როგორ ავათვისებინოთ მოსწავლეს ისტორიული ტერმინოლოგია

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევა ისტორიის  მასწავლებლებისაგან  სწავლების მრავალფეროვან მიდგომებს მოითხოვს, რათა საგნის შესწავლისას მოსწავლეებს ეფექტურად ავათვისებინოთ მნიშვნელოვანი ცნებები,  განვუვითაროთ უნარ-ჩვევები და უკეთ მოვამზადოთ სტანდარტის მოთხოვნების შესასრულებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, საბაზისო ცნებების ცოდნის გარეშე, ისინი უბრალოდ ვერ შეძლებენ ისტორიულად აზროვნებას:  ეპოქის აღქმას, მოვლენებს შორის  მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენას და ანალიზს, შეფასებას, საკუთარი მოსაზრების დასაბუთებას, რთული სოციალური, კულტურული და პოლიტიკური მოვლენების შესახებ პოზიციების ჩამოყალიბებას, დამოუკიდებელ ისტორიულ კვლევას და ნასწავლის სხვადასხვა კონტექსტთან მისადაგებას, დაკარგავენ საგნისადმი ინტერესს და გაკვეთილზე აქტიურობის სურვილს. ამიტომ გაკვეთილზე ცნებებისა და ტერმინების ათვისებაზე მიმართული პრაქტიკული სავარჯიშოების გამოყენება პედაგოგის მნიშვნელოვანი საქმიანობაა.

ცნებებისა და ტერმინების ათვისება მოსწავლისთვის არც ისე მარტივი საქმეა. ის   მასწავლებლისგან მთელი რიგი პრობლემების გადაჭრას გულისხმობს, როგორიცაა:

  • კონკრეტული პრობლემატიკის გამოყოფა ტერმინოლოგიის სწავლებაში, ანუ    რა სახისაა ის ცნებები, რომლებიც შეისწავლება ისტორიაში.  (მაგალითად, 5-6-7 კლასის მოსწავლეებს   ხვდებათ ისეთი ტერმინები, როგორიცაა: საზოგადოება, რეგიონი, სახელმწიფო, მოქალაქე და ა.შ. მოსწავლე იძულებულია გამოიყენოს ეს ტერმინები ისე, რომ ხშირად არც კი ესმის მათი მნიშვნელობა);
  • რა სირთულით და სიხშირითაა წარმოდგენილი ტერმინები სახელმძღვანელოებში. (მაგალითად, ბევრი ტერმინი შედარებით იშვიათად გამოიყენება, უფრო ხშირად მოსწავლეებს ისინი ხვდებათ სწავლის ზედა საფეხურზე, სადაც მათი კონტექსტუალური ბაზაც მეტია, ამიტომ საწყის ეტაპზე  მოსწავლეებს  მათი დამახსოვრება უჭირთ);
  • რა მეთოდები გამოიყენება ცნებების ათვისებისთვის. როგორ უნდა გავამდიდროთ მოსწავლის ცოდნის დონე. რას შეცვლის ისტორიული ტერმინებისა და ცნებების ზუსტად ცოდნა მოსწავლის საქმიანობაში;
  • მიზეზი, რის გამოც ტერმინოლოგიის დაუფლების დონე დაბალია – გაუგებარია? ზედმეტად რთულია? არ არის განმარტებული სახელმძღვანელოში?
  • მოსწავლეთა სპეციალური საგნობრივი ტერმინების მწირი მარაგი;
  • ტერმინები, რომელიც პირველი სამი წლის განმავლობაში ისწავლა მოსწავლემ, ხშირად სწრაფად ავიწყდებათ ტერმინების ზედაპირული წვდომის, ნაკლები მოტივაციის, არამეცნიერული საფუძველის გამო და საჭიროა მათი მნიშვნელობის პერიოდული  განმარტება და სხვ.

ისტორიული ცნებებისა და ტერმინების შესწავლისთვის მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლებმა მოვახერხოთ:

  • ცნების შინაარსის ფორმირება შესასწავლი მოვლენის უბრალო აღწერით;
  • ცნების შინაარსის ფორმირება შემადგენელი  დეტალების მიხედვით;
  • ცნებების და ტერმინების კლასიფიცირება;
  • ახალი ტერმინით  გამტკიცება (მაგ., ორი ცნების გაერთიანებით ახალი ცნების დაბადება, რომელიც გაცილებით ზუსტად ასახავს მიმდინარე ისტორიულ მოვლენას);
  • შედარების, ვიზუალიზაციისა და სხვადასხვა ტექნიკის გამოყენება  (ინდივიდუალური  ბარათებით  და ა.შ. მუშაობა);
  • ცნების გამოყენებით წინადადებების (ან პატარა მოთხრობის) შედგენა;
  • სპეციალური „ტერმინოლოგიური“ ტესტების გამოყენება,  რომლის შეკითხვები  დაკავშირებული იქნება ტერმინების გააზრებასთან;
  • ასაკისა და მასალის მოცულობის გათვალისწინება და სხვ.

I – ცნების  შინაარსის  ფორმირება  შესასწავლი მოვლენის უბრალო აღწერით: მაგალითად, სწავლის საბაზო საფეხურზე, VIII კლასის ისტორიის კურსში, ცნების  – „კონფლიქტი“ – შესწავლისთვის მოსწავლეებს შევაკრებინოთ ინფორმაცია სახელმძღვანელოს   კონკრეტული  პარაგრაფების მიხედვით „კონფლიქტის“ თანმხლები მოვლენების შესახებ,  აღვაწერინოთ ისინი (უწესრიგობა, დაძაბულობა, ომი, გაჭირვება, ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური პრობლემები,  ცხოვრების დონის დაქვეითება, დახურული საწარმოები; თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა;  სახლ-კარის დაკარგვა და ა.შ.)   და ისე  გავააზრებინოთ ცნება „კონფლიქტის“ შინაარსი;

ბ)  სწავლების ზედა საფეხურზე (XI-XII კლ.) მსოფლიო ისტორიის კურსის უფრო ფართო შესწავლისას  მოცემულ  ცოდნასთან  ერთად  მოსწავლეს გავამხვილებინოთ ყურადღება კონფლიქტის სხვა არსებით ნიშნებზე: კოფლიქტებისთვის დამახასიათებელ  პერიოდულობაზე, მიზეზ-შედეგობრივ  კავშირებზე, ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორების  გავლენაზე, რეგიონალურ და მსოფლიო მასშტაბებზე, პოსტკონფლიქტურ სიტუაციებზე  და ა.შ.

გ) ასევე შეგვიძლია ავხსნათ ახალი ისტორიული ცნებები  შესაბამისი ისტორიული მოვლენების გადმოცემით, აღწერით და  შემდეგ განვამტკიცოთ ისინი მასალის განხილვისას და განვაზოგადოთ  სხვა ტერმინების მოშველიებით:

მაგალითად,  XIX ს-ის II ნახევარში სხვადასხვა ქვეყნებთან კონფლიქტმა (აშშ, ჰოლანდია, ინგლისი) იაპონია მიიყვანა იზოლაციამდე (ისტორია, VIII კლასი), ანუ  მოსწავლეებმა უკვე იციან, რა არის  ცნება „კონფლიქტის“  შინაარსი, ახალი ცოდნის დამატებისთვის, რომ კონფლიქტები იწვევენ იზოლაციასაც, მოსწავლეს დავავალებთ გაეცნოს კონკრეტული პარაგრაფის (&49) ინფორმაციას, რითაც „კონფლიქტის“  შინაარსი კიდევ უფრო განზოგადდება და იზოლაციის მოვლენის აღწერით კიდევ უფრო გამდიდრდება შინაარსობრივად;

II- ცნების  შინაარსის ფორმირება   შემადგენელი დეტალების მიხედვით: მაგალითად, ცნება „კულტურის“ ფორმირებისთვის შეგვიძლია, მოვიშველიოთ იმ დეტალების ჩამონათვალი, რომელიც ამ ცნებასთან არის დაკავშირებული. კონკრეტულად:

  • სწავლის პირველ საფეხურზე მოსწავლეს ცნება „კულტურის“ შინაარსი ავათვისებინოთ „სამეულზე“ – დამწერლობაზე, მეცნიერებასა და ხელოვნებაზე ორიენტირებული შეკითხვებით;
  • საბაზო საფეხურზე, მაგალითად, VII კლასში ძველი ცივილიზაციების შესწავლისას (მაგ., ძველი საბერძნეთი) ცნების თავდაპირველი, მიახლოებითი მნიშვნელობა გავუმდიდროთ, დავუზუსტოთ, დავუკონკრეტოთ ახალი შინაარსის დამატების გზით, რომ კულტურა ხალხის, ერის, საზოგადოების მიღწევათა ერთობლიობაა  განსაზღვრულ ეპოქაში;
  • საშუალო საფეხურზე, ახალი მასალის და დეტალების გაცნობის შემდეგ,     მოსწავლეს  უკვე  ჩამოუყალიბდება კულტურის ცნების „მეცნიერული“ გააზრება  – „კულტურა ადამიანისა და საზოგადოების  ფორმათა  ერთობლიობაა,  რომელიც  ადამიანის მოღვაწეობის  სხვადასხვა სფეროში ვლინდება“.

III – ცნებებისა და ტერმინების სწავლებისას აქცენტი გავამახვილოთ ცნებების კლასიფიცირებაზე და პრაქტიკული დავალებებიც მის შესაბამისად განვსაზღვროთ.  მაგალითად, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისტორიული ცნებების დაყოფა ხდება შემდეგი ჯგუფების მიხედვით: კერძო ისტორიული ცნებები,  სოციოლოგიური  ცნებები  და  საერთო ისტორიული ცნებები.

  • კერძო ისტორიული ცნებები ასახავენ კონკრეტულ ისტორიულ მოვლენას, რომელიც დამახასიათებელია ისტორიის განსაზღვრული პერიოდისთვის, კონკრეტული ქვეყნისთვის, ამიტომ ისინი შედარებით მარტივად ასახსენლია. მათ განსამარტავად რამდენიმე წუთი ან ერთი გაკვეთილიც საკმარისია. ასეთ ტერმინებს მიეკუთვნებიან, მაგალითად, რომის რესპუბლიკის ისტორიაში: „პატრიცია“, „პლებეი“, „ტრიბუნი“, ცნება „ფარაონი“, „სფინქსი“ – ძველ ეგვიპტეში,  ცნება „ასტროლოგი“, „ალქიმია“, ტურნირი“ – შუა საუკუნეების კულტურაში და სხვ.
  • სოციოლოგიური ცნებები  ასახავენ  საზოგადების კავშირებსა და ისტორიული პროცესების კანონზომიერებას, მაგალითად, ცნება „წარმოებითი ძალები“ –  „საწარმოო ურთიერთობები“ – „კლასი“-„კულტურა“-„სახელმწიფო“ –  ისინი სწავლის საფეხურების მიხედვით ღრმავდებიან, განზოგადდებიან ახალი მასალების საფუძველზე და ისტორიის სასკოლო კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეს მათ შესახებ სრული ცოდნა აქვს;
  • საერთო  ისტორიული ცნებები, რომლებიც ასახავენ მთლიან ისტორიულ მოვლენას ან განსაზღვრავენ  კონკრეტულ  ეკონომიკურ ფორმაციას და ა.შ.  მათი ათვისება მოსწავლეთა მიერ აუცილებელია (მაგალითად, ასეთი ცნებებია: „მონა“, „მონათმფლობელი“, „მონობის წყარო“,  „ფეოდალური კიბე“, „ფეოდი“, „ვასალი“, „სენიორი“, „ბურჟუაზია“, დაქირავებული მუშები“, „მანუფაქტურა“, „ფაბრიკა“,  „ეკონომიკური კრიზისი“ და სხვ.).

ამავე დროს ამ ჯგუფის თითოეული ცნების  ახსნისას  ყურადღება უნდა გავამახვილოთ მოვლენის მთლიანი სურათის აღდგენაზე.

მაგალითად: შუასაუკუნეების ციხესიმაგრის მთლიანი სურათი შეიცავს ტიპურ, ძირითად დამახასიათებელ  დეტალებს:  მაღალ  კედლებს და ქონგურებს,  ასაწევ ხიდს, სათოფურებს და ა.შ.  როცა გადავალთ ტერმინზე „რაინდის ციხე-სიმაგრე“ – მოსწავლე  ასოცირებას შეძლებს მთლიან სურათთან, რადგან უპირველესად წინ წამოიწვეს სურათ-ხატი: „ციხე-სიმაგრე“ და მოსწავლის პასუხში აუცილებლად გაიჟღერებს ასეთი სიტყვები:  „ციხე-სიმაგრე ეწოდება დამცავი ხასიათის ნაგებობას, რომელიც…“

IVახალი  ტერმინით   გამტკიცება:  დავეხმაროთ მოსწავლეს, რომ გაიაზროს და აითვისოს ორი ცნების გაერთიანებით მიღებული ახალი ცნება, რომელიც გაცილებით ზუსტად ასახავს მიმდინარე ისტორიულ მოვლენას. ამისათვის ცნების შესწავლისას ცნებიდან გამოვყოთ მთავარი, არსებითი ნიშანი, ძირითადი მახასიათებელი, განვაზოგადოთ ისინი და ამ მიზნით გამოვიყენოთ სხვადასხვა წყაროები (ტექსტი, ილუსტრაცია…) და შევქმნათ მთლიანი სახე, ანუ მივიღოთ ახალი ცნება, რომელშიც ადრე ნასწავლიც გაერთიანდება.

მაგალითად,  ტერმინი  „მანუფაქტურა“ მოსწავლეს შეგვიძლია ავუხსნათ წარმოებასთან, ხელით შრომასთან და შრომის დანაწილებასთან კავშირში. მაგ., XVI ს.-ის ინგლისის  შესახებ მთლიანი სურათი ჩამოვაყალიბებინოთ შემდეგნაირად: ნელ-ნელა წავიკითხოთ ნარატივი, ხოლო მოსწავლეებმა გააკეთონ პატარა შენიშვნები რვეულებში. ყურადღება გაამახვილონ მუშათა რაოდენობაზე, მათ დანიშნულებაზე, როგორია სახელოსნო – სამანქანო თუ ხელით შრომაზეა დამყარებული? ვინ რა ფუნქციას ასრულებს? ვინაა მეპატრონე? რას საქმიანობს? როგორია ანაზღაურება? მიღებული ცოდნის საფუძველზე კი  მოსწავლე მანუფაქტურის განმარტებას დასკვნის სახით დაწერს.

V – მრავალ დეტალთან ერთად ისტორიული ცნების ფორმირების მეთოდიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასევე ორი მომენტი: შედარებისა  და ვიზუალიზაციის როლი.

შედარება  აზუსტებს ცნებას, იმ ცოდნას, რომელიც უკვე მიიღეს მოსწავლეებმა. ის შეიძლება მოვახდინოთ ნარატივის, ცხრილის, ილუსტრაციის, კროსვორდის, გრაფიკული ნახაზის, სქემის და ა.შ. საფუძველზე: მაგალითად, მანუფაქტურებისა და სახელოსნოს შედარება  წარმოადგენს ერთ-ერთ მიდგომას ახალი მოვლენის არსებითი ნიშნების გამოვლენისთვის, ანუ ახალი ცნების ფორმირების პროცესისთვის (სურ.1).

ვიზუალიზაციის მოშველიებით (უბრალო ცხრილი, ილუსტრაცია, კროსვორდი, გრაფიკული ნახაზი, სქემა..) მოვახდენთ იმ ნიშნების შეკრებას, რასაც ეს ცნება და მოვლენა გულისხმობს: მაგალითად, დიუბუა დე მონპერეს ნახატები XIX ს.-ის დამდეგის ქართული ყოფა-ცხოვრებიდან დაგვეხმარება გლეხის ან წარჩინებულის ცნების შინაარსის წარმოდგენაში, რამდენადაც იგი არსებითად იმ ნიშნებს შეიცავს, რომელიც იმდროინდელი საზოგადოებრივი ურთიერთობებისთვის და ყოფა-ცხოვრებისთვის  იყო დამახასიათებელი, წარმოვიდგენთ სახლ-კარს, ჩაცმულობას, ქონებრივ მდგომარეობას და  ა.შ. (სურ.1.).

f1

სურ.1

VII ისტორიული ცნების ფორმირებისას არ უნდა დაგვავიწყდეს ბარათებთან მუშაობის მეთოდიც (ინდივიდუალური და ჯგუფური), რომლებიც რამდენიმე ვარიანტად შეიძლება შევადგინოთ:

ა) მოსწავლეები მიიღებენ  ბარათებს  თემის დასახელებით, რომლებიც შეიცავენ მთელ რიგ ტერმინებს. მოსწავლეებს შეუძლიათ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად დაწერონ თემები, შეადგინონ პატარა მოთხრობა ან დაწერონ რამდენიმე წინადადება მოცემულ თემაზე; დავალების შესრულების შემდეგ მოსწავლეები შეამოწმებენ თანაკლასელების ნამუშევარს.

ბ) ბარათებზე ჩამოწერილია ტერმინების უბრალო ჩამონათვალი, რომელთა მნიშვნელობაც  მოსწავლეებმა უნდა  ახსნან;

გ) ცალკე დავწეროთ განსაზღვრება შედარებით სუსტი მოსწავლეებისათვის,  რომლის მიხედვით ის  აღნიშნული შინაარსის შემცვლელ ტერმინს დაასახელებს;

დ) ამოვწეროთ რამდენიმე ტერმინი (დაახლ 12-15), რომელთაც მოსწავლეები (ინდივიდუალურად ან ჯგუფურად) დაალაგებენ თემების მიხედვით.

მაგალითად:  მეფე, ხატი, ციხესიმაგრე, შუბი, მოლაშქრე, ლომისობა… და ა.შ. ცნებების ჩამოწერის შემდეგ კი მივცემთ დავალებას: „ამოიწერეთ ტერმინები, რომელიც მიეკუთვნება ფეოდალებს, სასულიერო წოდებას და გლეხობას. ასეთი დავალება შეიძლება წარმოვიდგინოთ „გვირილას“ ფორმით, სადაც შუაში  მოცემულია წოდების დასახელება, მას კი უნდა შევუსაბამოთ „ფურცლები“ (სურ.1);

ე) დავალების  შემდეგი  ვარიანტი  გათვლილია ძლიერ მოსწავლეებზე: ბარათზე დაწერილია ერთ-ერთი ადრე ნასწავლი თემა. მოსწავლემ უნდა გაიხსენოს და  ჩამოწეროს იმ ტერმინების მნიშვნელობა, რომელიც აღნიშნულ  თემას მიეკუთვნება.

აღნიშნული მეთოდები და პრაქტიკული სავარჯიშოები ეხმარება მოსწავლეებს კონკრეტულ ცნებებზე ადექვატური  წარმოდგენის შექმნაში, რომელთა სრულყოფას დროთა განმავლობაში,  შესასწავლი მასალის გაზრდასთან ერთად შეძლებენ. შედეგად კი უკეთესად მოახერხებენ ისტორიულ პროცესებში გარკვევას და ისტორიულ აზროვნებას. ხალისით იმუშავებენ გაკვეთილზე, განუვითარდებათ სხვადასხვა კოგნიტური უნარ-ჩვევები და ამიტომ მსგავსი ტიპის დავალებების გამოყენება პრაქტიკაში სასურველი და ეფექტურია.

 

 

 

კომენტარები

comments