პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ფასეულობა არგუმენტებში

არანივთიერი ფასეულობა კარგის პრიმიტივზე დაფუძნებული მისაღები უნივერსალიაა, რომელიც ემიჯნება ცუდსა და მიუღებელს. ამდენად, მისი გამოყენება ვერბალური კომუნიკაციის ნებისმიერ სფეროში ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. ცხადია, ასევეა არგუმენტირების დროს.   არგუმენტებში სწორედ ფასეულობები განსაზღვრავს ამა თუ იმ კონსტრუქციასა თუ პიროვნულ პასუხისმგებლობას.

                 როდის ვიყენებთ ფასეულობებს არგუმენტებში?

მიჩნეულია, რომ ფასეულობას ჩვენს არგუმენტებში ვიყენებთ შეფასების, შედარების,  რაიმეს საზიანოობის დამტკიცების, ამა თუ იმ განაცხადის/წინადადების უპირატესობის დასაბუთების, ასევე რაიმე აზრის ნაკლოვანების არგუმენტირების დროს  (Kellermann, 1990). თითოეულ მათგანს სათითაოდ დავახასიათებთ.

  • შეფასების დროს ვამბობთ, რომ X არის კარგი/ცუდი, მართალი/მცდარი, მნიშვნელოვანი/უმნიშვნელო, დამხმარე/საზიანო…

მაგ.:    (1) საჯაროდ დასჯა დაუშვებელია;

                     (2) სიხარბე ამორალურია.

  • შედარებისას X უმჯობესია/უკეთესია Y-ზე .

მაგ.:  (3) ბედნიერება ფულზე მნიშვნელოვანია.

(4) ბავშვის ინტერესი გადასწონის მშობლებისას.

(5) დამნაშავის გათავისუფლბა სჯობს უდანაშაულოს დაპატიმრებას.

  • რაიმეს საზიანოობის დატკიცებისას X არის ცუდი, საშიში, სარისკო.

მაგ.:    (6) სიგარეტი სარისკოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

(7) იარაღის ქონა სახლში საშიშია.

  • ამა თუ იმ აზრის/განაცხადის/წინადადების უპირატესობის დასაბუთებისას:

X  არის კარგი/სასარგებლო/გამოსადეგი.

მაგ.:  (8) ჯანმრთელობას მოწევის შეწყვეტა გაგიუმჯობესებთ.

(9) თვითმყოფადობის შენარჩუნებას პიროვნული სიძლიერე განაპირობებს.

მსგავს შემთხვევაში განაცხადი/წინადადება უშვებს ან იწვევს სასარგებლო შედეგებს.

 

  • რაიმე აზრის ნაკლოვანების დასაბუთებისას: ამგვარი აზრები/ქმედებები საშიშია/საზიანოა/სარისკოა/მავნებელია…

მაგ.: (10) ყირიმის ანექსია შელახავს რუსეთის რეპუტაციას დასავლურ სამყაროში.

ამგვარ შემთხვევაში განაცხადი/წინადადება უშვებს ან იწვევს უარყოფით შედეგებს.

როგორ გამოვიყენოთ ფასეულობა არგუმენტებში?

ფასეულობა ჩვენი არგუმენტის უმთავრეს არსად უნდა ვაქციოთ. თუმცა რამდენადაც ფასეულობა, ზოგიერთი თვალსაზრისით, ცვალებად ფენომენად მიიჩნევა, ერთმანეთისგან განარჩევენ ზოგად და კონკრეტულ ფასეულობას. უნივერსალური (ზოგადი) ფასეულობები ნებისმიერი ტიპის აუდიტორიის წინაშე ეფექტურია და ასეთი ტიპის მაგალითებად სამართლიანობა, სათნოება, სიკეთე, სილამაზე…– სახელდება.

მაგ.: (11) ადამიანის სიკვდილით დასჯა გაუმართლებელია.

(12) აბორტი უკიდურესი ბოროტებაა.

         (13) „მშვენიერებას უნდა დარჩეს მემკვიდრეობა, რომ სილამაზემ იფერადოს ვარდის კონებად“ (შექსპ.).

კონკრეტული ფასეულობები მხოლოდ განსაკუთრებულ აუდიტორიას მიემართება. მაგ.:  დაუსრულებელი მკურნალობის შემთხვევაში დიდია ალბათობა, ჩამოყალიბდეს ტუბერკულოზის რეზისტენტული (წამლებისადმი გამძლე) ფორმა და, რაც კიდევ უფრო საშიშია,  ასეთმა ავადმყოფმა ირგვლივ მყოფებიც რეზისტენტული შტამით დაასნებოვნოს.

მაგ. პოლიტიკურ დისკურსში, ფილოსოფიასა, რელიგიასა თუ პედაგოგიკაში  ადრესატის სპეციფიკიდან გამომდინარე, აქცენტი, უმეტეს შემთხვევაში, უნივერსალურ ფასეულობებზე გაკეთდება. ფასეულობა მაქსიმალურად ფართო მასებისთვის გასაგები უნდა იყოს და ამასთანავე, მას დამარწმუნებელი ეფექტი უნდა ჰქონდეს (შაროდო 2005).

მაგ.: აბორტი დაუშვებელია, რადგან იგი ადამიანის სიცოცხლეს სპობს.

ადამიანის სიცოცხლე  ამ შემთხვევაში ბირთვია, საფუძველია, რომელიც  ძირითად ნეგატიურ მოტივს –  მკვლელობას უპირისპირდება. ბირთვის დაკავშირება სიცოცხლის ხელყოფასთან არის იმპლიციტური, არაპირდაპირი, ბუნდოვანი მინიშნება იმისა, რომ ადამიანის მკვლელობა საშინელებაა.

უცხოელი ექსპერტები გვირჩევენ, რომ არგუმენტებზე ვარჯიშისას ვიფიქროთ ფასეულობის შესახებ. მათში ერთ მათგანს მაინც ვიპოვით, უფრო ხშირად კი – რამდენიმეს, რომლებიც ზოგჯერ შეფარულად ჩანან.  ჩვენი პირველი ამოცანა სწორედ ცალკეულ არგუმენტებზე მუშაობა და მათში ღირებულებების აღმოჩენა/დაფიქსირება უნდა გახდეს.

არგუმენტში ფასეულობის მიგნების შემდეგ იგი უნდა დავუკავშიროთ მისი განსაზღვრის კრიტერიუმს, ასევე: მართებულობას (რელევანტურობას), მნიშვნელოვნებასა და  თანმიმდევრულობას. ესენი კი, თავის მხრით,  ეფექტური არგუმენტის შექმნისა და არგუმენტირებული მსჯელობის  საფუძველს წარმოადგენენ.

goddddua

 

დასაბუთების ნაწილში წარმოდგენილია სამი არგუმენტი, რომელთაგან პირველი – ნატო  ყველაზე პროგრესული, ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი, ქმედითუნარიანი ალიანსია – კონკრეტული ფასეულობების შემცველი არგუმენტია. ფასეულობათა მარკერებია: როგრესული, ეკონომიკურად ძლიერი,მედითუნარიანი.  შესაბამისად, ბირთვია: განვითარება, ასევე: ეკონომიკური გაძლიერება და ქმედითუნარიანობა. იმპლიციტური აზრია: *თუ  მასში გავწევრიანდებით, განვვითარდებით, ეკონომიკურად გავძლიერდებით, რადგან ნატო ქმედითუნარია და თავისი მოქმედებებით ამაში ხელს შეგვიწყობს. მეორე არგუმენტში – ნატოში გაწევრიანებით ავიცილებთ საფრთხეებს – უნივერსალური ფასეულობებია: ზრუნვა, თანადგომა,  დახმარება, დაცვა, სახელმწიფო.  მესამე არგუმენტში – არ შეგველახება სუვერენტეტი – ამ ყოველივეს ემატება დამოუკიდებლობა. მესამე არგუმენტის ბირთვია სუვერენიტეტი, ხოლო იმპლიციტური აზრია: *ნატო დაგვეხმარება და დაგვიცავს საფრთხეებისგან, როგორიცაა ანექსია და ოკუპაცია, (შეჯამება –)ამდენად, შევქმნით ნორმალურ სახელმწიფოს ნორმალური მმართველობით და ეკონომიკით.

ფასეულობა არგუმენტის გული და, ამავე დროს, სამკაულია, რომლის სიმარტივე თავადაც ღირებულების მქონეა. ამდენად, დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა ფასეულობაზე დავაფუძნებთ  ჩვენს არგუმენტებს და როგორ მივაწვდით მათ მსმენელსა თუ მკითხველს.

                   გამოყენებული ლიტერატურა და ელ-რესურსები:

  1. ადეიშვილი, ქ., არგუმენტაცია პოლიტიკურ დისკურსში (შეპირისპირებითი ანალიზი. ფრანგული და ქართული ენების მასალაზე). PhD thesis, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,
  2. Kellermann, Kathy, Values in Arguments, Human Communication research, September 1990, Volume 17, Issue 1, Pages 3–18
  3. https://www.kkcomcon.com/doc/KValues.pdf

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი