პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

  გეოგრაფიული თამაშები

თითოეული გაკვეთილი  მასწავლებლის შემოქმედებითი საქმიანობის ველია,  ხოლო სასწავლო თამაში – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგია. თამაშებით სწავლების  ფორმა ბოლო პერიოდში  ფართოდ გამოიყენება გეოგრაფიის გაკვეთილზე. თამაშების გამოყენება შეიძლება როგორც გაკვეთილის დასაწყისში  ყურადღების გააქტიურებისა და მოტივაციის ასამაღლებლად, ისე გაკვეთილის დასკვნით ეტაპზე  – ნასწავლი მასალის განსამტკიცებლად.

სწავლის ეს სტრატეგია ბევრი ამოცანის გადაჭრაში გვეხმარება. ისინი ავითარებენ  შემეცნებით ინტერესს საგნის მიმართ და შემოქმედებით უნარს, ააქტიურებენ მოსწავლეთა სასწავლო საქმიანობას. ამასთან,  ბევრი სასწავლო თამაში პრობლემური სწავლების ხასიათს ატარებს, რადგან არსებობს საწყისი კითხვა, რომელზეც მოსწავლეებმა პასუხი უნდა გასცენ, ხოლო გადაწყვეტის გზები ნათელი არაა.

ბევრი თამაში  ურთიერთსწავლის საშუალებას იძლევა, რადგან  ჯგუფურ მუშაობას და კონსტრუქციულ საქმიანობას მოითხოვს.  გეოგრაფიული თამაშები მოსწავლეებს, ერთი მხრივ, საშუალებას აძლევს  შეამოწმოს და განამტკიცოს თავისი ცოდნა, ხოლო, მეორე მხრივ –  შეიძინოს ახალი, ღრმად შეისწავლოს  რუკა.

გავეცნოთ რამდენიმე გეოგრაფიულ თამაშს.

გამოიცანი რა არის?

თამაშის არსი ის გახლავთ, რომ  მასწავლებელი ასახელებს რომელიმე ტერიტორიისთვის ან მოვლენისთვის დამახასიათებელ ნიშანს  და მოსწავლემ უნდა გამოიცნოს, რაზეა საუბარი.  მაგ: თემა ჩრდილოეთ ამერიკის შესწავლისას  შესაძლებელია შემდეგი კითხვების გამოყენება:  ა) ამ ტერიტორიას შეცდომით უწოდეს ”მწვანე მიწა”, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ტერიტორიის დიდი ნაწილი ზეწრულ მყინვარებს უკავია, ხოლო კლიმატური პირობები საკმაოდ მკაცრია. (პასუხი: კ. გრენლანდია).

ბ) ამ ნახევარკუნძულის სახელი ინდიელთა ტომის ენიდან თარგმანში ნიშნავს – ”ჩვენ თქვენი არ გვესმის”. ესპანელმა დამპყრობლებმა ეს ფრაზა მას შემდეგ მოისმინეს, როცა მათ კითხვაზე – ”სად ვართ?”, ინდიელებმა  ამ სიტყვით უპასუხეს. (პასუხი: იუკატანის ნახევარკუნძული).

გ) ამ ნახევარკუნძულის სახელი ”ყვავილების მიწას” ნიშნავს. ასე მას ესპანელმა მკვლევარმა ხუან ხონსე დე ლეონმა უწოდა, როცა ამ ადგილს პირველად ესტუმრა, 1513 წელს. სავარაუდოდ, მან ეს სახელი იმიტომ აირჩია, რომ გაოცებული იყო  ამ ტერიტორიაზე მცენარეთა სხვადასხვა  შეფერილობით. (პასუხი: ფლორიდის ნახევარკუნძული).

დ) ამ კუნძულის სახელწოდება, რომელიც  ჩრდილოეთი ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ  ნაპირებთან მდებარეობს ასე ითარგმნება ”ახალი ნაპოვნი მიწა. (პასუხი: კ. ნიუფაუნდლენდი).

 ე) ამ ყურის შელფზე  ნავთობისა და ბუნებრივი აირის დიდი  მარაგია თავმოყრილი. მას ხშირად ატლანტის ოკეანის დასავლეთით მდებარე  შიდა ზღვასაც უწოდებენ. (პასუხი: მექსიკის ყურე).

სიტყვები სიტყვიდან

მასწავლებელი დაფაზე წერს რომელიმე გეოგრაფიული ობიექტის დასახელებას.  ამ სიტყვის ასოების გამოყენებით მოსწავლეებმა სხვა გეოგრაფიული ობიექტების დასახელებები ისე უნდა შეადგინონ,  რომ არ დაამატონ არც ერთი ასო და ამ სიტყვის  ასოებიც მხოლოდ ერთხელ უნდა იქნეს გამოყენებული.  მაგ: სიტყვა ”ყარაგანდას” ასოებიდან შესაძლებელია შემდეგი სიტყვების დასახელება: განა, ანგარა. სიტყვა  ”მერიდიანიდან” შემდეგი სიტყვები იწარმოება: ინდი, რეინი, მადრიდი და სხვ.

გაშიფრე სიტყვა”

ამ თამაშის გამოყენება კარგია გეოგრაფიული კოორდინატების შესწავლისას. მოსწავლეები შიფრის გამოყენებით წერენ რაიმე სიტყვას, რომელიც სხვამ უნდა გაშიფროს. გამომცნობმა ჯერ უნდა დაადგინოს, რომელი ქალაქები  შეესაბამება  მოცემულ კოორდინატებს და შემდეგ შეადგინონ სიტყვა. მაგ. მოცემული გეოგრაფიული კოორდინატის მიხედვით ჯერ მათი შესაბამისი ქალაქები, ხოლო შემდეგ  გასაშიფრი სიტყვა დგინდება.

ჩ.გ.590 და ა.გ. 110 – ოსლო; ს.გ.130 და დ.გ.760 – ლიმა;  ჩ.გ.520  და ა.გ.1050  — ირკუტსკი; ჩ.გ. 420  და დ.გ.780 – ნიუ-იორკი;  ჩ.გ.460 და დ.გ.750 – ოტავა;  ჩ,გ, 370  და ა.გ.1270  –  სეული;  ჩ.გ.380  და ა.გ. 270  – იზმირი.

მოცემულ მაგალითში გასაშიფრი სიტყვაა ”ნილოსი”.

 

გეოგრაფიული ანბანი

თამაშში ორი გუნდი მონაწილეობს.  პირველი გუნდის კაპიტანი საკუთარი გუნდის წევრებთან შეთანხმებით მეორე გუნდის წევრებს უსვამს გეოგრაფიული შინაარსის 10  შეკითხვას, ხოლო მეორე გუნდის წევრებმა მათ უნდა უპასუხონ, თან ისე, რომ  ყველა კითხვის პასუხი ერთსა და იმავე ასოზე იწყებოდეს. ასოს პირველი გუნდის კაპიტანი  ასახელებს. შემდეგ გუნდები როლებს ცვლიან. მოგებულია ის გუნდი, რომელიც   უფრო მეტ პასუხს გაცემს.  მაგ. ცხრილში მოცემულია კითხვები და  მათზე პასუხები ასო ”პ”-თი უნდა იწყებოდეს.

გეოგრაფიული კონსტრუქტორი

გეოგრაფიული კონსტრუქტორი სამაგიდო თამაშია და  რომელიმე გეოგრაფიული თემის შესახებ ბარათების კრებულის წარმოადგენს. გეოგრაფიული კონსტრუქტორი   ავარჯიშებს არა მარტო მეხსიერებას, არამედ ყურადღებასაც, რადგან მოსწავლემ რაც შეიძლება სწრაფად უნდა იპოვოს საჭირო ბარათი ნაკრებში.  მაგ.  განვიხილოთ გეოგრაფიული კონსტრუქტორი თემა ”აფრიკის ბუნებრივი ზონების” შესახებ. 1 წუთის განმავლობაში მოსწავლემ  ბარათებისგან უნდა ”ააწყოს”  მასწავლებლის მიერ მიცემული ბუნებრივი ზონა.

არსებობს მოძრავი გეოგრაფიული თამაშებიც.

”გრძედი და განედი” .

თამაშის მონაწელეები (მათი რაოდენობა არ უნდა იყოს 4-ზე ნაკლები)  იყოფიან 4 ჯგუფად. პირველი ჯგუფი წარმოადგენს  ”ჩრდილოეთ განედს”, მეორე – ”სამხრეთ განედს”,  მესამე  – ”აღმოსავლეთ გრძედს” და ბოლო, მეოთხე – ”დასავლეთ გრძედს”. მოთამაშები ერთ ხაზზე  დგებიან. წამყვანი რომელიმე გეოგრაფიულ ობიექტს ასახელებს.  მოსწავლეებმა სწრაფად უნდა გაიხსენონ  მისი გეოგრაფიული მდებარეობა და  შესაბამისი განედისა და გრძედის  წარმომადგენელი ჯგუფის წევრები უნდა ჩაიკუზნონ.  მაგ; თუ წამყვანი ასახელებს კუნძულ მადაგასკარს, უნდა ჩიკუზნონ სამხრეთ განედის და აღმოსავლეთ გრძედის ჯგუფის წარმომადგენლები. ვინც შეცდომას დაუშვებს იღებს საჯარიმო ქულას, ხოლო   მეორე შეცდომის შემდეგ თამაშს ტოვებს.

”ზემოთ – ქვემოთ”

 მონაწილეები წამყვანის გარშემო ნახევარწრეს ქმნიან. წამყვანი ასახელებს ფართობის მხრივ დიდ და მცირე სახელმწიფოებს. თუ დასახელებულია დიდი ქვეყანა, მაგ. რუსეთი, ჩინეთი, ბრაზილია და ა.შ., მოსწავლეები  თითის წვერებზე დგებიან და ხელებს მაღლა წევენ, თითქოსდა ამ ქვეყნის ზომას აჩვენებენ. თუ დასახელებულია პატარა  ქვეყანა, ისინი ხელებს დაბლა წევენ. წამყვანი ობიექტის დასახელებასთან ერთად თავადაც ასრულებს მოძრაობას. ამასთან, ეს მოძრაობა შეიძლება სპეციალურად არასწორად შეასრულოს, რომ მოსწავლეები  შეცდომაში შეიყვანოს.  მონაწილე რომელიც შეცდომას დაუშვებს, თამაშს ტოვებს.  თამაში 2-3 წუთი გრძელდება. შემდეგ წამყვანი სხვა გეოგრაფიულ ობიექტებს ასახელებს. მაგ. მთებს, ტბებს, მდინარეებს და ა.შ.

ამრიგად, გეოგრაფიული თამაშების  მთავარი სასწავლო მიზანია მიღებული ცოდნის,  ინფორმაციის  გამოყენების უნარი, რუკის კითხვის უნარების  განმტკიცება, საგნის მამართ ინტერესის გაღვივება, მეტის გაცნობის სურვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი