ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

  ისტორიის შავ-თეთრი გაკვეთილები

ცოტა ხნის წინ ნიქოზში, საზღვრისპირა სოფელში მოვხვდი. ნიქოზი ერთ-ერთი იმ სოფელთაგანია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიბომბა. შემდეგ ადამიანებმა საცხოვრებლები  დატოვეს და  მშვიდობიან ადგილებს შეაფარეს თავი. როდესაც მდგომარეობა ოდნავ დაწყნარდა,  მოსახლეობის ნაწილი საკუთარ სახლებში დაბრუნდა, ზოგიერთმა თავი შეიკავა დაბრუნებისგან. სოფელში დარჩნენ მოხუცები, რომელთაც დიდი დარწმუნება დასჭირდათ, სამშვიდობოს  შეეფარებინათ თავი. მოგვიანებით, საზღვართან გამყოფი ზოლი გაივლო, სადაც ახლა რუსი ჯარისკაცები  დგანან და ყოველდღიურად შემოვლას ახორციელებენ.

 

სოფლის შესასვლელთან, საგუშაგო პუნქტთან პირადობის მოწმობებს დღესაც გვთხოვენ. შემდეგ  რამდენიმე წუთი გვაჩერებენ და სადღაც-სადღაც რეკავენ, ინფორმაციას აზუსტებენ, სოფელში ჩასვლის მიზეზს გვეკითხებიან. შემდეგ ერთი საპატრულო ეკიპაჟი მოგვყვება და იმ სახლამდე გვაცილებს, სადაც სტუმრად მივდივართ. მართალია, დაცულად ვგრძნობთ თავს, მაგრამ არც ისე კომფორტულად.

 

საუკეთესო კადრების მოსაძებნად ისეთი ადგილი ავარჩიეთ, საიდანაც კარგად ჩანდა ქალაქი ცხინვალი  და მისი წითელსახურავიანი საცხოვრებელი კორპუსები. ცხინვალი  სოფლიდან  თითქმის ხელის გაწვდენაზეა. ჩემი რესპონდენტი იხსენებდა ბავშვობის იმ პერიოდს, როცა  ბაბუას საქონლის ბაზრობაზე დაჰყავდა და ეს ძალიან ხშირად ხდებოდა. ოჯახის კიდევ ერთი წევრი მათვალიერებინებს  ცხინვალში გადაღებულ შავ-თეთრ ფოტოებს, სადაც მისი და მისი მეუღლის ახალგაზრდობაა აღბეჭდილი. ისინი იქ შეხვდნენ ერთმანეთს და დაქორწინდნენ. ღიმილით იხსენებენ სტუდენტობის წლებს ამ ქალაქში, სადაც სულ სხვანაირად  ლაღები და  ბედნიერები იყვნენ. იხსენებენ მეგობრების სახელებს, ნაცნობ ადგილებს, ქუჩებს და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ცოტა ხნით იქ გადაცხოვრდნენ.

 

ფოტოებზე იყო უცხო ქალაქი, რომელიც ჩემს თაობას არ უნახავს და სხვა თაობებისთვისაც ისეთივე შორეული იქნება, როგორც ჩვენთვის წარწერები ძველ, შავ-თეთრ ფოტოებზე: “სოხუმი 1986”, “ბიჭვინთა”, “გაგრა”  და ა.შ., შესაბამისი თარიღებით,  საიდანაც საყვარელი და ახლობელი ადამიანები შემოგვცქერიან. ადგილები კი ჩვენთვის უცხოა და შორეული. გვახსოვს, მხოლოდ ამ ადგილებთან დაკავშირებული ლეგენდები, რომ იქ არის ძალიან კარგი სანაპირო, რომ იქაურ ქვიშაზე მოხარშულ ყავას ყველაზე გემრიელი გემო აქვს დედამიწის ზურგზე და ბევრი ასეთი ამბავი.

 

ისტორია მოვლენებისა და თარიღების მეცნიერებაა, რომელსაც ან კარგად იმახსოვრებენ,  ან კიდევ უჭირთ სიღრმისეული ანალიზი და უცებ ივიწყებენ. როგორც წესი, ისტორიის მიმართ დიდ ინტერესს არავინ იჩენს. ზოგჯერ კიდევ გვეზარება ისტორიის  უკიდეგანო კატაკომბებში სიარული, ფაქტების გადამოწმება, თარიღებთან კირკიტი. არც ისე ხშირად, თავად აღმოვაჩენთ გაყალბებულ  ამბავს და  თავად ვხვდებით, სად რა შეცდომა დავუშვით, ან სად მოგვატყუეს და სრულიად გაყალბებული რეალობა შემოგვაჩეჩეს ხელში და ეს არც ისე იშვიათად ხდება.

 

სკოლაში ისტორიის გაკვეთილი, ნამდვილად არ ყოფილა ჩემი საყვარელი გაკვეთილი. მეტიც, ზოგჯერ სრულიად არასაინტერესო საგნად მეჩვენებოდა და მოვალეობის მოხდის მიზნით ვსწავლობდი. მეც, სხვა ბავშვების მსგავსად, ვიზეპირებდი თარიღებს და ამაზე ყველაზე დიდ დროს ვხარჯავდი. მაშინაც მქონდა იმის შეგრძნება, რომ რაღაც არასწორი იყო ასეთ სწავლებაში, თარიღების გაზეპირებაში, მოვლენების ზედაპირულ აღქმაში.

 

ახლა, როდესაც ამ წლებს ვიხსენებ, ვხვდები, რა გვაკლდა, რომ ამ საგნით ნამდვილად დავინტერესებულიყავით. გვაკლდა ცოტაოდენი თავისუფლება, რომელიც საშუალებას მოგვცემდა თავისუფალი ინტერპრეტაციით გვესწავლა ეს საგანი, გვემსჯელა იმ მოვლენებზე, რომლის მომსწრენიც ვიყავით და არა გვერდიდან, განყენებულად გვემსჯელა ისტორიულ ფაქტებზე.  რა თქმა უნდა, ესეც შეიძლება, თუმცა ყველაზე მეტად საინტერესო და მნიშნელოვანი იმ ეპოქის გააზრება მგონია, რომლის ეპიცენტრში თავად ვართ, როდესაც შეგვიძლია  ჩვენ თვითონ დავარქვათ მოვლენებს თავისი სახელი და ის ისტორიული გარემო აღვიქვათ, რომელიც ჩვენ ირგვლივაა. ალბათ, სწორედ ეს უნდა იყოს ყველანაირი სწავლების მიზანი.

 

სოფელი გვიან საღამოს დავტოვეთ. გზად  გვხვდებოდა ჭერახდილი და კედლებჩამონგრეული სახლები; სტადიონი, სადაც ყველაფერს მაღალი ბალახი მოსდებოდა; გაუდაბურებული მატარებლის გაჩერება და ლიანდაგი, რომელიც ბუჩქებით გადაბარდნილიყო, რომლის ერთ-ერთი მორიგი გაჩერება, სადღაც ხუთას მეტრში, ქალაქი ცხინვალი იყო.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი