პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ფოკუსირებული აქტივობების მნიშვნელობა სასწავლო პროცესში

სასწავლო პროცესის  წარმატებისა და მოსწავლეთა ცოდნისა და  მოსწრების  დონის  ამაღლებისთვის აუცილებელია ყურადღების კონცენტრაცია, ამიტომაც   მოსწავლეთა  ყურადღების განვითარება პედაგოგიური  პროცესის  უშუალო  შემადგენელი  ნაწილი და  მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.  ყურადღების განვითარება პრაქტიკულად ხდება მოსწავლეთა მიერ ცოდნისა  და  უნარების  ათვისებისა და საშინაო დავალების შესრულების პროცესში. მისი განვითარებისთვის ასევე მნიშვნელოვანია მასწავლებლის მეტყველებ, რომელიც განიხილება როგორც მისი აზროვნების იარაღი  და ცოდნის გადაცემის უნარი  (ცნობილია, რომ მასწავლებლის  მეტისმეტად ხმამაღალი საუბარი, ისევე როგორც მონოტონური და დაბალი ხმა მოსწავლეს ყურადღების ორგანიზებაში უშლის ხელს.  ამიტომ  გაკვეთილზე მასწავლებლის  თხრობის  სტილი ყურადღების განვითარების მნიშვნელოვანი  დეტალია, მით უფრო დაწყებით საფეხურზე). მოსწავლეთა ნაწილის ყურადღების მიქცევისთვის ასევე აუცილებელი ხდება თხრობისას ვიზუალური მასალის გამოყენება (ფოტოგრაფია, რეპროდუქცია, სქემა, მულტიმედიური პრეზენტაცია თუ სხვ.) და ზოგადად მასწავლებლის მიერ ინოვაციური მეთოდების ეფექტურად გამოყენება, მათ შორისაა მოსწავლეთა  თამაშისა და კვლევითი საქმიანობის ორგანიზება.

 თამაშის ორგანიზებით მასწავლებელს სისტემაში მოჰყავს მოსწავლის ბუნებრივი მოთხოვნილება. საინტერესო თამაშისას  მუდმივად ხდება ყურადღების გამახვილება მიმდინარე სიტუაციაზე  (მაგალითად, თუ თამაშს აქვს  შეჯიბრების ფორმა), რითაც  მოსწავლეს საშუალება აქვს გადაიქცეს „სხვა“ ადამიანად. მაგალითად, ისტორიის გაკვეთილზე „სხვა ადამიანის“ აზროვნების, გრძნობების, ქმედებების  მიხედვით მოსწავლეები უკეთესად აღიქვამენ მასალას, სიღრმისეულად გრძნობენ  შესასწავლ  ეპოქას  და  ისტორიული რეალობის მოდელირებას ახდენენ. ასეთი გზით შეძენილი ცოდნა თითოეული მოსწავლისთვის პიროვნულად ძალიან მნიშვნელოვანი ხდება და უკეთესად ამახსოვრდება. ამით თამაში განსხვავდება უბრალოდ „როლის მორგებისაგან“, რომელიც ბავშვებს მალე სწყინდებათ ხოლმე.

ყურადღების განმავითარებელი  თამაშის რამდენიმე მაგალითი:

  1. თამაში „ისტორიული პორტრეტი“:  მასში მონაწილეობს  2 ჯგუფი. პირველი – ქმნის ისტორიული პირის პორტრეტს, იყენებს საამისოდ ცნობილ  ფაქტებს, მაგრამ ამავე დროს ცდილობს „მოატყუოს“ მოწინააღმდეგე. მეორე ჯგუფმა  უნდა გამოიცნოს, ვისზეა საუბარი. მოსწავლეებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ  თითოეულ დეტალზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია ამა თუ იმ ისტორიული პირის დახასიათებისთვის. თუ პერიოდულად ჩავატარებთ მსგავს თამაშს, მოსწავლეების ყურადღება მუდმივად კონცენტრირებული იქნება ყველა ისტორიულ ფაქტზე, დეტალზე, პიროვნებაზე და ა.შ. (-);
  2. თამაში „აღმოაჩინე შეცდომა“:  თამაშის არსი ის გახლავთ, რომ მასწავლებელი კითხულობს ტექსტს, რომელშიც წინასწარ შეცვალა კონკრეტული ფაქტები, ცნებები, თარიღები მცდარი მონაცემებით. გაკვეთილზე ასეთი ტექსტის წაკითხვისას მოსწავლეებმა ინდივიდუალურად უნდა გამოიცნონ შეცდომები, ჩამოწერონ ისინი და მერე ერთმანეთს გააცნონ, ვინ და რამდენი შეცდომა იპოვა. ასეთი თამაშით მოსწავლის ყურადღებაც აქტიურია და ამავე დროს  ყურადღებასთან ერთად ინფორმაციის გაანალიზების უნარებიც ვითარდება;
  3. თამაში „კალათა“: მასწავლებლის დავალებით თამაშისას მოსწავლეებმა უნდა დაასახელონ რაც შეიძლება მეტი სიტყვა მოცემულ თემაზე. მოსწავლეებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ არ გამორჩეთ რომელიმე სიტყვა, ან არ განმეორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხი არ ჩაითვლება და „კალათა“  არ აივსება;
  4. თამაში „დაიმახსოვრე ტექსტი“: ისტორიული ტექსტის მოსმენის შემდეგ მოსწავლეებმა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა დააფიქსირონ რვეულებში,  შემდეგ კი ჩაწერილი ინფორმაციის საფუძველზე  დაწერონ თემა მასწავლებლის დავალებით, რაც მეტი ინფორმაცია ექნებათ დაწერილი/ჩაწერილი, დავალებასაც უკეთესად შეასრულებენ.

      რაც შეეხება მოსწავლეთა ყურადღების განვითარებისთვის კვლევითი საქმიანობის წარმართვას, ის შეიძლება არამარტო გაკვეთილზე, არამედ კლასგარეშე აქტივობადაც წარვმართოთ. სწავლის პირველ საფეხურზე (5-6) კლასებში ასეთი კვლევითი სამუშაოები შეიძლება გაკვეთილზევე ჩავატაროთ ისტორიული დოკუმენტებისა და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით. მაგალითად, „ჩვენი საქართველოს“ კურსის შესწავლისას გაკვეთილზე განვიხილოთ ძველი  ქართული  საისტორიო დოკუმენტები და მოვიტანოთ მაგალითები, სადაც საუბარია საქართველოს სხვადასხვა კუთხის შესახებ, მათი ტრადიციების, მეურნეობის დარგების, ყოფა-ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებზე, საცხოვრებელ გარემოზე, შრომის იარაღებზე, ეკონომიკურ და ბუნებრივ რესურსებზე და შევადაროთ თანამედროვე ვითარებასა და ასევე, მათი სახელმძღვანელოს მასალებს იგივე მიმართულებით. ასეთი დავალების შესრულებისთვის მოსწავლეები დიდი ყურადღებით უნდა გაეცნონ დოკუმენტებს და  მოიპოვონ საჭირო ინფორმაცია.

ისტორიის  კურსის შესწავლისას ზედა საფეხურის მოსწავლეებს ამავე დანიშნულებით შეგვიძლია ჩავუტაროთ  გაკვეთილი მუზეუმში, ან შეიძლება ეს იყოს გაკვეთილი ღია სივრცეში, ბუნებაში ან რომელიმე  სამეურნეო დანიშნულების საწარმოში და ა.შ. მოსწავლეს საშუალება ექნება, ადგილზე გადაამოწმოს ისტორიული  დოკუმენტების მონაცემები და გააკეთოს შესაფერისი დასკვნები, რისთვისაც ყურადღებით და დაწვრილებით დასჭირდება მასალის გაცნობა და შესწავლა და ეს მას ყურადღების განვითარებაში დაეხმარება.

პედაგოგიური საქმიანობის ეს ორი ასპექტი –  გაკვეთილზე თამაში და კვლევითი საქმიანობის წარმართვა – თანაბრად მნიშვნელოვანია, მაგრამ, ცხადია, მას ვერ მივცემთ მუდმივ სახეს და ვერ  შევცვლით ძირითად სასწავლო ფორმატს – გაკვეთილს. ისინი უბრალოდ, სხვა მსგავს აქტივობებთან ერთად გვეხმარებიან იმ პრობლემების გადაჭრასა და შედეგების მიღწევაში, რასაც ემსახურება მთლიანი სასწავლო პროცესი, რომლის შეუცვლელი დეტალი არის მხოლოდ  გაკვეთილი.

მოსწავლეთა  ყურადღების ორგანიზების ეტაპები გაკვეთილზე: 

  • ყურადღების ორგანიზება გაკვეთილის საწყის ეტაპზე;
  • ყურადღების ორგანიზება გაკვეთილის გამოკითხვის დროს;
  • ყურადღების ორგანიზება ახალი მასალის ახსნისას;
  • ყურადღების ორგანიზება საშინაო დავალების შესრულებისას.

ყურადღების განვითარებისთვის გაკვეთილის თითოეული ეტაპი თანაბრად მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა ყურადღების ორგანიზებაში საშინაო დავალებას უკავია. იგი შეიძლება გაკვეთილის ცალკე ეტაპადაც განვიხილოთ. მოსწავლეთა ყურადღების განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშნელოვანია რთული დავალება, რომელიც გარკვეულ დროს მოითხოვს  შესრულებისათვის. მასწავლებელი ასეთ დავალებას აუცილებლად დაწერს დაფაზე და ხმამაღლაც წაიკითხავს, რითაც მოსწავლეებს ვიზუალურადაც და ხმის ტემბრის მიხედვითაც შეეძლებათ საშინაო დავალების არსის გაგება და მისი წარმატებით შესრულება.

მაგალითი: მოსწავლეთა ყურადღების ორგანიზებისა და განვითარების  ეტაპები გაკვეთილზე.

საგანი -ისტორია;

კლასი – VIII;

თემა – ბერძენ-სპარსელთა ომები (ისტ. VIII, 1,2,4);

მიზანი – ნასწავლი თემის შემოწმება;

რესურსები: სახელმძღვანელო, ისტორიული და  მსოფლიოს ფიზიკური რუკები, დაფა;

გაკვეთილის მიმდინარეობა:

I  – მოსწავლეთა ორგანიზება: ინდივიდუალური;

IIმასალის შემოწმება, გამოკითხვა: ა) იპოვეთ რუკაზე საბერძნეთი და დაახასიათეთ მისი ბუნებრივი მდებარეობა; ბ) სად მდებარეობს სპარსეთი და როგორია მისი ბუნებრივი მდებარეობა? გ) როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ამ  ქვეყნებს ერთმანეთთან ძვ.წ. V ს-ში? დ) დაასახელეთ ბერძენ-სპარსელთა ძირითადი ბრძოლები? ე) უპასუხეთ შეკითხვებს: როდის და რატომ მოხდა ეს ბრძოლები? ვ) განმარტეთ ცნებები: ტრიერი, თემისტოკლე, მილიტიადესი, ლეონიდასი, ქსერქსე, დარიოსი, თერმოპილე, მარათონი, პლატეა, მიკალი, სპარტა, ათენი, სალამინი.

IIIმასწავლებლის მიერ  მიცემული დავალების შესრულება: გამოთვალეთ, რამდენი წლის წინ მოხდა მარათონის ბრძოლა? რამდენი წელი გავიდა ამ ბრძოლიდან ქრისტეს დაბადებამდე? იმისათვის, რომ ეს  თარიღები გამოვთვალოთ, რა უნდა გამოვიყენოთ, გამრავლება, მიმატება თუ გამოკლება?!

IV  ეტაპიმულტიმედიური  მასალის გამოყენება:

 სადაც ჩანს, თუ როგორი აღჭურვილობა, საბრძოლო წყობა და  სტრატეგია ჰქონდათ მოწინააღმდეგეებს, როგორ  საბრძოლო „ხრიკებს“ იყენებდნენ  ბერძნები სპარსელების წინააღმდეგ. მოსწავლეები ნანახისა და ლოგიკური აზროვნების საფუძველზე აღადგენენ ძირითადი ბრძოლების  მიმდინარეობას;

V – რეფლექსიის ეტაპზე  მოსწავლეები  დაფაზე ჩამოწერენ: ა) რამ განაპირობა ბერძნების  გამარჯვება სპარსელებზე და რა  შედეგებით დამთავრდა ეს ომი  ათენისთვის, სპარტისა და  სპარსეთისთვის; ბ) რა დაამახსოვრდათ ყველაზე მეტად ამ ისტორიული მოვლენიდან; გ) რაში  შეიძლება გამოადგეთ ნასწავლი მასალა.

VI – საშინაო დავალება – მასწავლებლის დავალება:  „მოამზადეთ რეფერატი მოცემულ თემაზე ანდა დახატეთ ბერძენ-სპარსელთა ომები“.

განვიხილოთ, სად და რომელ ეტაპზე  განვითარდა  მოსწავლის ყურადღება მოცემულ გაკვეთილზე:

  1. ორგანიზაციული მომენტი – მოსწავლეები შესვენებიდან გადაერთვებიან გაკვეთილზე და მობილიზდებიან;
  2. გამოკითხვა – მოსწავლეებმა არ იციან, რომელ მოსწავლეს  შეეკითხება მასწავლებელი და ყურადღებით არიან;
  3. გამოთვლიან რა თარიღებს, მოსწავლეები კიდევ უფრო მეტად ამახვილებენ ყურადღებას;
  4. ცნებების, თარიღების, მოვლენების ჩამოთვლა  და მსჯელობა ასევე ეხმარებათ ყურადღების გავარჯიშებასა და განვითარებაში;
  5. მულტიმედიური მასალა – ააქტიურებს მოსწავლის ყურადღებას, რის საფუძველზეც  ისინი ასრულებენ მასწავლებლის დავალებას;
  6. რეფლექსიის ეტაპზე მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებს იმ  შეკითხვების წერილობით ფიქსირებაზე, რომელთაც ერთხელ უკვე უპასუხეს მოსწავლეებმა, რითაც ამოწმებს მათი ყურადღების ხარისხს;
  1. საშინაო დავალების შესრულება ითხოვს წერილობით და ვიზუალურ ფორმას, რითაც   –  კიდევ ერთხელ გამტკიცდება გაკვეთილის თითოეული ეტაპის შედეგი და არ დაიკარგება არცერთი დეტალი.

ჩვეულებრივი საგაკვეთილო საქმიანობის, თამაშის და კვლევითი საქმიანობის ორგანიზებით  მასწავლებელს შეუძლია მოსწავლის ყურადღების განვითარება და წარმატების მიღწევა. ასეთი გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეები კიდევ უფრო ყურადღებიანი  იქნებიან,  შედეგად კი გაიზრდება მათი ცოდნის დონეც  და შეფასებებიც, ამიტომ მსგავსი მიდგომების გამოყენება სასწავლო პროცესში სასურველი და ეფექტურია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი