ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

  ქალთევზა

 

ფაკირები ჩვენკენ იყურებიან და ცეცხლს მონდომებით ყლაპავენ. ჯერ ყლაპავენ, მერე უშვებენ. ჩვენ კი არ მოვწონვართ, სხვებისთვისაც სწორედ ასე მოინდომებდნენ. „ჩვენ“ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთ-ერთ კაფეში მყოფი კლიენტები ვართ და მათი სამუშაოც ეგაა, კლიენტურა თავის სანახაობაში ჩაითრიონ და რაც შეიძლება დიდხანს დატოვონ მაგიდასთან. მაგიდასთან ისე ხომ არ იჯდები, ადგები და რამეს შეუკვეთავ, მერე კიდევ… და ეს რაც დიდხანს გასტანს, კაფესთვისაც  და ფაკირისთვისაც მით უკეთესი.

სიტყვა „ფაკირი“ ღარიბს ნიშნავს, ადრე მოხეტიალე ჯადოსნებს ეძახდნენ, რომლებიც ასევე ღარიბები იყვნენ. ისე, თუ ჯადოსანი იყო, ჯერ თავისთვის ეშველა და გამდიდრებულიყო… თუმცა, ეს ხალხი გამდიდრებას ათასგვარი სანახაობით ცდილობდა. ზემოთ აღწერილი ფაკირები ვარშავაში „ძველი ქალაქის“ მოედანზე, რომელიღაც პატარა კაფეს ეზოში ცდილობდნენ გამდიდრებას… ძირითადად ჩვენს ხარჯზე…

ფაკირების უკან ვარშავის სიმბოლო „სირენკას“ ქანდაკება იდგა. „სირენკა“ ქალთევზაა და იქაც ბუნებრივია კუდაპრეხილი გახლდათ. სირენკას შემხედვარე ერთი მეთევზე მახსენდება. თქვენ ალბათ ფიქრობთ, ზღაპრის მოყოლას იწყებსო, მე კიდევ ნამდვილი ამბავი უნდა დავწერო, აქ… დიახ… ქალთევზაა მოქმედი პირი.

მეთევზე პატარა ქოხში ცხოვრობდა. ღარიბული სახლი ჰქონდა, მაგრამ ბედს არ ემდუროდა. ცოლი და ორი შვილი ჰყავდა. ქალს ოჯახი და შვილები ებარა, კაცი კიდევ სათევზაოდ დადიოდა. ერთ დღესაც წავიდა და აღარ დაბრუნდა. ცოლ-შვილი ელოდა. გავიდა ერთი დღე… ორიც… მაგრამ მეთევზე არსად ჩანდა. ბოლოს სამეზობლო შეიკრიბა და მოსაძებნად წავიდნენ. იპოვეს… ოღონდ მხოლოდ მისი ნავი და ნივთები. თავად მეთევზე  „წყლის დედამ“ წაიყვანა.

ასე იცის ხოლმე, წყლიდან სანახევროდ ამოდის, ხელებს შენკენ გამოიწვდის  და მძლავრად მიგიზიდავს. წინააღმდეგობას ვერ გაუწევ და იძულებული ხდები თან წაყვე.  „წყლის დედა“ ქალთევზაა, ლათინურ ამერიკაში მდინარე გუიანაში  ბინადრობს და განსაკუთრებით დეკემბრის თვეში აქტიურობს. ვინ მოთვლის, რამდენი ჰყავს ასე წაყვანილი. კვალსაც კი ვერ აგნებენ, მალავს საგულდაგულოდ.

მეთევზის ნავში ქაფპლასტის ნაჭრები იპოვეს. ეტყობა თევზების მისაზიდად თუ იყენებდა. იქვე „სკოტჩის“ ხვია ეგდო. როგორც მეზობლებმა თქვეს, ასეთი ხვიები სულ თან დაჰქონდა – რა ვიცი, რაში გამოდგესო. ჰოდა, დაასკვნეს, რომ ნავი ნამდვილად მათ მეზობელს ეკუთვნოდა.

ქაფპლასტის დასახელება  ქაფპოლისტიროლია. სტიროლი არომატული სითხეა, მისი ფორმულა ბენზოლისა და ვინილის რადიკალისგან შედგება. ეს სითხე იოლად პოლიმერიზდება და პოლისტიროლს წარმოქმნის.  ძალიან გავრცელებული პლასტმასია. რას აღარ ამზადებენ, ერთჯერად ჭურჭელს, ბავშვის სათამაშოებს, კვერცხის შესაფუთს, იოგურტის ყუთებს, კონტეინერებს. გამჭირვალობით გამოირჩევა. თუ ამგვარ ნაკეთობაზე ნომერი 6 და PS წერია, იცოდეთ, რომ ეს პოლისტიროლია.  წინა საუკუნის შუა პერიოდში გერმანელმა ქიმიკოსებმა ქაფის მაგვარი პოლისტიროლი გამოიგონეს. შეიქმნა მასალა, რომელიც 98% ჰაერისგან შედგება. სად აღარ იყენებენ, ძირითადად მსუბუქ შესაფუთ მასალად, ველოსიპედისტების შლემებიც მისგან მზადდება. მათი ზედა პრიალა ზედაპირი  პოლისტიროლია. ქაფპლასტს იგივე, ქაფპოლისტიროლს მშენებლობაშიც იყენებენ. იაპონიაში პატარა სახლებსაც კი აგებენ, ასეთი სახლები ძალიან კარგად ინარჩუნებს სითბოს. რაც მთავარია, ასეთ სახლებს მიწისძვრის არ ეშინიათ. ასევე გავრცელებული მასალაა ქაფპოლიურიტანი, Foam rubber  (ქაფ რეზინა).  ბალიშების, მატრასების, სავარძლების შემავსებლად იყენებენ. ნაკლი ის აქვს, რომ  დროთა განმავლობაში ყვითლდება, იშლება, ერთმანეთს ეწებება.  საერთოდაც, იმ ქაფპოლიურიტანის გამოყენება, რომელიც ათ წელზე მეტისაა, საშიშია ჯანმრთელობისთვის, რადგან მისგან მავნე ნივთიერებები გამოიყოფა.

დღეისათვის,  ქაფმასალებს სხვადასხვა პოლიმერების ბაზაზე აკეთებენ. მაგ. ქაფპოლიეთილენი და ქაფპროპილენი. მათგან სახლების კედლებისთვის სხვადასხვა დამათბობლებს ამზადებენ. ტურისტული დასაფენი ქაფპოლიეთილენია, ტყეში ან სადმე მთაში დაიფენ და დაჯდები. მე კიდევ მასზე სახლში ვვარჯიშობ  ხოლმე.  პირველი ქაფპლასტმასი კაუჩუკის საფუძველზე გააკეთეს. 1897 წელს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე ასეთ ღრუბლისებრ რეზინას შეხვდებოდით. დღეს ღრუბლისებრ მასალებს ცელულოზისგან აწარმოებენ. ასეთი ღრუბლები გარემოს არ აბინძურებენ.

თუ შეიძლება, რომ ქაფპლასტი ჩვენვე გავაკეთოთ?

ავიღოთ ჩვეულებრივი წებო პოლივინილაცეტატის ბაზაზე. თიხის ან პლასტმასის ჭურჭელში ლიმონმჟავა და სოდა შევურიოთ ერთმანეთს. დავამატოთ ზემოთ აღნიშნული წებო, რომელიც წყალს შეიცავს. გამოიყოფა ნახშირორჟანგი და მასა  მოცულობაში გაიზრდება. შემდეგ კი გამყარდება და ქაფპლასტს მივიღებთ.

სხვანაირადაც შეიძლება.  დავამზადოთ შარდოვანას ხსნარი ფორმალინში. მეორე სინჯარაში დავამზადოთ მარილმჟავას და რაიმე ქაფის წარმომქნელის ხსნარი, მაგალითად, შამპუნის. სინჯარას თავსახური მოვარგოთ და შევანჯღრიოთ (ფრთხილად!!!! შიგნით მარილმჟავაა), სანამ ქაფი კარგად არ წარმოიქმნება. ამის შემდეგ, ორი სინჯარის შიგთავსი ერთმანეთს შევურიოთ და კვლავ კარგად შევანჯღრიოთ. გაცხელებით პოლიკონდენსაციის რეაქციას დავაჩქარებთ. წარმოიქმნება ქაფპლასტი, რომელიც ჰაერზე მაშინვე გამყარდება.

ქაფპლასტი კარგად იხსნება ისეთ ორგანულ გამხსნელში, როგორიც აცეტონია. ეს მის ნაკლად შეიძლება ჩავთვალოთ. თუ აცეტონიან ჭურჭელში ქაფპლასტის ნაჭერს ჩავუშვებთ, ის მომენტალურად გაიხსნება მასში და ჟანგბადი გამოიყოფა.

 რეაქცია სიტყვიერად შეიძლება ასე ჩავწეროთ:

სტიროლი+აცეტონი=ჟანგბადი+5-მეთილციკლოჰექსადიენ-1,3

გახსოვთ ალბათ, ზემოთ დავწერე, რომ გაუჩინარებული მეთევზის  ნავში „სკოტჩის“ ხვიაც (წებოვანი ლენტი) ეგდო. წებოვანი ლენტი ყველას გინახავთ. მისი სახელწოდება ინგლისური სიტყვიდან „Scotch“ მოდის და ნიშნავს „შოტლანდიური“, „შოტლანდიელი“.  ეს ლენტი შოტლანდიაში სულაც არ გამოუგონიათ, ამერიკაში შექმნეს. წარმოშობით შოტლანდიელსაც არ შეუქმნია. გაგიკვირდებათ და მისი გამომგონებლის გვარიც არ ყოფილა სკოტჩი. ლენტის ავტორს რიჩარდ დრიუ ერქვა. ერთხელაც თავის მანქანას თვალი შეავლო და გაიფიქრა, რა კარგი იქნებოდა სხვადასხვა ფერად შემეღებაო. ბევრი აღარ დააყოვნა და მანქანა ავტოსახელოსნოში მიიყვანა შესაღებად. ფერები შეარჩიეს და ღებვაც დაიწყეს, მაგრამ  დაინახა, რომ ქაღალდი, რომელსაც ოსტატი იყენებდა, რომ ერთი ფერი მეორეში არ შერეულიყო, იხეოდა და ფერებიც ერთმანეთში გადადიოდნენ, რაც ძალიან არაესთეტიკური სანახავი გახლდათ. დრიუმ გადაწყვიტა გამოსავალი ეპოვა და გარკვეული ხნის შემდეგ სახელოსნოში წებოვანი ლენტით დაბრუნდა. ოსტატმა ლენტი მანქანის კარებს მიაკრა და საქმეს შეუდგა, ოღონდ… ლენტი ღებვის პროცესში დაიჭმუჭნა. ეს იმიტომ მოხდა, რომ წებო ლენტს მხოლოდ ნაპირზე ჰქონდა დატანებული. აღშფოთებულმა ხელოსანმა შესძახა – რა უბედურებაა, ეს ლენტი ნამდვილად შოტლანდიურიაო (Scotch tape). საქმე ის გახლდათ, რომ იმხანად შოტლანდიელებს ძალიან ძუნწების სახელი ჰქონდათ, მათ მიერ გაწეულ ეკონომიაზე უკვე სახალისო ამბებსაც კი ჰყვებოდნენ. ხელოსანმაც სწორედ ეს იგულისხმა, ანუ ლენტი შოტლანდიურია, რადგან წებო მთლიანად წასასმელად ვერ გაიმეტეთო.  დრიუს ლენტის სრულფასოვნებამდე მისაყვანად კიდევ ხუთი წელი დასჭირდა. პირველი ლენტი ცელოფნის საფუძველზე დაფენილი კაუჩუკისგან და ზეთებისგან მზადდებოდა. მაშინვე პოპულარული გახდა და ხალხი თავადვე იგონებდა, რაში გამოეყენებინათ.

ისევ იმას დავუბრუნდები, რითაც დავიწყე. გახსოვთ,  საგანგებოდ ვთქვი, ზღაპარს არ ვყვები, ნამდვილი ამბავია-მეთქი. მდინარე გუიანას სანაპიროდან არაერთი მეთევზე თუ ბავშვი გაქრა. ისინი ქალთევზამ, „წყლის დედამ“, Water mama-მ წაიყვანა. ქალთევზამ ჩვენთან ლეგენდებიდან, მითოლოგიიდან და ფოლკლორიდან შემოაბიჯა. მზის ღვთაებას ადამიანის სხეული და თევზის თავი ჰქონდა, მანტიად თევზის ფარფლები ემოსა. მოგვიანებით ღვთაება „ეა“ დაიბადა, რომელიც სანახევროდ ადამიანი, სანახევროდ კი თევზი გახლდათ. ბერძნულ მითოლოგიაში ყველანაირ შტორმებს და კატასტროფებს სწორედ მას მიაწერენ. მთვარის ღვთაების სელენას და კი, ატარგატისი, უშუალოდ ქალთევზების წინაპრად ითვლება. ადამიანებს სწამდათ, რომ ღვთაებების ასეთი სიმბიოზი იმიტომ იყო საჭირო, რომ მათ ერთნაირად კომფორტულად ეგრძნოთ თავი ცაშიც და წყალშიც.

მდინარე გუიანას სანაპიროზე მცხოვრებ ადგილობრივ აბორიგენებს ქალთევზების დღესაც  გულწრფელად სჯერათ.  მათი ქალთევზა  თეთრი სახის ქალია, თევზის კუდი აქვს და ადამიანებს იტაცებს. ადგილობრივების ფოლკლორში ჯერ „mimi vater“ დაერქვა, შემდეგ კი შეატრიალ შემოატრიალეს და “water mama”, ანუ წყლის დედა მიიღეს.

სინამდვილეში,  ეს 100 კილოგრამზე მეტი წონის თევზი გახლავთ. დიახ, თევზი… სახელად არაპაიმა. კუდს ადამიანებს მკერდში უმიზნებს, ერთს მისცხებს  და გულის შეტევა გარანტირებულია. დანარჩენს იმავე მდინარეში მცხოვრები პირანიები ასრულებენ და სწორედ ამიტომ დაკარგულის ალი-კვალიც კი აღარსად ჩანს ხოლმე. თევზი დეკემბერში აქტიურდება, რადგან ამ დროს მდინარის ფსკერზე ამოთხრილ ორმოში ქვირითს ყრის და შთამომავლობას ინსტიქტურად იცავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი