეულიშვილი).

ცნობილია, რომ მწერალთაგან ზოგი ცხოვრების ბნელ ხვეულებში იხედება, ზოგი ნათელს უფრო  ხედავს. მიხეილ ჯავახიშვილი წერილში `მოპასანი და მისი ცხოვრება~ წერდა: `ძალიან ხშირად მოპასანი ისე არხეინად, ისეთის ღიმილითა და განდგომით გვისურათებს გულის ასამღვრევსა და პირუტყვულ ამბავს, რომ გულუბრყვილო მკითხველს ჰგონია, ავტორს მოსწონს ეს ამბავი, ეხალისება მისი ჩვენება და უდროოთა და უადგილოდ ოხუნჯობსო, ნამდვილად კი გულგრილი ირონიის ქურქში ოხვრა და სევდა აქვს გახვეული~. ჯავახიშვილმა თვითონ აღწერა ასეთი პირუტყვული და გულის ასამღვრევი ამბავი `ჯაყოს ხიზნებში~, რათა მკითხველი შეძრწუნებულიყო `ჯვარცმული  მარგოს~, დამცირებული და შეურაცხყოფილი საქართველოს, ბედით. კოტე ჯანდიერის პროზა უფრო სინათლით არის სავსე, ვიდრე სიბნელით. იგი თანაუგრძნობს ყოფის სიმძიმით დათრგუნულ ადამიანს, სჯერა ლიტერატურის, ზოგადად, ხელოვნების გამაკეთილშობილებელი ძალისა. მისთვის მთავარია, ლიტერატურამ მკითხველში კათარზისი გამოიწვიოს. `ესთეტიკური და ეთიკური განურჩევლობა, ჩემი აზრით, ქართული კულტურის ღრმა კრიზისზე მეტყველებს~, _ ამბობს იგი (ზემოთ ნახსენები ინტერვიუდან). ამიტომაც არის, რომ თავისი შემოქმედებით ცდილობს იგი ამ `განურჩევლობის~ დაძლევას.

`ანტიკურ თეტრში მისულმა მაყურებელმა ზედმიწევნით კარგად იცოდა, თუ რა მოხდა და რატომ მოხდა ოიდიპოსის ან აგამემნონის ოჯახში, მაგრამ ხალხი თეატრში იმისთვის მიდიოდა, რომ ენახა და მოესმინა, როგორ ყვება ამ ისტორიას სოფოკლე, საიდან იწყებს და სად ამთავრებს თხრობას ესქილე, როგორ გადმოსცემენ მათ მიერ დაწერილ სიტყვებს ნიღბიანი მსახიობები და ა.შ. ისინი მიდიოდნენ თეატრში თავდავიწყებისათვის, რათა რამდენიმე საათის განმავლობაში გათავისუფლებულიყვნენ საკუთარი საზრუნავისა და ტკივილისაგან, ეცხოვრათ სხვა ადამიანის ტკივილებითა და ვნებებით, რათა ტირილამდე მისულებს კათარზისი განეცადათ. მათი ცრემლები უერთდებოდა მარადისობას, როგორც კაპიტან აქაბის ცრემლები ოკეანეს და `მთელ ოკეანეში არ იყო წვეთი უფრო სუფთა, ვიდრე ეს ცრემლი~ (ინტერვიუდან).

კოტე ჯანდიერიც, როგორც მწერალი, ახერხებს მკითხველი სხვისი ტკივილითა და სიხარულით აცხოვროს. თვითონ წარმატებით ირგებს სხვადასხვა ნიღაბს, რათა ყოფის მრავალფეროვნება წარმოაჩინოს. აქ მთავარი და მნიშვნელოვანი სწორედ ესაა _ ცხოვრება, რომელიც მან ნახა და განიცადა. ნახვისა და განცდის უამრავი გზა არსებობს _ რეალური, წაკითხული თუ წარმოსახული. მრავაგვარი გამოცდილება კი მის მოთხრობებში ირეკლება მკითხველის თვალის ასახელად, გონების გასაწვრთნელად, სულის საზრდოდ.

კოტე ჯანდიერისთვისაც მნიშვნელოვანია ცხოვრება `მოსაყოლად~. როგორც მარკესი წერსდა: `იცხოვრო, რათა მოჰყვე~.  მის მოთხრობებში დრო სუნთქავს, დრო, რომელიც თან წარმავალია, თან მარადიული. ამის მოხელთებას ახერხებს მწერალი, დაგვანახვოს ადამიანის ტრაგიკულობა დროის ხანმოკლეობის ჭრილში, თანვე, ადამიანის ბედნიერება სიცოცხლის უკვდავების კონტექსტში. მისი მოთხრობების თემატიკა მრავალფეროვანია. თხრობის ტექნიკაც, შესაბამისად, მრავალგვარი. იგი ოსტატურად უნაცვლებს ერთმანეთს ტრადიციულ მდინარებას თხრობისას და პოსტმოდერნისტულ ინტერტექსტუალობას, რომელსაც გამუდმებით გაჰყავს მკითხველი კონკრეტული ამბის ჩარჩოდან და მერე ისევ აბრუნებს, რათა ყოველივეს ერთგვარი პირობითობის, სიმბოლურობის ელფერი დაედოს. მისი შემოქმედების ინტერტექსტუალობა შესანიშნავად გააანალიზა ლალი ავალიანმა თავის კრიტიკულ წერილებში. ყოველივე ეს კარგად წარმოჩნდება მის მოთხრობებში: `გლობალიზაცია~, `მიპატიჟება კინოში~, `განსხვავებული კალიბრის ვაზნა~, `მაყვლიანი~, `საოჯახო ქრონიკა~, `ხანმოკლე შვებულება~, `კონკიას ღამე~, `საყმაწვილო სენი~ და სხვ.

მის მოთხრობებს შორის გამოირჩევა `მიპატიჟება კინოში~, რომელიც კონკრეტულ დროსაც ირეკლავს და მარადისობასაც. ამიტომაც არასდროს დაკარგავს მკითხველს, რადგან ყოველთვის გამოიწვევს მას ადამიანურ ზნეობრივ იდეალებზე დასაფიქრებლად, სიკვდილ-სიცოცხლის განუყოფლობაზე საფიქრელად. მკითხველიც, თავის მხრივ, თვითოვე აქცევს ნაწარმოებს თანამედროვედ, რაკიღა მასში იპოვის იმას, რასაც ნუგეში  და ადამიანური ცხოვრების გამართლება ჰქვია. ამავე დროს, ეს მოთხრობაა წვეთივითაა, რომელიც მწერლის შემოქმედების რაგვარობასა და რაობასაც ირეკლავს.

ამ ნაწარმოების მთხრობელი, წერის ნიჭით დაჯილდოებული, ახალგაზრდა კაცია, მაგრამ ცოტას წერს, რადგან `პური არსობისა~ მოსაპოვებელი აქვს სხვა გზით _ მუშაობს პროზაულ  `საქსახმთავშახტმშენში~. ეს კონტრასტულად წარმოაჩენს მის შეჯახებას რეალობასთან. ეს კონტრასტულობა _ ცხოვრება და ხელოვნება _ თავიდანვე წარმოჩნდება. ადამიანი თითქოს იხლიჩება რეალობასა და ოცნებას შორის, რაც ტკივილს იწვევს: `მთელი ცხოვრება მეგონა, რომ უკეთესი წიგნის დაწერას შევძლებდი და ასეთი ამპარტავნობისათვის დავისაჯე სიცარიელით, უფულობითა და შახტმშენით~. აქ ყოფის `ტრაგიკულობას~ ამსუბუქებს თვითირონია, რაც ასე დამახასიათებელი ჯანდიერის პროზისთვის.

მოთხრობის გმირები საბჭოურ საქართველოში ცხოვრობენ, მეოცე საუკუნის 70-იანი წლების შვილები არიან, ამიტომაც მნიშვნელოვანია, როგორ ახერხებს მწერალი დროის კონტექსტის შექმნას. თუმცა, აქ ეპოქაზე მნიშვნელოვანი ადამიანია, რომელიც ნებისმიერ დროულ კონტექსტში ებრძვის საკუთარ თავს, ვნებებს და ამ `გულის ჭიდილში~, როგორც ფოლკნერი იტყოდა, გამოავლენს, რამდენად `ახლოა ღმერთთან~ (ვაჟა-ფშაველა).

კოტე ჯანდიერის პროზისთვის, საზოგადოდ, დამახასიათებელია ინტერტექსტუალობა, რაც ნიშანდობლივია ყოველი ღირებული მხატვრული ნაწარმოებისთვის. მწერალი ეყრდნობა ძველთა ტრადიციულ გამოცდილებას, იყენებს აღიარებულ რელიგიურ, მითოლოგიურსა თუ სხადასხვა ტიპის კულტურულ სიმბოლოებს აზრის გამოხატვის ფერადოვნებისა და სიღრმისათვის, მკითხველზე ზემოქმედებისთვის. მაგალითად, ერთგან თხრობაში, სიკვდილზე ფიქრისას, ბუნებრივად შემოიჭრება ქარონის სახე, რომელიც ამძაფრებს გმირის შინაგანი მღელვარებისა და სასოწარკვეთილების გადმოცემას.

მთავარი გმირი, როგორც აღვნიშნეთ,  ერთდროულად, თვითირონიულიც არის და ნარცისულიც. იგი, რა თქმა უნდა, ენათესავება ქართული თუ უცხოური ლიტერატურის იმ პერსონაჟებს, რომლებიც შეიგრძნობენ ღრმა უფსკრულს წარმოსახვასა და რეალობას შორის  და გამუდმებული კონფლიქტი აქვთ საკუთარ თავთან.

გმირის ნარცისულობა ამგვარ ფიქრშიც მჟღავნდება: `გული შეწუხებული მაქვს ხალხისაგან, ყველა მთხოვს რაღაც სიტყვების თქმას, რაღაც გაუთავებელ განმარტებებს, შეფასებებს. ვეღარ გაიგეს, რომ არაფერი მაქვს სათქმელი, აბსოლუტურად არაფერი. ორი წელია, სტრიქონი აღარ დამიწერია, იმიტომ, რომ არაფერი მაქვს სათქმელი ამ აყროლებული ქვეყნისათვის. ჩემს კარს მინდა დავაწერო დიდი ასოებით: `დამანებეთ თავი~. ანდა ვიშოვო დდი მეგაფონი და ერთხელ და სამუდამოდ ყველას გასაგონად დავიღრიალო: `წადით, თქვენი დედა!~

ეს გმირის გაუცხოებასაც ამხელს, რომელიც განსაკუთრებული სიმძაფრით მეოცე საუკუნის  დასაწყისიდან გამძაფრდა ხელოვნებაში. გაუცხოების მწვერვალები კი წარმოჩნდა ალბერ კამიუს შემოქმედებაში. ფრანგმა ეგზისტენციალისტმა ადამიანურ ცხოვრებაში გარკვევის ყოველგვარი გზა უარყო, რაკიღა სიცოცხლე გაიაზრა, როგორც აბსურდი და შეეცადა, ადამიანიც ერთადერთი გამოსავლის, თვითმკვლელობის, აღიარებამდე მიეყვანა.

კოტე ჯანდიერის გმირიც, გარკვეულწილად, ენათესავება აბსურდული ცნობიერების ადამიანს, აღიარებს რა ყოფიერების ქაოტურობას, თანვე ცდილობს თავი დააღწიოს ამ სიცარიელეს, იპოვოს თავი. მოთხრობაში ჩანს, რომ პერსონაჟს ტრადიციული ღირებულებები საყრდენად აღარ გამოადგება. შეფარულად ეს ასეა გამჟღავნებული: `მტკვარი მძიმეა და ჩაშავებული. მის მდორე წყალში არაფერი არ ირეკლება. არც დღე, არც ღამე~. ქვეტექსტად იგულისხმება ბარათაშვილის ცნობილი სტრიქონები: `ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა/ და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი, ცისა კამარა~ (`ფიქრნი მტკვრის პირზედ~). თუ ბარათაშვილი სულიერ ობლობას, სასოწარკვეთილებას გადალახავდა, ერთი მხრივ, ბუნებასთან ერთობით (`წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად~), მეორე მხრივ, ბუნების მანუგეშებელი `მეგობრობიდან~ დაბადებული ღვთის რწმენით (წყალში ცას (ზეციურს, არამიწიურს, ამაღლებულს, ღვთაებრივს)  ჭვრეტდა, არსებობის გამამართლებელ აზრს ურიგდებოდა: `მაგრამ, რადგანაც კაცნი გვქვიან…. უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა~),  თანამედროვე გმირს ზეციდან მხოლოდ რისხვის მოლოდინი აქვს და არა წყალობისა: `ელვარებს დაისის ვიწრო ზოლი. ეს კაშკაშა ზოლი ჰგავს მოქნეულ ცელს, რომელიც სადაცაა მოსხეპს უფოთლო ჭადრების კენწეროებს, ქართული და სომხური ეკლესიების გუმბათებს, სახლების სახურავებზე აწოწილ უაზრო ტელეანტენებს და აბანოთუბანში შემორჩენილ ერთადერთი მეჩეთის ცისფერ მინარეთს~ _ თითქოს მეორედ მოსვლის წინათგრძნობაა. მკითხველი გრძნობს მოქნეული ცელი მხოლოდ პეიზაჟის ხატოვანი აღქმა როდია, არამედ გმირის სულში გაჩენილი რისხვის გამოძახილი. შინაგანად ის უჯანყდება ყოფის სიცარიელეს და აქვს მისი შეცვლის წადილი. ეს გვახსენებს იოანე ნათლისმცემლის ქადაგებას: `ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს. ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას (მათე, 3,10).

გმირის გაუცხოებას მშობლიურ ქალაქთან კარგად გამოხატავს საკუთარი თავის მოლაპლაპე  ვეშაპთან შედარება _ `ეს ქალაქი ნერვებს მიშლის. მე ის ვეშაპი ვარ, რომელსაც ყელში ამოსვლია ოკეანის მლაშე წყლები და ხტება მაღლა ჰაერში, სველი და მოლაპლაპე, რათა მეორე წამს სხეულის სიმძიმემ კვლავ დააბრუნოს აუტანელი, მაგრამ მშობლიური სტიქიონის წიაღში~.

როგორც აღვნიშნეთ, პერსონაჟი აბსურდული გარემოს ტყვეა. მას გამოსავალი ვერ უპოვია და თვითმკვლელობაზე ფიქრი სტანჯავს, თუმცა გაბედულება აკლია განზრახულის შესასრულებლად. ეს გაუბედაობა კი კიდევ უფრო მეტად თრგუნავს.

მოთხრობაში თანამედროვეობა კარგად იხატება, რომლის ერთგვარ სიმბოლოდაც წარმოჩნდება `მყრალი კოლმეურნეობის მოედანი _ ერთგვარი ნაგავსაყრელი~. თანვე აქვე იხატება ყვავილების ბაზარი. ჭუჭყისა და სილამაზის ნაზავი  კარგად წარმოაჩენს სინათლისა და სიბნელის, ბოროტებისა და სიკეთის თანაარსებობას, როგორც ადამიანური ცხოვრების ტრაგედიის მიზეზს. `მთავარია, რომ ადამიანს, Hომო საპიენს-ს, შერჩა ძალა შეებრძოლოს მასშივე წარმოშობილ ახალ ადამიანს, Hომო Fაბერ-ს (მაქს ფრიშის ამავე სახელწოდების რომანში კარგად ჩანს ეს ბრძოლა), და სანაგვეზე არ მოისროლოს კულტურა. თუმცა ბესიკ ხარანაულის ახალ რომანში (`სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა~) ეს საშიშროებაც იკვეთება. ავტორი თავს გრძნობს `ცივილიზაციისაგან განდევნილ კულტურის შვილად~. რომანის პერსონაჟი შიო ფიქრობდა, რომ `წიგნები უნდა დაფრინავდნენ~ და იხატება ფანტასმაგორიული სურათი: ფანჯრიდან წიგნები თავდახსნილი ფრინველებივით მიფრინავენ, მაგრამ `ნაგავსაყარზე იყო ფინიში~ .

ბესიკ ხარანაულის რომანის ერთი საგულისხმო შენაკადია, თუ როგორ დაიკარგა  მთხრობელი `ბავშვობაში~ და `ნაგავსაყარის ქვეყანაში~ აღმოჩნდა ტყვედ. ბავშვობა სამოთხეა, ხოლო დიდობა _ ტყვეობა, თანაც ნაგავსაყრელზე, რომელიც ცხოვრების სიმბოლოა. მისი აზრით, ცივილიზაციამ ქვეყნიერება ნაგავსაყრელად აქცია. ეს ეხმიანება  ჟან  ბოდრიარის თვალსაზრისს:  `ყველაზე უარესი ის კი არ არის, რომ ჩვენ ირგვლივ სულ ნაგავია, არამედ ის, რომ თავად ჩვენც ამ ნაგვად ვიქეცით~…  (`ქალაქი და სიძულვილი~) (ციტატა ჩვენივე წერილიდან წერილიდან `ზნეობის გარდამოხსნა~).

უნდა გავიხსენოთ, რომ ცხოვრება როგორც ნაგავსაყრელი, წარმოჩენილია ზურა მესხის რომანში `სპაზმები~, რომელშიც მთავარი გმირის ცხოვრების `დამახინჯება~  გამოიწვია თავში მოხვედრილმა ნაგვის პარკმა: ~მე მაქვს სპაზმები. ხუთი წლის რომ ვიყავი, მაშინ დამეწყო. მაშინ დავიწყე ნაგვის დანახვა და მთელი სიდამპლეების~.

კოტე ჯანდიერის მოთხრობაში დახატული გასაყიდად გამოტანილი ყვავილები თითქოს  ადამიანთა სულების ანარეკლებია. ქაოსი მთხრობელის შინაგან სამყაროს ემუქრება:  `მე ყველაფერზე ერთად ვფიქრობ და ჩემი თავი სავსეა ათასი ხარახურით, ფრაზების და მოგონებების ნაგლეჯებით, ეროტიკული სცენებით, ქვანახშირით, შახტის ჭრილებით, სენტიმენტალური მელოდიებით,  ნახევრად დავიწყებული სახეებით, უცხოური კონიაკის ბოთლებით, სევდიანი პეიზაჟებით…~

თბილისის ეკლექტური არქიტექტურაც, სიმბოლურად, საზოგადოების გაურკვევლობას, უსაყრდენობას, ზნეობრივ ღირებულებათა დაკარგვას წარმოაჩენს: `ლენინის მოედანზე ვართ. აქ ყველაფერი გალოკილია და ერთმანეთში არეული: ფსევდომავრიტანული სტილი, სომხურიუ ფსევდო ამპირი, ფსევდოკლასიციზმი, ფსევდოკონსტრუქტივიზმი, სტალიზმი და ა.შ. ყველაფერი ფსევდო~.

მთხრობელი, როგორც აღვნიშნეთ, ბევრს ფიქრობს სიკვდილზე. მაგალითად, პირის პარსვისას სარკეში რომ იყურება, მაშინაც კი ვიღაც ემუქრება: `ეს გამხდარი, მოღუშული კაცი ქარონია, რომელიც ხელში იღებს ჩემს გარდაცვლილ სულს და მყრალი მდინარის მეორე ნაპირისკენ მიაქვს. ჩათლახი!~

კოტე ჯანდიერის თხრობისთვის დამახასიათებელია გმირის ფიქრის ნაკადების გადმოცემა. როდესაც ის ფიქრობს იმ ადამიანზე, ვისთანაც ურთიერთობს, ამ დროს ჩნდება ერთგვარი ვერტიკალური `ჩაღმავებები~ დროში, გახსენება გარდასული ამბებისა, რომელთაც კვალი დაატყვეს მთხრობელის სულს.

მოთხრობის კიდევ ერთი საგულისხმო გმირია ნინცო _ `მყრალ საზოგადოებაში~ სისუფთავისა და სიწმინდის ერთგვარი სიმბოლო.  მასაც რეალობასთან კონფლიქტი აქვს _ `მისი ყველაზე დიდი ოცნება ის იყო, რომ მამამისი პავლე ინგოროყვა, გერონტი ქიქოძე ან ვინმე ეგეთი ყოფილიყო~. `დიდი სახელები~ დიდი თავშესაფრის ილუზიას ქმნის, სხვადყოფნა თითქოს გაქცევის შესაძლებლობას აჩენს.

ნინცოს სიმბოლურ აღქმას ხელს უწყობს ისიც, რომ მთხრობელისთვის ნინცო რეალობას არ შეესაბამება _ `რა უნდა ასეთ ქალს (თანაც თეთრ კაბაში გამოწყობილს) ამ სიმყრალეში~.

მოთხრობის ერთი მთავარი საფიქრალია, როგორ შეიძლება საყრდენი მოიპოვო ამ აბსურდულ გარემოში, სადაც არანაირი კანონზომიერება არაა? `რა უფრო მთავარია _ გქონდეს მიზანი თუ იყო კმაყოფილი?~ გმირს უჩნდება ფსევდოგამოსავლის შეგრძნება, რომ სიცოხლის ყოველი წუთით ტკბობაა მთავარი და არა რაიმე მიზნის  დასახვა: `მე ვცხოვრობ წუთით და ვცდილობ, ყველაფერი გამოვწოვო ამ წუთს. მე გემოს ვატან მხოლოდ ცალკეულ წუთს და ჩემი გურმანობა ვერ ამაღლდა იქამდე, რომ დეგუსტაცია გავუკეთო წუთების ერთბლიობას, რომელიც ცხოვრებას შეადგენს~.

ჩნდება დაპირისპირება კლასიკური ლიტერატურის წარმოდგენასთან, რომლის მიხედვითაც, ცხოვრება თეატრია. გმირი კი ფიქრობს: `ცხოვრება არ არის თეატრი… თეატრი საინტერესოა. იქ ყოველთვის რაღაც ხდება~. `ცხოვრებას არა აქვს სიუჟეტი, ამიტომ მოსაწყენია~. ამიტომაც ლიტერატურა (ხელოვნება) იქცევა გამოსავლად. ხელოვანი რეალურ ცხოვრებას ჩაანაცვლებს წარმოსახულით, რათა დაძლიოს მოწყენილობა, ერთფეროვნება, რაც ჯოჯოხეთის ტანჯვას ედარება. ასე დაძლია `მოწყენილობა~ ესპანეთის ერთი მიყრუებული სოფლის ერთმა ჩვეულებრივმა იდალგომ, სახელად დონ კიხოტმა და ცხოვრებას `შეუქნა სიუჟეტი~_ `გადაიქცა~ რაინდად, რომელსაც ბოროტი ძალები უნდა დაემარცხებინა.

საგულისხმოა ნინცოს ოცნება: `სულაც არ მინდა გავიზარდო~, რადგან გაზრდა, სწორედ ოცნებისეულ სამყაროსთან გამოთხოვებას გულისხმობს. ეს ეხმიანება გიუნტერ გრასის  რომანს `თუნუქის დოლი~, რომლის გმირმაც ეს ოცნება აისრულა, არ გაიზარდა, მაგრამ ცხოვრების ტრაგიკულობა მაინც ვერ დაძლია.

ნინცოს რწმენა: `ცხოვრება მშვენიერია, ღმერთი სამართლიანია  და სამყაროს აქვს რაღაც ჩვენთვის დაფარული აზრი და დანიშნულება. ეგ არის, ხანდახან მეჩვენება, რომ ჩემ გარდა არავინ იცის ამის შესახებ~ _ ეთანხმება მოლოდინს მკითხველისა, რომელიც კითხვისას იმის ძიებაშია, რომ წიგნში (წაკითხულში) მაინც მიაგნოს გამოსავალს და სანამ თავდახრილი სტრიქონებს ნთქავს, გავიდეს საკუთარი უბადრუკი არსებობის საზღვრებიდან და წიგნის გმირთა სამყაროთი, მათი იმედით ისუნთქოს.

წიგნის კითხვა პერსონაჟებისთვის, მართლაც,  რეალობიდან თავდაღწევის ყველაზე უკეთესი გზაა, თვშესაფარია, თუმცა წარმოსახულ სამყაროში ხსნის იმედი ილუზიურია და მალევე ქრება: `ადრე წიგნის წაკითხვა იმედს აღმიძრავდა. ჩემი სული ნიადაგი იყო, მწირი, მაგრამ მაინც ნიადაგი~. მთავარი იყო, წიგნებიდან აეღოთ თესლი და იმედი ჰქონოდათ, რომ იხარებდა. სამწუხაროდ, `ნიადაგმა ტენი დაკარგა~, წარმოსახულ სამყაროს ცხოვრებამ შეუტია და ფერებისაგან განძარცვა: `ტილოს მიახმა ზეთის საღებავები, კედლის ბათქაში გამოშრა და ვეღარ იღებს ტემპერას. რამდენი ფერიც არ უნდა იყოს ჯეიმსის რომანში, ის უკვე ვეღარ შეავსებს ნახევრად გამომშრალ ფრესკას. ჩემი ფრესკა ნახევრად დახატული დარჩება სიკვდილამდე.~

ფიქრები მწერლობაზე, `კამათი ყოველ სიტყვაზე… ოთარ ჭილაძეზე, სარტრზე… _ პერსონაჟებისთვის არის თავისუფლების შეგრძნების ტოლფასი.  `ფრანგ მწერლებს ვბაძავდით: `ივერიის მყრალ სახინკლეში გაქონილ სადგომ მაგიდაზე ვწერდით წინასწარ მოფიქრებულ ფრაზებს, გეგონება, სახლში არ შეიძლებოდა ამის გაკეთება. გეგონება, სანდრარიები და ჟაკობები ვიყავით, ხოლო `ივერიის~ სახინკლე კი `კაფე დეზ არტისტი~ ყოფილიყოს `ფოლი-ბერჟერის მახლობლად~.

წიგნებს გაჰყავს გმირები  ჩაკეტილი სივრციდან სხვა სამყაროში. XX საუკუნის 70-80-იანი წლების საბჭოეთის თაობის ტკივილებს კარგად წარმოაჩენს ეს სწრაფვა უცხოსაკენ.  გრიგოლ რობაქიძე მათთვის ის მწერალია, რომელმაც თავი დააღწია ტოტალიტარული რეჟიმის მარწუხებს. აღსანიშნავია, რომ ამ დროს გრიგოლ რობაქიძის ხსენება ჯერ კიდევ იკრძალებოდა და მის ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული წიგნების წაკითხვა კომუნისტური  რეჟიმის წინააღმდეგ ფარული პროტესტის გამოხატულება იყო. მოთხრობაში პერსონაჟად იხატება მხატვარი ირაკლი თოიძე, რომელიც ახალგაზრდებს უყვება: `გრიგოლ რობაქიძეს მოვესწარი, ყმაწვილებო. საოცარი თვალები ჰქონდა, ცეცხლოვანი. დღეში რამდენიმე საათს ბნელ ოთახში ატარებდა ხოლმე. თურმე ამ დროს გუგები ფართოვდება და თვალი განსაკუთრებულ ელვარებას იძენს~.  ესეც იმედის მარცვალია, რომ შენც დააღწევ თავს.  თაობის მანიფესტად წარმოჩნდება იტალიელი მწერლის, ჯოვანი პაპინის სიტყვები: `მე უნდა ვიფიქრო ჩემს სირცხვილსა და მარტოობაზე აბსოლუტურ მარტოობაში. რა გინდათ ჩემგან? როცა რამის თქმა მსურს, მე ამას ვბეჭდავ, როცა რამის გაცემა მინდა _ მე ვიძლევი. თქვენი ცნობისმოყვარეობა გულს მირევს. თქვენი კომპლიმენტები შეურაცხმყოფს, თქვენი ჩაი მწამლავს! არავის ვალი არა მაქვს, მე პასუხს ვაგებ მხოლლოდ ღვთის წინაშე _ თუკი საერთოდ არსებობს~.  ეს სიტყვები კარგად გამოხატავს დაეჭვებულობას ყოველივეში, ეს ნიშნავს უსაყრდენობას. სწორედ ამგვარი თაობის ტკივილები იხატება მოთხრობაში.

საგულისხმოა, რომ მოთხრობაში შემოიჭრება `თვითმფრინავის ბიჭების~ ამბავი _ 1983 წლის 18 ნოემბერს თბილისში მომხდარი ტრაგედია _ ახალგაზრდათა ერთმა ჯგუფმა სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა, რასაც მსხვერპლი და საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ეს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთი სისხლიანი ფურცელია, რომლის წაკითხვის გარეშე წარმოუდგენელია ქართველი ერის ვინაობის  შეცნობა. კოტე ჯანდიერის ამ მოთხრობაში შესანიშნავად წარმოჩნდება ცოცხალი განცდა ამ მოვლენისა, ამიტომაც ამ მხრივაც საინტერესოა, რა გავლენას ახდენს შოკის მომგვრელი მოვლენები ადამიანებზე, როგორ აფხიზლებს მათ და უბიძგებს მოძრაობისკენ, დაჭაობებული სივრცის გარღვევისკენ.  საგულისხმოა, რომ კოტე ჯანდიერმა მხატვრულ სამყაროში ერთ-ერთმა პირველმა წარმოაჩინა ეს ტრაგიკული ისტორია. მოთხრობაში კინოსთვის დამახასიათებელი მონტაჟის ტექნიკით კარგად იხატება ერთდროულად მიმდინარე მოვლენები. ახალგაზრდები კაფეში ესენინის პოეზიაზე საუბრობენ, ამ დროს კი შემოიჭრება ფრაზათა ნაგლეჯები: `გზები გადაკეტილია…. აეროპორტიდან მიცვალებულები დახურული მანქანით მოჰყავთ… ფონიჭალაშიც ისვრიან~.

როგორც ცნობილია, ამ მოვლენამ საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა და თავისუფლების წყურვილი უფრო გააღვივა. დაბადების დღეზე შეკრებილ მეგობრებს ბაძა ეუბნება: `ახლა ისინი თვალებში უყურებენ სიკვდილს და სიკვდილთან ერთად იმ ადამიანებსაც, რომლებიც შეეწირნენ მათ ბავშვურ `ომობანას~. ღმერთი იყოს მათი მსაჯული, რადგან ამქვეყნად არ მეგულება მოსამართლე, რომელსაც შეეძლოს სწორი მსჯავრის დადება. ანკი, როგორ შეძლებს ამას, როდესაც ბრალდებულები, ისევე როგორც მათი მშობლები, თვითონ არიან მათი მსხვერპლნი ჩვენში დაკანონებული კაცთმოძულეობისა და და ტერორისა~.  როგორც აღვნიშნეთ, ამ მოვლენის მიმართ ადამიანთა დამოკიდებულება სხვადასხვაგვარი იყო. საბჭოური იდეოლოგიური  მანქანა ზომბირებულ საზოგადოებას იოლად აჯერებდა თვითმფრინავის გამტაცებელთა ტერორისტობასა და მოღალატეობაში.  საზოგადოების ერთი ნაწილის აზრს გამოხატავს ნინცოს მამის, თამაზის, სიტყვები: `ეგ გარეწრები და ერის მოღალატეები კედელთან უნდა მიაყრდნო და ცოფიანი ძაღლებივით მიახვრიტო… არა, კი არ უნდა დახვრიტო, ნელი სიკვდილით უნდა მოკლა, უნდა იგრძნოს, როგორ შესდის მუცელში გახურებული შამფური, რომ მერე სხვამ აღარ გაბედოს!~

მთხრობელი უძლურია რეალურ სივრცეში `მამების~ მიმართ პროტესტის გამოსახატავად. მისთვის მხსნელი ხელოვნებაა და, კონკრეტულად, ლიტერატურა. ის დაწერილით გეგმავს სამომავლო შურისძიებას უსულგულო საზოგადოებაზე, რომელმაც გულგრილად, ცხოველური სისასტიკით მოიკვეთა მისგან განსხვავებულად მოაზროვნეები:  `გავა წლები და მე ამის შესახებ დავწერ წიგნს, რომელსაც ლოპე დე ვეგას სიტყვებით დავიწყებ, სახელად კი `სისხლიან ქორწილს დავარქმევ~. ეს იქნება წიგნი, სავსე ტკივილით, ხმაურითა და მწარე მონანიებით ჩვენი უღმერთოდ ჩავლილი, ჭეშმარიტ მცნებებს მოკვეთილი ცხოვრების გამო; ის იქნება სავსე ყვირილითა და უცენზურო გამოთქმებით, რომელთაც ვერავითარი ცენზორი და რედაქტორი ვერ ამოშლის, ხოლო იმისათვის, რომ ვინმემ არ მითხრას: `რა დაგემართათ? ეს რა სტილია? თქვენ პოზიორობთ და უხამსობით იწონებთ თავსო~, მე წინ დავურთავ ასეთ შესავალს: `ძვირფასო მკითხველო! შენ შეიძლება შეურაცხყოფილი დარჩე ამ წიგნის პირველივე წინადადებით, მაგრამ მე სხვანაირად არ შემეძლო. რომ იცოდე, როგორ მომბეზრდა ინტელექტუალური ფარსის თამაში იდიოტური სიფათების წინ! როგორ მომბეზრდა ეს უსასრულო რევერანსები და ეტიკეტი, რომელიც მხოლოდ სიმართლის დასამალავადაა მოგონილი~.

საგულისხმოა, რომ მწერალს სჯერა, თავდახსნა ყოველთვის შეიძლება, მთავარია დანაშაულისა და ცოდვის შეგრძნება არ დაკარგოს ადამიანმა.

კოტე ჯანდიერი მოთხრობაში იყენებს კლასიკური მნსხვერპლშეწირვის მოდელს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხრობის ყველაზე `უცოდველი~ პერსონაჟი უნდა შეეწიროს მთავარი გმირის ან საზოგადოების თვალის ახელას. ეს მსხვერპლი  ნინცოა, რომელიც ავტოავარიაში იღუპება. სწორედ მისი სიკვდილი გააცნობიერებინებს გმირს, რომ ყოველივე `კანონზომიერად~ ხდება. მას სურს ნინცოს გადარჩენა, მაგრამ როგორ: `მე მხოლოდ გიჟური აზრებისა და და ერთმანეთთან დაუკავშირებელი სიტყვების მფლობელი ვარ. რა გიყო, ნინცო? როგორ გაქცო სიტყვად?~

ნინცოს სტანჯავს ცხოვრების უაზრობა: `მითხარი, ვინ მოაწყო ასე საშინლად ეს ცხოვრება? ამ ქალაქში მთელი დღე რომ იარო, ცოცხალ ადამიანს ვერ ნახავ. თბილისი უდაბნოა, საშინელი, ცარიელი უდაბნო! ვისი ბრალია? ვინ არის ამ სამყაროს ავტორი?~ ნინცოს თავისი სიცოცხლის ერთადერთ გამართლებად 1978 წ. 14 აპრილს ქართული ენის დასაცავად გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიაჩნია, სხვა ყველაფერი კი უაზრობად.  მას აქვს უსაშველობის განცდა.

მოთხრობის გმირი, ერთი შეხედვით, უხერხემლო და არაფრის მაქნისი `შემოქმედის~ განსახიერება, მკითხველის გულს საბოლოოდ მაინც იგებს, რადგან ვერ ურიგდება ამ დაჭაობებულ ყოფას და ამბოხის განცდა  ეუფლება: `მე მეთერთმეტე მცნებას ყველაზე მსხვილი შრიფტით დავბეჭდავდი და მივაკრავდი ცხვირზე კაცობრიობას: `არ გეშინოდეს!~

მოთხრობის ეპიგრაფად გამოტანილი ტიბერიუს კეისრის სიტყვები: `ყოველდღე ვკვდები~ _ გამოხატვს  ავტორის მთავარ სათქმელს – სიყვარულის გარეშე სიცოცხლე დროში გახანგრძლივებული სიკვდილია. სიყვარულის გარეშე არც თავისუფლებაა და არც სინათლე. მაშ, რაღა მნიშვნელობა აქვს სიცოცხლეს? ამიტომაც გაისმის გმირის სიტყვებში ყოველივეს არსებულის მიმართ შურისძიების წყურვილი: ეს ერთი დღეც მოკვდა. მე ის მივახრჩვე უჩუმრად. პროფესიონალი მკვლელის აუღელვებლობით. ეს იყო ნამდვილად ეროვნული, ჭეშმარიტად ქართული მკვლელობა, `მაგიური თატრებისა~ და და მოცარტის გარეშე. ჰერმან ჰესეს `ტრამალის მგელთან~ გადაძახილი ხელს უწყობს იმის შეგრძნებას, რომ ცხოვრება თავისთავად `უბიძგებს~ ადამიანს თვითგანადგურებისკენ

ამგვარი ცხოვრება, ცოდვებით სავსე, დასჯის ღირსია, ამიტომაც აქვს გმირს გარდაუვალი წარღვნის შიში.  ამ მოთხრობაშიც მეორდება `განწმენდის~ მისტერია.

მთავარია, რომ გმირს სჯერა ღვთის სამართლისა და იმისაც, რომ არ არსებობს დიდი და მცირე ცოდვა, ყოველივეს აქვს გამოძახილი, ამიტომაც ყველაზე მეტად საკუთარი თავი ეზიზღება, აღიარებს რა უძლურებას, რაიმე შეცვალოს. მოთხრობის ეს პასაჟი მკითხველში Aაჩენს ამაღლებულობის განცდას, ზეაწეული მსჯელობა ორკესტრალური ჟღერადობისაა, მაგრამ არა პათეტიკური: `ხვალ აუცილებლად დაიწყება წარღვნა და ესეც მხოლოდ ჩემი მიზეზით მოხდება… და ერთადერთი, რის გაკეთებასაც შევძლებ, ის იქნება, რომ ქვეყნიერების წასალეკად ადიდებულ წყლებს ყველაზე პირველი შევეწყვილები~.  `წარღვნაში დამნაშავენი ჩვენა ვართ და ეს წარღვნა არ არის ღვთიური სასჯელი, რადგან ღმერთი არც მილიციონერია და არც პროკურორი. ეს მღვრიე წყლები ჩვენ თვითონ ვართ…. ეს ჩვენი ცოფი და ბოღმაა, რომელიც ისე ვაგროვეთ და ვამრავლეთ, რომ ბოლოს და ბოლოს ჯებირებმა ვეღარ გაუძლეს…. ყველაფერი ეს იმიტომ მოხდა, ჩემო ანკა, რომ შენს ბაბუებს არ აღმოაჩნდათ უნარი, შენს მამებს კი ძალა _ ყვარებოდათ ერთმანეთი, ყვარებოდათ ეს ბინძური ბოსელი, რომელსაც მშვენიერი სახელი _ დედამიწა ჰქვია. სამაგიეროდ ეყოთ ღორობა, მეორედ ეცვათ ჯვარს თავისი ყველაზე დიდი და ლამაზი ოცნება და ღმერთი ეჭვის ჭიაზე გაეცვალათ~.

მწერალი მკითხველს რწმენას უჩენს, რომ სიყვარულს შეუძლია წარღვნის მღვრიე წყლების შეჩერება, რათა სიცოცხლე გადარჩეს. ნინცოს შვილი _ ანკა _ სწორედ ამ თოთო, დასაღუპავად განწირული სიცოცხლის სიმბოლოა. ანკა უნდა გადარჩეს  და ამგვარად  დაუსრულებლად განმეორდება სიცოცხლის მისტერია და `აღდგება~ სამყაროს კანონზომიერება.  სულისშემძვრელია გმირის სიტყვები: `შენ გაიზრდები და შეძლებ იმას, რაც ჩვენ ვერ შევძელით, და გახსოვდეს, რომ პირველითგან იყო სიტყვა სრულქმნილი, თბილი და უსასრულო…~.

პირველითგან ქმნილი სიტყვა ხომ ღმერთია.  მკითხველსაც სჯერა ტანჯვაში ახლად დაბადებისა, რადგან მწერალმა შეძლო  კითხვისას გამოეწვია მისი კათარზისი.

მკითხველისა და მწერლის ურთიერთობაც ხომ ერთგვარი მისტერიაა, რომელიც კითხვისას ხორციელდება და ასე იბადება ამ შესანიშნავი მოთხრობის კითხვისასაც სასიცოცხლო ენერგია, საკუთარი თავისა და სამყაროს გადარჩენისკენ რომ უბიძგებს მკითხველს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი