ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

   ეკოსოფელი – უოლტ დისნეის „აზროვნების სკამის“ გამოყენებით

დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა უოლტ დისნეის „აზროვნების სკამის“ გამოყენება. გეოგრაფები თემების ნაკლებობას არ განვიცდით, მაგრამ ამ სტრატეგიისთვის რაღაც ახალი თემა მინდოდა. ვიპოვე და მინდა გაგიზიაროთ. ეს ეკოსოფელია.

რატომ უნდა გამოვიყენოთ ეს სტრატეგია? საერთოდ რატომ უნდა ვასწავლოთ სხვადასხვა სტრატეგიები? უფრო მარტივი გზაც ხომ არსებობს?  სახელმძღვანელოში არსებული თემა ახსენი და შემდეგ გაკვეთილზე გამოიკითხე. ასეთ განათლების სისტემას დღეს ბევრი „მისტირის“. რა საჭიროა ანალიზის უნარის განვითარება? რა საჭიროა დასკვნების გამოტანა?

ნებისმიერი სტრატეგია გულისხმობს მრავალ ალტერნატივას შორის არჩევნის გაკეთებას.

მსოფლიოს წამყვანი საწარმოების მენეჯერთა გამოკითხვით ირკვევა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მართვის ყველაზე ეფექტიან და პოპულარულ ინსტრუმენტს კვლავ სტრატეგიული დაგეგმვა წარმოადგენს.

სტრატეგია იბადება ორიგინალური იდეის საფუძველზე. მაგალითად, ჰ. ფორდის იდეა მანქანების აწყობასთან დაკავშირებით ან უ. დისნეის ანიმაციური ფილმები. შესაბამისად, სტრატეგიის ძირითადი მახასიათებელია უნიკალურობა. ოპერაციული ეფექტიანობა მსგავსი საქმიანობის კონკურენტებზე უკეთ შესრულებას ნიშნავს. ამის საპირისპიროდ, სტრატეგია გულისხმობს კონკურენტებისგან განსხვავებულ ქმედებებს ან მსგავს საქმიანობას, მაგრამ სხვა გზებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი შეიძლება გადმოვცეთ ორი სიტყვით – „იყავი განსხვავებული“. აი, რატომ უნდა ვასწავლოთ განსხვავებულად.

 1998 წელს გაერო-მ ეკოსოფლების შექმნა მდგრადი, სიცოცხლისუნარიანი არსებობის 100 საუკეთესო მეთოდებს შორის დაასახელა.

ამ თემის განხილვა გონებრივი იერიშით იწყება.

ek

იდეების გადარჩევის (იდეების გენერაცია) შემდეგ როლური თამაში იწყება. მეოცნებეები წარმოადგენენ, როგორი უნდა იყოს ეკოსოფელი, რა უნდა გააკეთონ, რა ვადაში და რატომ? ნამუშევრის წარმოდგენის ფორმას თავად შეარჩევენ.

შემდეგ ჩაერთვებიან: კრიტიკოსები“, რომლებიც გააკრიტეკებენ, შეაფასებენ მეოცნებეების იდეებს. ისინი უპასუხებენ კითხვებს: რა არის ეკოსოფელში სასიკეთო? რა არასასურველი? რამ შეიძლება შეუშალოს ხელი იდეის რეალიზებას? რა აქვს ამ იდეას სუსტი მხარე? და ა.შ.

„რეალისტები“ კი მიიღებენ ყველაზე რეალისტურ გადაწყვეტილებას. დასახავენ ოცნების განხორციელების გზებს. რა უნდა გავაკეთოთ, რომ რეალურად ავაშენოთ ეკოსოფელი?

ჩემი აზრით, ამ თამაშის დროს SWOT ანალიზი გარკვეულწილად რეფლექსიის ფაზაზე გამოგვადგება. რადგან SWOT ანალიზის ჩასატარებლად პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს:

როგორია ეკოსოფლის ძლიერი მხარეები?

როგორია ეკოსოფლის სუსტი მხარეები?

რა შესაძლებლობები იქმნება მომავალში ეკოსოფლისთვის?

რა საფრთხეებმა შეიძლება შეგვიშალოს ხელი დასახული მიზნების მიღწევაში?

გთავაზობთ ტექსტს ეკოსოფლის თემის განხილვისთვის:

 მსოფლიოში ათასობით ეკოსოფელია, რომლებიც ავითარებენ და ხვეწენ სოციალურ და ეკოლოგიურ ინსტრუმენტებს ალტერნატიულ ეკონომიკურ მოდელებს, აგროკულტურის მეთოდებს, ენერგიის განახლებად სისტემებს, განათლების ალტერნატიულ საშუალებებს. გვთავაზობენ რეალურ ცხოვრებაში პლანეტაზე კაცობრიობის ჰუმანური თანაარსებობის დადებით ხედვას.

   მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი ეკოდასახლებები ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური და ფსიქოლოგიურ-თემატური თვალსაზრისით სულ სხვადასხვა სტრუქტურისაა – ეკოლოგიურ-საგანმანათლებლო, ეკოლოგიურ-აგრარული, ეკოლოგიურ-სოციალური (უპატრონო ბავშვების), ეკოლოგიურ-რელიგიური, ხელოვნების და სხვა.

ეკოსოფელი არის დასახლება საკუთარი მორალური კოდექსით, რომელიც განაპირობებს მცხოვრებთა შორის კეთილგანწყობას, საზიაროს ხდის ჭირსაც და ლხინსაც.

სოფლის თითოეულ მცხოვრებს გააჩნია იმის შეგრძნება, რომ მას შეუძლია გავლენა იქონიოს  სოფლის განვითარებაზე და თავის ცოდნას, გამოცდილებას და ფიზიკურ შესაძლებლობებს არ იშურებს ამისათვის.

სოფლის მცხოვრებნი თავს თვლიან ბუნების ნაწილად და გარემოს მიმართ ზრუნვით არიან განმსჭვალულნი, მათი ცხოვრება და საქმიანობა ბუნებასთან ჰარმონიაშია.

სოფელში დამკვიდრებულია ცხოვრების წესი, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის საფუძველია.

კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა, დადებითი ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება სოფლის ღირსების საქმედ ითვლება.

სოფლის მცხოვრებნი სამეურნეო საქმიანობაში ავითარებენ იმ მიმართულებებს, იყენებენ იმ მეთოდებსა და ტექნოლოგიებს, რაც უზრუნველყოფს სოფლის არსებობასა და განვითარებას განუსაზღვრელი დროის განმავლობაში.

ეკოსოფელში ცხოვრება და დასაქმება შეუძლია ნებისმიერ თანამოაზრეს, სპეციალისტს, მეცნიერს, რომელთა იდეები, გამოგონებები, კვალიფიკაცია ქართულ სოფელს, საზოგადოებას, ზოგადად ქვეყანას წაადგება.

    ეკოსოფელში ცხოვრებისა და საქმიანობის მსურველის მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნებია წაყენებული.

  ეკოსოფელი გააერთიანებს საგანმანათლებლო ცენტრს, საცხოვრებელ ზონას, ტურისტულ ზონას, სასოფლო-სამეურნეო და საწარმოო რგოლებს, ინოვაციების ცენტრს (ტექნოპარკს), ეკოსამშენებლო საწარმოს,  სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსს, ტბას,  ტყე-პარკს და სხვა.

ეკოსოფელში აგროტურიზმი განსაკუთრებულად მიმზიდველია. საშუალოდ სოფელში ყოველწლიურად ათასზე მეტი ადამიანი იღებს გარკვეულ ცოდნას. გასაცნობად და დასასვენებლად რამდენიმე ათასი ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი სტუმრობს ეკოსოფელს.

    ეკოსოფლის მიმდებარე ტრადიციული სოფლები ჩართულნი არიან ეკოსოფლის ინფრასტრუქტურაში. აქ ხდება ტრადიციული სოფლის მოდელირება თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით.

ეკოსოფელში შეიძლება წაიმუშაო ბოსტანში ან რომელიმე სახელოსნოში (თიხის ან ხალიჩების საქსოვ საამქროში, სამჭედლოში), შეიძლება ცხვრის მატყლისგან ქსოვილი თავად გააკეთო და გლეხური ჩასაცმელიც თავადვე შეკერო; შეიძლება მომწყემსო თხები და ძროხები, მოწველო საქონელი, ამოიყვანო ყველი.

ეკოსოფელი ნორვეგიაში

eko

კეიპ-ტაუნში (სარ) მდიდრული ეკოლოგიურად სუფთა სოფელი გაშენდება, სადაც ავტომობილები არ იქნება.

პროექტი, რომელიც აფრიკის კონტინენტზე პირველი იქნება, არქიტექტურულმა კომპანია  Swisatec-მა მოამზადა.

პროექტის ფარგლებში იგეგმება 1 000 საცხოვრებელი სახლის, სამედიცინო ცენტრების, სპა-სალონების, მაღაზიების, სკოლების და რესტორნების აშენება.

ავტომობილების რაოდენობა მთავარ გზაზეც შეიზღუდება. პროექტის ფარგლებში, ეკოსოფელში პრიორიტეტი იქნება ელექტროენერგიის დაზოგვა – როგორც ენერგიის განახლებადი წყაროების, ასევე დიოდური ნათურებისა და წყლის რესურსების მართვის სისტემის გამოყენებით.

eko1

ეკოსოფლის მშენებლობას ბელგიელი არქიტექტორი წყლის ქვეშაც აპირებს.

იგი ორიგინალური სოფლის ასაშენებლად ოკეანეში გადამუშავებულ პოლიეთილენს გამოიყენებს. მისი გეგმა მოიცავს 1000 მეტრის ფუტურისტულ კონსტრუქციებს წყალში.

ეკოსოფელს მედუზის ერთ-ერთი სახეობის სახელი Aequorea დაერქმება.

ეკოსოფლის კონცეფცია მსოფლიოში არსებული ეკოლოგიური კატასტროფიდან გამომდინარე გაჩნდა, რაც საფრთხეს უქმნის წყალქვეშა სამყაროს. არქიტექტორის თქმით, ოკეანეების გაწმენდა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება დღესდღეობით განსაკუთრებით აუცილებელია.

საქართველოში ეკოსოფლების შესაქმნელად გარკვეული პოზიტიური წინაპირობები არსებობს:

გარემოს, საცხოვრებლების, სამეურნეო საქმიანობის თვალსაზრისით ეკოლოგიურად სუფთა სოფლების არსებობა;

საკმაოდ აქტიური ეკოლოგიურ-სოციალური ორიენტაციის მესამე სექტორი;

მრავალი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერა ეკოლოგიურ-სოციალური პროექტების განხორციელების საქმეში;

მსოფლიოში შექმნილი კეთილსასურველი ფონი (გლობალურმა კრიზისმა და სხვა კატაკლიზმებმა წინა პლანზე წამოსწია მსოფლიოს მდგრადი განვითარების თემა).

საქართველოში ეკოსოფლების შექმნის იდეა კარგა ხანია ტრიალებს. ათ წელზე მეტი ხნის წინ ეს თემა აქტიურად წამოსწია არასამთავრობო ორგანიზაციამ “კავკასიის ეკოლოგიურ-სათემო მოძრაობის ცენტრი”. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოეწყო ექსპედიციები, შეირჩა ეკოსოფლების ადგილები. ზოგადად სოფლის განვითარების თუ კონკრეტული ეკოსოფლის შექმნის მიზნით მრავალგზის მოხდა ქვეყნის ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე პროექტის წარდგინება, მაგრამ უკეთეს შემთხვევაში დიალოგი სრულდებოდა უარით, ვინაიდან არ არსებობდა საამისო სახსრები.

ცალკეულ მოქალაქეთა კერძო ინიციატივით არის ეკოსოფლების შექმნის მცდელობა…

მდგრადი ეკოსოფლების შექმნისა და განვითარების მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით საქართველოს ყველა რეგიონში უნდა შეიქმნას სამოდელო, სანიმუშო ეკოსოფლები, რომლებიც მაგალითის მიმცემი იქნება სხვა სოფლებისათვის საბაზო ცენტრები სათანადო ცოდნის გასავრცელებლად. ეტაპობრივად უნდა მოხდეს საქართველოს სოფლების ეკოლოგიზაცია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი