პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

რიტორიკა დროში – ნუ აიმაღლებთ ხმას, გააძლიერეთ არგუმენტები!

ნობელის მშვიდობის პრიზის მფლობელის, დესმონდ მპილო ტიუტუს ფრაზა – „არ აუწიოთ ხმას, გააძლიერეთ არგუმენტები“ – სწავლებისა და აზროვნების, ზეპირი თუ წერითი კომუნიკაციის ყველა დონისთვის გამოსადეგი ინსტრუქციაა. თუ ვიცით, რომ ხმა არგუმენტის მხოლოდ და მხოლოდ პათეტიკური ელემენტია, ცხადია, იოლია იმის წარმოდგენა, რომ პათეტიკური ლოგიკურს ვერ გადაწონის, მიუხედავად იმისა, რომ არისტოტელემ ეს უკანასკნელი ბოლო ადგილზე დააყენა. აკი კვინტილიანეც კარგად თქმის ხელოვნებას ანიჭებს უპირატესობას და ეს დღემდე პოლიტიკური დისკურსისა თუ რეკლამის ამოსავალიც გამხდარა. ზოგჯერ აშკარად პათეტიკური სჯაბნის ლოგიკურს იმიტომ, რომ ეთიკურიც მიჭნეხილია. თუმცა ვიდრე ქართულ (და არამხოლოდ) საზოგადოებრივ სისუსტეებს მავანი კვინტილიანეს, არისტოტელეს ან სოკრატეს მიაწერდეს, სჯობს, კარგად გავერკვეთ არგუმენტაციის ფენომენში და საჯარო ზეპირი თუ წერითი კომუნიკაციის ხელოვნება თითქმის 2500 წლის შემდეგ მაინც იმ სიმაღლემდე ავიყვანოთ, როგორც ამას ძველი ბერძნები გვირჩევდნენ.

ჯერ კიდევ ანტიკური კულტურის დაცემამდე ძვ. წ.-ის მეხუთე საუკუნეში  ათენში დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებამ და სასამართლო კულტურამ განაპირობა საჯარო გამოსვლისა და დამარწმუნებელი ტექსტების ფლობის ხელოვნების საჭიროება.  ეფექტური სიტყვის სიტემაში მოყვანის მეთოდოლოგიის შემუშავების ფარგლებში წარმოიშვა რიტორიკა (ბრეტონი, 2011, 13). არგუმენტაციის შესახებ პირველი სახელმძღვანელოც კაცობრიობის ისტორიაში ძვ. წ. 450-440 წლებში სირაკუსელი ბერძნების კორაქსისა და მისი მოწაფის, ტისიას მიერ დაწერილა. არისტოტელეს ისინი თავის შრომებში გამოუყენებია და მათი სახელებიც ასე შემოგვრჩა. დარწმუნება რიტორიკის საგნად სწორედ კორაქსის გამოუყვია პირველად  (მეიერი, 1999, 21).  მასვე შეუმუშავებია ტექნიკათა ერთობლიობა, რომელიც ტრიბუნალის წინაშე მაქსიმალურად ეფექტური არგუმენტაციის საშუალებას იძლევა და გაურჩევია დამარწმუნებელი დისკურსის ორგანიზების საფეხურები, როგორიცაა: 1. აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა; 2. თეზისის წარდგენა მსმენლის წინაშე; 3. მსჯელობა – არგუმენტები  თეზისის დასაცავად; 4. დისკურსის დასრულება დასკვნით (ბრეტონი, 2011). როგორც ცნობილია, იმავე საუკუნეებში სოფისტებიც ბევრს საუბრობდნენ მეცნიერებაზე და, მკვლევართა შეფასებით, დიდი როლი ითამაშეს გრამატიკის, მჭევრმეტყველების, ზუსტი მეცნიერებების ზოგადი პრინციპების ორგანიზებასა და, ზოგადად, კრიტიკული აზროვნების განვითარებაში“ (ჟან ჟაკ რობრიე 1993), მაგრამ მალე სოფისტებს მთავარ მიზნად  ნებისმიერი  საშუალებით მსმენლის გადაბირება, დარწმუნება დაუსახავთ და ჭეშმარიტებისთვის მხოლოდ პირობითი მნიშვნელობა მიუნიჭებიათ. ჭეშმარიტებისადმი ამგვარი მიდგომის გამო მათ პლატონიც დაჰპირისპირებიათ, რადგან მიიჩნევდა, რომ რიტორიკა არ არის ჭეშმარიტების გვერდის ავლით უბრალოდ მსმენელთა დასარწმუნებელი  ტექნიკა, არამედ რიტორიკა ინტელექტუალური იარაღია და იგი ჭეშმარიტების დადგენას ემსახურება (ბრეტონი, 2011).

არგუმენტაციის ფენომენი არისტოტელემ (ძვ. წ. 384-322) თავის შრომებში მეცნიერულ, სისტემურ დონეზე დაამუშავა. იგი ექვსი წლის მანძილზე, ძვ. წ. 329-323 წლებში, წერდა რიტორიკის სახელმძღვანელოს, რომელშიც მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა  არგუმენტაციის ძირითად პრინციპებს, ეთოსისა და ტოპოსის საკითხებს, რიტორიკასა და სტილის თემატიკას (ფირცხალავა, 2009; ადეიშვილი, 2015). არისტოტელესთვის დარწმუნება ხელოვნებაა და მიმდინარეობს საკომუნიკაციო პროცესში, რომლის შემადგენლებია: მეტყველი, შეტყობინება და მსმენელი. ეთოსის, პათოსისა და ლოგოსის ელემენტების შესახებ  ჩვენს წინა წერილში უკვე ითქვა (https://mastsavlebeli.ge/?p=10671).  გარდა ამისა, დარწმუნების მიზანი არ არის ჭეშმარიტების დადგენა, თუმცა იგი ეყრდნობა ტოპოსსა და წინამძღვრებს. მიზანია მსჯელობის უნარის მქონე გონებათა მიმხრობა, ის სტრუქტურირებული დისკურსია და ეყრდნობა ენთიმემასა და მაგალითს (ფირცხალავა, 2009; ადეიშვილი, 2015).

მოკლედ, მსჯელობისათვის ნათლის მოფენა, ჭეშმარიტების დადგენა, ნებისმიერი საკითხის დამაჯერებლად განხილვის, აზრების ნათლად, მკაფიოდ წარმოჩენის უნარი, რომელიც საშუალებას იძლევა დასაბუთებულად და დამაჯერებლად დამტკიცდეს სათქმელი – ჩამოყალიბდა ტერმინად „არგუმენტი“ (Arguare, Argmentum), რომელიც უკვე პოზიციად განიხილება. კარგად ჩამოყალიბებული ნებისმიერი პოზიცია სხვათა ყურადღებას, მოსმენასა და პატივისცემას იმსახურებს, რადგან იგი დასაბუთებულია. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ „არგუმენტი არის არა ცალკე წარმოთქმული რაიმე აზრი, არამედ მსჯელობა, მსჯელობათა მთელი სისტემა სხვა რომელიმე მსჯელობის ჭეშმარიტების დასადგენად. მაშასადამე, ჩვენს უმთავრეს მიზანს მხოლოდ არგუმენტის შედგენა კი არ უნდა წარმოადგენდეს, არამედ უშუალოდ პროცესი (ფირცხალავა, 2009), როცა ხდება ჩვენი სათქმელის განვითარება, მსჯელობა, განსჯა, თუ როგორ მივედით ჩვენ ამ პოზიციამდე, თუ რა არის ჩვენი მთავარი სათქმელი, ანუ არგუმენტაცია“.

როგორ გავაძლიეროთ არგუმენტები?

ამისთვის არაერთი მეთოდი არსებობს, რომლებიც, ძველი საუკუნეებიდან მოყოლებული, დღესაც აქტუალურია და მათზე საუბარს უმთავრესად იწყებენ სოკრატედან, რომელიც კითხვების დასმით ცდილობდა მოწაფეებისგან არგუმენტირებული პასუხების მიღებას და ამ პასუხებით ისინი გარკვეულ დასკვნამდე მიჰყავდა.  „მე არავის არაფერს ვასწავლი, რადგან თავადაც არაფერი ვიცი, უბრალოდ, კითხვებს ვუსვამ“, – აცხადებდა იგი. კითხვა-პასუხის მეთოდი დღესაც გამოიყენება, განსაკუთრებით იქ, სადაც ჭეშმარიტების დადგენაა საჭირო – იქნება ეს დაკითხვა სასამართლო პროცესებზე თუ ჯვარედინი დაკითხვა დებატებში. ეს მეთოდი დღესაც მისაღებია სკოლებსა თუ სასწავლო დაწესებულებებში, როდესაც გარკვეულ საკითხზე აზრის ჩამოსაყალიბებლად კვლევაა საჭირო. როცა არ გვინდა ჩვენი აზრი მოვახვიოთ სხვას, არამედ გვინდა მოსწავლეებმა თავად მიაგნონ ჭეშმარიტებას. როგორც პლატონი ამბობდა, სწორი კითხვებით უსწავლელ ბავშვსაც  გამოვაყვანინებთ გეომეტრიულ ამოცანას“ (ფირცხალავა, იქვე).

მეორე, არისტოტელესეულ მეთოდად დიალოგს განიხილავენ,  2500 წლის წინათ პლატონის მსგავსად, არისტოტელეც დიალოგის ფორმით წერდა, დიალოგით ასწავლიდა მოსწავლეებს სეირნობის დროს. ადამიანის ურთიერთობის მნიშვნელოვანი ფორმა – დიალოგი, იმ მიზნით შეიქმნა, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებების არსებობის შემთხვევაში, იოლად მოეძებნათ სიმართლის მიღწევის საუკეთესო გზები. დიალოგი ათენის საზოგადოებისათვის ურთიერთობის საუკეთესო ფორმა გახდა. ხელი შეუწყო პირველი დემოკრატიის განვითარებას. მთავრობა, პოლიტიკური და საზოგადოებრივი საკითხების გადაჭრისას, ხელმძღვანელობდა დიალოგის გზით მიღწეული შედეგებით. საქართველოში დიალოგის მაგალითად ე.წ. ,,ხევისბერის ინსტიტუტს განიხილავენ“. ხევისბერი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს თემის წინაშე წარადგენდა, იმართებოდა დიალოგი და ამის შემდეგ იღებდნენ გადაწყვეტილებას. დიალოგის როლსა და მნიშვნელობას უსვამენ ხაზს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსები საქართველოს ისტორიაში სხვადასხვა წინააღმდეგობის დაძლევისას. ამერიკაში რევოლუციის წინა პერიოდში არსებობდა ,,ქალაქის შეკრებების“ ტრადიცია, სადაც იხილავდნენ პრობლემებს, მართავდნენ დიალოგს ალტერნატიულ საკითხებზე და იღებდნენ გადაწყვეტილებას.

დღესდღეობით სკოლებსა და უნივერსიტეტებში სემინარული მუშაობისას, მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების, თანამშრომლობითი, სწორი გადაწყვეტილების მიღების, პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარებას  ხელს უწყობს დიალოგი, რომელიც არის თანამშრომლობა, მისი მიზანია  შეთანხმება; დიალოგის დროს ერთი მხარე უსმენს მეორეს, რათა გაიგოს და აღმოაჩინოს განსხვავებული პოზიციებს შორის; დიალოგი გამოავლენს მცდარ შეხედულებებს; დიალოგისას მისაღებია პოზიციის შეცვლა; იგი იძლევა მეტ შესაძლებლობას, იპოვო საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე დაეთანხმო რომელიმე მხარის პოზიციას; ავითარებს მოვლენებისადმი შემოქმედებით, ობიექტურ, მრავალმხრივ დამოკიდებულებას; ლოგიკური მსჯელობა და ლოგიკური კავშირები დიალოგის დროს დარწმუნებაში ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. დიალოგი მოითხოვს ადამიანებისა და მათი იდეების პატივისცემას, განსხვავებით დებატებისაგან, რომლის მიზანია რომელიმე მონაწილე მხარის გამარჯვება. წერითი კომუნიკაციისას, რომანტიკოსებისა თუ ეგზისტენციალისტების შემოქმედების გარდა, დიალოგი დღესაც მხატვრული თუ პუბლიცისტური სტილის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფორმად რჩება.

გარდა სოკრატული და დიალოგის მეთოდისა, განიხილავენ დარწმუნების, ზემოქმედების, „საკუთარი თავის“, ეფექტის მოხდენის მეთოდებს, თუმცა ესენი, უმთავრესად, ზეპირი კომუნიკაციისას გამოიყენება, ლოგიკას არ ემყარება და გულისხმობს სხვადასხვა ფსიქოლოგიურ თუ ემოციურ ზემოქმედებას, მსმენლისა თუ მკითხველის გავლენის ქვეშ მოქცევას, აქცენტი კი კეთდება ინტონაციაზე, ჟესტიკულაციასა და მიმიკაზე.  საგულისხმოა, რომ არისტოტელე არგუმენტაციულად განიხილავს მხოლოდ ზეპირ დისკურსს, სადაც ვერბალური რესურსები სტრუქტურირებული ფორმით არის ორგანიზებული და, რომელსაც მკვეთრად გამოხატული არგუმენტაციული დანიშნულება –მსმენელის დარწმუნება აქვს. არგუმენტაციის ზოგი მკვლევარი კი სტრუქტურირებულ დისკურსს და, ასევე, ფიქრის ფრაგმენტულ გამოსახულებას არგუმენტაციულად მიიჩნევს.   საშუალებები კი, რომლებითაც დარწმუნება შეიძლება, არაერთია და გამოყენებისას ჩვენი მხრიდან სიზუსტესა და გონივრულ დამოკიდებულებას ითხოვს.

გამოყენებული რესურსები:

  1. არისტოტელე – რიტორიკა – თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა 1981წ
  2. ფირცხალავა, ნ., არგუმენტის შექმნის გზები და სტრატეგიები, თბ., 2009;
  3. ადეიშვილი, ქ., არგუმენტაცია პოლიტიკურ დისკურსში (შეპირისპირებითი ანალიზი. ფრანგული და ქართული ენების მასალაზე). PhD thesis, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,
  4. Breton, P. L’argumentation dans la communication . Paris : La Découverte, 1996. 39
  5. Meyer, M. H i s t o i r e d e   r h é t o r i q u e  d e s  g r e c s à n o s  j o u r s . Paris : Librairie Générale Française, 1999.
  6. https://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00—off-0civil2–00-1—-0-10-0—0—0direct-10—4——-0-1l–10-ka-50—20-about—00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-00&cl=CL2.10&d=HASH85ea149f8b2cedb44d6542&gt=1

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი