პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ტერმინების ტყვეობაში:  ინკლუზიური საზოგადოება

ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ“, თუმცა არსებობს კიდევ ერთი ბავშვობა, რომელში მონაწილეობის აუცილებლობაც გვაკისრია. მეტიც, ჩვენ რომ არა, ეს ისტორია არც კი დაიწერებოდა.

ერთი ბავშვობის ამბავი მეც დავწერე. ჩემი შვილი უკვე თოთხმეტი წლისაა, შეიძლება ითქვას, მისი ბავშვობის ხანა დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ჯერ მაინც არ ეთმობა „ვარდისფერი სათვალე“ და ჯიუტად ცდილობს აირიდოს გაზრდის ყოველი მცდელობა, გარესამყარო ასე უტიფრად რომ სთავაზობს. არადა, მისი ცხოვრების მემატიანე სასოწარკვეთით, გაუთავებელი ბრძოლით, უძილო ღამეებითა და წყალწყალა იმედებით სავსე ამბების მიღმა ძნელად თუ გაარჩევს წინ გადადგმული ნაბიჯების მკრთალ კვალს, რომელიც ჩემს ბიჭს საკუთარ, გამოტოვებულ ბავშვობაში ამოგზაურებს.

პირადი გამოცდილების გაზიარებაზე არასდროს მითქვამს უარი, რადგან დღემდე მწარედ მახსოვს ინფორმაციულ ვაკუუმში გამეფებული შიშის გემო. სწორედ ამ მიზეზით მოვხვდი, ერთი შეხედვით, „გადარჩენილი“ მშობელი  „მშობელთა საინფორმაციო ცენტრის (PIC)“ ვებგვერდზე, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა მშობლები ერთმანეთს პირად ისტორიებს უყვებოდნენ და გამოცდილებას უზიარებდნენ. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის ორგანიზაციების არსებობა, საზოგადოების სწორად ინფორმირება,  მშობლების კავშირი/გამოცდილების გაცვლა, რათა ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე მშობელმა არ მოითხოვოს მისი შვილის თანაკლასელის ერთით მეტი ქრომოსომის გამო კლასიდან გადაყვანა. რაიონებში საქმე ბევრად რთულადაა. იქ შეზღუდული შესაძლებლობები ნიშნავს სირცხვილს და სახლში გამოკეტვას, რადგან ოჯახს, რომელსაც სპეციალური საჭიროების მქონე პირი ჰყავს, სიკვდილზე მეტად საზოგადოების ზიზღნარევი სიბრალულის ეშინია. თან ჯიუტად სჯერა, რომ განსხვავებულობას მკურნალობა სჭირდება, მაგრამ საჭირო სპეციალისტისთვის ვერ მიუგნია.

დღემდე დისკუსიის თემად რჩება ტერმინები, რომლითაც საზოგადოება განსხვავებული შესაძლებლობების მქონე პირების დეფინიციას ცდილობს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1975 წლის დეკლარაციაში  გამოყენებულია ტერმინი „შეზღუდული შესაძლებლობის (უნარების) მქონე პირი“ შემდეგი განმარტებით:
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი არის ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც არ აქვს უნარი მთლიანად ან ნაწილობრივ უზრუნველყოს თავისი თავი ჩვეულებრივი (ნორმალური) ადამიანური ან სოციალური ცხოვრების საჭიროებებით, გონებრივი ან ფიზიკური შესაძლებლობების თანდაყოლილი ან არათანდაყოლილი დეფექტის შედეგად“.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2007 წლის კონვენციის მიხედვით,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში იგულისხმებიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ გრძელვადიანი ფიზიკური, გონებრივი, ინტელექტუალური ან სენსორული დაზიანება.

„ბავშვთა უფლებების კონვენციაში“ (1989 წ.) გამოყენებულია ტერმინები: „გონებრივად და ფიზიკურად არასრულყოფილი ბავშვი“ და „არასრულფასოვანი ბავშვი“, მაგრამ არ არის მოცემული ზემოაღნიშნულ ტერმინთა განმარტება.

1995  წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ინვალიდთა სოციალური დაცვის შესახებ“, რომელსაც 2001 წელს დაემატა საკანონმდებლო აქტი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“. აგრეთვე ძველი კანონის მთელ ტექსტში ტერმინი „ინვალიდი“ შეიცვალა ფრაზით „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტერმინი „ინკლუზია“ დიდი ხანია სიახლეს აღარ წარმოადგენს. ჩვენი ქვეყანა კი ჯერ პირველ ნაბიჯებს დგამს ინკლუზიურ საზოგადოებად ქცევის გზაზე. ჯანსაღი სოციუმი უნდა უზრუნველყოფდეს განათლებას შეუზღუდავ გარემოში, იმის რწმენას, რომ შეზღუდული უნარების მქონე ინდივიდები თანატოლებთან ერთად ისწავლიან. სასწავლო სტანდარტი განსხვავებულ შესაძლებლობას უნდა ესადაგებოდეს, მოკლედ რომ ვთქვათ, ბავშვი კი არ უნდა ერგებოდეს სისტემას, პირიქით, სისტემა უნდა მოერგოს თითოეული მოზარდის შესაძლებლობასა და საჭიროებებს.  შევეცადოთ, პატარებს ადრეული ასაკიდან განვუვითაროთ სწავლის უნარი, რადგან ინკლუზიის მთავარი მიზანი თითოეული მოსწავლის პოტენციალის გააქტიურებაა.

ინკლუზია საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რომელიც თავის თავში უამრავ რამეს გულისხმობს. ის ადრეულ ასაკში, ბავშვის განვითარების შეფერხების გამოვლენისთანავე იწყება. განვითარების ადრეულ საფეხურზე უფრო ადვილია ინდივიდის სოციალური, ემოციური და შემეცნებითი უნარ-ჩვევების განვითარება. ამიტომ ორმაგად მნიშვნელოვანია განვითარების შეფერხების მქონე ბავშვის ადრეული ინტეგრაცია. გამოკვლევების მიხედვით, უნარშეზღუდულ ბავშვთა სწავლება ყველაზე წარმატებულად ინკლუზიურ სკოლებში მიმდინარეობს და არა დღის ცენტრებში, სადაც პატარებს მხოლოდ სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდებთან უწევთ ურთიერთობა.

ინტეგრირებული განათლება ნაწილობრივ შეზღუდულ გარემოს გულისხმობს, მაგალითად: თუ ბავშვი ინდივიდუალური პროგრამის მიხედვით სწავლობს  და რამდენიმე გაკვეთილს კლასთან ერთად ესწრება, მისი სწავლების ტიპი ინკლუზიურია. მხოლოდ დღის ცენტრში, სპეციალურ ჯგუფში, ინდივიდუალური მიდგომებით სწავლება კი შშმ ბავშვისთვის შეზღუდულ გარემოში განათლების მიცემას ნიშნავს.

საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის დღემდე რთულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვა (განათლების მიღება, დასაქმება…), რადგან მისი შესაძლებლობები და საჭიროებები არ მიესადაგება უმრავლესობის მიერ დაწესებულ სტანდარტებს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოების არასასურველ რეაქციას ხშირად სსსმ პირის ქმედებაც იწვევს. მათი დაბალი თვითშეფასება ორმაგი სტანდარტებით აგებული გარემოსთვის ხელსაყრელ სამანიპულაციო ბერკეტს წარმოადგენს. ფაქტია, როცა საზოგადოებისგან მოწყალებას ითხოვ, დიდხანს გიწევს ჩაკეტილ კართან დგომა, იმ კართან, რომლის გაღებაც თავად შეგიძლია. მთავარია დაიჯერო, რომ შენც ისეთივე უფლებები გაქვს, რაც – საერთო სტანდარტული უნარების მქონე თანამოქალაქეებს.

განვითარებული საზოგადოება, პირველ რიგში,  განსხვავებული ადამიანების ჯანსაღ ურთიერთდამოკიდებულებას გულისხმობს. სამწუხაროდ, ჩვენმა საზოგადოებამ დღემდე ვერ გაითავისა, რომ განსხვავებულობა არის ნორმა და ერის ერთიანობის ცნება, პირველ რიგში, ინდივიდის აღიარებასა და მიმღებლობას ნიშნავს. ინკლუზიურ საზოგადოებაში არ არსებობენ ბოლომდე სხვაზე დამოკიდებული ადამიანები. განსხვავებული შესაძლებლობის მქონე პირებს მარტო პური კი არ უნდა მიაწოდო, არამედ მისი დამოუკიდებლად მოპოვებაც უნდა ასწავლო.

დღესაც ბევრი მშობელი გაურბის შვილის მდგომარეობის სახელდებას. შეიძლება შორიდან ადამიანის სტატუსის ჩარჩოებში მოქცევა არ მოგვეჩვენოს მართებულად, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ინდივიდის მდგომარეობის ზუსტად განსაზღვრა მის საჭიროებაზე მაქსიმალურად მორგებული სპეციალური სამედიცინო, სოციალური თუ საგანმანათლებლო სერვისის შექმნის აუცილებელი წინაპირობაა.

სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდთან მუშაობის დაწყებისას ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა სახის ფიზიკური თუ საგანმანათლებლო საჭიროება აქვს მას. შემდეგ შევისწავლოთ გარემო, რომელშიც აღნიშნულ პირს მოუწევს სწავლა, მოვამზადოთ მისი საჭიროების შესაბამისი ფიზიკური სივრცე და მასალები. სასურველია ობიექტის ჩართვა ჩასატარებელი აქტივობების დაგეგმვის პროცესშიც. აქტივობა, რომელშიც შშმ პირი მონაწილეობს, ისე უნდა დაიგეგმოს, რომ შესაძლებელი გახდეს პროცესში მისი აქტიურად ჩართვა. აუცილებელია სასწავლო პროცესზე ხშირი მონიტორინგის განხორციელება, რათა თვალსაჩინო გახდეს წინსვლის თითოეული ნაბიჯი და ამასთან, მოსწავლესაც მიეწოდოს სათანადო უკუკავშირი. ინკლუზიის ძირითადი მიზანი ხომ ისაა, რომ ყველა ადამიანმა უნდა შეძლოს სასწავლო პროცესში თანაბარი თანამონაწილეობა და განიცადოს პროგრესი.

იმედია, ინდივიდზე ცენტრირებული სასწავლო პროგრამები იდეის შესაბამისად განხორციელდება და დროთა განმავლობაში ზემოთ ხსენებულ ტერმინებს სრულიად გააუქმებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი