ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

წარწერები თბილისის ქუჩებიდან

ცოტა ხნის წინ ერთ გადაცემაში მიმიწვიეს, თბილისის ქუჩებში ანონიმი ავტორების მიერ გაკეთებულ წარწერებსა და ნახატებზე უნდა მელაპარაკა. ასეთ წარწერებს უკვე დიდი ხანია ვიღებ და ვაგროვებ. რაც უფრო მწვავეა, მით მეტია შანსი, რომ გადაღებავენ. ვცდილობ შევინახო ის, რაც შეიძლება ჩემმა (და სხვების) მეხსიერებამ ვერ შემოინახოს.

და მაინც, რატომაა საინტერესო, რას წერს ვიღაც სხვის კედელზე?

იმიტომ, რომ არც ერთს და არც მეორეს არ გააჩნიათ სხვა სივრცე კომუნიკაციისთვის, საკუთარი სურვილების, მოსაზრებების, პროტესტის გამოსახატავად.

კი მაგრამ, სოციალური ქსელები, მეგობრები, უბანი, სახლი? არა, ბატონო. იქ, იცი, ვინც დაგხვდება, ასე კი უფრო მეტს სწვდები. იქ იციან, ვინც ხარ, აქ კი არავინ იცის, საიდან მოხვედი და საით წახვედი.

შეგიძლია თქვა, რაც გაგიხარდება, რასაც მართლა ფიქრობ.

და რას ფიქრობენ ადამიანები?

ვინ იცის. ზოგი რას და ზოგი რას.

მაგალითად, ერთ-ერთ გარეუბანში, ავტოფარეხის კარზე, იყო ბავშვების ნახატი, რომლის თანმხლები ტექსტიც ახალგაზრდა წყვილის ამბავს ჰყვებოდა მათივე შვილის პირით. გოგონა ტერორისტულმა აქტმა შეიწირა. ბიჭი მარტო დარჩა. ბავშვები წერდნენ, რომ მათი დაშორება ძალიან სამწუხაროა. ესეც აფეთქებების ფონზე გატარებული ბავშვობა. ჩვენ გვგონია, ტრაგედიების მაუწყებელი ნიუსები მათთვის შეუმჩნეველი ფონია. სინამდვილეში ყველაფერი ესმით. იციან, რომ ვიღაც აფეთქდა და გაქრა. მოკლეს. ვინ იცის, რამდენს ფიქრობენ ყოველი ასეთი „ნიუსის“ შემდეგ. უკვალოდ არაფერი იკარგება.

წარ1

კიდევ ერთ უბანში ვიღაც გაკრული ხელით წერდა თავის ფიქრებს ახლანდელი და ყოფილი მმართველი ძალების შესახებ, მედიის როლისა და ფუნქციის შესახებ და ქუჩაში აკრავდა. ვინ იცის, იქნებ თანამოაზრეებიც იპოვა.

წარ2

სხვა იმაზე წუხდა, რომ საქართველოში ბიჭები სასურველ გოგონასთან ურთიერთობის მაგივრად სექსმუშაკების მომსახურებით სარგებლობენ და ერთ-ერთი საეჭვო რეპუტაციის მქონე შენობის კედელზე დატოვა ნახატი წარწერით, რომ ნამდვილი ბიჭები სიყვარულში ფულს არ იხდიან. არა მგონია, ვინმეს ამის გამო იმ დაწესებულებაში ვიზიტი გადაეფიქრებინა, მაგრამ ვიღაც სხვას შესაძლოა ეფიქრა, რომ ბედნიერებისკენ მიმავალი სხვა გზაც არსებობს.

წარ3

თანამედროვე ხელოვნება ბევრისთვის გაურკვეველი ამბების ლაბირინთია, მაგრამ არსებობს ხალხი, ვისაც აინტერესებს, ვისაც სჭირდება, ვისაც უნდა, რომ იყოს სივრცე, სადაც თანამედროვე ხელოვნება იარსებებს და შეძლებს მასა და საზოგადოებას შორის არსებული ბარიერების მოშლას. ისინი წერენ, რომ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია საჭირო.

წარწერა ძველია, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი დღემდე არ გვაქვს.

თბილისის ქუჩები ერთი დიდი სურვილების დაფაა, სადაც ერთმანეთს წერილებს ვუტოვებთ და ზოგჯერ ვფიქრობთ იმაზე, რა გვსურს ჩვენ, რა სივრცე გვაქვს ამ ქვეყანაში ჩვენს სურვილებზე ხმამაღლა და გაბედულად სალაპარაკოდ, ვინ გვისმენს?

წარ4

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი