პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

რამდენიმე საინტერსო ფაქტი სასაათო სარტყლების შესახებ

ქვეყნები ბევრი რამით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ ზოგიერთ მათგანს მხოლოდ ის აერთიანებს, რომ ერთ სასაათო სარტყელში მდებარეობენ. ამ თვალით უხილავი ხაზების გარეშე, რომლებიც გეოგრაფიულ გრძედებზეა გავლებული, მსოფლიო სულ სხვანაირი იქნებოდა. სწორედ სასაათო სარტყელზეა დამოკიდებული, როდის გავიღვიძოთ ან დავიძინოთ, ვიმუშაოთ თუ დავისვენოთ. გაგაცნობთ სასაათო სარტყლებთან დაკავშირებულ საინტერესო ფაქტებს.
განსხვავება დროში
დედამიწის განედის ყოველი გრადუსისთვის (და ყოველი მინუტისთვის) ადგილობრივი დრო რომ არ შემოეღოთ, დედამიწის ზედაპირი პირობითად 24 სასაათო სარტყლადაა დაყოფილი. ერთი სარტყლიდან მეორეში გადასვლისას იცვლება დროითი ერთეულები – წუთები და წამები, მაგრამ უცვლელი რჩება საათები.
არსებობს ცალკეული რაიონები, სადაც ადგილობრივი დრო მსოფლიო დროისგან არა მხოლოდ საათების მთელი რიცხვით (1 საათი, 2 საათი და ა.შ.), არამედ წუთებითაც განსხვავდება, მაგ., 30 წუთით, 40 წუთით ან 45 წუთით. თეორიულად ყველა სასაათო ზონა შემოსაზღვრული უნდა იყოს წრფეებით, რომლებიც ზონის ცენტრალური მერიდიანიდან დასავლეთით და აღმოსავლეთით 7,5 გრადუსზე გადის, მაგრამ პრაქტიკაში ისინი კორექტირებულია ქვეყნების ადმინისტრაციული თუ ბუნებრივი საზღვრების მიხედვით.
ზულუს სისტემა

1950 წელს დამკვიდრდა ე.წ. ზულუს სისტემა: სასაათო სარტყლების აღწერას დაემატა ერთასოიანი სუფიქსი: Z – ნულოვანი სარტყლისთვის, A-M (I ასოს გარდა) – აღმოსავლეთ სარტყლებისთვის და N-Y – დასავლეთ სარტყლებისთვის. ასო I-ის (ზოგიერთ წყაროებში – J) გამოყენება შეიძლება მხოლოდ ადგილობრივი დროის აღსანიშნავად. სუფიქსების წარმოთქმა ხდება ფონეტიკული ანბანის საშუალებით, მაგალითად, ზულუ (Zulu) Z-სთვის (გრინვიჩის დრო). სწორედ აქედან მომდინარეობს ტერმინები „ზულუს დრო” ან „დრო ზულუს
მიხედვით”.
ერთდროულად რამდენიმე სასაათო სარტყელში

ზოგიერთი ქვეყნის ტერიტორია ერთდროულად რამდენიმე სასაათო სარტყელში მდებარეობს. მაგ., რუსეთი 11 სასაათო სარტყელშია მოქცეული, რომლებიც 2010 წლის 28 მარტიდან 9 სასაათო ზონად გაერთიანდა; ავსტრალია (ნორფოლკის, ლორდ ჰოუსა და ქოქოსის კუნძულების ჩათვლით) – 7, ხოლო ზაფხულში 8 სასაათო სარტყელს იკავებს; აშშ ალასკისა და ჰავაის ჩათვლით – 6, ხოლო კუნძულოვან ტერიტორიებთან ერათად (ამერიკის სამოა, ამერიკის ვირჯინიის კუნძულები, პუერტო-რიკო და ა.შ.) 11 სარტყელშია; დანიის საკუთრება კუნძული გრენლანდია 4 სასაათო ზოლშია, კანადა – 6-ში, ბრაზილია (ფარნანდუ-დი-ნორონიას, ტრინიდადის, მარტინ-ბასის, როკას და სხვა კუნძულების ჩათვლით), მექსიკა, ინდონეზია და კირიბატი – 3-ში; ესპანეთი (კანარის კუნძულებთან ერთად), პორტუგალია (აზორის კუნძულებთან ერთად), ყაზახეთი, მონღოლეთი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მიკრონეზიის ფედერაციული შტატები 2 სასაათო სარტყელშია განლაგებული; თავად საფრანგეთი, მართალია, მხოლოდ 1 სასაათო ზოლში ექცევა, მაგრამ ზღვისგადაღმა დეპარტამენტებსა და სხვა ტერიტორიებთან ერთად (სენ-პიერი და მიკელონი, მარტინიკა, გვადელუპა, საფრანგეთის გვიანა, მაიოტა, რეუნიონი, სამხრეთ-ანტარქტიკული ტერიტორია, ახალი კალედონია, ვალისი და ფუტუნა, საფრანგეთის პოლინეზია, კლიპერტონი და სხვა დასახლებული თუ დაუსახლებელი კუნძულები) 12 სასაათო ზოლს მოიცავს; გაერთიანებული სამეფოც, საფრანეთის მსგავსად, 1 ზოლშია, მაგრამ ზღვისგადაღმა ტერიტორიებთან ერთად 8 სარტყელს ფარავს.
არსებობს მოყვანილი მაგალითების შებრუნებული შემთხვევებიც. მაგალითად, ჩინეთი, რომელიც, მართალია, 5 გეოგრაფიულ სასაათო სარტყელშია განლაგებული, მაგრამ ამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთიანი ჩინეთის სტანდარტული დრო მოქმედებს.
.
საშუალო დრო გრინვიჩის მიხედვით (GMT) და მსოფლიო კოორდინირებული დრო (UTC)

საშუალო დრო გრინვიჩის მიხედვით (GMT) სტანდარტული ათვლის წერტილია დედამიწის ყველა სასაათო სარტყლისთვის. ეს დრო მოქმედებს გრინვიჩის მერდიანზე, რომელიც დიდ ბრიტანეთში გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიაზე გადის და რომელიც, თავის მხრივ, აღმოსავლეთ გრძედის 0°0′5.31″-სა და ჩრდილოეთ განედის 51°28′40″-ზე მდებარეობს. საშუალო დრო გრინვიჩის მიხედვით თავდაპირველად შუდღიდან შუადღემდე აითვლებოდა, მაგრამ 1925 წელს სახელწოდება GMT (საშუალო დრო გრინვიჩის მიხედვით) შეიცვალა UTC-ით (მსოფლიო კოორდინირებული დრო) და დღეს შუაღამიდან შუაღამემდე აითვლება. მსოფლიო კოორდინირებულ დროს ატომური საათის დახმარებით ანგარიშობენ, რაც გაცილებით ზუსტია, ვიდრე დროის გამოთვლა დედამიწის ზედაპირის გარკვეულ წერტილში მზის მდებარეობის მიხედვით. გარდა იმისა, რომ დედამიწის ქერქი გამუდმებით მოძრაობს, გამოთვლებზე ასევე მოქმედებს ჩენდლერის რხევები, რის გამოც აუცილებელი ხდება დროის კორექტირება. მართალია, 1972 წლის 1 იანვრიდან მსოფლიო კოორდინირებული დრო გახდა ოფიციალური სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ადგენენ დროს, მაგრამ ადამიანები მაინც ხშირად იყენებენ ტერმინს „გრინვიჩის დროით”.

UTC+4 არის სასაათო სარტყელი, რომელიც ვრცელდება შემდეგ ქვეყნებსა და ტერიტორიებზე (სტანდარტული დრო მთელი წელი): საქართველო, მავრიკი, ომანი, რეუნიონი, სეიშელის კუნძულები და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
ზაფხულის დრო

ზაფხულის დროზე გადასვლისას დრო მოცემულ სასაათო სარტყელში მიღებულ დროსთან შედარებით ერთი საათით წინ გადაიწევს. ეს გაზაფხულზე ხდება. ამ პრაქტიკას მრავალ ქვეყანაში მისდევენ და მისი მიზანი განათებაზე დახარჯული ელექტროენერგიის შემცირებაა, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც: კუნძულ ლორდ-ჰაუზე (Lord Howe) ავსტრალიაში საათის ისრებს ერთი საათით კი არ სწევენ წინ, არამედ მხოლოდ ნახევრით, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში მათი სასაათო სარტყელია UTC +11, ხოლო ზამთარში – UTC +10:30. იქ, სადაც დღის ხანგრძლივობა ძალიან არ იცვლება, მაგ., ჰავაის კუნძულებზე ან აფრიკის დიდ ტერიტორიაზე, ზაფხულის დროზე გადასვლა მიზანშეწონილი არ არის. აშშ-ში, შტატ არიზონაში, ოფიციალურად მიღებულია ზაფხულის დროზე გადასვლა, მაგრამ ადგილობრივი ინდიელები, რომლებიც ამ შტატის ტერიტორიაზე ნაწილობრივ მდებარე ნავაჰო-ნეიშენის (Navajo Nation) რეზერვაციაში ცხოვრობენ, ზაფხულის დროზე პრინციპულად არ გადადიან.
ზამთრის პერიოდში დროის უკან „გადაწევა” ხდება და ესა თუ ის ქვეყანა ისევ უბრუნდება „ზამთრის დროს” (ეს ტერმინი არ არის ოფიციალური). ქვეყნების უმეტესობაში ე. წ. „ზამთრის დრო” დროითი სარტყლის სტანდარტულ ასტრონომიულ დროს ემთხვევა.
ჰორიზონტალური სასაათო სარტყლები

სასაათო სარტყლები ემყარება ვერტიკალურ ღერძსა და გრძედს, რადგან დედამიწის ბრუნვა ისეთი სქემით ხდება, რომ მზე აღმოსავლეთიდან დასავლეთით „მოძრაობს” და არა ჩრდილოეთიდან სამხრეთით. თუმცა ყოველთვის ყველა არ „ემორჩილება” ამ ბუნებრივ ფენომენს. ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროზე, ქ. ადელაიდას საქმიან რაიონში, დრო ერთი საათით უკან უნდა იყოს ქ. სიდნეისთან შედარებით, სადაც მათი ძირითადი კონკურენტები საქმიანობენ, – მაშასადამე, ხდება სასაათო სარტყლების ვერტიკალური ცვლა, – მაგრამ, კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე, ქალაქის მერიისა და მოსახლეობის გადაწყვიტილებით, მათ დრო სიდნეისთან შედარებით ნახევარი საათით უკან გადასწიეს. გარდა ამისა, ავსტრალიის ზოგიერთი რაიონი არ სარგებლობს ზაფხულის დროით, რის გამოც ქვეყანა-კონტინენტზე კიდევ დამატებით ვერტიკალური და ჰორიზონტალური სასაათო ზოლები ჩნდება.
ერთი სასაათო სარტყელი მთელ მსოფლიოში

იქნებ ჯობდა, მთელ მსოფლიოში ერთი სასაათო სარტყელი ყოფილიყო? ჩინეთი ალბათ სიხარულით დათანხმდებოდა ამ გადაწყვეტილებას. ჩვენც აღარ მოგვიწევდა საათის ისრების წინ და უკან გადაწევა სხვადასხვა ქვეყნაში მოგზაურობისას და ორგანიზმის დღეღამური რიტმიც ნაკლებად დაირღვეოდა. მაგრამ ასე არ არის. დედამიწა ყოველ საათში 15 გრადუსით ბრუნავს. სწორედ ამიტომ არის ზედაპირი 24 ზონად დაყოფილი: ჩვენი პლანეტა ხომ 360-გრადუსიანი სფეროა, ხოლო 360:15=24. ასეთი დაყოფის წყალობით თითქმის ყველა ქვეყანაში მზე ზუსტად შუადღისას არის ზენიტში და ვიცით, რომ ნებისმიერ ქვეყენაში დილის 9 საათზე უკვე გათენებულია, ხოლო ღამის 10-ზე ბნელა. თუმცა აქაც არის გამონაკლისები: სკანდინავიის ქვეყნების ჩრდილოეთით დღეები, ისევე როგორც ღამეები, შეიძლება 6 თვესაც კი გაგრძელდეს.
ყველაზე პატარა სასაათო სარტყელი

ბალტიის ზღვაში მდებარე პატარა კუნძული მერკეტი (Markets Fyr) სულ რაღაც 300-დან 80 მ-მდეა გადაჭიმული. კუნძულის ერთი ნახევარი შვედეთს ეკუთვნის, ხოლო მეორე – ფინეთს. შვედეთის კუთვნილ ტერიტორიაზე დროს ამ ქვეყნის სასარტყლო დროით ითვლიან, ხოლო მეორე ნაწილში – ფინეთის სასარტყლო დროით. ეს კუნძული ერთ-ერთი პატარა ტერიტორიაა დედამიწაზე, რომელიც 2 სასაათო სარტყელშია მდებარეობს.
ნაბიჯი, რომლის სიგრძე 3.5 საათია
თუ ავღანეთ-ჩინეთის საზღვარს გადაკვეთთ, საათის ისრები მაშინვე 3.5 საათით წინ უნდა გადასწიოთ. მსოფლიოში მეტი არსად არის ასეთი ადგილი, სადაც ერთი ნაბიჯის გადადგმას ამდენი ხანი სჭირდება.
მზის ჩასვლა შუაღამისას

ჩინეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ქვეყანაა: იგი დასავლეთიდან აღმოსავლეთით 5700 კმ-ზეა გადაჭიმული. 1949 წლის რევოლუციამდე სახელმწიფო 5 სასაათო სარტყელში მდებარეობდა. მოგვიანებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რომლის აზრითაც ამდენი სასაათო ზოლის არსებობა სეპარატიზმს უწყობდა ხელს, სასაათო სარტყლები გაუქმდა და ეს გიგანტი ქვეყანა ერთ სასაათო ზოლში მოექცა. ამჟამად მთელ ქვეყანაში ერთი დრო – პეკინის (ბეიჯინგის) დრო მოქმედებს. ამიტომ, მაგალითად, ტიბეტში მზის ჩასვლა 5 საათით „აგვიანებს” და მზე ლამის შუაღამისას ეშვება.
ამომავალი მზის ქვეყანა

მიიჩნევა, რომ დედამიწაზე მზის ამოსვლას პირველები იაპონელები ეგებებიან. ამიტომაც არის, იაპონიას „ამომავალი მზის ქვეყანას” რომ უწოდებენ, მაგრამ სულ ტყუილად. რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში დილა გრინვიჩის დროით ერთი საათით ადრე დგება, ვიდრე ტოკიოში.
„დაკლაკნილი” დრო

ჰიმალაის მთები ტყულად როდი მიაჩნიათ მისტიკურ ადგილად; ამ თვალსაზრისს არა მხოლოდ ფილოსოფოსები, არამედ გეოგრაფებიც იზიარებენ. ჰიმალაი რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზეა გადაჭიმული, რომლებიც სხვადასხვა სასაათო სარტყელში მდებარეობს და ამიტომაც სხვადასხვა დრო აქვს.
მოგზაურს, რომელიც ამ 2330 კმ სიგრძისა და 1335 კმ სიგანის მთიანი სისტემის გადაკვეთას გადაწყვეტს, 6-ჯერ მოუწევს საათის გადაწევა: ინდოეთ-ნეპალის საზღვარზე – 15 წუთით წინ, ნეპალ-ინდოეთის საზღვარზე, პირიქით -15 წუთით უკან; ინდოეთ-ჩინეთის საზღვარზე – 2.5 საათით წინ, ჩინეთ-ბუტანის საზღვარზე – 2 საათით უკან, ბუტან-ინდოეთის საზღვარზე – კიდევ ნახევარი საათით უკან და ინდოეთ- მიანმარის საზღვარზე – 1 საათით წინ.
ცხოვრება აწყმოს გარეშე

თარიღთა ცვლის ხაზი პირობითი ხაზია და წყნარ ოკეანეში 180-გრადუსიან მერიდიანზე გადის. თუ თარიღთა ცვლის ხაზს დასავლეთიდან აღმოსავლეთით გადაკვეთთ, 24 საათით უკან ანუ „გუშინდელ” დღეში დაბრუნებას შეძლებთ, ხოლო თუ აღმოსავლეთიდან დასავლეთით, მაშინ ერთი დღით წინ ანუ „ხვალიდელ” დღეში აღმოჩნდებით. „აწყმო” აქ ეფემერულია. ასეთი რამ მთელ დედამიწაზე მეტი არსადაა შესაძლებელი.
ხუთშაბათიდან ოთხშაბათში

რატმანოვისა (რუსეთი) და კრუზენშტერნის (აშშ) კუნძულები ერთმანეთისგან სულ რაღაც 4 კმ სიგანის ზღვის ზოლით არის გამოყოფილი. ჩვეულებრივი მოტორიანი ნავით ამ მანძილის გავლა 15-20 წუთშია შესაძლებელი, მაგრამ გრინვიჩის დროით ამ კუნძულების დროებს შორის განსხვავება, არც მეტი, არც ნაკლები, 21 საათია: თუ რუსეთის კუნძულზე, ვთქვათ, ხუთშაბათის შუადღეა, კრუზენშტერნის კუნძულზე ამ დროს ოთხშაბათის დღის სამი საათია.
თარიღთა ცვლის ხაზი დიომიდეს კუნძულებს შორის გადის: კ. კრუზენშტერნი (მარცხნივ) „გუშინდელი” დღით ცხოვრობს, ხოლო კ. რამტამნოვი – „დღევანდელით”.
სამი სარტყლის შეხვედრის ადგილი

პატარა სოფელ რაიაკოვსკიში, რომელიც სამი სახელმწიფოს: ფინეთის, ნორვეგიისა და რუსეთის ს- საზღვარზე მდებარეობს, სამი სასაათო სარტყელი „ხვდება” ერთმანეთს: როცა რუსეთში შუადღეა, ფინეთში ამ დროს დილის 11 საათია, ხოლო ნორვეგიაში – 10.
15-წუთიანი დამოუკიდებლობა

პატარა, მაგრამ ამაყი სახელმწიფო ნეპალი მრავლი წელი ცდილობდა ინდოეთისგან გამოყოფას, რომელიც მას სამი მხრიდან ესაზღვრება. საკუთარი დამოუკიდებლობის ხაზგასასმელად ნეპალმა გადაწყვიტა, მეზობელი ქვეყნისგან „დროით” მაინც გამოყოფილოყო: მან საათის ისრები 10 წუთით წინ გადასწია, მაგრამ ჩათვალა, რომ ეს საკმარისი არ იყო და 1986 წელს კიდევ 5 წუთით წაიწია წინ.
მსოფლიო დრო

ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე ყველა მერიდიანი ერთ წერტილში იყრის თავს და, შესაბამისად, მათ ვერც ერთ სასაათო სარტყელს ვერ მივაკუთვნებთ, ამიტომ ითვლება, რომ ამ ადგილებში მსოფლიო დროა. თუმცა ამერიკულ ანტარქტიკულ სადგურ „ამუნდსენ-სკოტზე”, რომელიც ზედ სამხრეთ პოლუსზე მდებარეობს, ახალი ზელანდიის დრო მოქმედებს, რადგან სწორედ ამ კუნძულებიდან ხორციელდება ავიარეისები სადგურის მიმართულებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი