სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

პროფესია მრჩეველი

წამოსვლამდე ძალიან ბევრი აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევა-დარიგება მოვისმინე, უმეტესად – შემაშფოთებელი და, ცოტა არ იყოს, ალოგიკურიც:

„ხალხის რა გითხრა, სამაგიეროდ აწყობილ ქვეყანაში იცხოვრებ“;

„ორი წელი დიუსელდორფში ვიცხოვრე, გამაგიჟა მაგათმა ფლეგმამ. მაგრამ დაისვენებ, რა“;

„მანდ სულ სხვანაირად ერთობიან, ზღაპარია. მაგრამ ხალხი“…

„ბიჭები ჰყავთ მაგათ კარგი. გოგოები არაქალურები არიან, კუთხოვანები და შეუფერებლად ახოვანები“;

ბავშვობიდან მეზარება სხვების მოსმენა, რადგან იშვიათად შემხვედრია სხვა ვინმე, ვინც ჩემი ცხოვრების გაუმჯობესება შეეძლო. თანაც, მე თავდაჯერებული ადამიანები არ მიყვარს. ისინი კი, ვინც უშურველ რჩევებს გასცემენ, არასოდეს იბნევიან და უხერხული სიტუაციებისას არც კი წითლდებიან. მხოლოდ მათ შეუძლიათ წამოჰკრან ფეხი ძვირფას ხალიჩას რომელიმე ბრწყინვალე, ბრჭყვიალა წვეულებაზე, წაბორძიკდნენ, დაეცნენ ასე საგანგებოდ გამოწყობილი და წარბი არ შეიხარონ ისე დინჯად, ღირსეულად წამოდგნენ.

ასეთი ადამიანები ჩვეულებრივი, მეგობრული საუბრისასაც კი გარიგებენ. ძალიან ბრძენები არიან, ძალიან. უყვებოდე, რომ დიპლომირებულმა ჟურნალისტმა ახალი, განსხვავებული პროფესია აირჩიე და უკვე ერთი წელია, არქეოლოგიას სწავლობ, უყვებოდე ღიმილით, ბედნიერი, ის კი, პატარა გოგო, იქნებ ოცის, ოცდაორის, სერიოზული სახით გიხსნიდეს, რამდენად მომგებიანი იქნებოდა, არქეოლოგიის ნაცვლად გერმანისტიკის შესწავლისთვის მიგეყო ხელი. ასეთ დროს ვიბუზები, ვიბნევი, ვჩუმდები და ზრდილობიან ღიმილს ვაგრძელებ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა რთული საქმეა ზრდილობიანი ღიმილის გაგრძელება.

ისინი, სამაგალითო მზრუნველები და მრჩევლები, წარმოუდგენელი ეგოისტები არიან. მათთან ყოველი გამოლაპარაკება საკუთარი თავის დაუსრულებელი რეპრეზენტაციაა. მიუხედავად იმისა, რომ უბედური სულაც არ ხარ, ასე ვთქვათ, პირიქითაც კი, თავი მათთან ყოველი შეხვედრისას ლუზერი გგონია.

სხვებს ისე კიცხავენ, ისე განსჯიან რაღაცნაირად, არგუმენტირებულად, რაღაცნაირად პატიოსნად, ცოტა გულისტკივილითაც, მაგრამ ღირსეულად, მორალით ნაკარნახევი განაჩენით. ისე იზამენ, ვერ მიხვდები, ვინმეს ცხოვრებაში უნამუსო ქექვასთან რომ გაქვს საქმე. ბავშვობაში ერთი პატარა ბიჭი, ჰოლდენ კოლფილდი იმის გამო არ მიყვარდა, რომ სხვების ამოთვალწუნებისა და გაკიცხვის ოსტატი გახლდათ. გახსოვთ, მონაზვნებს გაქუცული ჩანთის გამო რომ შეიძულებს?! ეს მაგარი, მართალი მოზარდი ბიჭი ნერვებს მიშლიდა ხოლმე და მხოლოდ იმის გამო ვიტანდი, რომ ხანდახან კარგ მწერალთან თუ მუსიკოსთან მეგობრული საუბრები უნდებოდა, ან კიდევ ტაქსის მძღოლთან  გადამფრენი იხვების ბედს არკვევდა.

ასე გამომიტენეს თავი წამოსვლამდე სისულელეებით. მაშინვე არ უნდა დამეჯერებინა. ვის გაუგია, ერთი მხრივ, ქვეყანა გიყვარდეს და, მეორე მხრივ, იქაურ მოსახლეობაზე არც ისე მაღალი წარმოდგენა გქონდეს. ქვეყნები მიწა-წყლები და ბუნებები ხო არ არი, ხალხია.

სულ ვერიდები მრჩევლებს და თუ მათ ხაფანგზე მაინც წამოვეგე, მე, ასე საშინლად და მტანჯველად კარგად აღზრდილი, მორჩილად ვიღიმი, ხელებზე თავს ჩამოვდებ, თვალს თვალში გავუყრი და მონოლოგის მსვლელობისას მათ მიღმა ვიყურები. არა, მრჩევლები გამჭვირვალეები სულაც არ არიან, მათი ძვირფასი თავების უკან ჩავლილი მშვენიერი წყვილებისა და მოცინარი ადამიანების დანახვა მხოლოდ შენი პროფესიონალიზმისა და პრაქტიკის საქმეა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი