ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ადი სახლში, წიგნი წაიკითხე!

საზაფხულო თემასა და საკითხავებზე ჩვენს გაზეთზე ბევრი დაწერილა. აგვისტო წინაა და ალბათ კიდევ ბევრი დაიწერება. ვწერთ იმაზე, რა წავიკითხოთ და რა წავაკითხოთ ბავშვებს, როგორ ავუმაღლოთ კითხვითი უნარები. ხანდახან ერთმანეთს სხვადასხვა წიგნებზე ვუყვებით, შთაბეჭდილებებს ვუზიარებთ და ერთმანეთისგან სიახლეებს ველოდებით. ეს ისეთი  სასიამოვნო თემაა, რომელზედაც ლაღად და ხალისით ვყვებით.

სკოლა რახანია დასრულდა. ჩვენ კი მაინც ჯიუტად ვამზადებთ საკითხავების სიას. ახალი წიგნების შეძენაზე ვფიქრობთ. გვინდა ჩვენმა შვილებმა ბევრი წიგნი წაიკითხონ. ეს ყველა მშობელს უნდა. ყველას გვინდა ჩვენმა შვილებმა თავაუღებლად იკითხონ წიგნები, რადგან გაგვიგია, როგორი კარგი რამეა წიგნების კითხვა, რა სასარგებლო შედეგს იძლევა ბევრი წიგნის წაკითხვა.  მერე რა რომ სასწავლო წელი მორჩა, მერე რა რომ ახლა ზაფხულია და განტვირთვისთვის არაჩვეულებრივი დროა. ვცდილობთ, ხანდახან მაინც შევაპაროთ ბავშვებს წიგნები. ზოგიერთს ეს ძალდატანება სულაც არ სჭირდება. თვითონ ეძებს თავისთვის საჭირო საკითხავებს, იმარაგებს, ზოგჯერ ღამითაც კითხულობს. თავისი რიტუალები აქვს, წიგნის  ფესტივალებზე დადის, გამომცემლობების ახალი თარგმანებით ინტერესდება, მეგობრები ჰყავს ისეთი, რომლებთანაც ახლად წაკითხულ წიგნებზე საუბრობს.  ერთი სიტყვით, დიდი ხანია გაუსინჯა გემო წიგნების მტვერს, როგორც ბანალურად იტყვიან.

ეს წერილი სულ სხვა რამეზეა. არც წიგნების სიყვარულზე ვწერ და არც იმაზე, თუ რა სასიამოვნოა განცდაა, როდესაც კარგ წიგნს კითხულობ. ყველას, ვისაც კარგი წიგნი წაგვიკითხავს, გამოგვიცდია ის მრავალფეროვანი განცდები, საინტერესო წიგნის წაკითხვას რომ ახლავს თან.  თითქოს ხელახლა დაიბადე, თითქოს გაცოცხლდი და ახალი ენერგიით აივსე, თითქოს სისხლი გადაგისხეს. ზოგიერთ წიგნს მართლაც აქვს  გამაცოცხლებელი ეფექტი და ძალიან ძნელია, არ მოგინდეს ამ ყველაფერზე არ ისაუბრო და სხვები, განსაკუთრებით კი საყვარელი ადამიანები, არ დაარწმუნო ამ სასარგებლო საქმის სიკეთეში. მოკლედ, ძალიან დიდი ცდუნებაა ამ ყველაფერზე ლაპარაკი.

ალბათ მაინც სჯობს ვილაპარაკოთ, ოღონდ ერთი პირობის გათვალისწინებით: არ გავხდეთ ცრუ მქადაგებლები და როდესაც, ჩვენზე უმცროსების რაიმეში დარწმუნებას გადავწყვეტთ, არ მოვატყუოთ ისინი.  უფროსებს ხშირად შეცდომა მოგვდის და ვცდილობთ ზედმეტი კარნახით და დიდი  ძალდატანებით გამოვძერწოთ შვილებისგან  იდეალური და სუპერგონიერი პიროვნებები, რომლითაც ვიამაყებთ გარშემომყოფებთან და თავს მოვიწონებთ. ვცდილობთ გავხადოთ ისინი იმაზე უკეთესები ვიდრე ჩვენ ვართ და ვიყავით. ზოგიერთი იკითხავს – რატომ არის ცუდი ასეთი მცდელობები? რატომ არ შეიძლება დავაძალოთ შვილებს ის, რაც ჩვენ მათთვის მნიშვნელოვნად და სასარგებლოდ მიგვაჩნია. პასუხი ერთია: როდესაც ჩვენ თვითონ არ ვკითხულობთ წიგნებს, როდესაც ჩვენ თვითონ არ ვაძლევთ მათ კითხვის მაგალითს, როდესაც ბავშვები ოჯახში ვერ ხედავენ, რომ მისი ოჯახის წევრებს წიგნები აინტერესებთ, დამერწმუნებით, რომ უსამართლობაა ბავშვებს გავუჯავრდეთ იმის გამო, რომ წიგნების კითხვას გარეთ სირბილი ურჩევნიათ. ძალიან დიდი ძალისხმევის დახარჯვა დაგჭირდებათ, ისინი დაარწმუნოთ ისეთ რამეში, რის მაგალითსაც თვითონ არ უჩვენებთ. ცხადია, მხოლოდ წიგნების კითხვა არ იგულისხმება, როდესაც მათ დარწმუნებას ვცდილობთ რაიმეში და არ გამოგვდის.

ზაფხული  თვალის დახამხამებაში გავა და ისინი ისევ წიგნებთან აღმოჩნდებიან, ისევ უზღვავ ინფორმაციასთან, ციფრებთან, სქემებთან და ტესტებთან. ამიტომ მათი არჩევანი გასაგებია, მათი თავისუფლება კი – შეუზღუდავი. და რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, ამ თავისუფლებას არ გაგვინაწილებენ, არ გაგვიყოფენ, თუ მათ მართლაც საინტერესო საქმეს არ შევთავაზებთ, ცოტათი არ დავაინტერესებთ და მხოლოდ იმპერატიული ტონით შევეცდებით ის საქმე გავაკეთებინოთ, რომელიც მიგვაჩნია, რომ მათთვის სასარგებლოა. თან, რა აზრი აქვს წიგნების ძალდატანებით კითხვას?!  წარმოუდგენელია ბედნიერი იყო, როდესაც ჩვენი ყველა უჯრედი უბედური და უსიცოცხლოა. ასეა წიგნებზეც, თუ საკუთარი ტანით არ შეიგრძნობ ამ განცდას, ტყუილად კითხვას რა აზრი აქვს.

– მარიამ, ადი სახლში და წიგნი წაიკითხე! მარიამ, ადი სახლში-მეთქი! – თითქოს ლურსმნებს არჭობენ ტვინში, ისე ჩამესმის ეს სიტყვები. არ ვიცი, მარიამი რამდენ წიგნს კითხულობს, უყვარს თუ არა საერთოდ კითხვა, კარგად სწავლობს თუ არა, რა ინტერესები აქვს და ა.შ მასზე არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ მეშვიდე კლასში გადავიდა და ლახტით კარგად ხტუნავს, მხიარული და საყვარელი გოგოა და რამდენჯერმე სურვილი გამიჩნდა წიგნებზე დავლაპარაკებოდი, მაგრამ რატომღაც გადავიფიქრე. ამიტომ, როდესაც ხმამაღლა უყვირიან და სახლში აგზავნიან წიგნის წასაკითხად, მისი კარგად მესმის. მას ურჩევნია ეზოში იჯდეს დედის გვერდით  და უფროსებთან ერთად იმუსაიფოს, მათი საუბრები მოისმინოს და თავისი აზრი გამოხატოს.

თუკი ერთხელაც გავბედავ და მასთან წიგნების შესახებ ვილაპარაკებ, აუცილებლად მოვუყვები ბოლო დროს წაკითხულ წიგნებზე, რომლებმაც ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს და დამამახსოვრდნენ.  მათ შორის ერთ-ერთი ანა გავალდას “35 კილო იმედია”, რომელიც ერთი ბიჭუნასა და ბაბუასთან მის საოცარი ურთიერთობის შესახებაა. კიდევ ერთი წიგნი, რომელზეც მარიამს დაველაპარაკებოდი ჯუდი ბლუმის “აქ ხარ ღმერთო? ეს მე ვარ მარგარეტია”. მარგარეტ საიმონი თერთმეტი  წლის გოგონაა, რომელიც ყველაზე გულახდილი თავის დღიურთანაა, თუმცა მასაც ჰყავს ყველაზე ახლობელი მესაიდუმლე, ეს მისი სამოცი  წლის ბებიაა. ეს წიგნი არა მარტო თერთმეტი წლის გოგონებისთვის გამოდგება, არამედ პირველ რიგში მათი მშობლებისთვისაა, რომლებსაც ხანდახან არ ესმით საკუთარი შვილების და ვერც იმას ხვდებიან, როგორ უნდა ელაპარაკონ თავიანთ მოზარდ გოგონებს. ენ მარტინის “ჩემს დასთან ცხოვრების ათი წესი” ორი დის შესახებაა, რომელთაგან ერთ-ერთი ცდილობს თავი დაიცვას პატარა დის “შემოტევისგან”  და  მასთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ათ  წესს შეადგენს, იმისთვის, რომ ერთმანეთს არ დაურღვიონ პირადი სივრცე.  ეს წიგნი განსაკუთრებული საკითხავი მგონია როგორც  პატარებისთვის, ასევე უფროსებისთვისაც, რათა თავიდანვე მიეჩვიონ ერთმანეთის პირადი სივრცისა და პირადი ცხოვრების პატივისცემას, რომელიც მათ საკუთარ ოჯახთან თანაცხოვრებაში და შემდეგ უკვე საზოგადოებასთან ურთიერთობაშიც დაეხმარებათ.

კარგ წიგნებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ამიტომ, თუ ისევ ძალიან გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა და მოსწავლეებმა იკითხონ მხატვრული ლიტერატურა, ადექით და თავად მოუყევით მათ თქვენი საყვარელი წიგნების შესახებ. მოუყევით ბავშვობაში წაკითხული წიგნებიდან მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ, რა აღგაფრთოვანებდათ და რა გამწუხრებდათ, რომელმა წიგნმა მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება და ისიც უთხარით, ახლა რას კითხულობთ, იქნებ ასე უფრო საინტერესო და მარტივი გახდეს მათთან ერთად მხატვრული ლიტერატურის სამყაროში ხეტიალი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი