ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

პროცესი

უფროსკლასელებს რომ ვხედავ, ზოგჯერ – და იქნებ უმეტესადაც – კაფკას „პროცესი“ მახსენდება და მისი მთავარი გმირი. მაშინვე გამიელვებს ხოლმე გონებაში ფრაზა: „ეტყობა, ვიღაცამ ცილი დასწამა იოზეფ კ-ს, რადგან არაფერი დაუშავებია და ერთ მშვენიერ დილას მაინც დააპატიმრეს“. ამის შემდეგ იწყება იოზეფის მცდელობა, გაერკვეს მის ცხოვრებაში მომხდარ უცნაურ ამბებში. აიყვანს ადვოკატს, დადის სასამართლოებში, სადაც ბევრს ვერაფერს არკვევს და ვერც მოსამართლეს ნახულობს, ვინც ყველაფერს ნათელი უნდა მოჰფინოს.

ამ წიგნის აზრი სულ სხვაა, მე კი აქ იმიტომ გავიხსენე, რომ იოზეფი ძალიან მაგონებს იმ მოსწავლეებს, რომლებმაც არც კი იციან, ერთ მშვენიერ დილას რატომ დააპატიმრეს და სკოლაში მიიყვანეს.

აქედან იწყება მათთვის ის ცხოვრებისეული მაგია და ალოგიკა, მიუხედავად მოვლენათა თანმიმდევრულობისა, რომელიც საბოლოოდ ურევთ თავგზას. ადვოკატი, მოსამართლე, ბიუროს თანამშრომლები, დამლაგებელი ქალი – თითქოს ყველა მოსწავლეთა ცხოვრებაში სხეულდება მშობლებად, მასწავლებლებად, სკოლის დირექტორად, რეპეტიტორებად, თანაკლასელებად… ისინიც დადიან უთავბოლოდ ერთისგან მეორესთან და მთავარი ვერ გაუგიათ: რას ნიშნავს სწავლა, რისთვის სჭირდებათ ის კონკრეტულად მათ, ინდივიდებს, და საერთოდ, რა ხდება მათ თავს.

ბლოგი, ცოტა არ იყოს, უტრირებულად დავიწყე და აქვე მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველა მოსწავლის რეალობა, მაგრამ მათი არცთუ მცირე ნაწილია ამ დღეში.

ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლი ამბობს:

„1. საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია:
ა) მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა;

ბ) მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა“.

ასე თუ ისე, ყველაფერი რიგზეა (ოდესმე ამ „ასე თუ ისეზეც“ დავწერ), მაგრამ სხვა რეალობაა სკოლებში. სოციალურ ქსელებში ხშირად გვხვდება ინფორმაცია სკოლებში მიმდინარე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე, ფესტივალებსა და კონკურსებზე, რომლებიც პარალელური სამყაროდან დაგეგმილს ჰგავს. ვიდეოები, სადაც ბავშვები მოძღვარს ეხვეწებიან, ბრძანოს მათთვის, რათა შეასრულონ, და ამ ბავშვებს ძარღვები ასკდებათ ყელზე. ვიდეოები, სადაც ცად აღპყრობილი თვალებით კითხულობენ ლექსებს, პოემებს, ნაწყვეტებს მოთხრობებიდან და უმეტესად არც კი ესმით მათი ქვეტექსტი თუ დედააზრი. ვიდეოები, სადაც გაკვეთილზე თუ ჰაგიოგრაფიულ ტექსტს ხსნიან, სანთელი აქვთ ანთებული და ა.შ. ყოველივე ეს სცდება საზოგადოების ნორმალურ განვითარებას და იოზეფთან მივყავართ.

რომანის დასასრულს გაურკვევლობით დაღლილი იოზეფი მშვიდად მიჰყვება აგენტებს, თუმცა ბოლომდე მაინც არ სჯერა და ჯერ კიდევ ფიქრობს, იქნებ მსახიობები არიანო. იოზეფი არც სასოწარკვეთილია, არც გაბრაზებული, ის უბრალოდ იღებს სინამდვილეს როგორც გარდაუვალობას, ოღონდ არაჩვეულებრივს კი არა, ჩვეულებრივ გარდაუვალობას.

ორ მხლებელთან ერთად ის ქალაქგარეთ, დანგრეული სახლის კედელთან, ჩერდება და წვება. უცნობები ჯერ კარგად გაასწორებენ, მერე კი იმაზე კამათობენ, რომელმა ჩაასოს გულში დანა. ბოლოს ერთ-ერთი მათგანი გააკეთებს კიდეც ამას. წევს მომაკვდავი იოზეფი და ფიქრობს: „ძაღლივით მომკლეს“. აქ ჩანს, რა ფასი აქვს ადამიანს, ინდივიდს, რეჟიმისთვის, იმ დიდი მანქანისთვის, რასაც მართლმსაჯულება, ეკონომიკა, პოლიტიკა ჰქვია.

არ ვიცი, ვის როგორ უფიქრია, მაგრამ სკოლის დამამთავრებელ ღონისძიებებს რომ ვესწრები, ვუყურებ უფროსკლასელთა ნაწილს, ვხვდები, რომ თუ ოდნავ დაფიქრდებიან, მათაც იოზეფის მსგავსი განცდა გაუჩნდებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი