ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

საზამთროს თეორია, ანუ ბავშვები და საზაფხულო მზადებანი

 

ბავშვობიდან ბევრი შეკითხვა მაწუხებდა. როგორ ჩნდებიან ბავშვები, რა მანძილია მიწიდან მთვარემდე, რატომ ვიძინებთ ასე ადრე, რატომ არ მასმევენ ჩაის მინის ჭიქით და რატომ ჰქვია საზამთროს საზამთრო. სხვა შეკითხვებს პასუხი თანდათან გავეცი, აი, საზამთროს საიდუმლო სულ ახლახან ამოვხსენი:

გაიხსენეთ ბავშვობა. ზაფხულია, ივლისის ბოლო, თქვენ ზღვაზე ხართ, ვთქვათ, შავ ზღვაზე (თუმცა, ჩემს ბავშვობაში თბილისის ზღვაც სუფთა იყო და იქაც მშვენივრად ვბანაობდით). თქვენ, ანუ  დედა, ბებია, და, ძმა, უფროსი და უმცროსი ბიძაშვილები, ცხელი სიმინდი – ზღვის მარილით შეზავებული, თბილი და რბილი წყალი, ძმა ცდილობს ცურვა გასწავლოთ, როგორც ყოველთვის, უშედეგოდ, მერე წყლიდან ახალამოსულებს და სიცივისგან აძიგძიგებულებს ხაოიან პირსახოცში გახვევთ დედა. მერე ბავშვები წყალბურთს თამაშობთ ან რამე ეგეთს. უფრო სწორად, ისინი თამაშობენ, თქვენ უყურებთ. მზე ცხვირის წვერს სასიამოვნოდ გწვავს. ხვდები, რომ ქოლგას უნდა შეეფარო. შეგიძლია რამე წაიკითხო კიდეც. მერე ძმა დიდ საზამთროს გამოაგორებს, ჯერ მრგვალად ამოჭრის  – ისეთი ხასხასა სიწითლე ამოანათებს, მერე ზორბა ნაჭრებად დაჭრის, შავკურკიან წითელ ნახევარმთვარეებს ჩამოარიგებს. ისეთი ტკბილი და წვნიანია, რომ ყურებამდე გეტყობა ტკბილი წვენის კვალი – საზამთროს ღიმილი… ხოდა, კიდევ მკითხავთ, საზამთრო რატომ ჰქვია? – იმიტომ რომ ცივ ზამთარში, როცა გარეთ არ გაისვლება და ქარიც შემაშინებლად ღმუის – უნდა იჯდე საბანმოფარებული და იმ დღეებს იხსენებდე.  ეგაა საზამთრო. ახლა უფრო დავაფასე, როცა ბებია მომიკვდა, ჩემი და-ძმა უცხოეთში ცხოვრობს, ბიძაშვილები ყოფითმა პრობლემებმა ისე დაღალა, რომ სულ იშვიათად ვეხმიანებით ერთმანეთს.

მურაბაც ასეთივე რამაა – ზამთარში თბილი და მხიარული ზაფხულის დღეების სახსოვარი.

სოფელში მიდიხართ? სადაც ხილი ტოტებს ამძიმებს და დაკრეფა-დაბინავება სჭირდება? ქალაქში რჩებით? სადაც ფერადი ბაზრიდან ფერად ხილს ეზიდებით, რომ ტკბილზე ტკბილ სიროფში მოხარშოთ და გამჭვირვალე ქილებში ჩაამყუდროვოთ ნებისმიერ ადგილას. სადაც არ უნდა იყოთ, ჩაიზიარეთ ბავშვები მურაბის ხარშვის პროცესში. დამიჯერეთ, ეს დაუვიწყარი შთაბეჭდილება იქნება.

როგორ? გარდა იმისა, რომ უშუალოდ მზადებისას დაიხმარებთ, ხილს გაარეცხინებთ, კურკოვანებს კურკებს გამოაცლით, ყუნწიანებს ყუნწებისგან გაათავისუფლებთ, შეგიძლიათ მათი ფანტაზია თუ ლიტერატურული ინტერესები გააღვიძოთ.

როგორ? ვიგონებთ თამაშს – მურაბა და ლიტერატურა, მოვიფიქრებთ შეკითხვებს და მოვძებნით პასუხებს:

– ვის უყვარდა მურაბა ყველაზე ძალიან?

– კარლსონს!

– ვინ ხარშავდა მურაბას ყველაზე კარგად?

– მალინი მოხარშავდა, დიდობაში, როცა გაიზრდებოდა!

– მურაბიან ბლინებს ვინ მიირთმევდა?

– პეპი და თავის მეგობრებსაც უმასპინძლდებოდა.

– მოვიფიქროთ ყველაზე სასაცილო მურაბა:

– საშლელების მურაბა მოვხარშოთ ან ნიჟარების, თუნდაც რიყის ქვების!

– მოვიფიქროთ მურაბა, სადაც ყველა ფერის ხილი იქნება!

აი, აქ დაიწყება, რაც დაიწყება. თქვენი პატარები მთელ ფანტაზიასა და ცოდნას მოიხმობენ, ყველა ხილს გაიხსენებენ, რაც უნახავთ, უგემიათ, გაუგიათ თუ წიგნებში შეხვედრიათ. შეგიძლიათ სხვანაირი სავარჯიშოებიც მოიფიქროთ, მოუყვეთ ხეების დარგვასა და გამრავლებაზე, ვიტამინებზე, სარგებელზე, რასაც სხვადასხვა ხილისგან ვიღებთ და ა.შ და აშ. ეს მხოლოდ თქვენს წარმოსახვაზეა დამოკიდებული!

გახადეთ ყველა ჩვეულებრივი მოვლენა განსაკუთრებული, ჩვენი შვილების ზაფხულს ძალიან სჭირდება მრავალი ფერი და გემო!

„ასე, მწყობრად იდგება ბაბუაწვერის ღვინო: მტვრის თხელი ფენის ქვეშ განთიადზე გაშლილი ყვავილები იბრწყინებენ და ივნისის მზეც უწყვეტად იბრჭყვიალებს მასში. გაიხედავ ჭურჭელში ზამთრის დღეს და დამდნარი თოვლი წამში ბალახად გადაიქცევა, შიშველი ხეები ჩიტებით, ფოთლებით, ყვავილებით დაიხუნძლება, თითქოს ყველაფერს პეპლების ფარფატით აღძრულმა ზღაპრულმა სიომ შემოუქროლაო. გაიხედავ ჭიქაში და ლითონისფერ ცას ლაჟვარდი გადაეკრობა.

შეძლებ, ჭიქაში ჩამოსხმული ზაფხული ხელში დაიკავო. ეს, რა თქმა უნდა, ძალზე პატარა ჭიქა იქნება, ყველაზე ციცქნა, ერთყლუპიანი წკრიალა ჭურჭელი, რაც კი მთელ სახლში მოიძებნება სპეციალურად ბავშვებისათვის. შეძლებ, ზაფხული ბაგესთან მიიტანო, ყელში გადაუშვა და სისხლძარღვებში აიჩუხჩუხო“ (რეი ბრედბერი –  „ბაბუაწვერას ღვინო“).

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი