პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

დაბრუნება მომსახურების ზონაში

ადრე, შაბათ-კვირის ბებია მერქვა. ახლა მაგ ზონიდანაც გავედი. გამონათებასავით არის ის შაბათ-კვირა, ჩემი გოგნებისთვის რომ ვიცლი. აი, გამოანათა. ჩაიარა საუზმემ (შუადღისას). ერთი ტელეფონს ჩასცქერის, მეორე – კომპიუტერს.

გავდივარ, გამოვდივარ, ვაფრქვევ რეპლიკებს: ადექით! ამოძრავდით! ჰაერი ჩაყლაპეთ! მზეს დაენახეთ!  მოეშვით ეკრანებს! ერთს აშკარად ყურსასმენები უკეთია და არც ესმის,  მეორე მძიმედ წამოიწია, სავარძელზე გადაინაცვლა. ახლა ,,ონლაინგოგოს“ კითხულობს დაწაფებით.

უკვე მერამდენედ ვიქადნები, რომ უნდა წავიკითხო ეს წიგნები. ჯერ  ერთი-ორ  შესავალსა და ,,გადავფურცლე, თვალი გადავკარის“ ვერ გავცდი. რამდენიმემ  მართლა დამაინტერესა, მაგრამ… ბოლო ხანებში გიორგი კეკელიძის გარდა, საერთო ავტორი არ გვყავს.

გადის საათები, ისევ ეკრანებთან არიან. დამოძღვრისთვის ვემზადები. დაილოცოს საოჯახო საქმე, აკეთე და თან იფიქრე რამდენიც გინდა! რა ვქნა, წამოვიწყო? დახეულ ჯინსებზე ლაპარაკი შემრჩა. თმების აპარსვაზე, აგრეთვე… რას გავხდებოდი, დედა მაგალითს აძლევდა. ამასობაში შევეჩვიე. იყოს დახეული, თმასაც რა ჭკუა აქვს? არა, ეს ბევრად სერიოზული საკითხია, უნდა ვიბრძოლო. ვალაგებ მონოლოგს, თითო სიტყვას ვარჩევ. არ ვიყო ძველმოდური (წვეტიანი საყელოსავით, თუმცა მგონი, ეს ისევ მობრუნდა), ვილაპარაკო შთამბეჭდავად, დამაჯერებლად და, რაც მთავარია, არაფერი ვაწყენინო!

უთოზე კარგად წამომივიდა აზრები, სცენარს ვჭრი და ვკერავ:

– იცით, რომ სტივ ჯობსი თავის შვილებს ეკრანებით სარგებლობის დროს უზღუდავდა? ჯობსზე კარგად ვინ ერკვეოდა ამ ამბებში. ცუდი უნდოდა თავის შვილებისთვის, თუ შესაძლებლობა არ ჰქონდათ?  (პაუზა, ვაცალო გამოპასუხება) ღამით და დასვენების დღეებშიც მათთან აკრძალული იყო ეკრანების გამოყენება. განა მარტო ჯობსი უკრძალავდა? ტექნოლოგიების ,,მამების“ უმრავლესობა თავის შვილებს უმცირებს ინტერნეტში ბოდიალის  დროს. ანდერსონი ხომ იცით? (პაუზა კითხვისათვის ,,ეგ ვიღაა?) არ იცით? ,,3DRobotics“-ის დირექტორი. ხუთი შვილი ჰყავს, ადგა და ,,დევაისი“ (ამ სიტყვით ნამდვილად მოვახდენ შთაბეჭდილებას, მნიშვნელობას კი ვხვდები, მაგრამ რომ ჩამეძიონ რა არისო, ავუხსნი? დასაცინი არ გავიხადო თავი… ვეტყვი, შემოწმებას არ მაკადრებენ…) ისე დააყენა, დღეღამეში ერთ-ორ საათზე მეტი ხნით ვერ ააქტიურებენ თავიანთ ეკრანებს. დედათქვენს და მამათქვენს არ გაუგიათ ეს? ( არა, დედაზე და მამაზე მტკივნეულად რეაგირებენ) ბებო, ამ ადამიანებმა ხომ უფრო მეტი იციან? ეგ პლანშეტები, აიპედები და აიპოდები, ყველაფერი იმიტომ აუკრძალეს თავის შვილებს, რომ დამოკიდებულები არ გახდნენ, არ მიეჯაჭვნონ ეკრანებს… აი, მაგის მეშინია… მერე თქვენი ტვინი აგზნებული რჩება, ვეღარ დაიძინებთ, ცუდ სიზმრებს ნახავთ, აგრესიულები გახდებით (საკმარისია…).

მზად ვარ, საქმეც მოვამთავრე და  დაბეჯითებით გამოვიწვიე გოგონები სასადილოდ. ბებიაჩემი ამბობდა, სადილის წინ ბავშვს არაფერი უნდა უსაყვედურო, მადა დაეკარგებაო… მეც მერე ვაპირებდი.

ახლა აივანზე დავსხდეთ, ჰაერიც ხომ გინდათ-მეთქი? გამომყვნენ, თან ,,ისინიც“ გამოიყოლიეს. დასხდნენ. აივნიდან არაგვის ხეობა მოჩანს. ნაწვიმარია. ჯვრის მონასტერი თითქოს გამოცურდა  ნისლებიდან. მწვანე ხასხასებს, მაგრამ ამას მე ვხედავ, ისინი ისევ ,,იქ“ არიან და დავიწყე… ორი კითხვის ნიშნის შემდეგ თითო ამომხედეს, პაუზა პაუზად დარჩა. ანდერსონზე გადავედი. ,,მაგიტომ შვილები ფაშისტს ეძახიანო“, ამოუხედავად მითხრა უფროსმა. შევცბი, ჩემი წყარო წაკითხული ჰქონია. არ შევიმჩნიე. გავაგრძელე. ,,დევაისებმა“ გაჭრა, ამომხედეს,  ერთმანეთს გადახედეს და გაიღიმეს… ჯაჭვებიც ვახსენე, მერე მოფერებით გამოვძალე ,,ისინი“და მოშორებით გადავაწყე.

-მოდი, ვილაპარაკოთ, უკვე მიჯაჭვული ხომ არ ხართ, თქვენი ამბები მითხარით, მეც შემონახული ამბავი უნდა მოგიყვეთ დედიკოზე, – დავპირდი.

მძიმე-მძიმედ დავიწყეთ. მერე ტემპმაც და იმატა, ხალისმაც… მომიყვნენ გამოცდების ამბებს, ბათუმის თავსხმაკონცერტის წურწურ-საცოდაობებს, მამცნეს მეგობრებთან დაგეგმილ შეხვედრებზე, სახატავ კომპლექტზე, რომელიც უკრაინიდან საჩუქრად მიიღეს… მოკლედ, ერთმანეთს ლაპარაკს არ აცდიდნენ, მიყვებოდნენ და მიყვებოდნენ. ჯვრის მონასტერიც რა ნისლებშიაო, შენიშნეს. წვიმის შემდეგ ჩიტების ჭიკჭიკიც გაიგეს ყურსასმენისგან გათავისუფლებულებმა და სიყვარულსაც გადაწვდნენ… პატარამ, ერთ ბიჭს ჩემი მეგობარი უყვარსო… უფროსმა, ეგ რა სიყვარულიაო? აბა, რა არის სიყვარული-მეთქი? ბებო, მაგას შენ უნდა გვასწავლიდე და ახლა შეპირებული ამბავი მოგვიყევიო… ეგ მოფიქრებული არ მქონდა, მაგრამ  ექსპრომტად დედიკოს სიყვარულის ამბავი მოვუყევი.

მერე სინონიმობანა ვითამაშეთ, მერე სათაურზე  სიუჟეტის შედგენა, მერე საკუთარ თავზე ნათქვამი სამი წინადადებიდან ერთი ტყუილი აღმოვაჩინეთ, ან ვერ აღმოვაჩინეთ, ვიცინეთ, ვიმხიარულეთ და ძილის დროც მოვიდა.

მეორე დღეს პოზიციის გამყარებას ვცდილობდი. ,,იმათთან“ მარტო არ ვტოვებდი, ხან საქმეში დახმარება ვთხოვე, ხან წიგნი იკითხეს, აივანზეც ისხდნენ… საღამომდე ერთ საათზე მეტად მართლაც არ ჩაუხედავთ ეკრანებისთვის. ახალი თამაშიც შევთავაზე, რედაქტორობანა: მომავალში კვირას თქვენს პოსტებს ამობეჭდილს დაგახვედრებთ გაასწორეთ-მეთქი. ბებო, ფეისბუქზე ეგრე წერა მოსულაო, არ ამყვნენ… მაინც უნდა ვცადო.

საღამოს დედამ მოაკითხა ჩქარა აიკრიფეთ, წავიდეთ, ,,ინდიგოსთვის“ გაჯეტები მაქვს მოსასწრებიო.

წავიდნენ და დავცარიელდით. ,,ონლაინგოგო“ დამიტოვეს საშინაო დავალებად.

მეც ჩემს გაჯეტს მივუბრუნდი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი