სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

დღესასწაული, რომელიც მუდამ ჩვენთანაა

 

 ალბათ თითოეულ ჩვენთაგანს ერთხელ მაინც უოცნებია პარიზში  მოხვედრაზე. ფიქრებში ერთხელ მაინც  გვისეირნია ელისეს მინდვრებზე  და ერთხელ მაინც ავსულვართ ეიფელის კოშკზე, საიდანაც მთელი ქალაქი ისე ჩანს,  როგორც ხელისგულზე.  მსოფლიოს ეს ულამაზესი ქალაქი პირველი წუთებიდანვე ატყვევებს მნახველს თავისი მშვენიერებით. მას მიზიდულობის საოცარი ძალა აქვს.  პარიზი ის ქალაქია, რომელიც შეუძლებელია, არ გიყვარდეს, რადგან აქ ყველა თავისთვის რაღაც განსაკუთრებულს ნახულობს ან პოულობს. მრავალრიცხოვანი არქიტექტურული და ისტორიული  ძეგლები, მყუდრო კაფეები და  ძვირი ბუტიკები  ნამდვილ  გურმანებს, მოდის მიმდევრებსა  და ისტორიის დამფასებლებს მაგნიტივით იზიდავს.

საფრანგეთის დედაქალაქი  და ქვეყნის უდიდესი ქალაქი მდინარე სენაზე, საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ილ-დე-ფრანსის (იგივე პარიზის) რეგიონის ცენტრში  მდებარეობს. ქალაქის საზღვრები 1869 წლიდან მცირედ თუ შეიცვალა, ხოლო მოსახლეობა  2015 წლის მონაცემებით  2. 197 ათას  კაცის ითვლის.  პარიზის აგლომერაციაში კი   გარეუბნებთან ერთად 12 672 000 კაცი ცხოვრობს. ის ერთ-ერთი ყველაზე  დასახლებული მეგაპოლისია  ევროპაში.

თავისი არსებობის  სხვადასხვა პერიოდში პარიზს სხვადასხვა სახელს უწოდებდნენ, თუმცა მათ შორის ყველაზე  ცნობილია ”ჩირაღდნების, სინათლის  ქალაქი”,  ფრანგულად  –  «La Ville-Lumiere».  ეს არცაა გასაკვირი, რადგან  სწორედ პარიზი იყო მსოფლიოში პირველი ქალაქი, სადაც   გარეგანათება დამონტაჟდა და  ქუჩები გაანათეს. თუმცა მანამდე  პარიზს ლუტეცია (Lutetia) ერქვა.  სახელი ლათინური სიტყვიდან ”lutum” წარმოსდგება, რომელიც  თარგმანში ”ტალახს” ნიშნავს. ითვლება, რომ ქალაქი კელტური ტომების მიერაა დაარსებული, მოგვიანებით კი რომაელებმა დაიპყრეს.

პარიზი ზომიერად ოკეანური კლიმატის ზონაში მდებარეობს და მასზე  თბილი ჩრდილო-ატლანტიკური დინება ახდენს გავლენას. ამიტომ ქალაქში იშვიათადაა ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალი ტემპერატურა.

ორ ათასწლეულზე მეტი ხნის პარიზი დღეს  მსოფლიოს წამყვანი საქმიანი და კულტურული ცენტრია. მისი გავლენა პოლიტიკაზე, განათლებაზე, დასვენებაზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, მოდაზე, მეცნიერებასა და ხელოვნებაზე ჩვენი პლანეტის  ერთ-ერთი მთავარი ქალაქის სტატუსს  ანიჭებს.  ბოლო მონაცემებით  დიდი პარიზი  ეკონომიკური  თვალსაზრისით  ევროპის უმსხვილეს საქალაქო რაიონს წარმოადგენს და  მშპ-ის მოცულობით მეხუთე ადგილი უკავია  მსოფლიოს ქალაქებს შორის.

პარიზი ტურისტების საყვარელი ქალაქია. ყოველ წელს  მას 45 მლნ ტურისტი  სტუმრობს, რომელთა 60% უცხოელია. მის ღირშესანიშნაობებს შორისაა მთელ  მსოფლიოში ცნობილი ადგილები, შენობები, პარკები და უბრალო ქუჩებიც კი.

სულ ერთია, რა დროს  ჩადიხარ ქალაქში – დღისით თუ ღამით – პირველს, რასაც ხედავ, ეს ეიფელის კოშკია, რომელიც, როგორც დარაჯი, ისე დგას და  აგერ უკვე მრავალი წელია ქალაქის  მთავარი ორიენტირი და სავიზიტო ბარათია. პარიზის  სიმბოლო – ეიფელის კოშკი – 1887-1889 წლებში აშენდა. მას მსოფლიო გამოფენის  შესასვლელის ფუნქცია უნდა ჰქონოდა. კონსტრუქცია 20  წლის შემდეგ  უნდა დაეშალათ, მაგრამ  რადიოს ქსელის განვითარებამ  ეიფელის შედევრი დაშლისგან იხსნა: მასზე  რადიომოწყობილობა დამონტაჟდა. 324 მ. სიმაღლის კოშკი 1930  წლამდე მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობად ითვლებოდა. თუ კოშკზე მზიან ამინდში ახვალთ და გადმოიხედავთ,  მთელ პარიზს დაინახავთ. თუ ღრუბლიანი ამინდია,  მის წვერზე ასულები სულ სხვა – ”ღრუბლებს გადაღმა” – სამყაროში მოხვდებით. ღამით კი კოშკი ათასობით ნათურითაა განათებული და ქალაქის თითქმის ყველა კუთხიდან ჩანს.

ცნობილი მუზეუმი ლუვრი 1793 წელს აშენდა. მას დღესდღეობით მსოფლიოს მუზეუმებს შორის ყველაზე მეტი მნახველი ჰყავს –  ყოველწლიურად 5 მლნ. ადამიანი სტუმრობს.  ლუვრის  წინ 1989 წელს აშენებულმა  მინის პირამიდამ  აზრთა დიდი  სხვადასხვაობა გამოიწვია არა მარტო არქიტექტორებსა და გარემოსდამცველებს  შორის, არამედ კინორეჟისორებს შორისაც. საქმე ის გახლავთ, რომ   ნებისმიერმა რეჟისორმა, რომელსაც  ლუვრის ეზოში  სურს გადაღება, როიალითი უნდა გადაუხადოს მის შემქმნელს. ამიტომაც ხშირად, ახალ ფილმებშიც კი ლუვრთან ერთად  ეს პირამიდა არ ჩანს.

პარიზში მოხვედრილი ადამიანი თავს ვალდებულად თვლის,  რომ  ლუვრს აუცილებლად ესტუმროს.  არადა, ამ ქალაქში  კიდევ ერთი, ლუვრზე არანაკლებ  საინტერესო  ორსეს  მუზეუმია.  ამ ოდესღაც რკინიგზის  სადგურის შენობაში  უნიკალური სურათებია გამოფენილი, მათ შორის იმპრესიონისტებისა და პოსტიმპრესიონისტების ნახატები.

შეყვარებულების საყვარელი ადგილია  ნოტრ-დამის ტაძარი და მისი მოედანი. ალბათ იმიტომ, რომ ამ  ადგილას  ცნობილი მწერლის, ვ. ჰიუგოს ვერსიით  ყველაზე რომანტიკული და, ამავე დროს, ტრაგიკული ისტორია ხდებოდა. ან  იქნებ იმიტომ, რომ  კვირაობით  ”გრანდ” ორღანის  სულში ჩამწვდომი მუსიკის მოსმენა შეუძლიათ.

მსოფლიოში ცნობილი კაბარე ”მულენ რუჟი” (Moulin Rouge – ქართულად “წითელი წისქვილი”) 1889 წელს აშენდა და პიგალის მოედნის გვერდით, ე.წ. ”წითელი ფარნების” რაიონში მდებარეობს. კაბარე განთქმული იყო  და არის ცეკვა ”კანკანით”.

პარიზში ყოფნისას ერთხელ მაინც  აუცილებლად უნდა გაისეირნოთ შანზ-ელიზეზე (ელისეს მინდვრები), რომელიც  კონკორდის მოედანზე აღმართული ობელისკიდან იწყება და შარლ-დე-გოლის მოედანზე ტრიუმფალურ თაღთან მთავრდება. გამზირის სიგრძე  1915 მეტრია, ხოლო სიგანე – 70 მეტრს აღწევს.

 თუ დასვენება  მოგინდათ ლუქსემბურგის ბაღს (Jardin du Luxembourg,  მეტსახელი “ლუკო”‘) ესტუმრეთ. ბაღის  ფართობი 224 500 მ²-ია. ის უდიდესი  საქალაქო პარკია პარიზში.  აქვეა ლუქსემბურგის სასახლე,  სადაც დღეს საფრანგეთის სენატია  განთავსებული. სასახლე და ბაღები არქიტექტორმა სალომონ დე ბროსმა  1615-27 წლებში მარი დე მედიჩისთვის ააგო.  ბაღში მიმოფანტულია მრავალი მცირე და დიდი ზომის ქანდაკება და მონუმენტი. აუზის ირგვლივ საფრანგეთის ყოფილი დედოფლების ქანდაკებებია ჩამწკრივებული. ბაღი პარიზელი ბავშვებისა და მათი მშობლების საყვარელი ადგილია. თუ გაგიმართლათ, აქ  შეიძლება უფასო კონცერტსაც დაესწროთ.

პარიზის უცვლელმა საზღვრებმა, მკაცრმა სამშენებლო ნორმებმა და არათავისუფალი მიწის დეფიციტმა  შექმნა  ფენომენი, რომელსაც “პარიზის მუზეუმიფიკაცია ” ეწოდა, რადგან ისტორიული იერსახის  შენარჩუნების სურვილი და არსებული კანონები  მისი ტერიტორიის ფარგლებში მასიურ მშენებლობებსა და ინფრასტუქტურის განვითარებას აფერხებენ, რაც  მეტად აუცილებელია ქალაქის მზარდი  მოსახლეობის გათვალისწინებით. ამიტომ ბევრი დაწესებულება და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ელემენტები  უკვე ქალაქის გარეუბნებშია განთავსებული ან  იქ გადასვლას გეგმავს.  ფინანსური და საქმიანი რაიონი ლა დეფანსი,  მთავარი სასურსათო საბითუმო ბაზარი  რიუნჟი, ცნობილი სასწავლო დაწესებულებები – პოლიტიკური სკოლა (École Polytechnique), მენეჯმენტის სკოლა,  ეკონომიკური და კომერციული მეცნიერებების უმაღლესი სკოლა (ESSEC), INSEAD-ის ბიზნეს-სკოლა და სხვ.,   ასევე მსოფლიოში ცნობილი კვლევითი ლაბორატორია საკლე (Saclay) ან ევრი (Évry), უდიდესი სპორტული მოედანი  ”სტად დე ფრანსე”  (Stade de France), ასევე ზოგიერთი სამინისტრო  (მაგ;  ტრანსპორტის), შეიძლება ითქვას, ქალაქის ფარგლებს გარეთ მდებარეობენ.

კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი პარიზის შესახებ:

პარიზში სხვა ბევრი ევროპული დედაქალაქებისგან განსხვავებით ონკანის წყალი  სასმელად ვარგისია. წყლის  არაჩვეულებრივი გამწმენდი სისტემა პარიზელების სიამაყეა.

მდინარე სენაზე აგებული ყველაზე ძველი ხიდი  მე-16 საუკუნეში იყო აგებული, თუმცა  მას დღესაც ”ახალი ხიდი” ჰქვია, რადგან მაშინ, როცა ის ააგეს შესაბამისი სახელი ვერ დაარქვეს და ”ახალი ” უწოდეს.

მსოფლიოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის  პირველი მარშრუტი 1662 წლის 18 მარტს ცნობილი ფიზიკოსის, ბლეზ პასკალის ინიციატივით სწორედ პარიზში გაჩნდა.

პარიზის მეტრო გადაყვანილი მგზავრების  რაოდენობით მსოფლიოში მე-6 ადგილზეა.  იგი ევროპაში ერთ-ერთი უძველესი მეტროპოლიტენია ლონდონის, ბუდაპეშტისა და გლაზგოს მეტროპოლიტენების შემდეგ.

დაბოლოს,  პარიზზე  უამრავი დაწერილა და კიდევ  უამრავი დაიწერება.  მეც ვეცადე, რომ  ყველასთვის  ცნობილი თუ უცნობი ფაქტები  თქვენთვის  კიდევ ერთხელ შემეხსენებინა. ბევრი რამ დამრჩა სათქმელი, თუმცა ერთი რამ დაზუსტებით შემიძლია ვთქვა: პარიზი  მართლაც  დღესასწაულია, რომელიც მუდამ ჩვენთანაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი