პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

შენი სიტყვებით თქვი, შენი სიტყვებით დაწერე

როცა ვსაუბრობთ, ვიყენებთ სიტყვებს ჩვენი შეხედულებებისა და თვალსაზრისის გამოსახატავად. ვცდილობთ, სიტყვებით აღვწეროთ რეალობა და ფაქტები, გავიხსენოთ მოვლენები და ჩვენი ცოდნა, რომელიც დროთა განმავლობაში დაგვიგროვდა, პირად თუ საჯარო საუბრებში გამოვიყენოთ.

ჩვენ მიერ ნათქვამი სიტყვები ჩვენს საკუთარ თავსაც წარმოაჩენს, რადგან მშრალი ფაქტების გარდა, ის ჩვენს ღირებულებებსა და აზრებს, ჩვენს განცდებს გადმოსცემს.  ეს სიტყვები ხშირად ემოციურად დატვირთულია. სწორედ ემოციური დატვირთულობის გამო  მარტივი არ არის, ამ ყველაფრის ისე გადმოცემა და გამოხატვა, რომ შესაბამისად წარმოვაჩინოთ ჩვენი სათქმელი, სწორედ ის ვთქვათ, რისი თქმაც გვინდოდა, რასაც ვფიქრობდით, რასაც ვგრძნობდით და რამაც უსწრაფესად გაიელვა ჩვენი გონების ყველაზე მიუწვდომელ კუნჭულებში.

ყველა ადამიანს  სურს, შეეძლოს აზრის სხარტად და დახვეწილად გამოთქმა, რომელიც საზოგადოებისთვის  მკაფიო და გასაგები იქნება. ამ ყველაფრის მისაღწევად კი საკმაოდ დიდი შრომაა საჭირო და ეს შრომა მაშინვე უნდა დავიწყოთ, როდესაც ბავშვი ლაპარაკს იწყებს. ნელ-ნელა აგროვებს საჭირო სიტყვებს, რომელიც მას ეხმარება გამოხატოს საკუთარი თავი და მისი პიროვნება გააცნოს გარშემომყოფებს. ბავშვის  ლექსიკური მარაგის გამდიდრებასთან ერთად, მისი მეტყველებაც უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი ხდება. მათთან ურთიერთობისას ისეთი განცდა გვაქვს, თითქოს თავიდან გავიცანით ისინი, რადგან ბავშვები განსაკუთრებით კარგად ახერხებენ საკუთარი თავის გამოხატვას და სითამამეც ჰყოფნით ყველაზე ორიგინალური იდეებიც გაგვიმხილონ და არ ინაღვლონ იმაზე, თუ რას ვიფიქრებთ უფროსები.

მხატვრული ლიტერატურის კითხვა სწორედ ის დაუშრეტელი წყაროა, რომელიც გვეხმარება ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში, ჩვენი აზრებისა და საუბრის დახვეწაში. მკითხველი ადამიანი, რომელიც  წიგნთან ურთიერთობას არ წყვეტს, განსაკუთრებით  გამოირჩევა სხვა ადამიანებისგან. ის უფრო კარგად აყალიბებს საკუთარ აზრებს და მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, საკუთარი ცოდნა გადაიტანოს საუბრის ცოცხალ პროცესში. თუ ბავშვებს ადრიდანვე მივაჩვევთ, რომ მათი აზრები ღირებულია და ყურადღებით მოვუსმენთ, მათ შემდეგ აღარ შეეშინდებათ საკუთარი სათქმელის ხმამაღლა გამოთქმა. არც საკუთარი შეკითხვები მოეჩვენებათ ისე ნაივურად, რომ ხმამაღლა გაჟღერება ვერ გაბედონ. მხატვრული ლიტერატურის კითხვა კი ამ პროცესს უფრო გაუიოლებთ და საშუალებას მისცემს მათ, იყვნენ ორიგინალურნი, თვითმყოფადმი და მრავალფეროვანი თემების შესახებ მრავალფეროვანი ლექსიკით ისაუბრონ.

“მეშინია, ინტერვიუ არ ჩაგიშალოთ”; “მართალია, წერა კარგად გამომდის, მაგრამ კამერასთან ცოტა არ იყოს ვღელავ, ალბათ ყველაფერი  დამავიწყდება, რისი თქმაც მინდა”; „ვითომ რამე გამოვა. ძალიან ვნერვიულობდი. ყველაფერი დამავიწყდა, რაზეც უნდა მესაუბრა”, – ეს იმ წინადადებების ჩამონათვალია, რომელსაც რესპონდენტები ინტერვიუმდე ან ინტერვიუს შემდეგ მეუბნებიან. რა დასამალია და მეც მითქვამს მსგავსი სიტყვები, როდესაც არც ისე კმაყოფილი  დავრჩენილვარ საკუთარი თავით. ეს რეაქციები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, რადგან მათ  აერთიანებთ შიში და უკმაყოფილება, თუ რამდენად სწორად და მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი სათქმელი, ზოგჯერ კი პირიქით კმაყოფილები ვრჩებით საკუთარი საუბრით და ვამბობთ: ”მგონი, არც ისე ცუდი გამოვიდა”.

ძალიან ცოტა ადამიანი მეგულება, რომელთაც მშვიდად შეეძლოთ საკუთარი ხმის მოსმენა. ჩვენი ხმა, რომელიც გვესმის სხვადასხვა ხმის თუ ვიდეოჩამწერი მოწყობილობიდან, ცოტა არ იყოს გვაღიზიანებს და დისკომფორტს გვიქმნის. გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს მოსმენა ან საერთოდ ვწყვეტთ მას. ეჭვიც კი გვეპარება საერთოდ სერიოზულად ვლაპარაკობდით თუ არა ჩანაწერში. ის თავდაჯერება, რომელიც ამ შიშებს გაფანტავს და აქარწყლებს, მხოლოდ სიტყვებს შეუძლია. სიტყვებს, რომლებიც გაბედულად და თავდაჯერებულად წარმოითქმება. რომელიც, ჩვენი  ყოველდღიური მეტყველებისგან დიდად არ განსხვავდება და არ არის ყალბი. მრავალფეროვან სიტყვებსა და ემოციებს შეუძლიათ გამოაცოცხლონ საუბრის პროცესი, გახადონ ის უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი და საკუთარი ხმის მოსმენასაც შეგვაჩვიონ.

საჯაროდ საუბარი და საკუთარი შესაძლებლობების რეპრეზენტაცია სკოლის ასაკიდან იწყება, როდესაც მოსწავლე თავის აუდიტორიას ელაპარაკება, რომელიც მასწავლებლისგან და თანკლასელებისგან შედგება. ალბათ, ყველას გამოგვიცდია, როგორია საკუთარი ხმის გაგონების შიში, ხმა ოდნავ გიწყდება, ხრინწი ერევა, იმ წერტილს ვერ პოულობ, რომელიც საუბრისას კონცენტრაციის მოპოვებაში დაგვეხმარება და თუ ამ წერტილს იპოვი, მერე უკვე ჩვენი სათქმელიც პოულობს თავის გზას, ძალდაუტანებლად.

დაფასთან გამოძახება და გაკვეთილის მოყოლაც არანაკლებ აფრთხობთ მოსწავლეებს. ისეთი განცდა აქვთ თითქოს მათი სამსჯავრო იწყება და ესეც, არანაკლებ ამუხრუჭებთ, თქვან ის, რაზეც  ხშირად უფიქრიათ. წერის დროსაც, ხომ ასე ხდება, ვცდილობთ გავითვალისწინოთ ჩვენი სამიზნე აუდიტორია, ვისაც ველაპარაკებით და მარტივად მივაწოდოთ ჩვენი აზრები. ამ შფოთს და ,,სამსჯავროს” ტანჯვას ამარტივებს ერთი გარემოება, ვუბიძგოთ მოსწავლეს იმისკენ, რომ გაამარტივოს საკუთარი მეტყველება, ისაუბროს თავისი სიტყვებით და ბოლომდე, შინაურული ლექსიკით გამოთქვას თავისი თვალსაზრისი. წერის დროსაც, ასე მოიქცეს და ამ ბარიერის გადალახვის შემდეგ, მას უფრო მეტად გაუჩნდება სურვილი, წარმოაჩინოს საკუთარი ცოდნა. ამიტომ მიეცით მათ თავისუფლება და შეუქმენით ისეთი გარემო, რომ გესაუბრონ და წერონ საკუთარი სიტყვებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი