ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

სასკოლო გეოგრაფიული განათლების მიზნები და ამოცანები

იწყება ახალი სასწავლო წელი და მასწავლებლები, განსაკუთრებით – ახალბედები, საგულდაგულოდ ემზადებიან: კიდევ ერთხელ კითხულობენ ეროვნულ სასწავლო გეგმას და მისი გათვალისწინებით გეგმავენ თავიანთ სამუშაოს. მეტად მნიშვნელოვანია, პედაგოგს კარგად ჰქონდეს გააზრებული თავისი საგნის სასწავლო მიზნები და შეეძლოს პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ და როგორ ასწავლის მას.

სასკოლო გეოგრაფიის სწავლების მიზნები დაკავშირებულია სწავლების მთავარ პირობასთან – შევძლოთ მრავალმხრივ განვითარებული პიროვნების ფორმირება გეოგრაფიული მეცნიერების შინაარსის, პრობლემატიკისა და კვლევის მეთოდების გათვალისწინებით.

გეოგრაფია ერთადერთი სასკოლო საგანია, რომელიც ერთდროულად განიხილავს და სწავლობს საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ ობიექტებსა და მოვლენებს, რის გამოც მისი ამოცანები საკმაოდ ფართო და მრავალმხრივია. მოკლედ მიმოვიხილოთ ისინი:

ა) გეოგრაფიის შესწავლის ობიექტებია ბუნების, საზოგადოებისა და მეურნეობის განვითარების სივრცითი ასპექტები, რომელთა ერთობლიობაც ქმნის სწორედ გეოგრაფიის სპეციფიკას.

ბ) გეოგრაფიას აკისრია ის მისია, რასაც ბუნებისა და საზოგადოების ურთიერთობის პრობლემის შესწავლა, საზოგადოების თითოეული წევრის ეკოლოგიური აღზრდა, ბუნებისადმი სათუთი და მზრუნველობითი დამოკიდებულების, პირადი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება ჰქვია.

გ) გეოგრაფია გარკვეულწილად ხელს უწყობს მოსწავლეთა ეკონომიკური აზროვნების ფორმირებას, რომელიც ხსნის საბაზრო ეკონომიკის ასპექტებს, სამეწარმეო საქმიანობის კონცეფციას, საკუთარი ქვეყნისა თუ რეგიონის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მდგომარეობას და მათი მოგვარების გზებს.

დ) გეოგრაფიას გარკვეულწილად საკომუნიკაციო ფუნქციაც აკისრია, რომელიც აუცილებელია მრავალფეროვანი ინფორმაციული საშუალებების შეგნებულად და გააზრებულად აღსაქმელად, სხვადასხვა რასისა და ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებს შორის კონტაქტის დასამყარებლად, სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მცხოვრებ ადამიანებს შორის ეკონომიკური, ტურისტული და სხვა სახის ურთიერთობების დასამყარებლად.

მაშასადამე, სასკოლო გეოგრაფიის სწავლების მიზანია:

  1. მსოფლიოს გეოგრაფიული სურათის გახსნა, რომელიც მოიცავს ბუნებას, მოსახლეობას, მეურნეობას; წარმოდგენის შექმნა გარემომცველი სამყაროს ტერიტორიული განსხვავებების, ადამიანის ცხოვრებაში მათი ხასიათისა და მნიშვნელობის შესახებ;
  2. მოსწავლეებისთვის მეცნიერული შეხედულებების გამომუშავება ბუნებისა და საზოგადოების ურთიერთობისა და ამ ურთიერთობის სივრცობრივ თავისებურებათა შესახებ;
  3. მოსწავლეთა ზნეობრივი აღზრდა, სამშობლოს სიყვარულის გაღვივება, მთლიანად მსოფლიოსა სხვა ხალხების მიმართ ტოლერანტობა;
  4. წარმოების საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო, ტექნიკურ-ეკონომიკური და სოციალურ-ეკონომიკური საფუძვლების ახსნა, გარემოს დაცვისა და რაციონალური რესურს სარგებლობის პრინციპების გაცნობა, რაც ხელს შეუწყობს მომავალში წარმოებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გარემოში წარმატებულ მოღვაწეობას;
  5. პროფესიულ ორიენტაციაში, ცხოვრების მომავალი გზის არჩევაში დახმარება;
  6. ეკოლოგიური ცნობიერების ფორმირება, ეკოლოგიური პრობლემებისადმი ემოციური დამოკიდებულების ჩამოყალიბება;
  7. გეოგრაფიული კულტურის ფორმირება, გეოგრაფიული ცოდნისადმი ინტერესის გაღვივება, რუკებით, ცნობარებითა და სხვა რესურსებით სარგებლობის უნარ-ჩვევების გამომუშავება, დაკვირვებების წარმოება;
  8. გეოგრაფიული აზროვნების განვითარება – ანუ ვასწავლოთ კომპლექსურად და სივრცობრივად აზროვნება, ხელმისაწვდომი გეოგრაფიული პრობლემების გადაჭრა;
  9. გეოგრაფიული საშუალებების გამოყენებით ინტერესისა და პირადი მოთხოვნილებების (ცნობისმოყვარეობა, აქტიურობა, თანაგანცდა, ურთიერთდახმარება და სხვ.) დაკმაყოფილებაში მოსწავლეების დახმარება.

სასკოლო გეოგრაფიის სწავლების მიზნების განხორციელება მხოლოდ სწავლების მრავალფეროვანი მეთოდებისა და ფორმების გამოყენებითაა შესაძლებელი.

როგორი უნდა იყოს გეოგრაფიის თანამედროვე გაკვეთილი?

გაკვეთილი სასწავლო პროცესის ძირითადი ფორმაა. გეოგრაფიის თანამედროვე გაკვეთილს სხვადასხვა თავისებურება ახასიათებს. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

  1. მიმართულია მოსწავლის პიროვნების ფორმირებისკენ.
  2. მასწავლებელი მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებით საქმიანობაში როგორც ორგანიზატორის, ასევე დამხმარისა და კონსულტანტის როლს ასრულებს.
  3. მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობისას დიდი ყურადღება ექცევა მოტივაციას, მოსწავლეთა მუშაობას.
  4. გაკვეთილის ყოველ ეტაპზე (გამეორება, ახალი მასალის ათვისება, ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმება) სასწავლო ამოცანების განხორციელების პროცესში ცოდნის შეძენასა და უნარ-ჩვევების გამომუშავებას ცენტრალური ადგილი უკავია. შედეგად ხდება გაკვეთილის სხვადასხვა ეტაპისა და ფუნქციის შერწყმა, მათი სინთეზი, რომელიც მიმართულია სასწავლო პროცესის აქტიურობისკენ.
  5. მაღალია სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი და, ამავე დროს, მიმდინარეობს მათ შორის ეფექტური კომუნიკაცია, მაგ., ჯგუფური საქმიანობის შედეგად.
  6. თანამედროვე მიდგომები არ გამორიცხავს საგანთაშორის კავშირებს და ინტეგრირებულ გაკვეთილებს, რომლებსაც ერთდროულად სხვადასხვა საგნის 2-3 მასწავლებელი ატარებს.
  7. საგნის შინაარსის ეფექტური სწავლებისას მეტად მნიშვნელოვანი დატვირთვა აკისრია სასწავლო მეთოდებსა და სწავლების ორგანიზაციის ფორმებს.
  8. გეოგრაფიის გაკვეთილი მჭიდროდაა დაკავშირებული სწავლების ორგანიზაციის ისეთ ფორმებთან, როგორიცაა ექსკურსია, საველე პრაქტიკები, გამოკითხვების ჩატარება, გეოგრაფიული კვლევების დაგეგმვა, ლაშქრობების, ტურისტული მარშრუტებისა და ეკობილიკების ორგანიზაცია ახლომდებარე დაცულ ტერიტორიებზე და სხვ.
  9. ხდება სხვადასხვა ელემენტის ასიმილაცია, რაც შესაძლებელს ხდის ისეთი ტიპის გაკვეთილების ჩატარებას, როგორიცაა გაკვეთილი-სემინარი, გაკვეთილი-კონფერენცია, გაკვეთილი-თამაში და სხვ.
  10. მოსწავლეები იზიარებენ მასწავლებლის ფუნქციებს, მაგალითად, ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმებასა და შეფასებას, კონსულტაციებს, მუშაობის დაგეგმვის ელემენტებს.

გეოგრაფიის თანამედროვე გაკვეთილი უფრო და უფრო უფრო მკვიდრდება და იმყარებს პოზიციებს და არცთუ იშვიათად სასწავლო პროცესში ძველი და ახალი მეთოდიკის ელემენტების შერწყმის მაგალითებსაც ვხვდებით.

როგორ უნდა მოემზადოს გეოგრაფიის მასწავლებელი გაკვეთილისთვის?

სასწავლო პროცესის დაგეგმვა მოიცავს თემატური და საგაკვეთილო გეგმების შედგენას. მასწავლებელმა გაკვეთილის მომზადებისას უნდა შეადგინოს თემატური გეგმა, რომელიც შემდეგ აუცილებელ საკითხებს ითვალისწინებს: თემა – გაკვეთილის სასწავლო-აღმზრდელობითი ამოცანები; კალენდარული ვადები; ცნებები, კავშირები, კანონზომიერებები, ფაქტები, პრობლემები; საბაზისო ცოდნა და უნარ-ჩვევები; დამოუკიდებელი და პრაქტიკული სამუშაოები; რესურსები; მუშაობის ფორმები.

საგაკვეთილო გეგმები თემატური გეგმების საფუძველზე მუშავდება. მათში დაწვრილებით უნდა იყოს განხილული სწავლების მიზნები, შინაარსი, მეთოდები, მუშაობის ფორმები. დამწყებ მასწავლებლებს ძალიან გაუადვილდებათ მუშაობა, თუ მუშაობის დაწყებისას გაკვეთილის გეგმა-კონსპექტს მოამზადებენ, რომელშიც დეტალურად გაწერენ მთელი ჩასატარებელი სამუშაოს მიმდინარეობას. გეგმის შედგენისას მეტად მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს სამ ძირითად ასპექტზე: გაკვეთილის მსვლელობაზე, მასწავლებლის საქმიანობასა და მოსწავლეთა მუშაობაზე.

დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანია გაკვეთილის მიზნის განსაზღვრა, რადგან სწორედ მიზანი კარნახობს გაკვეთილის შინაარსს, სწავლების ორგანიზაციის ხერხებსა და ფორმებს და, რაც მთავარია, შედეგისა და ეფექტურობის შეფასებაც სწორედ დასახული მიზნიდან გამომდინარეობს. გაკვეთილის მიზანი უნდა იყოს მკაფიო და კონკრეტული, რათა გავიგოთ, რამდენად მივაღწიეთ მას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი