ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

საზაფხულო დავალება

ვხვდები, ვხვდები, ჩემო ძვირფასო, როგორი ფაცხაფუცხით ჩაალაგე ჩანთა, წიგნები, რვეულები, კალმები, კიდევ სხვა ნივთები, ზოგი სასწავლო დანიშნულების, ზოგი-პირიქით. მიგეჩქარება, ვიცი, შენს თვალებში უკვე ზღვას ვხედავ, აქოჩრილ ტალღებს, მზიან სანაპიროს, ფერად პირსახოცს, მეგობრებს, ბურთს, ზღვის ველოსიპედს… ან არა, იქნებ ეს ტყის სიღრმეებია, გრილი, იდუმალი, ცამდე აწვდილი ნაძვებით, ფეხქვეშ მოშრაშუნე წიწვებით, ადგილ-ადგილ გამსხლტარი ციყვებით… მოკლედ, ვხედავ, რომ ჩემთან უკვე აღარ ხარ, ცოტაც და თავისუფლების ხანა – არდადეგები დაგეწყება. ვიცი, რომ სულ ტყუილად გაყოვნებ ამ საკლასო ოთახში, დაფასაც წარმოსახვითი წარწერა აქვს – სასწავლო წელი დასრულდა! თავისუფლება!

მე კი ამ დროს რას ვაკეთებ? საზაფხულო დავალების ჩაწერას გთხოვ, წიგნების სიას ვამზეურებ, სავარჯიშოები დაგხვდება თუ თეორიული მასალა? ნეტავ ბევრი იქნება? გართობისთვის დრო დაგრჩება? ცდილობ, გამოიცნო. მესმის შენი, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცით, როგორ მოვახერხოთ, რომ გართობა ყველაზე სასარგებლო იყოს.

გინდა ზაფხულში წასაკითხი წიგნების სია ჩაგაწერინო? სანამ წიგნებამდე მიხვალ, იმდენი რამის წაკითხვა შეგიძლია ზაფხულში!

წაიკითხე გარემო, სადაც ჩახვალ. ხეები, ცხოველები, ამინდი, ადამიანები და მათი ყოველდღიური საქმიანობა.  თუ სოფელში ჩადიხარ, ზაფხულის სამუშაოები შეისწავლე, დააკვირდი, მოუსმინე, რა ადრე იღვიძებს სოფელი, გარიჟრაჟზე ფრთხილად, ფრთხილად ახმაურდება ხოლმე, რაღაცნაირ, ოდნავ მჟრჟოლავ სიგრილეში გადიან გარეთ, ჯერ საქონელი, მერე ბაღი, მერე მინდორი, ვენახი… წაიკითხე, როგორ ზეპირად იციან პატარა ხბოებმა თავიანთი სახლი, საღამოობით როგორ აგნებენ, როგორ ცხოვრობს ყველა არსება – უმცირესიდან დაწყებული და დიდით დამთავრებული – რაღაცნაირ, საოცრად მოწესრიგებულ კანონზომიერებაში. წაიკითხე ეზოში მოთამაშე ბავშვების თვალები და ტალახიანი მუხლები, მათი ფანტაზია, უშურველობა, სილაღე… წაიკითხე საღამოობით ცხელ, ორთქლადენილ რძის ჭიქაზე შემოჭდობილი თითები და გემრიელი, გემრიელი სოფლის პურის საოცარი სუნი. წაიკითხე სოფლის მდინარე და თევზები, ანკესი, ბადე, მეთევზეების ქუდები, მდინარის ბალახი, კენჭებს შორის, ძალიან იშვიათად გამოცოცებული წყლის გველი, შიში წაიკითხე, შიში და წარმოსახვა, კიდევ პატივისცემა რაღაც უფრო დიდის და იდუმალისადმი, რომელიც ცხოვრობს, იზრდება, ვითარდება, მიუხედავად იმისა, რომ ხელს ასე ძალიან ვუშლით. წაიკითხე სოფლის ზღაპრები ბერიკაცების მონათხრობიდან, მოხუცი ქალების სიყვარულის ამბები, მოგონებები, ცხოვრება, გამოცდილებები – ეს საუკეთესო საკითხავია!

ზღვაზე ხარ? აქაც რამდენი რამე გაქვს წასაკითხი. ზღვა დილით და საღამოს, მზის ჩასვლისას. განსაკუთრებით, მისი შრიალი, ტალღების ხმა წაიკითხე, მისი სიგრილე, ცხელი ნაპირიდან რომ ზღვაში შედიხარ ის მსუბუქი, გარდამავალი ელდა წაიკითხე, გულს რომ ოდნავ გიჩქარებს, სიხარულით რომ გავსებს.

წაიკითხე შეყვარებული წყვილების თვალები, ერთმანეთს ტალღებსაც რომ არ აკარებენ, უფრთხილდებიან. პატარა ბავშვების ფრთხილი ბაჯბაჯი ქვებსა და ქვიშაზე, ქვის სროლით დამფრთხალი ტალღების ხმაც წაიკითხე. წაიკითხე თოლიები და ქვიშაში ალაგ-ალაგ ამოსული, უცნაური მცენარეები, ოდნავ წებოვანი, მძაფრი სუნით. ჰორიზონტზე გაელვებული გემების სილუეტები, ზღვაში ჩასული მზე და მისი ალისფერი ნაწერი ზღვის ლივლივა ზედაპირზე.

კიდევ? კიდევ რა წაიკითხო?

შენი ახლობლები  წაიკითხე, მშობლები, მათთან საურთიერთოდ მთელი წლის განმავლობაში ცოტა დრო გქონდა, არც მათ ეცალათ შენთვის, ასეთი რთულია ცხოვრება. ბებია და ბაბუა, ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები, ახალი ამბები და ახალი ადამიანები წაიკითხე…

სოფლის თავყრილობები, ზღვის ნაპირების საღამოები, ჰამაკი და ბალახზე გაფენილი პლედი, ან, პლედი საერთოდ რად გინდა, ბალახის სურნელი წაიკითხე. თუ დღეა- ღრუბლების ასომთავრული, თუ ღამეა – ვარსკვლავების ნუსხა-ხუცური. არ დაიჯერო, რომ ვარსკვლავების თვლა არ შეიძლება. დათვალე, სანამ არ მოგწყინდება, თანავარსკვლავედები მოძებნე, დიდი დათვი, კასიოპეა, ირმის ნახტომის მკრთალი შალითაც თუ დაინახე, საერთოდ ძალიან გაგმართლებია.

მერე, შენს ოთახში დასაძინებლად შესული, ფანჯარას რომ ოდნავ შეხსნი,  საბანს რომ მჭიდროდ ამოიკეცავ, ხელს ბალიშის ქვეშ ამოდებ, ხმები წაიკითხე – ჭრიჭინების, ღამის ფრინველების, იქნებ კედელზე ხეთა ჩრდილებიც წაიკითხო, იქაც ძალიან, ძალიან საინტერესო ამბები წერია.

სწორედ ეს არის ჩემი დავალება, წაიკითხე ყველაფერი, რაც შენ გარშემოა! წიგნის წაკითხვას ისეც მოასწრებ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი