შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

რას უნდა აძლევდეს საბავშვო ბაღი ბავშვს

რამდენიმე კვირის წინ ორი პატარა გოგონას, საბავშვო ბაღის ორი აღსაზრდელის, მშობლების საინტერესო დიალოგის მოწმე გავხდი.

„იცი, ჩემმა ნინიმ უკვე წერაც იცის, კითხვაც და ასამდე თვლაც“, – თავმომწონედ განუცხადა მეგობარს 6 წლის ნინის დედამ, რომელსაც სექტემბერში სკოლაში შეჰყავს შვილი და დარწმუნებულია, რომ გოგონას სწავლა აღარ გაუჭირდება.

„მართლა? შენ ასწავლე?!“ – გაოცება ვერ დამალა პატარა თამუნას დედამ და, ცოტა არ იყოს, დაირცხვინა, რადგან მისმა გოგონამ არც წერა იცოდა, არც კითხვა, თვლით კი მხოლოდ ათამდე ითვლიდა, თუმცა სექტემბერში ისიც მიდიოდა სკოლაში.

ნინის დედამ უპასუხა, რომ მისმა შვილმა ეს ყველაფერი საბავშვო ბაღში ისწავლა. თამუნას დედას უკმაყოფილების გრძნობა დაეუფლა იმ საბავშვო ბაღის მიმართ, სადაც თავად დაჰყავდა შვილი და გულისტკივილით შენიშნა, რომ იქ ბავშვები თამაშის მეტს არაფერს აკეთებდნენ.

ნუთუ მართლა ასეთი მნიშვნელოვანია, ბავშვმა სკოლაში მისვლამდე იცოდეს წერა-კითხვა და ასამდე თვლა? ნუთუ მართლა საამაყოდ აქვთ საქმე იმ საბავშვო ბაღების თანამშრომლებს, სადაც ამას ასწავლიან და იმსახურებენ თუ არა საყვედურს ის საბავშვო ბაღები, სადაც პატარებს მხოლოდ ათამაშებენ?

მაინც რას უნდა აძლევდეს საბავშვო ბაღი ბავშვს?

უკანასკნელ წლებში საბავშვო ბაღიდან სკოლაში მისული ბავშვების უმრავლესობა კითხვაზე: „რას აკეთებდი ბაღში“? – დაუფიქრებლად პასუხობს: „ვსწავლობდი: წერას, კითხვას, თვლას…“ მეორე კითხვაზე: „თუ იცი, რა უნდა გააკეთო სკოლაში?“ – კი დაბნეულები იჩეჩავენ მხრებს და პასუხის გაცემა უჭირთ.

ფსიქოლოგიურ მეცნიერებაში დიდი ხანია დადგენილია, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის ქცევის წამყვანი ფორმა თამაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ის სწორედ თამაშის პროცესში ვითარდება. სკოლამდელ ასაკში თამაშის სწავლით ჩანაცვლებამ მომავალში შესაძლოა არაერთი პრობლემა წარმოშვას. უმჯობესია, ხსენებულ პერიოდში იმ უნარების განვითარებაზე ვიზრუნოთ, რომლებიც პატარას სკოლაში სწავლის დროს გამოადგება. ასეთი უნარი კი არც ისე ცოტაა:

◦ საგნების შედარების, მათ შორის მსგავსება-განსხვავების დანახვის უნარი;

◦ ცალკეული ნიშნების (ფერის, ფორმის, ზომის) მიხედვით ფიგურების დაჯგუფების უნარი;

◦ 5-6 მარტივი შთაბეჭდილების დამახსოვრებისა და აღდგენის უნარი;

◦ ელემენტარული მათემატიკური ცნებების: დიდი, პატარა, ტოლი, გაზრდა, შემცირება, გათანაბრება, – ადეკვატური გამოყენების უნარი;

◦ სივრცესა და დროში ორიენტაციის უნარი; სიტყვების: ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ, გუშინ, დღეს, ხვალ, – სწორად, აზრიანად, კონტექსტის შესაბამისად გამოყენების უნარი;

◦ მარტივი ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედების უნარი;

◦ მოსმენის უნარი;

◦ თანატოლებსა და უფროსებთან ურთიერთობის უნარი.

აღნიშნული უნარები სკოლამდელ პერიოდში თამაშის პროცესში უნდა ვითარდებოდეს, ვინაიდან თამაში ამ ასაკის ბავშვის უსაყვარლესი საქმიანობაა. თამაშის დროს ის ბევრ ისეთ რამეს აკეთებს, რასაც სხვა შემთხვევაში არ გააკეთებდა. ბავშვი ძალზე სერიოზულად ეკიდება დაკისრებულ როლს, ისე ზედმიწევნით იცავს თამაშის წესებს, რომ ხშირად ვერც კი იცნობთ. მაგალითად, ცელქი და მოუსვენარი გიო, რომელსაც წუთითაც ვერ აჩერებდნენ, ათი წუთის განმავლობაში გაუნძრევლად იდგა, რადგან სწორედ ამას მოითხოვდა მისგან გუშაგის როლი, რომელიც თამაშის დროს დააკისრეს.

თუ თამაშს, ბავშვის საყვარელ საქმიანობას, სწავლით ჩავანაცვლებთ, შესაძლოა, ჩვენდა უნებურად სწავლის მიმართ ბავშვის უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას შევუწყოთ ხელი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სკოლამდელი ასაკის პატარას მხოლოდ რამდენიმე მარტივი შთაბეჭდილების დამახსოვრება შეუძლია, ვინაიდან მისი მეხსიერება მეტს ვერ იტევს. თუ მისთვის ზომაზე მეტი ინფორმაციის მიწოდებას ვეცდებით, თანაც – მეცადინეობის ფორმით, დიდია ალბათობა, ბავშვის შფოთვის დონემ აიწიოს და მან სკოლაში სწავლის სურვილი დაკარგოს.

წერა-კითხვისა და ანგარიშის წინასწარ, სკოლაში მისვლამდე სწავლება კიდევ ერთი საფრთხის წინაშე გვაყენებს – შესაძლოა, წერა-კითხვის მცოდნე ბავშვმა აღარ მოისურვოს იმ გაკვეთილზე ყოფნა, სადაც მისი თანაკლასელები ცალკეულ ასოებს სწავლობენ და მარცვლებიც კითხვაც კი უჭრთ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ სკოლისთვის მომზადების პროცესში თავს შევიკავებთ წერა-კითხვისა და ანგარიშის სწავლებისგან, არ დავტვირთავთ ბავშვის გონებას ზედმეტი ინფორმაციით, ნაცვლად ამისა, ვიზრუნებთ იმ უნარ-ჩვევების განვითარებაზე, რომლებიც მას სკოლაში სწავლის დროს გამოადგება და მის აკადემიურ წარმატებას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი