ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მწვანე – “ქართული რისლინგი“

სახელი „მწვანე“ საქართველოში ყურძნის რამდენიმე ჯიშს ჰქვია. არსებობს გორული მწვანე, რაჭული მწვანე, მესხური მწვანე. მწვანეებს შორის ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული და დაფასებულია მწვანე კახური – ჯიში, რომელიც რქაწითელსა და საფერავთან ერთად კახური მეღვინეობის სავიზიტო ბარათად მიიჩნევა და რომლისგან დაყენებული ღვინოც, გადმოცემის თანახმად, განსაკუთრებით ჰყვარებია ქართლ–კახეთის მეფეს ერეკლე მეორეს.

მწვანე კახური კახეთის სტანდარტული ვაზის ჯიშია. იძლევა ევროპული და კახური ტიპის მაღალხარისხოვან თეთრ სუფრის ღვინოს. სახელწოდება კი მწიფე მარცვლების მოყვითალო-მომწვანო ფერის გამო მიიღო. ახასიათებს შედარებით დიდი მოსავლიანობა და ყურძნის მაღალი ღირსება. მრავალი წლის დაკვირვებათა მონაცემების მიხედვით, მოსავლიანობით მწვანე რქაწითელსა და საფერავს არ ჩამოუვარდება.

მწვანე კახურს შეცდომით მანავის მწვანესაც ეძახიან, რაც შეცდომაა. კახელი მევენახეები და მეღვინეები ამბობენ, რომ „მანავის მწვანე“ ისე დამკვიდრდა, იმ გლეხების უმეტესობაც კი, რომლებიც სოფელ მანავში არ ცხოვრობენ, მაგრამ მწვანე კახური აქვთ გაშენებული, ვერ გაექცა ამ სახელწოდებას. სოფელ მანავში მწვანე მართლაც განსაკუთრებით მაღალხარისხოვან მოსავალს იძლევა, თუმცა მისთვის საუკეთესო მიკროზონა, მანავთან ერთად, მოიცავს შემდეგ სოფლებსაც: თოხლიაურს, ბურდიანს, გიორგიწმინდას, ანთოკს, მარიამჯვარს, დიდ ჩაილურს, პატარა ჩაილურს, კაკაბეთსა და ვერხვიანს. ამ სოფლებში კლიმატი ზომიერად ნოტიოა, ზომიერად ცივი ზამთრით და თბილი ხანგრძლივი ზაფხულით.

მწვანე კახური, ღვინის ექსპერტთა შეფასებით, მაღალხარისხოვანი საღვინე ჯიშია. ამპელოგრაფებისა და მეღვინეების აზრით, კახეთის თეთრი ჯიშებიდან მწვანე ყველაზე ნაზ და არომატულ სასუფრე ღვინოს იძლევა. მისგან მზადდება როგორც კლასიკური, ისე კახური ტიპის მაღალხარისხოვანი ღვინო. ძველად, მისი მაღალი ღირსების გამო, ფართოდ იყენებდნენ სხვა თეთრი ჯიშის ღვინოების გასაკეთილშობილებლად და მათთვის არომატულობისა და სინაზის მისაცემად.

მწვანე ძველთაგანვე შერჩეულია თეთრი სასუფრე ღვინისთვის და ამ მხრივ მას კახეთში ბადალი არ მოეპოვება. კლასიკური (ევროპული) წესით (მარტო ყურძნის წვენისგან, ჭაჭა–კლერტის გარეშე) დამზადებული მწვანის ღვინო მომწვანო–ბაცი ჩალისფერი გამოდის, აქვს ხალისიანი, ნაზი, ჰარმონიული გემო. დაძველებისას იგი ივითარებს ჯიშისთვის დამახასიათებელ ბუკეტს, რომელშიც მკაფიოდ გამოსჭვივის ხილის არომატი. კახური წესით (ყურძნის ყველა შემადგენელი ნაწილის მონაწილეობით) დამზადებული ღვინო მუქი ჩაისფერია. ის უფრო სრული და მდიდარია, არომატიც უფრო ძლიერი და სასიამოვნო აქვს.

საბჭოთა პერიოდში მწვანე კახურისგან, როგორც წესი, ორნაირ ღვინოს ამზადებდნენ, ორივეს – ევროპული ტიპისას. პირველი ცნობილია „წინანდლის“ სახელწოდებით და მზადდება უმეტესად წინანდლის, ნაფარეულის და იყალთოს ვენახებში მოწეული მწვანისა და რქაწითლისგან. ის მომწვანო-ჩალისფერია, ბუკეტი სუფთა აქვს, ხილისარომატიანი, გემო – ნაზი, საკმაოდ ხალისიანი და ჰარმონიული. შეიცავს 10,5–12% ალკოჰოლს და 6–8‰ სიმჟავეს. მეორე „გურჯაანის“ სახელწოდებითაა ცნობილი. ის მზადდებოდა მანავის, გურჯაანის, მუკუზნის მწვანისა და რქაწითლისგან. ახასიათებს მომწვანო-ჩალისფერი, სინაზე, სიხალასე და ჰარმონიულობა. ბუკეტი ნაზია, ჯიშისთვის დამახასიათებელი ხილის ძლიერი არომატით.

ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60–იანი წლებში შეიქმნა და ცალკე გამოიყო. ღვინო „მანავის“ წარმოების მიკროზონა. ეს სპეციფიკური ზონა მდებარეობს გარე კახეთში, საგარეჯოს ადმინისტრაცის ტერიტორიაზე, ცივ-გომბორის ქედის სამხრეთი და მისი მიმდებარე ფერდობების მთისწინებზე ჩრდილოეთ განედის 41044’׀–სა და აღმოსავლეთ გრძედის 45027’–ზე და მათ მახლობლად. სამრეწველო ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 450-800 მეტრის საზღვრებში. ივრის ზეგანის ამ ნაწილის ფიზიკურ-გეოგრაფიულ ინდივიდუალობას განსაზღვრავს მისი ერთობლივი შემაღლებულ-ვაკისებრი, დატალღული, სუსტად დანაწევრებული რელიეფი და კონტინენტური კლიმატიდან ზღვის კლიმატში გარდამავალი მდებარეობა.

„მანავი“ ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი მშრალი ღვინოა. მზადდება კახური მწვანის ჯიშის ყურძნისგან. დასაშვებია 15%-მდე რქაწითლის ჯიშის ყურძნის გამოყენება. ღვინო „მანავს“ ახასიათებს ბაცი ჩალისფერიდან ჩალისფრამდე ფერი მომწვანო ელფერით, ნაზი, ჰარმონიული, დახვეწილი, ხალისიანი გემო ხილის ტონებით, ჯიშური არომატი, განვითარებული ბუკეტი.

როგორც 1960 წელს გამოცემულ „საქართველოს ამპელოგრაფიაში“ ვკითხულობთ, მწვანე კახურის ვაზი საშუალო ზრდისაა, საშუალო სიმწიფის პერიოდის. მტევნის საშუალო წონა 172 გრამია, ხოლო საშუალო მოსავალი – ჰექტარზე 5-8 ტონა. ჯიშს ახასიათებს შაქრის დაგროვების საკმაოდ დიდი უნარი ნორმალური მჟავიანობის შენარჩუნებით. მგრძნობიარეა დაავადებების, განსაკუთრებით კი ნაცრის მიმართ.

მწვანე გვიანი სიმწიფის ჯიშია, გავრცელებულია ძირითადად კახეთში. კახური წესით დაყენებული, მუქი ჩაისფერი, სრული, სხეულიანი და ენერგიულია. გემო ჰარმონიული, სასიამოვნო აქვს, არომატიც – ნაზი ჯიშური, რომელშიც სიძველისას წარმოიქმნება ნაზი ბუკეტი ხილის მკაფიო არომატით. ღვინის ძლიერი არომატულობისა და სინაზის გამო მეღვინეთა წრეში მას „ქართული რისლინგიც“ კი შეარქვეს.

მწვანე კახური საფერავსა და რქაწითელთან ერთად საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამაც გამოარჩია. გასული წლის შემოდგომაზე მან მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სუბსიდია შარშან სამ ჯიშზე: რქაწითელზე, კახურ მწვანესა და საფერავზე, – გაიცა. რამდენად სამართლიანია ასეთი დაყოფა, ეს საკამათო საკითხია, თუმცა მწვანე კახურს ქართულ მეღვინეობაში გამორჩეული ადგილი რომ უკავია, ამაზე ალბათ არავინ დავობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი