პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ქუჩის ბიჭები

ახლა რომ არის, მაშინ ეგრე არ იყო. ინტერნეტში, რომელიც ჩვენს წარმოდგენაში ლაბადამოსხმული, იდუმალი არსება გახლდათ, ვერ მოძებნიდით, თუ სად დაუკრავდა თქვენი საყვარელი მუსიკალური ბენდი უახლოეს ხანებში – ბერლინში, პარიზსა თუ ამსტერდამში. იქნებ ბუდაპეშტში, ზიგეტის ფესტივალზე? თითების მარტივი მოძრაობით ვერ აკრეფდით თქვენი ბარათის მონაცემებს და ვერ იყიდდით Radiohead-ს კონცერტის ბილეთს. ვერც booking.com-ზე ინადირებდით თვითმფრინავისა და სასტუმროს იაფ ბილეთებზე.

მაშინ, როდესაც ტომ იორკი Creep-ზე სტადიონებს იყოლიებდა, როცა Red Hot Chili Peppers-ი გადაჭედილ მოედნებს აგუგუნებდა, როდესაც დიდებით დაღლილი მიკ ჯაგერის მიერ დარბაზისკენ გაწვდილ მიკროფონს ათიათასობით ადმიანი ჩაჰკიოდა… ჩვენთან  იყო „მაესტრო“ და „პირველი სტერეო“. იყო საახალწლო კონცერტები, რომლებიც უგემოვნოდ მორთულ-მოკაზმულ პავილიონებში იწერებოდა და ამით ძალიან ჰგავდა მოსკოვზე (რუსეთის პირველ არხს ვგულისხმობ) გასულ ტაკიმასხარაობებს – ტატიანა ბულანოვას საპირველიანვრო სევდის დღესასწაულს, ვალერი ლეონტიევის ამოუცნობ მოძრაობსბ, ნატაშა კარალიოვას მანჭვა-გრეხას და ალლა პუგაჩოვას ტინგიცს რომელიმე ახალ ჯეელთან. ჩვენთან იყო „საუკუნის ნოსტალგია“, რომელზეც ქართული ესტრადის ვარსკვლავები ნამდვილი ვარკსკვლავების სიმღერებს ქართულად ამღერებდნენ. ვითარების უკეთ საჩვენებლად გეტყვით, რომ ეკა კვალიაშვილი ბარბრა სტრეიზანდის Woman in love-ის ქართულ ვარიანტს ასრულებდა.

რა გასაკვირია, რომ ამ დროს, ყველა, ვინც ეკრანზე ჩნდებოდა და სიმღერას ტუჩებს აყოლებდა, ჩვენი ღმერთი იყო.

1999 წელს, ედუარდ შევარდნაძის, უფრო სწორად კი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ წინასაარჩევნო კამპანიაში თითქმის მთელი ქართული ესტრადა ჩაერთო. ინტილიგენციამ, რომელიც ყოველთვის ითხოვდა ყურადღებას ხელისუფლებისგან, გადაწვიტა მოქმედ მთავრობას გვერდში ამოსდგომოდა და ცხადია ამით გამორჩენა ენახა. ინტილიგენციამ, რომელთან დალაგებული ურთიერთობაც აგრერიგად აძლევდა ხელს თავად ხელისუფლებასაც. მომღერალთა და მსახიობთა არმიას ჯემალ სეფიაშვილი ჩაუდგა სათავეში და ეკრანზე გამოჩნდა ვიდეო „გიხაროდენ“. იქ იყო ყველა, ვინც კი მაშინ მღეროდა. კლიპის დასაწყისში ჯემალ სეფიაშვილი ისევე თვლიდა პროექტში მონაწილე არტისტებს, როგორც ქელეხშია აწერინებენ ხოლმე გვარებს, რათა ჭირისუფალმა კარგად ნახოს, ვინ შეეწია.

ახლა რომ ვუკვირდები, ძალიან სასაცილო ამბავია.

ამ კლიპლში იყვნენ „ქუჩის ბიჭებიც“. იმ დროისთვის ჯერ კიდევ უცნობი, სახელისა და დიდებისთვის ბორჯომიდან დედაქალაქისკენ წამოსული ოთხი ყმაწვილი. საქართველოში წარმატებისკენ გზა აუცილებლად რაღაცაზე გადის – ან ფულზე, ან ბიზნესზე, შეიძლება ვიღაცის საწოლზე ან პოლიტიკაზე. ასე აღმოჩნდა ეს ოთხი ქუჩის ბიჭი ჯემალ სეფიაშვილის პროექტში. სიმართლე ითქვას, ძალიან სასაცილოდ გამოიყურებოდნენ. აბაზანიდან ახლადგამოსულ და პირსახოცშემოხვეულ კაცებს ჰგავდნენ.

თუმცა, პროექტში მონაწილეობამ გაამართლა. მალე ქუჩის ბიჭებიც ღმერთები გახდნენ. მახსოვს, ჩემი უბნის დიდი ბიჭები, საქმის გარჩევის დროსაც კი ისეთივე მოძრაობებს აკეთებდნენ, როგორც გურამიკო კლიპში, სიმღერის დროს.

მოგვიანებით, ისინი ფილარმონიაში გავიცანი. ეს იყო ყოველგვარ პომპეზურობას მოკლებული შეხვედრა კუმირებთან. ბებიაჩემი, რომელიც თბილისის საკონცერტო დარბაზში  სართულის გამგე იყო და არტისტთა ოთახების გასაღებები ებარა, ხშირად დამატარებდა სამსახურში და  ფრუნზიკ მკრტიჩიანის გმირის არ იყოს – „იშტოიანა ვიძილ“. ერთხელაც, რომელიღაც გალა კონცერტის წინ, როცა ბებიაჩემს მორიგი გასაღები უნდა გადაეცა შემსრულებლისთვის, მე კი კუდში მივყვებოდი, აღმოჩნდა, რომ კლიტეთმპყრობელები ქუჩის ბიჭები უნდა გამხდარიყვნენ. გავშეშდი. ისინი გამიგებენ, ვისაც ნანახი აქვს საოცრად ემოციური ვიდეო, რომელზეც ნაჩვენებია იმ ბავშვთა რეაქციები, რომლებიც თავიანთ საყვარელ ფეხბურთელებს ხედავე. ისინი პირღიები დგანან, ყვირიან ფეხბურთელის სახელს, ტირიან, ხელებზე კოცნიან მათ. მე – გავშეშდი. ვერც წინ გადავდი ნაბიჯი და ვერც უკან. ასე მხოლოდ ერთხელ დამემართა, როდესაც სადარბაზოდან გამოსულმა ეზოში მწოლიარე დიდი, შავი გველი დავინახე.

  • ბიჭებო, ეს დათუნაა, ჩემი შვილიშვილი – უთხრა ბებიამ გასაღების მომლოდინე ვარსკვლავებს.

ერთერთმა თავზე გადამისვა ხელი.

ის იყო და ის. არ ვიცი რატომ, მაგრამ მას შემდეგ ქუჩის ბიჭები ჩემი ვარსკვალევის სიიდან ამოვშალე. განა იმიტომ, რომ ძალიან ცივად შეხვდნენ მათ გულშემატკივარ ბავშვს. არა. უბრალოდ, ისინი ჩვეულებრივი ადამიანები აღმოჩდნენ.

ეს ამბავი კი იმან გამახსენა, რომ არცთუ ისე დიდი ხნის წინ, თბილისს ძალიან  კარგი მწერალი – ეტგარ კერეტი ეწვია. ვიცოდი, რომ ჩემს უფროს მეგობარსა და მასწავლებელს (სხვათა შორის, ამ ჟურნალის მთავარ რედაქტორს) ნატო ინგოროყვას მისი ნაწერები ძალიან უყვარს. ვკითხე, შეხვედრაზე ხომ მოდიხარ – მეთქი. არაო, მოკლედ მომიჭრა. „არ მინდა იმედი გამიცრუვდეს. ჩემი საყვარელი ავტორების გაცნობისას, აქამდე სწორედ ასე ხდებოდა“.

ახლა ვხვდები, რასაც გულისხმობდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი