პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ჩემი მოსწავლეების დაკვირვებები – გარიგების ინსტიტუტი

მე-19 საუკუნის ევროპულ ლიტერატურაში თვალშისაცემია ქალების ერთგვარი უნუგეშო მდგომარეობა, განსაკუთრებით, ეს შეეხებოდათ სოფელში მცხოვრებ გასათხოვარ, თუნდაც – შეძლებული ოჯახის შვილებს, მით უმეტეს, გაღარიბებული მემამულეების მემკვიდრეებს და, განსაკუთრებით, ურბანულ გარემოში აღმოჩენილ გაკოტრების ზღვარზე მისულ არისტოკრატებს. უნუგეშო მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ამძაფრებდა ის მომენტი, თუკი ოჯახში დასაქორწინებელი ჭაბუკიც იყო ან, კიდევ უფრო უარესი, გასათხოვარ ქალიშვილთა რაოდენობა ორს აჭარბებდა. ამ ყველაფერს კი ისიც ემატებოდა, რომ კაპიტალიზმის სიკეთეებს ზიარებულ განათლებამიღებულ ყმაწვილებს (ეს განათლება ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ზედაპირული იყო და მხოლოდ ერთი უცხო ენის ცოდნით განისაზღვრებოდა, რასაც ვირტუოზულად აღწერს პუშკინი თავის გენიალურ პოემაში „ევგენი ონეგინი“: Monsieur l’Abbé, француз убогий, Чтоб не измучилось дитя, Учил его всему шутя…)  აღარ იზიდავდათ სოფლად აღზრდილი კდემამოსილი ქალიშვილები, მათზე დაქორწინება მათთვის მხოლოდ გამოუვალი სიტუაციიდან თავის დაღწევას ნიშნავდა. აქ უამრავი მაგალითის გახსენება შეიძლება ლიტერატურიდან. იშვიათობა იყო, მემამულეთა ქალიშვილებს გამართლებოდათ და სიყვარულით შეექმნათ ოჯახი (ჯეინ ოსტინის რომანი „სიამაყე და ცრურწმენა“ სწორედ ამ პრობლემას შეეხება – გაღარიბებულ ოჯახში რამდენიმე ქალიშვილი იზრდება და მათი „დაბინავება“ დედის ერთადერთი საზრუნავია. რომანის გმირი იღბლიანი აღმოჩნდება და, მკითხველის გულის გასახარად, მის და მისი დის ბედნიერ ქორწინებას სიყვარული გადაწყვეტს).

ევროპული ლიტერატურის მსგავსად ეპოქისთვის დამახასიათებელ პრობლემას ვერც ქართული ლიტერატურა აუქცევდა გვერდს. ამიტომაც ჩემმა მოსწავლემ, ქეთი კაპანაძემ, გადაწყვიტა შეესწავლა ეს თემა, რომელიც განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა ქართველი პროზაიკოსებისა და დრამატურგებისთვის. აღმოჩნდა, რომ მეცხრამეტე საუკუნის ქართული ლიტერატურისთვის თვალის ერთი გადავლებაც კმაროდა იმისთვის, რომ გვეთქვა: ქორწინებათა იღბლიანობა/უიღბლობა შუამავლის კეთილსინდისიერების პირდაპირპროპორციული იყო. 21-ე საუკუნის ადამიანისთვის, გარიგების საკითხი სასაცილოდ ჟღერს, თუმცა მას შემდეგ, რაც ამ საკითხზე დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ეს საკითხი სულაც არაა სასაცილო. თუკი თვალს გადავავლებთ ისტორიას, ლიტერატურას, შეძლებისდაგვარად შევადარებთ მსოფლიოს ისტორიასა და ლიტერატურას და მივხვდებით, რომ ქორწინებათა უდიდესი ნაწილი სწორედაც რომ გარიგების ინსტიტუტის სიძლიერეზე იდგა. რა თქმა უნდა, როგორც ყველა წესს, ამ წესსაც უამრავი გამონაკლისი ახლდა. ამის გამო ბევრი სასიყვარულო ისტორია ტრაგიკულადაც დასრულდა. ეს ამბები კი საინტერესო აღმოჩნდა ლიტერატურისთვის, ფოლკლორისთვის. ამგვარი ტექსტების (გარიგებით შექმნილ ოჯახებზე) რაოდენობამ ჩემს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. აღმოჩნდა, რომ ისტორიას იმის საკმაოდ ბევრი მაგალითი აქვს, როგორ სიამტკბილობაში, სიყვარულსა და პატივისცემაში გაგრძელებულა ურთიერთობები ამ წესით შექმნილ ოჯახებში.ზოგ ნაწარმოებში ჩანს პროტესტი იმ ადამიანისგან, ვიზეც მუშაობდა მაჭანკალი, რადგან ეს საქმიანობა ერთგვარი ზეწოლის სახეს იღებდა. ფაქტი ყოველთვის ისაა, რომ ცნობები ამ საკითხის ირგვლივ არა მარტო ქართულ, არამედ ნებისმიერი ქვეყნის ისტორიაში მოიპოვება. გარიგების ინსტიტუტი ხშირ შემთხვევაში მისასალმებელი იყო და მისი აუგად მოხსენიება არ შეიძლება.

ჰიპოთეზის სახით შესაძლებელია დავუშვათ: წარსულში, როდესაც სატრანსპორტო სისტემა აწყობილი არ იყო და ეს მისვლა-მოსვლას ართულებდა, კარგად იკვეთება შუამავლის როლი, როგორც ორ ოჯახს შორის დამაკავშირებელი რგოლი. ამ შემთხვევაში მაშვალის შემოსავალი და საარსებო წყარო დაფუძნებული იყო ორი ოჯახის გარიგებაზე.  მეცხრამეტე საუკუნეში კი ეს საპატიო ინსტიტუტი საკმაოდ დაკნინდა და შუამავლები ხშირად, მადლობის ნაცვლად, წყევლა-კრულვას იმსახურებდნენ, იყო შემთხვევებიც, როცა მათ ფიზიკურადაც ეხებოდნენ. ეს ფაქტორი იმდენად მკაფიო აღმოჩნდა, რომ შეუძლებელი გახდა ამის არშემჩნევა. შესამაბისად, კვლევაც აქეთ იქნა მიმართული და საკვლევმა შეკითხვამაც ასეთი სახე მიიღო: რატომ და როგორ ხდება შუამავლის, როგორც პოზიტიური პერსონაჟის, ნეგატიურ პერსონაჟად გადაქცევა? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ორი ავტორის შემოქმედების შესწავლაც საკმარისია იმისთვის, რომ კითხვას პასუხი გაეცეს. დავით კლდიაშვილის და ავქსენტი ცაგარელის შემოქმედებაზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ერთიდიმავე თემის მხატვრული დამუშავება, მიუხედავად იმისა, სოფლისა თუ ქალაქის გარემოში ვითარდება, ერთნაირ პრობლემად რჩება.

ნებისმიერი საკითხის შესწავლისთვის აუცილებელია იმ სპეციფიკური ტერმინოლოგიის ცოდნა, რომელიც კონკრეტულად საკითხს უკავშირდება. ლიტერატურულ ნაწარმოებებში, რომლებიც გარიგების ინსტიტუტის თემას უკავშირდება, გვხვდება რამდენიმე ტერმინი, რომელთაგან ზოგიერთი უაღრესად საინტერესო წარმომავლობისაა. ეს ტერმინებია: მაჭანკალი, მაშვალი (შესაძლოა, ეს სიტყვა „შველა“-დან მომდინარეობდეს. ამ შემთხვევაში აშკარად იკვეთება დასაოჯახებელი პირების უნუგეშო მდგომარეობა), ქაბატუა (ქაბატუა იგივე ქაბატო სიტყვა „ქალბატონოს“ დამახინჯებული ფორმაა, რომელიც აკნინებს ამ პროფესიის ადამიანს. ამ ტერმინის ქვეშ მეტწილად ქვრივად დარჩენილი სომეხი ქალები მოქმედებდნენ, რამაც გამოიწვია კიდეც ტერმინის დამახინჯებაც და მისთვის აშკარა ნეგატიური კონოტაციის მინიჭებაც), სუტკნეინა (ამ კომპოზიტის ორივე ნაწილი უცხოურ სიტყვას უკავშირდება და ქართულად ითარგმნება, როგორც ტყუილქალბატონი ან ფუჭქალბატონი. თარგმანი ცხადს ხდის და მიგვანიშნებს მის მკვეთრად ნეგატიურ კონოტაციაზე), ხანუმა (ხანუმა ხანის მდედრობითი სქესის ფორმაა და აღნიშნავს მაღალი სოციალური კლასის ქალბატონს. ეს სიტყვაც ნეგატიური კონოტაციის მატარებელია). ნიშანდობლივია, რომ სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში არ მოიძებნება „მაჭანკლის“ გარდა არცერთი სიტყვა, რომელიც შუამავლის სტატუსს აღნიშნავს. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ, ამ ერთი სიტყვის გარდა, დანარჩენი ტერმინების გაჩენა ისტორიულმა აუცილებლობამ განაპირობა. “მაჭანკალი” ორბელიანის „სიტყვის კონაში“ შემდეგნაირადაა განმარტებული: სიძვის შუამავალი. რატომ არ იდგა სულხან-საბა ორბელიანის პერიოდში იმის საჭიროება, რომ შუამავლის პროფესიას სხვადასხვა სახელები ჰქონოდა? ჩნდება კითხვა, თუ რამ გამოიწვია ერთი პროფესიისთვის ახალი ტერმინების გაჩენა? ანდა: როდიდან ჩნდება ახალი პროფესიული ტერმინები ენაში? ამ კითხვებისთვის პასუხის გასაცემად საჭირო და სამკარისიც აღმოჩნდა სულხან-საბა ორბელიანის შემდგომი ლიტერატურის გადახედვა. პასუხის გასაცემად მოკლე ისტორიული ექსკურსი დაგვჭირდება, რადგან იკვეთება, რომ ერთი პროფესიისთვის რამდენიმე ტერმინის გაჩენა პირდაპირ უკავშირდება XIX საუკუნის შუახანებს და ეპოქაში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ, იმ პერიოდს, როდესაც ბატონყმობის რღვევა დაიწყო, რაც მისი გაუქმებით დასრულდა კიდეც. ამავე საუკუნის 30-50-იანი წლებიდან საქართველოში ძირითადად სტაბილური სიტუაცია მყარდება, ვითარდება სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და, რაც ყველაზე მთავარია, ვაჭრობა, რამაც უცხოელი ხალხის ქვეყანაში შემოსვლა განაპირობა – განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალაქებში სომხური მოსახლეობის რაოდენობის გაზრდა, მათმა ქვრივებმა კი მომავალში ადვილად შეითავსეს ახალი პროფესია. 1864 წელს (რუსეთში ბატონყმობის გაუქმებიდან სამი წლის შემდეგ) საქართველოში ბატონყმობა გაუქმდა, რამაც საქართველოს ისტორიაში გარდატეხის პერიოდი მოიტანა. დაიწყო კაპიტალიზმის სწრაფი განვითარება, ფაბრიკების და ქარხნების აშენება და,რაც, ერთი შეხედვით, პროგრესული, მაგრამ დამღუპველი აღმოჩნდა საქართველოს ტიპის გეოგრაფიული ლანდშაფტის მქონე რეგიონისთვის, ქალაქების როლის ზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, გორი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი და სხვ.). ბატონყმობის რღვევას ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება და მთელი რიგი გარემოებების შეცვლა მოჰყვა. ბატონყმობის გაუქმების შემდეგ დიდი მნიშვნელობა მიენიჭა არა ნატურალურ პროდუქტს, არამედ – ფულს. ნებისმიერი სოციალური ფენისა და პროფესიის წარმომადგენელი – თავადიც, აზნაურიც, გლეხიც, მღვდელიც, ხელოსანიც და ვაჭარიც – მანამდე არნახული წესებით ცდილობდა ფულის შოვნას, ეს კი სულ უფრო დახვეწილი გზებისა და ხერხების ათვისებაში გამოიხატებოდა; ფულის შოვნა მთლიანად მათ მარიფათსა და მოხერხებაზე იყო დამოკიდებული. ბატონყმობის პერიოდში ფულზე მოთხოვნილება ასე მძაფრად არ იდგა, შესაბამისად, ხალხი ვერც იაზრებდა მის მნიშვნელობას და ფულიანი ადამიანის უპირატესობას დანარჩენებთან შედარებით. მანამდე დღის წესრიგში მიწა და მიწაზე მოყვანილი პროდუქტი იდგა და ამ პროდუქტის რაოდენობა განსაზღვრავდა მოსახლეობის შეხედულებას  კეთილდღეობაზე. ბატონყმობის გაუქმებასთან ერთად ეს შეხედულებაც სხვა, უკვე ახალი დროის შესაბამისმა შეხედულებებმა ჩაანაცვლა; ხალხი ნელ-ნელა გადაეწყო ახალ რელსებზე და დაიწყო ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ, რაც შეიძლება მეტი ფული მიეღო. ვაჭრობის განვითარებასთან ერთად გამოჩნდა ფულის შოვნის ათასგვარი გამართლებული თუ გაუმართლებელი საშუალება, შესაბამისად, გაჩაღდა სერიოზული კონკურენციაც. ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ნიშნები შეიმჩნევა უკლებლივ ყველა სფეროში, კაპიტალიზმის ხელი შეეხო თითქმის ყველა პროფესიას და მოახდინა კიდეც ბევრი მათგანის ცვლილება. ეს იყო დროიდან და საჭიროებიდან გამომდინარე პროცესი. მეცხრამეტე საუკუნეში განვითარებულ მოვლენებს არც მაჭანკლობის ინსტიტუტი ჩამორჩა. აქამდე, თუკი შუამავალი ეთიკურ ნორმებს იცავდა და ისე ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას, ფულზე დახარბებამ მათ შორისაც გაზარდა კონკურენცია. ერთ ოჯახზე უკვე რამდენიმე მაჭანკალი მუშაობდა. ადრე, თუკი მაშვალი მხოლოდ შუამავლის ფუნქციას ასრულებდა, ახლა უკვე მათი შემოსავალი სარფიან გარიგებაზე იყო დამოკიდებული. ბევრმა ტყუილებიც იკადრა, რათა სამაჭანკლოს ქონება უფრო შთამბეჭდავად წარმოედგინათ. ამიტომაც საჭირო გახდა სხვადასხვა ტერმინის შემოღება თუნდაც იმიტომ, რომ მომხდარიყო პატიოსანი და არაპატიოსანი პირების ერთმანეთისგან გარჩევა-გამიჯვნა.

ის სიტუაცია, რაც საკმაოდ წარმოუდგენელი და ძნელად აღსაქმელია 21-ე საუკუნეში,  არაჩვეულებრივადაა აღწერილი მე-19 საუკუნის ლიტერატურულ ნაწარმოებებში. მხატვრული ლიტერატურა ზოგჯერ აჭარბებს და გადამეტებულ ფერებში ასახავს რეალობას, თუმცა მაინც ერთ-ერთი ყველაზე საჭირო წყაროა ეპოქის შესასწავლად. გარიგების ინსტიტუტის შესწავლისას განხილული ნაწარმოებების ანალიზისას დავრწმუნდი, რომ შუამავლის პროფესიის წარმოდგენა, თუკი მანამდე დადებით კონტექსტში ხდებოდა (აქ საუბარი არაა სიძვის შუამავალზე) სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით, მკვეთრად შეიცვალა და მან სრულიად ნეგატიური სახე მიიღო.

საკვლევი მასალის დამუშავებამ მიჩვენა:

1.დავით კლდიაშვილის პროზა ძირითადად სამი ტიპის შუამავალს იცნობს. აქედან პირველი ოჯახის გულშემატკივარი მაჭანკალია, რომელიც პროფესიულ სტანდარტებს იცავს, მეორე – საკუთარ გამორჩენაზე ორიენტირებული არამზადაა, რომელიც ფულის გამო ყველაფერს იკადრებს და მესამე ისეთი მაშვალია, რომელიც სიტუაციამ შექმნა. მეორე და მესამე ტიპის მაჭანკლის სახის შექმნით დავით კლდიაშვილმა დაუვიწყარი სახასიათო სახეები შეჰმატა ქართულ ლიტერატურას, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი კი მესამე ტიპის მაჭანკლები, ირონიული, სიტუაციის გამო მაჭანკლის პროფესიაშეთავსებული ოჯახის წევრები არიან.

  1. არანაკლებ საყურადღებო აღმოჩნდა ამ კუთხით ავქსენტი ცაგარელის პიესების შესწავლაც. მანაც, ისევე როგორც დავით კლდიაშვილმა, ერთი პროფესიის ორი ტიპური წარმომადგენლის ჩვენებით, ყველაზე უფრო შთამბეჭდავი პერსონაჟები შექმნა. თუკი მანამდე ქაბატუაც და ხანუმაც მხოლოდ პროფესიული ტერმინები იყო, დრამატურგის წყალობით, ორივე იმდენად შეესისხლხორცა პერსონაჟთა სახეებს, რომ ისინი მათ საკუთარ სახელებად იქცა. ბოლოს კი ვახტანგ ტაბლიაშვილის საუკუნის კინოშედევრმა ეს ფაქტორი კიდევ უფრო მეტად გაამყარა და მაჭანკლის პროფესია ორ საკუთარ სახელად ქცეული სიტყვით უკვდავყო.

კვლევამ წარმოაჩინა, რომ მრავალი, განსაკუთრებით კი მძიმე ეკონომიკური ფაქტორის გათვალისწინებით, მანამდე პოზიტიურად მიჩნეული შუამავლები ერთიმეორის მიყოლებით იქცეოდნენ ნეგატიურ პერსონაჟებად. ისინი ასეთ ადამიანებად არ იბადებოდნენ, თუმცა, როგორც კი არსებობისთვის ბრძოლას იწყებდნენ, მაშინვე ივიწყებდნენ მორალს, ზურგს აქცევდნენ პირვანდელ სახეს და ასე კარგავდნენ არა მარტო პროფესიულ, არამედ ადამიანურ ღირსებასაც.

რაც კვლევის დასაწყისში სასაცილოდ მიმაჩნდა, უკვე კვლევის ბოლოს იმაზე აზრი შემეცვალა და დღეს უკვე დარწმუნებული აღარ ვარ, 21-ე საუკუნეშიც რომ არსებობდეს მაჭანკლობის ინსტიტუტი, იგივე არ დატრიალდებოდა: წარმმართველი ისევ ფული, სახელი, სოციალური მდგომარეობა იქნებოდა და ეს ისეთ კონკურენციას გამოიწვევდა ადამიანებში, რომ ახლაც მივიღებდით სახელწართმეულ და სახედაკარგულ ნეგატიურ პიროვნებებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი