შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

აღზრდა- ამოუწურავი თემა

„მზე ადამიანს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ უნათებს

ეს არის ბავშვობა და ყრმობა.

თუ ადამიანი მოახერხებს და გათბება მის სხივებში,

მისი სული არასოდეს გაცივდება და ყველაფერი

კარგი რაც მის სულშია გაღვივდება,

გაიფურჩქნება და ნაყოფს გამოიღებს“.

ფრიდრიხ გებელი – გერმანელი დრამატურგი

ვფიქრობ, მზე მოზარდი ადამიანის ცხოვრებაში არის მშობელი. 

ბავშვს, მისი ზრდა-განვითარების ნებისმიერ საფეხურზე სჭირდება მშობლისგან მხარდაჭერა, მხარდაჭერა „აქ და ამჟამად“. ბავშვებს არ შეუძლიათ დიდხანს ელოდონ მშობლებს, როდის „მოიცლიან“ ისინი მათთვის; აღმზრდელებს, როდის „ისწავლიან“ ისინი აღზრდას. ბავშვებისათვის ყოველი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი ხომ მუდმივი ზრდის და განვითარების რეჟიმში იმყოფებიან და ზოგჯერ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ შვილმა გაუსწრო მშობელს განვითარებაში. აღმზრდელისათვის სრულიად აუცილებელია, ნებისმიერ რთულ სიტუაციაში შეძლოს მოიქცეს, ისე როგორც ზრდასრული ადამიანი. მან უნდა შეძლოს მონაწილეობა მიიღოს ბავშვის ცხოვრებაში, შეასრულოს ყველა ის ფუნქცია, რასაც მას მშობლის როლში ყოფნა ავალდებულებს.

რა ხდება მაშინ როდესაც ბავშვი „მოულოდნელად“ იცვლება, როდესაც მშობელი ამას საერთოდ არ ელის, ყოველ შემთხვევაში ჯერ ადრეა, მისი შვილი ხომ ჯერ სრულიად პატარა ბავშვია?

მაშინ შესაძლებელია, „ბავშვმა“ კრიტიკის ქარცეცხლში გაატაროს მშობლის ნებისმიერი რჩევა, გადაწყვეტილება და ეს შეეხება ყველა შესაძლო თემას, რაც ოჯახში წამოიჭრება.

  • ამას არ შევჭამ, შენ არც კი იცი, რომ ეს არ მიყვარს;
  • ამას არ ჩავიცვამ, რადგან უკვე გავიზარდე და ჩემი გემოვნება მაქვს, შენ ეს ჯერ არ შეგიმჩნევია?
  • ამას არ ვისწავლი, რადგან არ მომწონს ეგ საგანი;
  • არ წავალ სტუმრად შენს მეგობრებთან, რადგან საერთოდ არ მაინტერესებს ის თემები, რაზეც ისინი გაუთავებლად საუბრობენ;
  • და საერთოდ, ამის შემდეგ მე თავად გადავწყვეტ რა ვჭამო, რა ჩავიცვა, რა ვისწავლო, ვისთან ვიარო სტუმრად….
  • ყველამ თავი დამანებეთ, მე თვითონ მივხედავ ჩემს ცხოვრებას, თქვენ ნუ ჩაერევით.
  • ჰო, მართლა..სულ დამავიწყდა, ჩემს ოთახში დაუკაკუნებლად აღარ შემოხვიდეთ.

მშობლებო ნაცნობი სიტუაციაა?

თქვენი შვილი გაიზარდა ანუ, როგორც თქვენ ამბობთ, გარდატეხის ასაკი დაეწყო.

სპეციალისტები ამ დროს პუბერტეტზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ეს არის ძალიან დიდი, დრამატული მოვლენა ბავშვის ცხოვრებაში.

ე.წ. გარდატეხის ასაკის დასაწყისი სრულიად ინდივიდუალურია. დღეს უკვე აღნიშნავენ, რომ ათი წლის ასაკიდან შესაძლებელია პირველი „სიმპტომები“-ს გაჩენა (განსაკუთრებით გოგონებში). ამ რთული ასაკის დასასრული, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, შესაძლებელია თვრამეტ წლამდეც კი გაგრძელდეს. მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, ეს არის პერიოდი, როდესაც ბავშვობა სრულდება და ზრდასრულობა იწყება.

გარდატეხის ასაკზე საუბრისას ემოციურ და სოციალურ სიმწიფესთან ერთად არ შეიძლება არ ვახსენოთ სქესობრივი მომწიფება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამ პერიოდში ხდება ბავშვის ჩამოყალიბება, როგორც ფიზიკურად ასევე, ფსიქო-ემოციურად და სოციალურად, რაც ამ შემთხვევაში ჩვენთვის უფრო საინტერესოა.

დაკვირვებულმა მშობლებმა, მასწავლებლებმა, აღმზრდელებმა კარგად უწყიან, რომ ამ პერიოდში მოზარდი საკუთარი თავისადმი განსაკუთრებული კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა. მას არაფერი არ მოსწონს, მათ შორის ყველაზე მეტად საკუთარი ფიზიკური სხეული, გარეგნობა. (აღსანიშნავია, რომ კრიტიკულობა მოზარდებში იზრდება, გარშემო მყოფი სოციუმის მიმართაც).  მიაჩნია, რომ არასრულფასოვანია და სრულებით არ გავს სხვებს.

თინეიჯერებს თავში ათასი გაურკვეველი, დამაბნეველი, ხშირად დესტრუქციული აზრი უტრიალებთ. ზოგ შემთხვევაში ისინი დროში და სივრცეში დეზორიენტაციასაც განიცდიან, იწყება ღირებულებების გადაფასება, გუნება-განწყობილების ცვალებადობა, გაღიზიანება, აგრესია. ნიშანდობლივია, რომ მოზარდებს თავად ძალიან უჭირთ ამ მდგომარეობის ახსნა, აღწერა, გარკვევა, თუ რა ხდება მათ თავს.

პარალელურად, თინეიჯერებს ურთიერთგამომრიცხავი, განსხვავებული განცდები იპყრობთ. შესაძლებელია ეგონოთ, რომ ყოვლისშემძლეები არიან და თავზეხელაღებული ქცევები განახორციელონ.

ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მოზარდებმა იცოდნენ, რომ მათი მშობლები და აღმზრდელებიც ყოფილან მსგავს სიტუაციაში და რომ ეს „ასაკი“ და შესაბამისი „სირთულეები“ მათაც გაიარეს და სწორედ ამიტომ, ძალიან კარგად ესმით მისი ფსიქოემოციური განცდები. ამ დროს დიდი ტაქტია საჭირო, რომ არ დავაფრთხოთ ბავშვი, რომელიც საკუთარი, „უნიკალური“ შეგრძნებების და განცდების ტყვეობაშია, მან არ უნდა იფიქროს, რომ უფროსები პატივს არ სცემენ მის „ერთადერთ და განუმეორებელ“ პერსონას, მთელი მისი შეგრძნებებით, განცდებით. მოზარდები უნდა დარწმუნდნენ, რომ მათ პრობლემებს უფროსები სრული სერიოზულობით ეკიდებიან და მზად არიან შესაძლებლობის ფარგლებში დახმარების ხელი გაუწოდონ ბავშვს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ წერილში აქცენტი მოზარდების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე მინდოდა გამეკეთებინა, მაინც მომიწევს ამ ასაკისათვის დამახასიათებელ ფიზიკურ მომწიფებაზე ორიოდ სიტყვის თქმა. მით უფრო, რომ ეს მოვლენები მნიშვნელოვან წილად განაპირობებენ თინეიჯერების ემოციურ განვითარებას.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ გოგონებში ეს ასაკი ერთი-ორი წლით ადრე იწყება, ვიდრე ბიჭებში. გოგონები იწყებენ საკუთარ თავში ცნობილი ფიზიკური ცვლილებების შემჩნევას.  ეს მათში აძლიერებს ცნობისმოყვარეობას. მიუხედავად იმისა რომ მიიჩნევა ბიჭებში მომწიფების ასაკის გაცილებით ნაკლები დრამატიზმით ხასიათდება (მკვლევრების ნაწილი ამას იმით ხსნის, რომ ბიჭები ამ დროისათვის უფრო დიდი ასაკის არიან), მაინც ორივე სქესის ბავშვების მშობლებს უჩნდებათ მრავალი კითხვა:

როდის, რა და როგორ აუხსნან შვილს ამ ცვლილებებზე?

ვფიქრობ, მშობლები მზად უნდა იყვნენ ბავშვის შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ჯერ კიდევ მანამ, სანამ დადგება გარდატეხის ასაკისათვის დამახასიათებელი ყველაზე რთული პერიოდი. მოგეხსენებათ, რომ ბავშვები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან და ეს მშობელმა სათავისოდ უნდა გამოიყენოს, რადგან შემდეგ, როდესაც მოზარდი საკუთარ თავში და პრობლემებში ჩაკეტვას დაიწყებს, ძალიან გართულდება მასთან გულახდილად, გულწრფელად საუბარი. ბავშვს გაუჩნდება დიდი და პატარა „საიდუმლოებები“, რომლებსაც უფროსებს, როგორც წესი აღარ უმხელენ. ამ სამყაროში შესაძლებელია მრავალი არასწორი, დამახინჯებული „ცოდნა“ და ასაკით ოდნავ უფროსი, საკითხის „კარგად მცოდნე“ მეგობრის „რჩევა-დარიგება“ გაჩნდეს.

მშობლის მოვალეობაა ბავშვებს სწორი, მართებული ინფორმაცია მიაწოდონ, ან ის მაინც შეძლონ, რომ მიუთითონ სად და ვისთან შეიძლება დაუმახინჯებელი, ადეკვატური ინფორმაციის მოპოვება.

ყურადღებიანი, ბრძენი მშობლები, რომლებმაც მოახერხეს და ამ რთულ პერიოდშიც კი არ დაკარგეს საკუთრი შვილების ნდობა და სარგებლობენ მათში ავტორიტეტით, ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების ცოდნით აღჭურვილები ყველაზე კარგად მოახერხებენ  დიალოგში შესვლას, საჭირო სიტყვების მონახვას და საჭირო დროსა და საჭირო მომენტში გვერდზე გადგომას, რათა საშუალება მისცენ მოზარდს დაუშვას „შეცდომები“, ისწავლოს საკუთარი გამოცდილების შეძენა, დაგროვება, რათა საბოლოოდ მოახერხოს საკუთარი მართებული ღირებულებების სისტემის ჩამოყალიბება.

ძალიან ძნელია გაიზომოს ემოციური და სოციალური სიმწიფის ხარისხი, ეს მშობლებისთვის განსაკუთრებით რთულია. მათ შესაძლოა საკუთარ შფოთვასა და შიშში (რამე არ გამომრჩეს, რამე არ გამომეპაროს, თორემ შემდეგ შეიძლება ძალიან გვიან იყოს და ხომ დავიღუპებით?) გამო ვერ განსაზღვრონ, როდის იწყება და როდის სრულდება ეს ეგრეთწოდებული გარდატეხის ასაკი. მშობლების მეორე კატეგორია: უშფოთველები (მე არაფერი გამომეპარება, მე ყველაფერს ვაკონტროლებ), ვფიქრობ მათაც იგივე საფრთხე ემუქრებათ  შვილებთან მიმართებაში.

სპეციალისტების დაკვირვებით  მშვიდი, გაწონასწორებული და შესაბამისი ცოდნით შეიარაღებული მშობლები და აღმზრდელები, როგორც წესი ზუსტად გრძნობენ, რა ხდება მოზარის თავს და ცდილობენ სწორედ იმ ხარისხის ინტერვენცია განახორციელონ, რასაც სიტუაცია და მოზარდის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა საჭიროებს.

ემოციური სიმწიფე, ვფიქრობ არის ის, როდესაც ადამიანი მზად არის მიიღოს საკუთარი თავი ისეთი როგორიც არის. აიღოს გარკვეული სოციალური და მორალური პასუხისმგებლობები. გათავისუფლდეს მშობლების და აღმზრდელების მეურვეობისაგან.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი