ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ცვალებადი გეოგრაფიული სახელწოდებები

ამ დღეებში საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელმაც ცოტა შემაფიქრიანა, შემდეგ კომპიუტერთან გამატარებინა საკმარისი დრო საჭირო ინფორმაციის გადასამოწმებლად და საბოლოოდ დამარწმუნა, რომ დედამიწაზე, რომელზეც ადგილი აღარაა ადამიანების კვალი რომ არ ეტყობოდეს, კვლავაც არის შეუსწავლელი ადგილები, ან თუნდაც ძველი – მაგრამ ახლებურად დანახული, ან სულაც კარგად ცნობილი – ახალი დასახელებებით.
მოსახლეობის ზრდით განპირობებული ახალი სახელწოდებები

მე-20 და 21-ე საუკუნე სწრაფი ცვლილებებით ხასიათდება, იზრდება მოსახლეობის რაოდენობა, რომელმაც უკვე 7 მილიარდს გადააბიჯა, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით 9 მილიარდამდე გაიზრდება. რას ნიშნავს ეს სახელწოდებების ენაზე?

ეს ნიშნავს ახალ დასახლებულ პუნქტებს, ზოგჯერ კი – ძველი დასახლებების შერწყმით ახლების წარმოქმნას. ასევე ქალაქების ზრდას მოყვება ახალი ქუჩების გამოჩენა, მხოლოდ ჩინეთში სწრაფი ურბანიზაციის პროცესის გამო ყოველწლიურად 20000 ახალი ქუჩა არსდება.
ახალი მიგრანტების საცხოვრებლები

იცით თუ არა, რომ 200 მლნ კაცი არ ცხოვრობენ იმ ადგილებში, რომლებშიც დაიბადნენ. ესენი არიან მიგრანტები, რომლებმაც განსხვავებული (ეკონომიკური – უმუშევრობა, სიღარიბე, სოციალური – განათლების მიღება, უთანასწორობის და უსამართლობის დაძლევა, პოლიტიკური – ომი და კონფლიქტები, ტოტალიტარიზმისა და სხვა რეჟიმებისგან თავის დაღწევის სურვილი) მიზეზების გამო დატოვეს საკუთარი საცხოვრებლები. ბევრი მიგრანტი, განსაკუთრებით ჯგუფურად დასახლების შემთხვევაში ფუძნდებიან ამათუ იმ ადგილას, რომელსაც თავდაპირველად ბანაკია, ხოლო დროთა განმავლობაში დასახლებად გარდაიქმნება. ამ დასახლებებს ხშირად სახელწოდებაც არ აქვთ და მათი მონახვა რუკაზე არ შეიძლება.

ასევე ურბანიზაციის გამო ქალაქები იზრდება, ხშირად ეს ზრდა არ არის ქალაქის დაგეგმარებაში გათვალისწინებული, ამდენად იქნება ე.წ. ბიდონვილები, ან სპონტანური და ქაოტური განსახლებები. ასეთ დასახლებებში უკვე მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, 2030 წლისთვის კი ეს რიცხვი 2 მილიარდამდე გაიზრდება.

ფაქტობრივად, აქ არანაირი პირობები არაა შექმნილი ცხოვრებისთვის, არის სუფთა წყლის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, სერვისების და ინფრასტრუქტურის დეფიციტი, აქ მაცხოვრებლებს სიღარიბის ზღვარზე აქცევს. ხშირად ეს ადგილები ადგილობრივი მთავრობების თავის ტკივილია, მათ მიერ მიტოვებულია, სახელწოდებებზე კი ლაპარაკიც ზედმეტია.
პოლიტიკური ცვლილებები

მრავალი ახალი სახელმწიფოს გამოჩენა მსოფლიო რუკაზე არის მე-20 საუკუნისთვის დამახასიათებელი, ეს არის აფრიკის და იუგოსლავიის ქვეყნები, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. ასე მაგალითად, ბირმის სახელწოდება მიანმით ჩანაცვლდა. ბირმელები ეთნიკურ უმრავლესობას წარმოადგენდნენ და მათ კონფლიქტი ჰქონდათ სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან, როგორებიცაა შანი, კარენი. გამეფებული კონფლიქტების გადაჭრის ერთ-ერთ გზად მიიჩნიეს სახელმწიფოსთვის სახელწოდების შეცვლა.

ასევე საფრანგეთის სუდანს გადაერქვა და ეწოდა მალი (1959წ.), ცეილონს ეწოდა შრილანკა (1972წ.), ბრიტანეთის ჰონდურასს – ბელიზი (1973წ.),

ასევე პოლიტიკურ ცვლილებებს მოყვა მრავალი „ახალი”-ს შემცველი სახელწოდებების გამოჩენა, ასევე საბჭოთა კავშირში რევოლუციისა და კომუნისტების ლიდერების პატივსაცემად დასახლებებმა, ქუჩებმა შეიცვალეს სახელწოდებები. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბევრმა მათგანმა თავისი პირვანდელი სახელწოდება დაიბრუნა.
გარემოს ცვლილებები

გარემო განიცდის დრამატულ ცვლილებებს, რისი მაგალითიცაა ჩერნობილი ატომური სადგურის აფეთქება, რამაც მიმდებარე ქალაქებისა და სოფლების დაცლა გამოიწვია.

ამის გარდა, გლობალურ კლიმატცვლილებას მოჰყვა არქტიკაში მყინვარის დნობა, რაც ახალი მიწების აღმოჩენის წინაპირობა აღმოჩნდა. ასე მაგალითად, 2007 წელს დენის შმიტმა გრენლანდიის აღმოსავლეთით ახალი კუნძული აღმოაჩინა, რომელსაც უუნურთოქ ქექერთოქი (გამთბარი კუნძული) ეწოდა. ასევე სულ ახლახან, მიწისძვრის შედეგად პაკისტანთან ახალი კუნძული ამოიწვერა. ასევე 2006 წელს ბენგალის ყურეში ლოჰაჩარას კუნძული დატბორვის გამო გაუჩინარდა
ახალი ზელანდიის მაგალითი

ეს მაგალითი ახალ ზელანდიას და მის ორ მთავარ კუნძულს ეხება, რომლებზეც მაორები საუკუნეების წინათ დასახლდნენ. სულ რაღაც 370 წლის წინ კი მის სანაპიროებზე უკვე ევროპელები გამოჩნდნენ.
ქვეყნის მოკლე მიმოხილვა: წყნარი ოკეანის ქვეყნებს შორის ახალი ზელანდია განვითარებული ქვეყანაა. აქ ორი კულტურული ჯგუფი დომინირებს სხვა დანარჩენზე: ახალ ზელანდიელები, რომლებსაც ევროპული წარმოშობა აქვთ და მაორები, რომლებსაც პოლინეზიური ფესვები აქვთ.

ამ ქვეყნის მთავარი ეკონომიკური საქმიანობა სოფლის მეურნეობაა, ასევე ტურიზმსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და კინო-ინდუსტრიასაც.

როდესაც წარმოიდგენთ ახალი ზელანდიის მდებარეობას, მაშინ ადვილად გასაგები გახდება მისი მთავარი ეკონომიკური ურთიერთობები ავსტრალიასთან და იაპონიასთან. ასევე 2008 წელს მან ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერა ხელი.

ბუნების მოყვარულებს კი ამ ქვეყნის გახსენებაზე თვალწინ მრავალფეროვანი ლანდშაფტები დაუდგებათ, მყინვარებით დასერილი მთები, ტბები და ჩანჩქერები, სანაპიროები და თერმული წყლები და რა თქმა უნდა, კუნძულის იზოლირების გამო გამორჩეული ფლორა და ფაუნა, რომლებშიც ენდემები ჭარბადაა წარმოდგენილი. ეს კი მართლაც არის საუკეტესო წინაპირობა ტურიზმის განსავითარებლად.

დღევანდელ იდილიას წინ უძღვოდა 1840 წლის ხელშეკრულება ბრიტანეთის მთავრობასა და მაორის ბელადებს შორის მიწის უფლებებზე. შედეგად, ჩრდილოეთში დაიწყო შეტაკებები კოლონიზატორების შეიარაღებულ ძალებსა და ადგილობრივებს შორის, რაც ახალი ზელანდიის ომის სახელწოდებით შემორჩა ისტორიას.
მხოლოდ ახლა გადაწყდა, რომ ახალი ზელანდიის ძირითად კუნძულებს მიენიჭოთ ოფიციალური სახელწოდებები. თაობებისთვის, რომლებიც ახალ ზელანდიაში აღიზარდნენ, ეს მთავარი კუნძულები ჩრდილოეთ და სამხრეთ კუნძულებათ იწოდებოდნენ. არაა გასაკვირი, რომ ევროპელების დასახლებების გაჩენამდე ახალი ზელანდია რუკებზე არც გამოისახებოდა, ამის შემდეგ კი, ცრდილოეთის და სამხრეთის კუნძულების სახელწოდებებით აღინიშნებოდნენ რუკებზე და მსოფლიოსთვის ასევე გახდნენ ცნობილები.

ამ შეცდომის აღმოფხვრაზე ფიქრი მხოლოდ 2009 წელს დაიწყო, როდესაც ამ ფაქტმა ყურადღება მიიქცია და ოფიციალური გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული სახელწოდებების შერჩევაზე.

ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს ოფიციალურად გამოცხადდება ამ კუნძულების ახალი სახელწოდებები. გადაწყვეტილებაში კი ასახული იქნება კულტურული და მემკვიდრეობითი იდენტობა. მათ მაორული სახელწოდებები თე-ვაიპონამუ (სამხრეთი კუნძული) და თე იკა-ა-მაუი (ჩრდილოეთი კუნძული) ეწოდებათ. პირველი ნიშნავს მწვანე ქვების მდინარეს, ხოლო მეორე – მაუის თევზი (მაუი მაორების ღვთაებაა).

ამ სახელწოდებებს არაოფიციალურად მაორის ხალხი იყენებდა, ვიდრე ევროპელები გამოჩნდებოდნენ.

ამ ეტაპზე შესაძლებელი იქნება ორივე სახელწოდების გამოყენება ოფიციალურ წყაროებში, რადგან ეს უფრო ნაკლებხარჯიანია, ვიდრე ყველა რუკისა და წიგნების, ასევე ოფიციალური დოკუმენტების ცვლილება, რაც დიდ დროსა და ფინანსებს მოითხოვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი