ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სახიფათო ჰაერი

ჩემი ნაწერების გმირები იკრიბებიან და მასამართლებენ. კარგი თემაა~ – ჩაწერს მიხეილ ჯავახიშვილი 1924 წელს უბის წიგნაკში და შემდეგ გაირკვევა, რომ ამ სურვილს ასრულება არ უწერია. მწერლის ფიზიკურმა განადგურებამ შეიწირა ძალზე საგულისხმო და შთამბეჭდავი ჩანაფიქრი, რის საშუალებითაც ერთი ყდის ქვეშ ვნახავდით თეიმურაზ ხევისთავსა და გივი შადურს, ჯაყო ჯივაშვილსა და კვაჭი კვაჭანტირაძეს, მართალ აბდულასა და მარგო ყაფლანიშვილს. და ყველას, უკლებლივ ყველას, ვინც საბრალდებო სკამზე დასვამდა ავტორს და გაასამართლებდა.

მართლაც ორიგინალური თემაა, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ მაშინდელი, საბჭოთა ლიტერატურის თემატიკას, ოღონდ მხოლოდ საბჭოთას… რადგან იმ დროისთვის, უფრო ზუსტად, 1915 წელს სალამანკაში უკვე გამოცემულია მიგელ დე უნამუნოს „ბურუსი“, სადაც სწორედ ასეთი ამბები ხდება. რომანის მთავარი მოქმედი პირი აუგუსტო პერესი ყველანაირად ცდილობს გაექცეს ავტორს, არ დაემორჩილოს, დაუმტკიცოს, რომ დამოუკიდებელია. ამისთვის თვითმკვლელობასაც კი გაბედავს, მაგრამ ავტორის ნება შეუვალია: იგი ჯერ სუიციდს აუკრძალავს პერსონაჟს („თავს მართლა ვერ მოიკლავ, რაკიღა ცოცხალი არა ხარ, უფრო სწორად, არც ცოცხალი ხარ და არც მკვდარი, უბრალოდ არ არსებობ… იმიტომ არ არსებობ, რომ გამოგონილი არსება ხარ, შენ არ ხარ შენ, შენ ხარ მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი და კიდევ იმათი, ვინც შენი ცხოვრების, შენი თავგადასავლებისა და ბედუკუღმართობათა შესახებ ჩემ მიერ დაწერილ ნაწარმოებს კითხულობს“), შემდეგ კი, არც მეტი არც ნაკლები, სიკვდილს გადაუწყვეტს. ყველაზე ამაღელვებელია სცენა, სადაც ბრალმდებელი პერსონაჟი ავტორს შეწყალებას ევედრება:

„– მე სიცოცხლე მწყურია, დონ მიგელ, სიცოცხლე მწყურია, სიცოცხლე…

– აკი თავის მოკვლას აპირებდი!

– ოჰ, არა, გეფიცებით, სინიორ დე უნამუნო, თავს აღარ მოვიკლავ, არ მოვიკლავ, არ გამოვესალმები ამ ღვთისა თუ თქვენს მიერ ნაბოძებ სიცოცხლეს, გეფიცებით… ახლა, როცა ჩემი მოკვლა გადაწყვიტეთ, უკვე სიცოცხლე მომინდა…“

მაგრამ დონ მიგელი გადაწყვეტილების გადათქმას არ აპირებს: „შეუძლებელია! ასე მიწერია და ვეღარაფერს გადავასწორებ! შენ აღარ იცოცხლებ. არ ვიცი მეტი რა გიყო და როცა უფალმა ღმერთმა არ იცის, რა გვიყოს, მაშინ გვკლავს ხოლმე“.

პირველი შეკითხვა, რაც ამის წაკითხვის შემდეგ გვიჩნდება, ალბათ ესაა: იცნობდა თუ არა მიხეილ ჯავახიშვილი უნამუნოს რომანს? ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში ქართველი მწერლის ლიტერატურულ წერილებსა და ჩანაწერებში ვერსად ნახავთ მიგელ დე უნამუნოს. გვხვდება იმდროინდელი გერმანელი, ფრანგი, რუსი მწერლები, მათი თხზულებებიდან დამოწმებული ციტატები, მაგრამ დონ მიგელი არსად ჩანს. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ისიც შეიძლება იყოს, რომ XX საუკუნის 10-20-იანი წლების ესპანურ ლიტერატურას ათწლეულების დაგვიანებით გაეცნო ქართველი მკითხველი. დიდად არც საბჭოთა რუსეთის ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები და გამომცემლობები დაინტერესებულან უნამუნოს შემოქმედებით. უფრო მეტიც, ერთხანს თავის სამშობლოშიც იდევნებოდა მწერალი, რადგან მკაცრად შეაფასა ესპანეთის ხელისუფლებაში სამხედრო დიქტატორის – პრიმო დე რივერას მოსვლა. ხოლო მას შემდეგ, რაც მისი „ქრისტიანობის აგონია“ რომის პაპმა საჯაროდ დაგმო, უნამუნოს სახელს ევროპაშიც ფრთხილად ახსენებდნენ. აქედან გამომდინარე, სამართლიანი ეჭვი შეიძლება გამოითქვას იმის შესახებ, რომ მიხეილ ჯავახიშვილი არ იცნობდა მიგელ დე უნამუნოს რომანს.

განსხვავებული ვითარებაა გაბრიელ გარსია მარკესისა და ოთარ ჭილაძის შემთხვევაში, ამიტომაც კრიტიკოსები ხშირად ადარებენ კოლუმბიელი და ქართველი მწერლის რომანებს – „მარტოობის ასი წელიწადი“ (1967 წ.) და „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ (1976 წ.). ორივეგან ერთი გვარის (ბუენდიებისა და მაკაბელების) საუკუნოვანი ამბავია მოთხრობილი და მათი ცხოვრება გააზრებულია როგორც მთელი ქვეყნის, კაცობრიობის   თავგადასავალი – მარადიული ვნებებით, ტკივილებითა და გამოსავლის ძიებით.

ეს ისაა, რასაც აშკარად ამჩნევენ და აღნიშნავენ ლიტერატურის მკვლევარები. თუმცა შეიძლება ბევრს არ მიუქცევია ყურადღება, რომ ჭილაძის პირველი რომანი „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ (1972 წ.) და მარკესის მესამე რომანი „პატრიარქის შემოდგომაც“ (1975 წ.) ჰგავს ერთმანეთს. ქართულ ენაზე დაწერილ წიგნში ზღვა უკან იხევს, დაპყრობილი, გადაგვარებული და ზნეობამოშლილი ქვეყნიდან ნაბიჯ-ნაბიჯ მიიპარება, თან ისე, რომ ფხიზელ და ჯიუტ მეთვალყურეს, კისერზე თოკის გორგალგადაცმულ ბედიასაც კი გააცურებს; მარკესის რომანში კი დაპყრობილი და გადაგვარებული ქვეყნის დიქტატორი თავის დაუძინებელ მტრებზე, გრინგოებზე ჰყიდის ზღვას, რითაც კიდევ უფრო უახლოვდება „სიკვდილის ნავის დაძონძილ იალქანს“.

რა შეიძლება დაერქვას ამგვარ დამთხვევებს – როცა ლიტერატურული რუკის სხვადასხვა წერტილში მცხოვრები მწერლები თითქმის არ იცნობენ ერთმანეთს და მათი პერსონაჟების განცდა, ხასიათი და თავგადასავალი ასე იკვეთება?

მოგვიანებით ამ ამოუხსნელ დამთხვევებს ერთ-ერთ ინტერვიუში თავად ოთარ ჭილაძე ახსნის, უფრო სწორად, ჟურნალისტის შეკითხვაზე – „არ არსებობს მწერალი, მეორისგან რომ არ იღებდეს რაღაცას. თქვენთვის ვინ არის ასეთი „მეორეო“, ასე უპასუხებს:

„ასეთი „მეორე“ ძალიან ზოგადი ცნებაა. ასეთი „მეორეა“ ყველა, ვინც წაგიკითხავს; შეიძლება არც წაგიკითხავს, მაგრამ გაგიგია; ან არც გაგიგია, მაგრამ მისი ბაცილა დაფრინავს ჰაერში და, გინდა არ გინდა, შენზეც ახდენს გარკვეულ ზემოქმედებას. ლიტერატურული ატმოსფერო ამგვარი ბაცილებითაა გავსებული და ჩვენც, თავზეხელაღებული სულელები, ერთმანეთს ვეჯიბრებით, ვინ უფრო ღრმად ჩაისუნთქავს ამ „სახიფათო“ ჰაერს…“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი