ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

    ინოვაციური გაკვეთილი გეოგრაფიაში

21-ე საუკუნის მუდმივად ცვალებად სამყაროში მასწავლებელი მზად უნდა იყოს სიახლეებისათვის, მუდმივად უნდა იძიებდეს მათ. სწორედ ამიტომაც სამოდელო გაკვეთილის ტიპებიდან ერთ-ერთი ინოვაციური გაკვეთილია, რომელიც მოიცავს როგორც მეთოდურ, ასევე – შინაარსობრივ ინოვაციასსაც. გეოგრაფიულ გარემოში, რომელსაც ახასიათებს მთლიანობა, რიტმულობა და კანონზომიერება, სწრაფად იცვლება ინფორმაცია და, შესაბამისად, ძველდება კიდეც. თუკი ჩვენ მიზნად დავისახავთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის სწავლებას და მოსწავლეში ანალიზისა და შეფასების უნარების განვითარებას, მოძველებული ინფორმაციებით ვერ დავკმაყოფილდებით. საჭიროებიდან გამომდინარე მოგვიწევს სიახლეების გაცნობა. წიგნის მნიშვნელობას არაფერი დააკლდება, თუკი მოსწავლეებს დავანახებთ ინფორმაციის გავრცელების თანამედროვე ტექნოლოგიების როლს.

მოსწავლეებთან ერთად ჩავატარე პატარა კვლევა – თანამედროვე ინფორმაციის ძირითადი წყაროები. შედეგი არ გამკვირვებია. მოსახლეობის უმეტესობა ინფორმაციას ინტერნეტსივრციდან იღებს. მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარებაზე შემდგომ სტატიებში დავწერ. ახლა მინდა, შემოგთავაზოთ მასალა ინოვაციური გაკვეთილისთვის და აქტივობა, რომელიც ინტერნეტცივრციდან მოვიპოვე.

ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც აღმავლობითა და სწრაფი განვითარებით გამოირჩევა. მოგზაურობის ისტორია ჯერ კიდევ მაშინ იწყება, როდესაც რომაელი მმართველები და შეძლებული იმპერატორები სიამოვნების მისაღებად პომპეასა და ჰერკულანიუმს სტუმრობდნენ ხოლმე. მოგზაურობას დიდი  დატვირთვა ჰქონდა იმ ვაჭრებისთვის, რომლებიც ეკონომიკური სარგებლის მისაღებად სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობდნენ. პირველი მოგზაურები, ხომ ვაჭრები იყვნენ.

აგროტურიზმი, რომელიც როგორც ტურიზმის სახეობა,  XX  საუკუნის მეორე ნახევარში ევროპაში ჩამოყალიბდა. ლიდერი ქვეყნებია შვეიცარია, ხორვატია, კვიპროსი, საბერძნეთი და სხვა.

აგროტურიზმს ზოგან სოფლის ტურიზმს, ფერმერულ ტურიზმს ან ბუნების ტურიზმს უწოდებენ. სოფლის ტურიზმი გულისხმობს ტურისტთა ჯგუფების მოგზაურობას სოფლად, ზოგჯერ ცენტრებიდან მოშორებულ დასახლებებში ადგილობრივი ტრადიციებისა და სოფლის ცხოვრების გასაცნობად. ამ შემთხვევაში ტურისტული ობიექტების მეპატრონე და მმართველი სოფლის მცხოვრებია. ფერმერული ტურიზმი ითვალისწინებს ტურისტების დაბინავებას ფერმერთა სახლებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გასაცნობად. მაგალითად, ტურისტები ფერმერებთან ერთად გადიან პლანტაციებში, აკვირდებიან მათ შრომას და თვითონაც ეხმარებიან მათ. ზოგს მეთევზეთა დასახლებებში ცხოვრება და მათთან ერთად სათევზაოდ სიარული მოსწონს.

აგროტურიზმის სისტემა აღსანიშნავია იმით, რომ დასვენება შედარებით მცირე დანახარჯებით შეიძლება. შეიძლება იცხოვრო XIV- XV საუკუნის გლეხურ სახლებში, სადაც მასპინძლები სტუმრებს ოფიციანტებად და მზარეულებად ემსახურებიან. სტუმრები მიირთმევენ შინაურ ყველს მაცარელას, ლორს, ხელით ნაკეთებ მაკარონს, ახლად მოხარშულ ციკანს ან ბატკანს, აგრეთვე, ადგილობრივ წითელ ღვინოს. არის სხვაობა ფასებში. შეიძლება დაისვენო პატრიციანული ეპოქის ვილებშიც, რომლებიც მდებარეობენ ვენახებისა და ზეთისხილის პლანტაციების გარემოცვაში, მაგრამ ეს შედარებით ძვირი სიამოვნებაა. აქ პრობლემას არ წარმოადგენს უცხო ენის არცოდნა. ბავშვებისთვის არსებობს სპეციალური პროგრამები. მათ აჩვენებენ, საიდან მიიღება რძე, როგორ გამოიყურება ცოცხალი ცხვარი, ძროხა, კურდღელი, ქათამი, ცხენი. უწყობენ სეირნობას ცხენებით. მშობლები კი სიამოვნებით აკვირდებიან ყველის დამზადებას, ვაზის მოვლას. მათ ასწავლიან ნაციონალური კერძების მომზადებას. შეუძლიათ თევზაობა, ველოსიპედით სეირნობა, მაგიდის ჩოგბურთით გართობა და სხვა.

ამ ახალ მასალაზე დაყრდნობით მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დავალებას:

  1. გამოყონ ტურიზმის ფუნქციები (ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური):

მოსწავლეთა სავარაუდო პასუხები:

 

 

ა) ეკონომიკური ფუნქციები:

  1. სწრაფი მოგება.
  2. „უხილავი ექსპორტი“;
  3. საგარეუბნო სოფლის მეურნეობის განვითარება

 

ბ) სოციალური ფუნქციები:

  1. კულტურათაშორის გაცვლა;
  2. საერთაშორისო ტურიზმის განვითარება;
  3. განათლების დონის ამაღლება ;
  4. რეკრეაციული შესაძლებლობები.

გ)   ეკოლოგიური

  1. დაცული ტერიტორიების განვითარება;
  2. ისტორიული ძეგლების აღდგენა;
  3. გარემოს დაცვა დაბიძურებისგან.

შემდეგ მასწავლებელი ჯგუფებს უნაწილებს 3 ბარათს, რომელშიც მოცემულია იტალიაში, კვიპროსსა და ბულგარეთში აგრტურიზმის განვითარების პერსპექტივები.

ბართი 1: იტალია კვიპროსისა და ბულგარეთისაგან განსხვავებით თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიო ტურიზმის მექად. მიუხედავად ამისა. აგროტურიზმი, როგორც ტურიზმის სახეობა, შედარებით ახალია. იგი ძირითადად განვითარებულია ჩრდილოეთ და ცენტრალურ იტალიაში. ლიდერად ამ საქმეში ტოსკანა და ტრენტინო გვევლინება (სამხრეთ ტიროლი). ტოსკანა ფლორენციის, პიზის, სიენის და სხვა ცნობილი ისტორიული ქალაქების მიწაა, სადაც შუა საუკუნეების ნაგებობები და მონასტრებია თავმოყრილი. ტრენტინო კი ევროპის ერთ-ერთი მსხვილი სამთო-სათხილამურო ტურიზმის ცენტრია. აქედან გამომდინარე აგროტურიზმის განვითარება შესაძლებელი გახდა უკვე არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის საფუძველზე, ყოველივე არსებულს ემატება პეიზაჟების სილამაზე, კულტურულ-ისტორიული და ბუნებრივი ღირშესანიშნაობანი, შესანიშნავი ღვინოები და ხარისხიანი და მრავალფეროვანი ადგილობრივი სამზარეულო. პირველად იტალიური სოფლის სილამაზეზე ინგლისელები ალაპარაკდნენ. 90-იანი წლებიდან აგროტურიზმი ძალიან პოპულარული გახდა. იტალიელთა ოჯახების ცხოვრების ნირი შეიცვალა: ისინი არამარტო შვებულების დროს, არამედ უქმე დღეებსაც სოფლებში ატარებენ. აგროტურიზმი იმითაა აღსანიშნავი, რომ იგი მთელი წელი მუშაობს. კვიპროსსა და ბულგარეთში აგროტურიზმმა სოფლებს თვითმყოფადობა შეუნარჩუნა.

ბარათი 2: კვიპროსზე შემუშავებულია აგროტურიზმის განვითარების სპეციალური პროგრამა, რომელიც თანამედროვე კომფორტის და სიმყუდროვის შენარჩუნებით სასოფლო სახლების რესტავრაციას და ნაციონალურ სტილში გაფორმებას ახორციელებს. ტურისტებს საშუალება ეძლევათ, გაეცნონ ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებს, ფოლკლორს, დაისვენონ მთიან სოფლებში და სურვილისამებრ იარონ ზღვის ნაპირზე. შეუძლიათ ყურძნის კრეფასა და მის დაწურვაში მონაწილეობა, სამჭედლოსა და საფეიქრო სახელოსნოში შევლა. აგროტურისტული პროგრამა 1991წლიდან კვიპროსის მთავრობის სრული მხარდაჭერით ამუშავდა და 270 სოფელი მოიცვა. მუშაობდნენ არქიტექტორები და რესტავრატორები, რათა სოფლებისთვის ძველი იერი დაებრუნებინათ. სოფლის მოსახლეობისათვის და იმ მესაკუთრეთათვის, ვინც 1989 წლამდე სოფლად უძრავი ქონება შეიძინა, გაიცა ორი მილიონი დოლარის ინვესტიცია, რათა მათ აგროტურისტთა მისაღებად მზადება დაეწყოთ. მიღებულ იქნა კანონი სოფლის სახლების კვიპროსის ლიცენზირებული ტურისტული ობიექტების ნუსხაში დაფიქსირების შესახებ. შეიქმნა კვიპროსის აგროტურისტული კომპანია, რომელიც აგროტურისტული ობიექტების მფლობელთა ასოციაციას წარმოადგენს. კომპანია აწარმოებს ერთიან მარკეტინგულ პოლიტიკას, სარეკლამო კამპანიას, დაჯავშნის ცენტრალიზებულ სისტემას. უზრუნველყოფს საინფორმაციო მასალის დამუშავებას და მის განთავსებას ერთიან ვებსაიტზე. ტურისტები ჩამოდიან ძირითადად ბრიტანეთიდან, ავსტრიიდან და გერმანიიდან.

ბარათი 3: ბულგარეთი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი აღსანიშნავი ტურისტული რეგიონია. იგი ცნობილია როგორც ზღვის, ასევე მთის კურორტებით. ითვლება ევროპის მასშტაბით პერსპექტიულ რეკრეაციულ ზონად. იმის გათვალისწინებით, რომ ბულგარეთის მოსახლეობის 70% დღეს სოფლად ცხოვრობს, ბუნებრივია, რომ აგროტურიზმმა აქ აქტიურად მოიკიდა ფეხი. აქ ტრადიციული სოფლებისთვის აგროტურიზმი არ მოითხოვს დიდ დანახარჯებს. ეს სახეობა აქ შედარებით იაფი, ეფექტური და ყველასათვის ხელმისაწვდომია. ტურისტები ჩამოდიან სოფლებში ბულგარეთის ქალაქებიდან, რუსეთიდან და. ძირითადად. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. აგროტურიზმის განვითარებამ ამ ქვეყნებს მისცა შემდეგი შედეგები:

  • სასოფლო რეგიონებში ტურისტული ინფრასტრუქტურა;
  • ტურისტული სეზონურობის გაბათილება, რადგან აგროტურიზმი მთელი წელი ფუნქციონირებს;
  • ტურისტების მიზიდვა სოფლებში;
  • სოფლებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა;
  • სოფლის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება;
  • ბუნებრივი გარემოს დაცვა;
  • ახალი, დივერსიფიცირებული ტურისტული სეგმენტის შექმნა.

მოსწავლეებმა უნდა განიხილონ მაგალითები, შემდეგ კი მხარეების მიხედვით საქართველოში აგროტურიზმის განვითარების პერსპექტივები ჩამოაყალიბონ.

მოსწავლეთა სავარაუდო პასუხები:

იმერეთის მხარის აგროტურიზმის განვითარების პერსპექტივები:

ვაზის ტურები – ბაღდათის, ზესტაფონის, თერჯოლის სოფლებში; ტურის მიზნები: ვაზის მოვლა-გაშენების პრაქტიკული ჩვევების შეძენა.

ტყის ტურები – ტყიბულის, ჭიათურის, თერჯოლის მთისწინა სოფლებში; ტურის მიზნები: ზაფხულში მოცვის და ტყის სხვა კენკროვნების შეგროვება.

სამეთუნეო (თიხის) ტურები – ზესტაფონის (შროშა), ჭიათურის (ტყემლოვანა, ჩხიროული).

სიმინდის ტური – მთელს რეგიონში გაზაფხული-შემოდგომის სეზონი; ტურის მიზნები: სიმინდის თესვა, გათოხნა, მოსავლის აღება და შენახვა.

 

საშინაო დავალება: კონკრეტული მუნიციპალიტეტის მიხედვით მოამზადონ რეფერატი: აგროტურიზმის განვითარება თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში.

 

გამოყენებული ინტერნეტსაიტები:

  1. ა. ოქროპირიძე, მ. ვადაჭკორია, ლ. ოქროპირიძე ტურიზმია და მასპინძლობის მენეჯმენტი. თბილისი, 2011.
  2. მაია ბლიაძე – აგროტურიზმი და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში. https://mastsavlebeli.ge.
  3. აგროტურიზმის განვითარების პერსპექტივები იმერეთის რეგიონში – თეიმურაზ კოჩაძე, ჯუმბერ ჩოგოვაძე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი