შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მოსწავლე, მასწავლებელი და სახელმძღვანელო მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პირობებში

 

მრავალნი ეძიებენ პასუხს შეკითხვაზე, თუ რა მიზეზებმა განაპირობეს ზოგიერთი ქვეყნის განათლების სისტემის სწრაფი  წინსვლა და შედეგების გაუმჯობესება და ამ მიზეზებს შორის ნაკლებად განიხილებოდა მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოების წვლილი. წარმატებული ქვეყნების   გამოცდილების შესწავლამ (Why textbooks count. A Policy Paper. Tim Oates. November 2014) წარმოაჩინა, თუ რამდენადაა დაკავშირებული კარგი სწავლება და მაღალი აკადემიური სტანდარტები მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოებით სკოლების მომარაგებასა და მათ ინტენსიურ გამოყენებასთან.

2011 წლის გამოკითხვის შედეგად TIMSS ფარგლებში გაირკვა, თუ რომელ ქვეყანაში როგორ იყენებენ სახელმძღვანელოებს – როგორც სწავლების საფუძველს თუ როგორც დამხმარე რესურსს სწავლებისთვის:

მათემატიკა

 

მოსწავლეთა პროცენტი, ვისი მასწავლებელიც სახელმძღვანელოს იყენებს

 

ქვეყნები
ინგლისი

 

სინგაპური ფინეთი
მოსწავლის სახელმძღვანელოს, როგორც სწავლების საფუძველს 10 70 95
მოსწავლის სახელმძღვანელოს, როგორც დამხმარე რესურსს სწავლებისთვის 64 23 3
მოსწავლის ნაბეჭდ რვეულს, როგორც სწავლების საფუძველს 11 71 37
მოსწავლის ნაბეჭდ რვეულს, როგორც დამხმარე რესურსს სწავლებისთვის 78 29 61
კონკრეტულ საგნებსა და მასალებს, როგორც სწავლების საფუძველს 39 34 15
კონკრეტულ საგნებსა და მასალებს, როგორც დამხმარე რესურსს სწავლებისთვის 59 66 83
ელექტრონულ მასალებს, როგორც სწავლების საფუძველს 24 16 5
ელექტრონულ მასალებს, როგორც დამხმარე რესურსს სწავლებისთვის 74 80 69

 

(Mullis et al 2012)

 

ამ მონაცემებს შორის თვალშისაცემია ფინეთსა და სინგაპურში სახელმძღვანელოს, როგორც სწავლების საფუძვლის, გამოყენების მაღალი მაჩვენებელი და კონკრეტული საგნებისა და მასალების, აგრეთვე ელექტრონული მასალების, როგორც დამხმარე რესურსის გამოყენების მაღალი მაჩვენებლები.

 

საზოგადოდ სახელმძღვანელოები შეიძლება სამ სახეობად დაიყოს: პირველი სახეობაა ე.წ. „ტრადიციული“ სახელმძღვანელო, ხშირად მარტივი და თვალისმომჭრელი, რომელიც შესანიშნავად წარმოაჩენს სპეციფიკურ საგნობრივ ცნებებსა და შინაარსს, თუმცა არ მოიცავს სწავლის სპეციფიკურ  მოდელს ან მასალის წარმოდგენის სტრუქტურას.

 

სახელმძღვანელოთა მეორე სახეობაში თვალშისაცემია სწავლის სპეციფიკური მოდელი – მაგალითად, მიმოხილვის ტიპის აქტივობები, რომელთა საშუალებით გაირკვევა რამდენად მზად არიან მოსწავლეები ახალი საკითხის ათვისებისთვის, ან ერთ სასწავლო ცნებაზე ფოკუსირებული შინაარსობრივი და შეფასებისთვის თუ გამეორებისთვის განკუთვნილი ბლოკები, ან  ცოდნის გაფართოება/გაღრმავებისთვის საჭირო სავარჯიშოები.

 

სახელმძღვანელოთა მესამე სახეობა მეტისმეტად ინსტრუმენტულია – ძირითადად მოიცავს  საგამოცდო ინსტრუქციების ტიპის ტექსტებს, დასტრუქტურებულია საგამოცდო ტესტების სტრუქტურის შესაბამისად და გადატვირთულია გამოცდის ტიპის შეფასების საშუალებებით.

 

მაგალითად, საერთაშორისო შეფასებებში მოსწავლეთა შედეგების მიხედვით წარმატებული ქვეყნების მათემატიკის სახელმძღვანელოების ერთი თავის აგებულება ასეთია:

 

ჰონკონგი – ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მათემატიკის სახელმძღვანელო

 

შემადგენელი ელემენტები

  • წინარე ცოდნა და უნარჩვევები
  • მიმოხილვის ტიპის აქტივობა, რომლის საშუალებით გაირკვევა – რამდენად მზად არის მოსწავლე ახალი საკითხის ათვისებისთვის
  • წრეწირის განტოლების სხვადასხვა სახეები
  • წრეწირის თვისებები განტოლებების მიხედვით
  • წრეწირის განტოლებები სხვადასხვა მოცემულობის შემთხვევაში
  • წრეწირისა და წრფის თანაკვეთა
  • ამოცანების ამოხსნა წრეწირის განტოლებებთან დაკავშირებით
  • საკითხის ათვისების შემოწმება: 6 მათემატიკური ამოცანა, 1 დავალება შესრულების გაწაფულობაზე, 1 მათემატიკური ამოცანა საყოფაცხოვრებო კონტექსტით

 

ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები

  • მოსწავლეთა მზაობის საფუძვლიანად შეფასება ყოველი საკითხის/თემის დასაწყისშივე
  • უაღრესად ცხადი და გასაგები განსაზღვრებები ცნებებისა თუ სხვა კონსტრუქტებისთვის
  • საკითხის კარგად დამუშავება გამოყენებების საშუალებით
  • საკითხის ძირითადი შემადგენელი კომპონენტების გააზრების შემოწმება
  • სპირალური კურიკულარული მოდელი

 

სინგაპური – ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მათემატიკის სახელმძღვანელო

შემადგენელი ელემენტები

  • თავის მიმოხილვა – გამოწვევის დანიშნულების მქონე ინფორმაცია ახალი ცნებებისა და იდეების შესახებ
  • სწავლის სავარაუდო შედეგები
  • დიაგრამების გამოყენება (ახსნა-განმარტებანი)
  • ძირითადი იდეები – ცნებები/კონსტრუქტები – შენიშვნები მინდვრებზე – ფოკუსი ცნებებზე
  • დამუშავებული მაგალითები
  • იცოდით ეს? საინტერესო ფაქტები
  • კალკულატორის გამოყენების ინსტრუქციები
  • სავარჯიშოები
  • აქტივობა შესვენებისთვის/პაუზისთვის მეცადინეობაში
  • საწერი დავალება მოსწავლის ჟურნალისთვის (ყოვედღიური ჩანაწერებისთვის)
  • შეჯამება – რეზიუმე და მიმოხილვა
  • გამეორების გვერდი
  • მთავარი ცნებების გააზრების ათწუთიანი შემოწმება
  • ცოდნის გამამდიდრებელი/გამაღრმავებელი ინფორმაცია და სავარჯიშოები

 

ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები

  • უაღრესად ცხადი და გასაგები განსაზღვრებები ცნებებისა თუ სხვა კონსტრუქტებისთვის
  • ცნებებისა თუ სხვა კონსტრუქტების მუდმივად განმტკიცება
  • საკითხის კარგად დამუშავება განვრცობილი გამოყენებების საშუალებით
  • მოსწავლის რეფლექსია ჟურნალისთვის განკუთვნილი დავალების საშუალებით
  • ძირითადი იდეების ათვისების შემოწმება
  • გამოყენებებისა და გააზრების განვრცობა ცოდნის გამამდიდრებელი/გამაღრმავებელი კომპონენტების საშუალებით
  • კალკულატორის სტრუქტურირებული გამოყენება
  • დამუშავებული მაგალითები ცნებებისა თუ მოქმედებების თვალსაჩინოდ და გასაგებად წარმოჩენისთვის

 მიუხედავად იმისა, რომ სინგაპურის სახელმძღვანელოები მაქსიმალურად სტრუქტურირებულია და თითოეული კომპონენტის მასალა უკიდურესად დახვეწილია, მაინც დატოვებულია საკმარისი სივრცე მასწავლებლის პროფესიონალიზმის წარმოჩენისთვის: ზოგიერთი მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს წაიკითხონ ტექსტები იქვე, გაკვეთილზე და ჯგუფური დისკუსია გამართონ ცნებების შესახებ; ზოგი მასწავლებელი ინდივიდუალურ საკითხავად აძლევს იგივე ტექსტს სახლში დავალებად და მხოლოდ მომდევნო გაკვეთილზე წარმართავს დისკუსიას მოსწავლეთა შორის; სხვები კი შეფასებაზე ამახვილებენ მოსწავლეთა ყურადღებას და ტექსტს უფრო მეტად იყენებენ გაკვეთილის დასტრუქტურებისთვის, ვიდრე  მოსწავლეებისთვის ინსტრუქციების მისაცემად.

შანხაიში გაზიარებულია და განმტკიცებულია ჰონკონგისა და სინგაპურის გამოცდილება – სახელმძღვანელოები ფაქიზადაა დაკავშირებული პედაგოგიკასთან, მოიცავს გამოწვევის შემცველ შეკითხვებს, რაც განაპირობებს მოსწავლეთა ჩაბმულობას სწავლის პროცესში; აქცენტი დასმულია მათემატიკური ცნებისა და მიმართებების ღრმა გააზრებაზე, მათემატიკურ მოქმედებებში გაწაფულობასა და ამოცანების ამოხსნაში დახელოვნებაზე.

სწავლების დიფერენცირებაში მოიაზრება ის, რომ ყველა ბავშვს შეუძლია გააზრება, თუმცა მათემატიკური იდეების დამუშავება სხვადასხვა გზებით ხდება, რათა წააქეზონ მოსწავლეები ინდივიდუალური მუშაობისკენ; მართლზომიერად შერჩეული მაგალითებისა და ამოცანების საშუალებით სახელმძღვანელო განსაზღვრავს სასწავლო საკითხებისა და აქტივობების თანმიმდევრობასაც, მზარდი სირთულის სავარჯიშოების შესრულებასაც და უწყვეტ განმავითარებელ შეფასებასაც.

 

ამგვარი მიდგომის ფასეულობაა ისაა, რომ:

  • გაკვეთილის მომზადების სირთულე შემცირებულია. მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, რომ ყურადღება გაამახვილონ უფრო გაკვეთილის დახვეწაზე, ვიდრე დიფერენცირებული მასალების შეთხზვაზე განსხვავებული თავისებურებების მქონე მოსწავლეთა ჯგუფებისთვის;
  • ტექსტები ხელს უწყობს ეფექტურ კონცეპტუალურ წინსვლას საგნობრივ შინაარსში, ცხადად ასახავს სტანდარტის იდეებს და დასახავს საერთო მოლოდინებს სწავლის შედეგების მიმართ – რომ უკლებლივ ყველა მოსწავლე გაიაზრებს შესასწავლ სპეციფიკურ ცნებებსა და მოქმედებებს.

სახელმძღვანელოებმა უნდა მისცენ ცოდნის მაქსიმუმი მოსწავლეებს მასწავლებლის საშუალებით – ესაა საზოგადოების მოთხოვნა, თუმცა საზოგადოება არაერთგვაროვანია და განსხვავებულ ინტერესთა ჯგუფებს სხვადასხვა მოთხოვნები აქვთ სახელმძღვანელოების მიმართ. ამიტომ საინტერესოა, მაინც რა ნიშნებით უნდა გამოირჩეოდეს თანამედროვე სახელმძღვანელო ისე, რომ მან დააკმაყოფილოს საზოგადოების მოთხოვნილებები?

არსებობს არანაკლებ  ინტერესთა ხუთი ჯგუფი, კერძოდ, მათემატიკური განათლების შემთხვევაში:

 

  1. მოსწავლეები
  2. მშობლები
  3. მასწავლებლები
  4. განათლების სამინისტროს მუშაკები
  5. სახელმძღვანელოს გამომცემლები

პირველი სამი ჯგუფის წარმომადგენლები ამ პროდუქტის მომხმარებლები არიან, ამიტომ უპირველეს ყოვლისა, მათი ინტერესებია გასათვალისწინებელი, ხოლო მათ შორის – ცხადია, მოსწავლეებისა.

მშობელთა კომენტარებს თუ დავეყრდნობით, ის მოსწავლეები, ვინც გაიგო სასწავლო მასალა და მასწავლებლის ინსტრუქციები, საერთოდ არ არიან მიდრეკილი, რომ სახლში ილაპარაკონ მათემატიკაზე ან მშობლებიც ჩართონ საშინაო დავალების შესრულებაში.

ის მოსწავლეები კი, ვინც ვერ გაიგო საშინაო დავალება, სრულიად სხვანაირად იქცევიან სახლში. მათთვის დამახასიათებელი ქცევაა ისტერია, ბრაზი, ამბოხება, დეპრესია და საგანში მეცადინეობის უგულებელყოფა. მათ მხოლოდ ის თუ იციან (ისიც იშვიათ შემთხვევებში), თუ „რა სურს მასწავლებელს“.

კერძოდ, მათემატიკის სწავლისადმი დამოკიდებულებას და ამ საგანში მოსწავლის წარმატებას განსაკუთრებულად განსაზღვრავს ორი სპეციფიკური მომენტი: პირველი ისაა, რომ მათემატიკის სწავლის საწყის ეტაპზე რაიმე საკითხის ვერ გააზრებით შექმნილი სიცარიელე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს „ამოუვსებელი“, რადგან სიცარიელეზე ვერაფერს დააშენებ, ამიტომ სიცარიელე მისი იგნორირების შემთხვევაში არათუ შენარჩუნდება, არამედ კიდე სხვა სიცარიელეების წარმოქმნასაც უწყობს ხელს, ხარვეზები გროვდება, ცოდნის “კედელი“ სულ უფრო და უფრო ფუტურო ხდება და აუცილებლად ჩამოიქცევა.

მეორე, მოსწავლეები ასაკის მიხედვით არიან კლასში გაერთიანებული და არა შესაძლებლობებისა თუ მზაობის მიხედვით, არადა ადრეულ ასაკში მოსწავლეთა ეს ორივე მახასიათებელი ძალიან ცვალებადია როგორც ბავშვიდან ბავშვამდე, ასევე ერთი ასაკიდან მეორემდე; ანუ, სხვანაირად, ერთ კლასში დაჯგუფებულ მოსწავლეთა საბაზო ცოდნა, განვითარების ტემპი და მასშტაბი საკმაოდ განსხვავებულია და არათანაბრად იცვლება მათი ასაკის მატების კვალობაზე. შესაბამისად, მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების (საჭიროებების, მზაობის დონის, ინტერესების, სასწავლო პროფილის) გათვალისწინების გარეშე გარდაუვალია შეფერხებები და „სიცარიელეები“ სასწავლო მასალის ერთ ტემპში, თანაბარი პორციებით მიწოდების შემთხვევაში.

მაშასადამე, დიფერენცირებული სწავლება კონსტრუქტივიზმის ელემენტების საფუძველზე და უწყვეტი განმავითარებელი შეფასება სრულიად აუცილებელი მიდგომაა მათემატიკის სწავლებაში პირველი კლასიდანვე, რომლის განხორციელების საშუალებასაც უნდა იძლეოდეს სახელმძღვანელო. ასეთ სახელმძღვანელოში მოსწავლის წიგნში წარმოდგენილია სამოტივაციო დანიშნულებისა და შინაარსის მასალა (მაგალითად, უჩვეულო, პარადოქსული ფაქტები, რომლებიც გაკვირვებას იწვევს; სახალისო თამაშები და თავსატეხი სავარჯიშოები; ცოცხალი და კონკრეტული, მოსწავლის საყოფაცხოვრებო გამოცდილების ამსახველი მაგალითები, ცნობისმოყვარეობის გამღვივებელი და ინტერესის აღმძვრელი ნახატები, სქემები, ფოტოები და სხვა თვალსაჩინო მასალა). მოსწავლის წიგნში გაკვეთილის/პარაგრაფის სტრუქტურაში გამოკვეთილია  სწავლის სამოტივაციო კომპონენტები: სწავლის მიზნები და სასურველი შედეგები, ახალი მასალის წარდგენამდე წინმსწრები შემამზადებელი აქტივობები, ათვისებული მასალის შეჯამებაზე და მიღებულ გამოცდილებასთან დაკავშირებით რეფლექსიაზე ორიენტირებული დავალებები, განმავითარებელი შეფასების (მათ შორის, მოსწავლის თვითშეფასების) ხელშემწყობი დავალებები.

მასწავლებლის წიგნში წარმოდგენილია მოსწავლეთა ტიპური შეცდომები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, „ხარაჩოების“ მიწოდების (სკაფოლდინგის) საშუალებები და ხერხები მოსწავლეთა ცოდნაში ხარვეზების აღმოფხვრისთვის; ყოველი ახალი სასწავლო საკითხისთვის განსაზღვრულია მოცემული საკითხის სწავლისთვის საჭირო წინარე ცოდნა და უნარჩვევები, მათი დიაგნოსტიკისთვის შესაფერისი აქტივობები. მასწავლებლის წიგნში მოცემულია, აგრეთვე, აქტივობები და სავარჯიშოები განსხვავებული საჭიროებების მქონე (მზაობის, ინტერესების ან/და სასწავლო პროფილის მიხედვით)  მოსწავლეებისთვის, რომლებიც სწავლების კონსტრუქტივისტული მეთოდის გამოყენებას უწყობს ხელს და მასწავლებელს დიფერენცირებული სწავლების საშუალებას აძლევს.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი