ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

„გამქრალი“ გეოგრაფიული ობიექტები

გეოგრაფიული აღმოჩენების შესახებ ალბათ ყველამ იცის, მაგრამ გამქრალი გეოგრაფიული ობიექტების შესახებ, მგონი, ბევრს არაფერი გაუგონია. არადა, გეოგრაფიულ აღმოჩენებთან ერთად ასეთი რამაც ხშირად ხდება და ეს ფენომენიც დიდ როლს ასრულებს გეოგრაფიული მეცნიერების განვითარებაში.

არცთუ დიდი ხნის წინ ატლანტის ოკეანის ფსკერის იმ ნაწილის რუკაზე გამოსახვისას, რომელიც კ. გრენლანდიასა და შპიცბერგენის არქიპელაგს შორის მდებარეობს, ოკეანოგრაფები მონიშნავდნენ დიდ ქედს, რომელსაც ნანსენის ბარიერი ერქვა. ამჟამად ეს ადგილი რუკებზე შესწორებულია, რადგან ყოფილი საბჭოთა კავშირის ექსპედიციამ ფსკერის გამოკვლევისას დაადგინა, რომ ამ ადგილას არავითარი ქედი არ არის. ექოლოტებით გაზომილ იქნა სიღრმეები და საბოლოოდ დადგინდა, რომ ოკეანეში მხოლოდ ცალკეული წყალქვეშა მთებია, რომლებიც ერთმანეთისგან 3000 მ სიღრმის ფართო „სრუტეებითაა” გამოყოფილი. ამრიგად, ინფორმაცია მითიური წყალქვეშა ბარიერის შესახებ, რომლის არსებობაში გეოგრაფები მრავალი წელი იყვნენ დარწმუნებულები, მცდარი აღმოჩნდა და ეს ობიექტიც რუკიდან გაქრა.

გამქრალი გეოგრაფიული ობიექტების სიმრავლით გამოირჩევა ანტარქტიდის ნაპირები. ცნობილია, რომ დროდადრო ამ კონტინენტს გიგანტური აისბერგები – მოდრეიფე ყინულის კუნძულები – სწყდება და ოკეანეში დაცურავს. მეცნიერებმა გამოიანგარიშეს, რომ ანტარქტიდის ყინულოვანი სანაპირო მცირედ გადაადგილდება ჩრდილოეთით წელიწადში 50-დან 500 მ-მდე, ზოგჯერ კი 2000 მ სიჩქარით. ამ გადაადგილების შედეგად ანტარქტიდის სანაპირო ხაზი გამუდმებით იცვლება. მაგალითად, ერთ-ერთი გიგანტური აისბერგის წყალობით არცთუ დიდი ხნის წინ ოკეანეში „გაცურდა” ეიმერის კონცხი, ევანსის, ტორეჰავნისა და ინგრამის უბეები. ასევე გაქრა პრიუდსისა და მაკენზის ყურეები და მათ ადგილას ერთი დიდი ყურე წარმოიქმნა.
სახელგანთქმულ ნორვეგიელ პოლარულ მკვლევარ რუალ ამუნდსენს ჩვენს დროში ხელახლა რომ მოეწყო ექსპედიცია ანტარქტიდაზე, უბრალოდ ვერ იპოვიდა ცნობილ ვეშაპთა უბეს, სადაც მდებარეობდა მისი ფრამჰეინის ექსპედიციის ბაზა და საიდანაც ის სამხრეთ პოლუსზე გაემგზავრა – აღმოჩნდა, რომ ნაპირის ეს ნაწილი გიგანტურ აისბერგთან ერთად ჯერ კიდევ 1940 წელს გაცურდა ჩრდილოეთისკენ. 1963 წელს როსის ზღვაში მცურავი ამერიკული გემი ნაპირიდან 500 კმ-ის მოშორებით ამ კუნძულის ნაშთებს გადაეყარა.

შეიძლება ითქვას, იგივე ბედი ეწია საკმაოდ დიდი ფართობის ჩელუსკინელების ნახევარკუნძულს, რომელიც 1956 წელს საბჭოთა ექსპედიციამ აღმოაჩინა. ეს ნახევარკუნძული, რომელიც გამუდმებით იცვლებოდა, საბოლოოდ 1964 წელს მოსწყდა კონტინენტს, 5 000 კვ. კმ ფართობის კუნძულად იქცა და ვეება ლაინერივით მშვიდად გაცურა ოკეანეში ჩრდილოეთის მიმართულებით.

რუსმა მეცნიერებმა 1959 წელს „გააუქმეს” კუნძულები სუეინს-აილენდი და მეისის-აილენდი, რომლებიც ჯერ კიდევ 1800 წელს აღმოაჩინა ინგლისელმა კაპიტანმა სუეინსმა. ეს კუნძულები, რომლებიც ს.გ. 59 გრადუსსა და დ.გ. 90 გრადუსზე მდებარეობდა, როგორც შემდეგ გაირკვა, კუნძულები კი არა, აისბერგები ყოფილა. ასევე „გაქრა” ვულკანი სოვოლდიც, რომელიც ყველა ამერიკულ და ნორვეგიულ რუკაზე იყო გამოსახული. ეს 300 მ სიმაღლის ვულკანი კონტინენტზე მყინვარ ეიმერის მახლობლად მდებარეობდა.

1982 წელს ექსპედიციამ, რომელიც დედამიწის გარშემო ფ. ბელინსჰაუზენისა და მ. ლაზარევის მარშრუტით მოგზაურობდა, დაადგინა რომ კ. ტერა-ნოვა მხოლოდ და მხოლოდ დიდი ყინულის მასივია, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს კონტინენტს მოსწყდა და ოკეანეში ისევე გაცურდა, როგორც კლარას მიწა, რომელიც ფრანგმა მოგზაურმა დიუპონ-დიურვილმა აღმოაჩინა. 1987 წელს კი გაჩნდა ცნობა კონტინენტიდან ახალი აისბერგის მოწყვეტის შესახებ, რომლის ზომები იყო 134/37 კმ და რომელმაც შესამჩნევად შეცვალა როსის ზღვის სანაპირო ხაზი.
უნდა ითქვას, რომ გეოგრაფიული ობიექტები არა მარტო მაღალ განედებში „ქრებიან”, არამედ იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც დიდი ხანია გამოკვლეულია. მაგალითად, ამჟამად რუკაზე ვერ იპოვით ისეთ კუნძულთა ჯგუფს, როგორიცაა განგესი, რომელიც მე-17 საუკუნეში ესპანელმა ზღვაოსნებმა აღმოაჩინეს. ესპანელების აღმოჩენილია წყნარი ოკეანის კუნძულები ბონინი, იდჰუ და ვოლკანოც. ექსპედიციის უკან დაბრუნებისას კი მათ ეს ობიექტები უკვე სხვა რაკურსით დაინახეს, მაგრამ ვერ იცნეს და ამავე დროს შეცდომითაც განსაზღვრეს მათი გეოგრაფიული კოორდინატები. „ახალ” კუნძულებს განგესი უწოდეს. არარსებულ კუნძულთა ჯგუფს თითქმის 300 წლის განმავლობაში აღნიშნავდნენ რუკებზე. 1965 წელს საბჭოთა ექსპედიციამ საბოლოოდ გააქარწყლა მითი ამ კუნძულების შესახებ და ეს აღმოჩენა „გააუქმა”.

ასეთი შემთხვევები იშვიათი არ არის. თანამედროვე გეოგრაფიულ რუკებზეც კი გვხვდება კუნძულები, რომლებიც აღნიშნულია აბრევიატურებით: „ПС” და „СС”, რაც ნიშნავს „მდებარეობა საეჭვოა” ან „არსებობა საეჭვოა”.

დიდი ხნის წინ აღმოჩენილი ზოგიერთი კუნძული უკვე რამდენიმე ასეული წელია „დამალობანას” გვეთამაშება. ამის კარგი მაგალითია კ. ბუვიე, რომელიც თეორიულად ნორვეგიის საკუთრებაა და სამხრეთ ოკეანეში ანტარქტიდის ახლოს მდებარეობს. ეს ვულკანური კუნძული თითქმის მთლიანად ყინულით არის დაფარული და სქელი ნისლით არის გარემოცული. იგი ფრანგმა კაპიტანმა ბუვიემ აღმოაჩინა ჯერ კიდევ 1793 წელს, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ კი ცნობილმა ინგლისელმა მოგზაურმა ჯ. კუკმა ამ ადგილას ხმელეთის ნაგლეჯიც კი ვერ იპოვა. კუკი დარწმუნებული იყო, რომ ბუვიემ რუკაზე კუნძულად აისბერგი მონიშნა. კიდევ 200 წლის შემდეგ ინგლისური ვეშაპებზე მონადირე შხუნის კაპიტანი ლინდსეი სრულიად მოულოდნელად დაეტაკა ნისლში გახვეულ კუნძულს და მას თავისი სახელი უწოდა. ალბათ წარმოგიდგენიათ, რაოდენ დიდი იყო მისი იმედგაცრუება, როცა ეს ბუვიეს კუნძული აღმოჩნდა.

კ. ბუვიეს ხელახალი აღმოჩენა დიდი ხნით მივიწყებულ იქნა. მოგვიანებით ინგლისელმა კაპიტანმა ნორისმა კიდევ ერთხელ იპოვა კუნძული და დარწმუნებულმა, რომ სრულად ახალი ტერიტორია აღმოაჩინა, მას ლივერპული უწოდა, იქვე ახლოს კი მეორე კუნძულიც ნახა და მას ტომპსონიო დაარქვა.

ვულკანური კუნძულები გეოგრაფებს და ზოგიერთი ქვეყნის მთავრობებს ბევრ უსიამოვნო მოულოდნელობას სთავაზობს. როგორც წესი, ისინი მალევე უჩინარდება და რამდენიმე ხნის შემდეგ ხელახლა ჩნდება. ზღვაოსნები და მოგზაურები აღმოაჩენენ ხოლმე ვულკანურ კუნძულებს, მათ რუკაზე აღნიშნავენ, კუნძულის ტერიტორიაზე საკუთარი ქვეყნის დროშას აღმართავენ, ერთი წლის შემდეგ კი კუნძულები ისე ქრებიან, თითქოს არც არასდროს ეარსებათ. ამის გამო ზოგჯერ საერთაშორისო კონფლიქტებიც კი ხდება. მაგალითად, 1831 წლის 13 ივლისს ხმელთაშუა ზღვაში, კ. სიცილიასა და აფრიკის ნაპირებს შორის, უეცრად ახალი მიწა გაჩნდა, რომელსაც კ. იულია უწოდეს. სავსებით ლოგიკურია, რომ ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო „ახალდაბადებული” კუნძული მაშინვე იქცა დიპლომატიური კონფლიქტის მიზეზად იტალიასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის. ორივე ქვეყანას ის თავის საკუთრებად მიაჩნდა. მაგრამ სანამ ისინი ერთმანეთთან ურთიერთობას არკვევდნენ, კუნძული გაუჩინარდა. საინტერესოა, რომ მას შემდეგ იგი არაერთხელ გამოჩნდა და გაქრა და ყოველ გამოჩენაზე ახალ-ახალ სახელწოდებას იღებდა.

1935 წელს კურიოზული შემთხვევა მოხდა: ერთ-ერთმა იაპონურმა კომპანიამ ამერიკულ ტრესტს მიწა მიჰყიდა, რომელიც იაპონიის საკუთრებაში, კაროლინას არქიპელაგში, შემავალ რამდენიმე კუნძულზე მდებარეობდა. ამერიკელებს ამ ტერიტორიაზე ტროპიკული კულტურების პლანტაციების გაშენება სურდათ. მაგრამ როდესაც ამერიკელთა მცენარის თესლებითა და ნერგებით დატვირთული გემი დანიშნულების ადგილს მიადგა, იქ კუნძულები ვეღარ ნახა. აღმოჩნდა, რომ დოკუმენტების გაფორმებისას ისინი ოკეანეს შთაენთქა.

1957 წლის 28 სექტემბერს პორტუგალიის საკუთრების, აზორის კუნძულების სიახლოვეს წყალქვეშა მიწისძვრის შედეგად კიდევ ერთი ახალი კუნძული წარმოიქმნა, რომელმაც სულ რაღაც ერთი თვე იარსება. ალბათ იგივე ბედი ეწევათ 1963 წელს ისლანდიის მახლობლად გაჩენილ კ. სურსეის და 1986 წელს იაპონიის ნაპირებთან წარმოქმნილ ფუკუტა-კუილობას. 1992 წლის ივლისში ახალი კუნძული გაჩნდა ალეუტის არქიპელაგში, რომლის სიგრძე 1.5 კმ-ია, ხოლო სიმაღლე ზ.დ. 100 მ.

ასეთი კუნძულები ზოგჯერ ლიტერატურულ ნაწარმოებებშიც აისახება. მაგალითად, რომანში „ბიძია ანტიფერის საოცარი მოგზაურობა” ცნობილმა მწერალმა ჟიულ ვერნმა დიდი ოსტატობით აღწერა ვულკანური კუნძულების მოძრაობა. რომან „საიდუმლო კუნძულში” კი ასევე შთამბეჭდავადაა აღწერილი აბრაამ ლინკოლნის კუნძულის გაქრობა. მის პროტოტიპად იქვა კ. კრაკატაუ, რომლის დიდი ნაწილი 1883 წლის ვულკანურ ამოფრქვევას შეეწირა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი