ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რობინზონ კრუზოს ნაკვალევზე

დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგანს წაუკითხავს ინგლისელი მწერლის დენიელ დეფოს რომანი „რობინზონ კრუზო”. თუ არ წაუკითხავს, ამავე სახელწოდების ფილმი მაინც ექნება ნანახი. ჰოდა, ალბათ ერთხელ მაინც დავფიქრებულვართ, მართლა არსებობდა თუ არა რობინზონ კრუზო და სად მდებარეობდა მისი უკაცრიელი კუნძული.

რობინზონი არ ყოფილა მწერლის ფანტაზიის ნაყოფი – დეფოს რომანს საფუძვლად უდევს ისტორიული ფაქტი და წიგნში მხოლოდ მთავარი გმირის სახელი და გვარია შეცვლილი, ხოლო კუნძული, სადაც ის მოხვდა, მწერალმა ატლანტის ოკეანეში, კარიბის ზღვაში ჩამდინარე მდინარე ორინოკოს შესართავთან გადაიტანა. რობინზონის კუნძულის ბუნებრივი პირობების აღწერისას მან კუნძულების ტრინიდადისა და ტობაგოს ბუნება დაახასიათა.

მაინც სად მდებარეობს რობინზონის ნამდვილი კუნძული? თუ რუკას დახედავთ, ს.გ. 33 გრადუსსა და დ.გ. 80 გრადუსზე კუნძულთა პატარა ჯგუფს შეამჩნევთ. ეს ხუან-ფერნანდესის კუნძულებია, რომლებიც 1563 წელს აღმოაჩინეს და სახელიც მათი პირველაღმომჩენის, ესპანელი მოგზაურის პატივსაცემად ეწოდა. ხუან-ფერნანდესის კუნძულთა შორისაა ვულკანური კუნძული მას-ა-ტერა, რომლის სახელი ესპანურიდან ასე ითარგმნება: „ნაპირთან ახლოს”, – კუნძული მას-ა-ფუერა, ანუ „ნაპირიდან შორს” და კუნძული სანტა-კლარა. სამივე ჩილეს ეკუთვნის. პირველი მათგანი ანუ მას-ა-ტერა კი სწორედ რობინზონ კრუზოს რეალური კუნძულია, რასაც იქ აღმოჩენილი წარწერები მოწმობს. მე-20 საუკუნის 70-იანი წლებში კუნძულს ოფიციალურად ეწოდა რობინზონ კრუზოს სახელი.

რიბინზონ კრუზოს კუნძულის სიგრძე 23 კმ-ია, სიგანე – 8 კმ, ხოლო ფართობი – 144 კვ. კმ. არქიპელაგის სხვა კუნძულების მსგავსად, მისი რელიეფი მთაგორიანია. მისი უმაღლესი მწვერვალის, მთა იუნკეს სიმაღლე 1000 მ-ია ზ.დ-დან.

კუნძულის კლიმატი რბილი ოკეანურია. ყველაზე ცივი თვის, აგვისტოს, ჰაერის საშუალო ტემპერატურა +12 გრადუსია, ხოლო ყველაზე თბილის, თებერვლის – +19 გრადუსი. კუნძულის დაბლობ ადგილებში სავანებია გავრცელებული, სადაც ალაგ-ალაგ გვიმრები და პალმის ჭალები გვხვდება, ხოლო მთის ფერდობები ტყეებითაა დაფარული, რომლებიც ადამიანის სამეურნეო საქმიანობის გამო საკმაოდ შემცირდა. რამდენიმე ხნის წინ კუნძული მისი ფლორისა და ფაუნის დაცვის მიზნით ეროვნულ პარკად გამოცხადდა. აქ 100-ზე მეტი სახეობის მცენარე ხარობს, რომელთა უმრავლესობა უნიკალურია. მაგ., ხე ნალკა და პალმა ჩონთა. ასევე მრავლადაა სხვადასხვანაირი ყვავილები და გვიმრები, რომლებიც სხვაგან არსად გვხვდება დედამიწაზე. ოდესღაც კუნძული ხშირი ტყეებით იყო დაფარული, მაგრამ დღეს მათ მხოლოდ ზოგიერთი მთის ძნელად მისადგომ მწვერვალებზეღა ნახავთ. ნიადაგი აქ ძალიან ნაყოფიერია, ხოლო მთელ კუნძულზე კრისტალური სისუფთავის ნაკადულები მოედინება.

კუნძულის სანაპირო წყლები მდიდარია ცოცხალი ორგანიზმებით. აქ შეხვდებით კუს, ზღვის ლომებს, ლანგუსტებს, სელაპებსა და სხვა თევზებს. ერთ დროს კუნძულზე თურმე იმდენი სელაპი ბინადრობდა, რომ ნაპირთან მიახლოება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მათ ნიჩბებით იგერიებდნენ. კუნძულის ბინადარია აგრეთვე თხა, რომლის „წინაპარი” 1563 წელს აქ ხუან-ფერნანდესმა ჩამოიყვანა.

1709 წლის 2 თებერვალს სწორედ მას-ა-ტერას მიუახლოვდა ორი ინგლისური სამხედრო გემი – „დიუკი” და „დიუშესი”. ხანგრძლივი ცურვის შემდეგ ეკიპაჟებს დასვენება სჭირდებოდათ. 7 მეზღვაური და ოფიცერი კუნძულამდე პატარა ნავით მიცურდნენ და მალევე დაბრუნდნენ უკან თხის ტყავისგან დამზადებულ სამოსში გახვეულ მამაკაცთან ერთად, რომელსაც გრძელი თმა და წვერი ჰქონდა. სტუმარი კაპიტანისთვის რაღაცის ახსნას ცდილობდა, მაგრამ მხოლოდ გაურკვეველ ბგერებს გამოსცემდა, რომლებიც თითქოს ინგლისურს წააგავდა.

რამდენიმე ხნის შემდეგ მამაკაცმა თავისი საოცარი თავგადასავლის მოყოლა მოახერხა. ეს იყო ვინმე ალექსანდრე სელკირკი, რომელიც 1676 წელს შოტლანდიის პატარა ქალაქ ლარგოში ღარიბი მეწაღის ოჯახში დაიბადა. 19 წლის ასაკში, მშობლებთან გაუთავებელი კონფლიქტის გამო, მან გვარი გამოიცვალა და უკვე სელკირკის გვარით სახლიდან წავიდა. რამდენიმე წლის განმავლობაში ის მეზღვაურად მუშაობდა ინგლისის სამხედრო ფლოტის გემებზე. ერთხელაც მან მოისმინა, რომ სამეფოში ცნობილი მეკობრე დამპირი თავისი გემისთვის მეზღვაურებს ეძებდა. სელკირკსაც ბევრი არ უფიქრია და მასთან მისვლა გადაწყვიტა. ის დამპირთან არა, მაგრამ მეორე გემის კაპიტანთან – პიკერინგთან მოხვდა.

1703 წლის სექტემბერში მეკობრეთა გემებმა სტარტი აიღეს. ეს იყო იმ დროისთვის ტიპური მეკობრული რეისი. ესკადრა პერუს ნაპირებთან ერთმანეთის მიყოლებით იპყრობდა და ძარცვავდა ოქროთი და სხვა ძვირფასეულობით დატვირთულ ესპანურ გემებს, რომლებიც ევროპისკენ მიემართებოდნენ. მალე პიკერინგი გარდაიცვალა და გემის კაპიტანი ვინმე სტრედლინგი გახდა, რომელიც ვერ შეეწყო დამპირს და ამიტომ გამოეყო მას. გამჭრიახი სელკირკი იმ დროისთვის უკვე კაპიტან სტრედლინგის მეორე თანაშემწედ ითვლებოდა. 1704 წლის მაისში გემი შტორმში მოხვდა, დაზიანდა და ღუზა მას-ა-ტერას შორიახლოს ჩაუშვა. გემს კაპიტალური რემონტი სჭირდებოდა, ეს კი კაპიტანს არ სურდა. ამის გამო მასა და მის თანაშემწეს შორის კონფლიქტი მოხდა. შედეგად სელკირკი, სტრედლინგის ბრძანების თანახმად, უკაცრიელ კუნძულზე გადასვეს და მხოლოდ აუცილებელი ნივთები დაუტოვეს: იარაღი და ტყვიები, დანა, ცული, სათვალთვალო მილი, ცოტაოდენი თამბაქო და საბანი.

თავდაპირველად სელკირკი სასწარკვეთილებამ შეიპყრო, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ეს მის დაღუპვას მოასწავებდა და საქმეს შეუდგა. „მე მხოლოდ შრომამ გადამარჩინა”, – ამბობდა მოგვიანებით მეზღვაური. მან პატარა ქოხი აიშენა, კუნძულზე მოგზაურობისას მრავალი საკვებად ვარგისი და გემრიელი მცენარე იპოვა, რომლებიც თავის დროზე თავად ხუან-ფერნანდესმა დარგო. მოგვიანებით სელკირკმა თხებიც მოიშინაურა და ზღვის კუებზე ნადირობა და თევზაობაც ისწავლა. ყოფილი მეზღვაური ცეცხლს ხახუნით აჩენდა, ხოლო ტანსაცმელს თხების ტყავისგან საკუთარი ხელით დამზადებული ლურსმნებით კერავდა. კუნძულზე ცხოვრებისას სელკირკმა სხვა სასარგებლო ნივთებთან ერთად საკუთარი კალენდარიც კი შექმნა.

ასე, სრულ მარტოობაში გაატარა ინგლისელმა უკაცრიელ კუნძულზე ზუსტად 5 წელი, სანამ შემთხვევით ამ კუნძულს ინგლისელი მეზღვაურები არ ესტუმრნენ კაპიტან როჯერსის მეთაურობით. მოგვიანებით გაირკვა, რომ მას შემდეგ, რაც სელკირკი კუნძულზე გადასვეს, სტრედლინგის გემი შტორმში მოხვდა, ხოლო მისი ეკიპაჟის გადარჩენილი წევრები ესპანელებმა დაატყვევეს. როჯერსი მოხიბლული იყო სელკირკის გამჭრიახობით, გამძლეობითა და უნარ-ჩვევებით და იგი თავის თანაშემწედ დანიშნა. ამგვარად, სელკირკი ისევ მეკობრულ საქმიანობას დაუბრუნდა.

1712 წელს სელკირკი სამშობლოში დაბრუნდა. იმავე წელს დაისტამბა კაპიტან როჯერსის წიგნი სათაურით „მოგზაურობა დედამიწის გარშემო”, რომელშიც მოკლედ იყო აღწერილი ინგლისელი მეზღვაურის თავგადასავალი. რამდენიმე ხნის შემდეგ კიდევ ერთი წიგნი გამოვიდა: „ბედისწერის ხელი ანუ ალექსანდრე სელკირკის საოცარი თავგადასავლი”, რომელიც მან თავად დაწერა. სამწუხაროდ, ალექსანდრეს არ ჰქონდა მწერლის ნიჭი, ამიტომ წიგნს დიდი წარმატება არ მოჰყოლია. მხოლოდ დენიელ დეფოს რომანმა, რომელიც 1817 წელს გამოვიდა, მოუტანა მეზღვაურს ნამდვილი აღიარება, წიგნი კი ბესტსელერი გახდა. ახალი წიგნის სათაური საკმაოდ გრძელი იყო: „ცხოვრება და საოცარი მოგზაურობა რობინზონ კრუზოსი, იორკელი მეზღვაურისა, რომელმაც 28 წელი გაატარა უკაცრიელ კუნძულზე”. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში ვინმე რობინზონ კრუზოს თავგადასავალი იყო მოთხრობილი, ხოლო მისი კუნძულზე ყოფნის პერიოდი რამდენიმე წლით იყო გაზრდილი, მთავარ გმირში მაშინვე იცნობოდა ალექსანდრე სელკირკი. მით უმეტეს, წიგნის პირველ გამოცემაში ავტორი პირდაპირ ამბობდა: „ჯერ კიდევ ჩვენს შორის არის ადამიანი, რომლის ცხოვრებაც დაედო საფუძვლად ამ წიგნს”.
ალექსანდრე სელკირკი 1723 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მშობლიურ ქალაქ ლარგოში გარდაცვალების მე-100 წლისთავზე სელკირკს ძეგლი დაუდგეს, ხოლო 1868 წელს კ. მას-ა-ტერაზე, იმ მთაზე, საიდანაც სელკირკი გემებს უთვალთვალებდა, მემორიალური დაფა დადგეს.

აღსანიშნავია, რომ კუნძულის ისტორიაც ისეთივე საინტერესოა, როგორიც თავად სელკირკ-რობინზონისა. აღმოჩნდა, რომ ალექსანდრე სულაც არ ყოფილა პირველი და უკანასკნელი რობინზონი ამ კუნძულზე. პირველი გადასახლებული მისი პირველაღმომჩენი – ზღვაოსანი ხუან-ფერნანდესია. კუნძულზე მან რამდენიმე წელი გაატარა და შემდეგ კონტინენტზე დაბრუნდა. სწორედ მისი „სახსოვარია” კუნძულის ბინადარი თხები, რომლებიც ისე სწრაფად გამრავლდნენ, რომ არც მომდევნო რობინზონებს და არც თანამედროვე ადგილობრივ მონადირეებს თხის ხორცი და რძე არ მოჰკლებიათ.

ოკეანეში დაკარგული დედამიწის ეს პატარა ნაგლეჯი საუკუნეების განმავლობაში ხელიდან ხელში გადადიოდა. მე-17 ს-ის 20-იან წლებში კუნძულზე საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდნენ ჰოლანდიელი მეზღვაურები, ხოლო 1680 წლის იანვრიდან 1683 წლამდე აქ ინდიელი ვილიამი იმყოფებოდა, რომელიც უცნობი მიზეზების გამო ინგლისელმა მეკობრეებმა დატოვეს. სავსებით შესაძლებელია, სწორედ ეს ადამიანი იყოს დეფოს რომანის მეორე გმირის – პარასკევას პროტოტიპი. 1683 წლის 22 მარტს ვილიამი, ბედის ირონიით, ასევე ინგლისელმა მეკობრეებმა იპოვეს და თან წაიყვანეს.

მომდევნო რობინზონების ისტორია ძალიან სახალისოა. 1687 წელს კაპიტან დევისის ბრძანებით კუნძულზე გადასვეს ცხრა მეზღვაური, რომლებიც „ზარს” თამაშობდნენ. მათაც მეტი რა უნდოდათ – „გადასახლებაში” პრაქტიკულად მთელ დროს თამაშში ატარებდნენ. რაკი ამ უკაცრიელ მიწაზე ფულს ფასი არ ჰქონდა, მათ კუნძული გაიყვეს და თავიანთ წილს ჩამოდიოდნენ ფსონად. დროდადრო კუნძულს ესპანელები სტუმრობდნენ და მისი მოთამაშე ბინადრების დაჭერას ცდილობდნენ. მეზღვაურთა უშფოთველი ცხოვრება 3 წელიწადს გაგრძელდა. 14 წლის შემდეგ კი კუნძულზე ა. სელკირკი მოხვდა. მას შემდეგაც, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, კუნძული მეკობრეთა გასაჩერებელი ადგილი იყო, 1715 წელს კი აქ ესპანელებმა პატარა კოლონია დაარსეს, რომელიც მიწისძვრამ მალევე გაანადგურა.

მოგვიანებით, 1719 წელს, მას-ა-ტერაზე ერთხანს ინგლისელების ფლოტიდან გამოქცეული დეზერტირები ცხოვრობდნენ, ერთი წლის შემდეგ – ჩაძირული გემის „სპიდუალის” ეკიპაჟის წევრები. 1750 წელს აქ ესპანელებმა ციხესიმაგრე ააშენეს, რომელმაც მოგვინებით ციხის ფუნქცია შეიძინა – აქ ჩილეს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებს სვამდნენ. მიწისძვრამ ეს შენობაც დაანგრია და კუნძული ისევ გაუკაცრიელდა.

1855 წელს კუნძულზე ჩილედან მოსულმა კოლონისტებმა მორიგი დასახლება დააარსეს. ისინი მიწათმოქმედებას, თევზჭერასა და მესაქონლეობას მისდევდნენ და კუნძულზე საკონსერვო ფაბრიკაც კი ააშენეს. მე-19 ს-ის მიწურულს ჩილეს მთავრობამ საქვეყნოდ ცნობილი კუნძული არენდით მისცა შვეიცარელ ბიზნესმენს ბარონ დე როდტს, რომელმაც აქ ლანგუსტებზე ნადირობა გააჩაღა.

მშფოთვარე მე-20 საუკუნეში ოკეანეში დაკარგული დედამიწის ეს პატარა ნაგლეჯი რამდენჯერმე აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში. 1915 წელს კუნძულის ნაპირებთან ინგლისელთა ფლოტმა გერმანული კრეისერი „დრეზდენი” ჩაძირა. მეორე მსოფლიო ომის დროს მას-ა-ტერასთან იაპონელი და გერმანელი წყალქვეშა ნავები და მსუბუქი კრეისერები იმალებოდნენ.

მოგვიანებით ამერიკულმა კომპანიამ რობინზონ კრუზოს სახელით ტურისტების მოზიდვა განიზრახა და კუნძულზე სასტუმრო ააშენა. გამოუშვა ღია ბარათებიც, რომლებზეც კუნძულის ხედებია აღბეჭდილი. ტურისტებს შორის ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს გამოქვაბული, სადაც ვითომდა ცხოვრობდა სელკირკი-რობინზონი, და ბორცვი, საიდანაც ის ოკეანეს გადაჰყურებდა.

ამჟამდ მას-ა-ტერაზე ერთადერთი პატარა დასახლებული პუნქტია – სან-ხუან-ბატისტა, რომლის მოსახლეობა სულ რაღაც 500 კაცია. სხვათა შორის, კუნძულის ბინადართა უმეტესობას რობინზონი, პარასკევა და დანიელი ჰქვიათ. მართალია მას-ა-ტერაზე არის სატელეფონო კავშირი და ინტერნეტი, მუშაობს ფოსტა, მაგრამ კუნძული მაინც საკმაოდ იზოლირებულია. სურსათით დატვირთული გემი აქ წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოდის, თუმცა უნდა ითქვას, რომ კარგადაა განვითარებული საჰაერო მიმოსვლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი