ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

სიცოცხლესა და სიყვარულზე

თამუნა რომ დამშორდა, ვიწექი და საათს ვუყურებდიო, – მიყვებოდა რამდენიმე წლის წინ ჩემი მეგობარი. სამყარო კოსმიურ მტვერს აფრქვევდა და იქიდან პატარა უფლისწულები ჩნდებოდნენ, გიგანტურ მოლეკულურ ღრუბლებში ვარსკვლავები ფორმირდებოდა, სპირალური გალაქტიკები ელვის უსწრაფესად ბრუნავდნენ და, რა თქმა უნდა, მზიდან მესამე პლანეტაზე იყო მუდმივი მოძრაობა. ბუნებრივია, დედამიწა იმ წელსაც მშვენიერი იქნებოდა, ლურჯ ოკეანეებში ჩაფლული ჭრელი კონტინენტებით და  გონიერი არსებებით, რომლებიც ყოველ წამს ათას რამეს იგონებენ და ყოველი გამონაგონი დიდი გამოგონება ჰგონიათ. დიახ, ის აუცილებლად მშვენიერი იქნებოდა. ჩემი მეგობარი კი იწვა და თვეობით საათს შეჰყურებდა.

ეს ამხელა მასა, ეს ამხელა მატერია, ეს ენერგია არსებობდა, ჩემი მეგობარი კი – გვერდით ჩავლილივით, სხვათა შორის. მაშინ ვუთხარი, კედლებზე გავდიოდი-მეთქი. მე და ლევანი რომ დავშორდით, ასე, ავდექი და კედლებზე სიარული დავიწყე-მეთქი.

მძაფრად მახსოვს: ზაფხული იყო, აგვისტო. ცხელი, ცხელი, თბილისური. მე ჩემი პატარა ოთახის კარ-ფანჯარას დავგმანავდი, კორპუსებს გაღებული ფანჯრები ჩემს ცხოვრებაში რომ არ ჩაეყოთ, ქუჩებიც რომ არ შემოჰყოლოდნენ, ხეები – მით უმეტეს. ხეები სიცოცხლეა, მე კი ის ისედაც  მქონდა, ჩემიც და  ბევრი. მეჩვენებოდა, რომ მქონდა ძალიან ბევრი ხანგრძლივი სიცოცხლე და არც ერთი სიკვდილი, ეს კი მარადიულ ტანჯვას ნიშნავდა. სიცოცხლის და მოძრაობის განცდა ასეთი მტკივნეული არასდროს ყოფილა.

ის კი იწვა და უყურებდა დროს საკუთარი თავის გარეშე. დრო უჩვენოდ ხომ სიკვდილია, არარსებობა. ჩვენი სიცოცხლის დასტური, ჩვენივე მფეთქავი ორგანიზმების გარდა, ჩვენ მიერ განცდილი წარსულია. ის, რაც მოხდა ჩვენს დაბადებამდე ათეულობით, ასეულობით თუ მილიონობით წლის წინ, უჩვენოდ არ არსებობს, კვლავაც ხდება ჩვენს გონებაში და  არა ჩვენგან დამოუკიდებლად. ჩემს საბრალო მეგობარში კი დრო აღარ წარმოიქმნებოდა, არც წარსულად, არც აწმყოდ. ეს იყო დიდი, საშინელი გადაწყვეტილება – იყო მკვდარი.

ასე რომ, მე თამამად შემიძლია, ვკითხო ჩემს მეგობარს, როგორია, იყო მკვდარი.

მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ. მე აღარავის დავშორებივარ – კედლებზე გავლას მოვერიდე. ჩემი მეგობარი გაცოცხლდა და თამუნას შეურიგდა. უფრო სწორად, თამუნა შეურიგდა და ჩემი მეგობარი გაცოცხლდა. მე კი ვფიქრობ ხოლმე, რატომ არასდროს წერენ ასეთ ამბებზე. მხოლოდ მწერლის სტატუსს ამოფარებულები თუ გაბედავენ. მოთხრობა უნდა ერქვას, რომანი ან ლექსი, სხვანაირად არ გამოვა. მე მაინც მგონია, ჩვენ გვაინტერესებს ერთმანეთის ასეთი ამბები, თუნდაც იმ ამბავში კედლებზე მოსიარულე ალქაჯად გამოიყურებოდე, რომელსაც შეუძლია, კანიც გაიძროს კივილით, ტანჯვით, მეორე წამს კი მისი კანის უჯრედებმა რეგენერაცია განიცადონ.

ჩვენ გვაინტერესებს ერთმანეთის ტრაგედიები, რადგან ვიცით, ოდესღაც ასეთი რამ თავადაც გადაგვხდენია. ჩვენც ვყოფილვართ უბედურები, ხანდახან – ერთნაირადაც კი, და ეს საერთოდ არ გვიხარია. უბრალოდ, ძალიან მარტოებიც აღარ ვართ. თანაც ეს არც ისე უხერხულია. ჩვენი მცდელობები, შეგვეყვარებინა ჩვენი მარტოობა და ჩვენი მარტო თავები ხომ ხშირად კრახით სრულდება. არ გამოდის, ვერაფერს იზამ.

როგორია, მარტო იყო მაშინ, როცა ზაფხულია, გარშემო კი, მაგალითად, მზესუმზირას აკნატუნებენ, გვერდით მხიარულად აგივლ-ჩაგივლიან, სავარაუდოდ, სიცილ-კისკისით. მანქანები ასიგნალებენ ან ზღვა ხმაურობს. იქნებ სულაც ორივე ერთად. ან როგორია, შენს თავს ამ დროს შორიდან უყურებდე, სკამზე მჯდომს, საკუთარ ოთახში ან პლაჟზე ქოლგის ქვეშ მწოლარეს. როგორია, ყველაფერი მოძრაობდეს შენ გარდა, შენ კი იმაზეც არ ფიქრობდე, როგორია, ყველაფერი მოძრაობდეს შენ გარდა. მხოლოდ უყურებდე შორიდან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი