ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როგორ სწავლობენ ბავშვები (ნაწილი პირველი)

 

რატომ არის ასეთი ძნელი განათლების სისტემის რეფორმირება და როგორ ურჩევნიათ ბავშვებს სწავლა

 

ძალით ჩანერგილი ცოდნა არამყარია.

პლატონი

ამ სტატიაში შევეცდებით, განვიხილოთ თანამედროვე განათლების ერთ-ერთი უმწვავესი საკითხი – რატომ დგას მუდმივად განათლების სისტემის რეფორმირების აუცილებლობა და რატომ არის ეს საქმე ასეთი ძნელი.

დამეთანხმებით – ქვეყანა, რომელიც ცდილობს გააუმჯობესოს თავისი მოქალაქეების ცხოვრება, ყოველთვის ფიქრობს ეკონომიკის, თავდაცვის, განათლების არსებული სისტემების დახვეწასა და განვითარებაზე.

პოლიტიკოსთა საარჩევნო პროგრამები დედამიწის ნებისმიერ მეტ-ნაკლებად დემოკრატიულ სახელმწიფოში სავსეა დაპირებებით, გეგმებითა და „ახალი“ სქემებით, რომლებითაც პოლიტიკაზე მომუშავე ხალხი მოქალაქეებს არწმუნებს, რომ იზრუნებენ მათ უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობის დაცვასა თუ მათი შვილების ხარისხიან განათლებაზე.

ამ დაუსრულებელ პროცესში ყოველთვის ფიგურირებს განათლების სისტემის გაუმჯობესებისა და სასკოლო თუ სხვა განათლების ძირეული რეფორმირების სურვილი. თავად რეფორმირების პროცესი ძველის გარდაქმნასა და გაუმჯობესებას გულისხმობს, რაც, თავის მხრივ, არსებულის ნაკლოვანების ან მისი არასაკმარისობის, რეალობასთან შეუსაბამობის აღიარებას ნიშნავს.

ნეტავ რა არის ასეთი უცნაური განათლების სისტემებში? რატომ სჭირდებათ მათ ყოველ ოთხ თუ ხუთ წელიწადში ერთხელ „ძირეული“ განახლება და „ფუნდამენტური“ რეფორმირება? რატომ ვეთანხმებით აზრს, რომ განათლების სისტემა შესაცვლელია? რატომ გვგონია, რომ წინა ხელისუფლების მიერ „დატოვებული“ სასკოლო თუ საუნივერსიტეტო სივრცე არ ვარგა, ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას და შეცვლა სჭირდება? ვინ უნდა განახორციელოს ეს ცვლილებები? სხვებმა თუ იმავე ხალხმა, ვინც განათლების სფეროში მუშაობდა და პირდაპირ თუ ირიბად ხელს უწყობდა ამ არასრულყოფილი და „შესაცვლელი“ სისტემის ჩამოყალიბებას?

ეს ის კითხვებია, რომლებზე დისკუსიასაც ისეთივე რთული, ხანგრძლივი და მრავალფეროვანი ისტორია აქვს, როგორიც თვითონ განათლებას და მის უკვე არსებულ სისტემებს. მინდა, გაგიზიაროთ ერთი ამერიკელი სწავლულის, ფსოქოლოგიის დოქტორის, Boston College-ის პროფესორისა და განათლების ფილოსოფიის აქტიური რეფორმატორის პიტერ გრეის (Peter Gray) მოსაზრებები თანამედროვე სასკოლო სისტემაზე, ამ სისტემის ფილოსოფიასა და ბავშვებისთვის ცოდნის გადაცემის იმ ალტერნატიულ გზებზე, რომლებიც ოდნავ განსხვავებული და, შესაძლოა, ოდნავ რადიკალური კუთხით დაგვანახებს სასკოლო განათლების სისტემას და შედარებით საინტერესოს გახდის დაუსრულებელ დისკუსიას ზემოხსენებულ „აუცილებელ სასკოლო რეფორმაზე“.

ბატონი გრეის მოსაზრება იმიტომ მივიჩნიე საინტერესოდ, რომ ის საშუალებას გვაძლევს, თავი დავაღწიოთ განათლების არსებული სქემების „გაუმჯობესება-გადაკეთების“ უსასრულო ციკლს და სხვა თვალით შევხედოთ ბავშვისა თუ ახალგაზრდის განვითარების პროცესს.

პროფესორ გრეის აზრით, სასკოლო განათლების არსებული ფორმატები, რომლებსაც დღეს იყენებს კაცობრიობა, არაბუნებრივი, არაევოლუციური და ძალადობრივია. უფრო მეტიც – პროფესორ გრეის მიაჩნია, რომ მათ თითქმის არაფერი აქვთ საერთო ცოდნის მიღებისა და სწავლისთვის საჭირო ბიოლოგიურ უნარებთან.

პროფესორ გრეის მთავარი ჰიპოთეზა ასეთია: ბავშვები იბადებიან თვითგანსწავლის ბუნებრივი მექანიზმებით, ეს მექანიზმები (თუ უნარები) მოიცავს თამაშისა და გარემოზე დაკვირვება-კვლევის ბიოლოგიურ უნარებს და მათში ჩარევა ან მათი დათრგუნვა ხელს უშლის ადამიანის ზრდისა და განვითარების ბუნებრივ პროცესს.

როგორც ხედავთ, ამერიკელი პროფესორი გვთავაზობს, ყურადღება მივაქციოთ იმ ბუნებრივ მოცემულობებს, რომლებიც ევოლუციურად ყველა ადამიანშია ჩადებული და ამ მოცემულობათა სწორი გააზრებით შევუწყოთ ხელი ბავშვის ნორმალურ განვითარებას. შესაძლოა, ეს ცოტა ბუნდოვნად ჟღერდეს, მაგრამ თუ გრეის ჰიპოთეზას სასკოლო განათლებისა და ბავშვების სკოლაში განვითარება-ჩამოყალიბების პროცესს შევადარებთ, შესაძლოა, ნათლად წარმოვიდგინოთ, რას გულისხმობს ბატონი გრეი „თვითგანსწავლის ბუნებრივ მექანიზმებში“.

ჩემი აზრით, გრეის მოსაზრებები კიდევ უფრო საინტერესო გახდება, თუ გავიხსენებთ თანამედროვე ბავშვების გარემოსა და მათ ყოველდღიურ ყოფას: ტელევიზია, კომპიუტერები, სმარტფონები, პლანშეტები, ინტერნეტკავშირი და სოციალური ქსელები – ეს ის მედიაპლატფორმებია, საიდანაც უწყვეტ ნაკადად მოედინება ტექსტური, ვიდეო თუ აუდიო ინფორმაცია – განათლების ძირითადი კომპონენტი.

გთავაზობთ პიტერ გრეის რამდენიმე ძირითად მოსაზრებას ბავშვების განათლებისა და სწავლის უნარების ბიოლოგიური საფუძვლების შესახებ.

ბავშვებს ბუნების მიერ აქვთ მინიჭებული თვითგანათლების თვითკონტროლის უნარი

თუ ოდესმე დაჰკვირვებიხართ ბავშვის ზრდას „სასკოლო ასაკამდე“, დამეთანხმებით, რომ ზემოთქმული ჭეშმარიტებაა.

ბავშვები ქვეყნიერებას განმანათლების მძლავრი ინსტინქტით ევლინებიან. ეს ინსტინქტი მოიცავს ბუნებრივ ცნობისმოყვარეობას, თამაშისადმი მიდრეკილებას, სოციალური კავშირებისადმი კეთილგანწყობას, მიმდინარე მოვლენებისადმი ყურადღებას, ზრდის სურვილს და სურვილს, აკეთონ ის, რისი კეთებაც მოზრდილებს ან უფროს ბავშვებს შეუძლიათ.

საკუთარი ძალისხმევით, პრაქტიკულად ინსტრუქციების გარეშე, ბავშვები სწავლობენ სიარულს, სირბილს, ხტომას და ცოცვას.

თითქმის არაფრისგან ბავშვები სწავლობენ მშობლიურ ენას, რომლის საშუალებითაც ახერხებენ ნების გამოხატვას, კამათს, გართობას, გამაღიზიანებლად ან სასიამოვნოდ მოქცევას, მეგობრობას და კითხვების დასმას.

სხვების ყურებით, მოსმენით, კითხვების დასმით და კვლევა-ძიების სხვა მეთოდებით ბავშვები უზარმაზარ ცოდნას ითვისებენ მათ გარშემო არსებული ფიზიკური თუ სოციალური სამყაროების შესახებ.

ხოლო თამაშის მეშვეობით ისინი განუწყვეტლივ ვითარდებიან ფიზიკურად, ინტელექტუალურად, სოციალურად და ემოციურად.

ბავშვები ყველაფერ ამას მანამდე ახერხებენ, სანამ მათ ვინმე რამის სწავლებას დაუწყებს რაიმე სისტემური ხერხით.

სწავლის ეს გასაოცარი ძალა და შესაძლებლობა არსად ქრება – ის ჯერ კიდევ მძლავრია, როდესაც ბავშვები ხუთი ან ექვსი წლის ასაკს აღწევენ.

მაგრამ ამ ძალასა და უნარს ჩვენ ვსპობთ ჩვენი სასკოლო სისტემის მეშვეობით!

ზემოხსენებული სასკოლო სისტემის ყველაზე დიდი და ხანგრძლივი გაკვეთილი ის  გახლავთ, რომ სწავლა ბავშვების „სამუშაოა“. ეს ის საკითხია, რომელსაც უნდა ვუფრთხილდეთ და, შეძლებისდაგვარად, თავი ვარიდოთ.

როგორ სწავლობდნენ ბავშვები სკოლების გაჩენამდე

ამ თავში ვისაუბრებთ ბავშვების საგანმანათლებლო ინსტინქტებზე, ამ ინსტიქტებისადმი მათ ადაპტაციაზე და პირობებზე, რომელთა საშუალებითაც ბავშვებს შეეძლებათ, საუკეთესოდ აამოქმედონ ისინი, დღევანდელ პირობებში.

ფართო, ბიოლოგიური მნიშვნელობით, განათლება კულტურის გადაცემის პროცესია. ამ პროცესის მიმდინარეობისას ადამიანთა მოდგმის ყოველი ახალი თაობა იძენს ახალ ცოდნას, უნარებს, რწმენასა და ღირებულებებს და აშენებს მას წინა თაობების მიერ დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებაზე. განათლება ყოველთვის იყო ჩვენი მოდგმის გადარჩენის მთავარი ელემენტი. განათლებისადმი სწრაფა და მისი ინსტინქტები ჩვენი დნმ-ს ნაწილს წარმოადგენს.

დაახლოებით 10 000 წლის წინ, სოფლის მეურნეობის გაჩენამდე (მომცრო წერტილი ჩვენი მოდგმის ბიოლოგიური ჩამოყალიბების გრძელ ისტორიაში), ჩვენ ყველანი მონადირე-შემგროვებლები ვიყავით.

ჩვენი ადამიანური ინსტინქტების ძირითადი საფუძველი, სწავლისა და განათლების ინსტინქტების ჩათვლით, მონადირე-შემგროვებლების ცხოვრების წესის კონტექსტში ჩამოყალიბდა. მონადირე-შემგროვებელთა ზოგიერთი კულტურა, მსოფლიოს იზოლირებულ, მოშორებულ ნაწილებში დღესაც არსებობს და მათი ცხოვრებასა და არსებობას კვლავ სწავლობენ თანამედროვე ანთროპოლოგები.

ყველა ამ კულტურაში, რომლებიც სხვადასხვა კონტინენტზეა მიმოფანტული (სამხრეთი და ჩრდილოეთი ამერიკა, ევროპა, აზია, აფრიკა და ავსტრალია), ბავშვებსა და ახალგაზრდებს განუსაზღვრელი დრო აქვთ დამოუკიდებელი თამაშისთვის, კვლევა-ძიებისთვის და იმ საქმიანობისთვის, რაც აინტერესებთ. იმავე საზოგადოების ზრდასრულ წევრებს კი ცხოვრების ასეთი წესი სწავლის სწორედ იმ გზად მიაჩნიათ, რომელიც ბავშვებს სრულყოფილ, ზრდასრულ ადამიანებად ჩამოყალიბებისთვის სჭირდებათ.

მტკიცებულებანი, რომლებიც მოწმობს, რომ დღევანდელ ბავშვებს, თუ შესაბამის პირობებს შევუქმნით, შესანიშნავად ხელეწიფებათ თვითგანსწავლა

ჩვენს კულტურაში, როდესაც ბავშვებს მინიჭებული აქვთ თავისუფლება (ტრადიციული სასკოლო ჩარჩოებისგან) და საშუალება, თვითონვე შეიძინონ საჭირო ცოდნა, შედეგად ვიღებთ იმას, რომ ბავშვები ამ პროცესს ხალისითა და სრული სერიოზულობით ეკიდებიან.

ცხოვრებასთან მუდმივი შეხებით, განსაკუთრებით კი თავისუფალი (არაკონტროლირებადი) თამაშისა და კვლევა-ძიების მეშვეობით, ბავშვები იმ უნარებს, ცოდნასა და ღირებულებებს ითვისებენ, რომლებიც აუცილებელია ჩვენს დღევანდელ საზოგადოებაში ცხოვრებისა და წარმატებისთვის.

მაინც რატომ არის აუცილებელი ბავშვებისთვის ჯანმრთელი სოციალური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარება?

ახალგაზრდა ძუძუმწოვრები ყოველთვის თამაშობენ, განსაკუთრებით – იმ ფორმით, რომელიც მათ გადარჩენისთვის აუცილებელი უნარების განვითარებაში ეხმარება. კვლევები მოწმობს, რომ როდესაც ახალგაზრდა ცხოველებს მათი განვითარების პერიოდში თამაშის საშუალებას უზღუდავენ, ისინი ემოციურად და სოციალურად სახიჩრდებიან.

ადამიანის ნაშიერს ცხოველებზე გაცილებით მეტი აქვს სასწავლი. ამიტომ ბავშვები, როდესაც მათ საშუალებას ვაძლევთ, უფრო ხშირად და უფრო მეტხანს თამაშობენ, ვიდრე ნებისმიერი სხვა სახეობის ძუძუმწოვრები.

ბავშვები თამაშობენ არა მხოლოდ იმ უნარების გასავითარებლად, რომლებიც ყველა ადამიანს სჭირდება (მაგალითად, ორ ფეხზე სიარულისა ან სირბილისა), არამედ იმ უნარებისაც, რომლებიც უნიკალურია და ღირებულია იმ კულტურაში, რომელშიც ბავშვი იზრდება (წერა, კითხვა და ანგარიში, რაც აუცილებელია ჩვენს კულტურაში; ნადირობა ან მცენარეებისა და ბალახების ცოდნა ტყეში ან ველებზე მცხოვრები ტრადიციული კულტურებისთვის).

ბავშვების თამაში ასევე მოიცავს მუდმივ, განგრძობად ვარჯიშს წარმოსახვის განვითარებაში, რაც ადამიანისთვის დამახასიათებელი მაღალი დონის აზროვნების საწინდარია. თამაში განსაკურებით ღირებულია მაშინ, როდესაც ის შერეული ასაკის ბავშვების გარემოში მიმდინარეობს. პატარები ადვილად ითვისებენ უფროსი ასაკის ბავშვებისგან იმ უნარებსა და ცოდნას, რომლებიც მათი ასაკისთვის ჯერ ადრეა; დაკვირვებისა და უფროსი ასაკის ბავშვების დახმარებით ეუფლებიან უფრო განვითარებულ უნარებს, ხოლო უფროსი ბავშვები, უმცროსებთან ურთიერთობისას, გამოიმუშავებენ მათი მოვლა-პატრონობის უნარებს, რაც მათ ეხმარებათ, აღიქვან თავიანთი სიმწიფე პატარებთან შედარებით.

თარგმნა ლევან ალფაიძემ

სტატიაში გამოყენებული წყაროები:

1) https://www.psychologytoday.com/blog/freedom-learn/201404/risky-play-why-children-love-it-and-need-it; 2) https://alternativestoschool.com/articles/how-children-learn/#subcontent4

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი