ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ღვინო ლიხს იქით

იმერული ღვინო საუკუნეების მანძილზე ვრცელდებოდა როგორც იმერეთის მოსაზღვრე ქართულ რეგიონებში, ასევე სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად, ცნობილია, რომ ბიზანტიის იმპერიაში ვაჭრებს იმერული ღვინო თხის ტიკებით მიჰქონდათ გასაყიდად და როგორც ერთ-ერთ ძველ წყაროში ვკითხულობთ: ერთი 32-ლიტრიანი ტიკი, ბიზანტიის კეისრისეული 4 მონეტა ღირდა..

იმერული ღვინის ბოთლში ჩამოსხმა და ამ სახით გაყიდვა მეფის რუსეთის მმართველობის დროს, მე-19 საუკუნის 80-იან წლებში დაიწყეს, როდესაც ქუთაისელმა სირაჯებმა (ღვინით მოვაჭრეებმა) გადაწყვიტეს რუსეთში ღვინო ევროპული შეფუთვით, ანუ ბოთლით გაეტანათ. ბოთლში წარმოებული პირველი იმერული ღვინოები იყო: “კუტაისსკი”, “ცოლიკოური”, “გელათი” და სხვა… იმის გამო, რომ იმერული ღვინო განსაკუთრებულად აქტიური ბუნებრივი ცქრიალით გამოირჩევა, მე-19 საუკუნეშივე ღვინის ტექნოლოგებმა იმერული ყურძნის ჯიშებისაგან ცქრიალა ღვინის (ე.წ. შამპანურის) წარმოება დაიწყეს. იმერული ღვინის ჯიშები ასევე საინტერესოა ევროპული ტიპისა და კლასიკური ქართული (ქვევრის) ღვინოების დასაყენებლადაც და ბოლო პერიოდში ამას არაერთი უცხოელი ღვინის სპეციალისტი აღიარებს.

როდესაც იმერულ ღვინოზე ვსაუბრობთ, პირველ ყოვლისა, იმერეთის რეგიონი არ უნდა წამოვიდგინოთ ერთგვაროვან ტერიტორიად, სადაც ყველგან იდენტური  ხარისხის ყურძნის მოსავალი მოდის. იმერეთში მევენახეობისათვის განსაკუთრებით ხელსაყრელია ბაღდათისა და ზესტაფონის რაიონები. ასევე კარგი ხარისხის ყურძენი მოდის ქუთაისის მიმდებარე მდებარე სოფლებში. ჭიათურის, საჩხერის, ხონის, სამტრედიისა და ხარაგაულის რაიონებში კი (თუმცა აქაც არის გამონაკლისი სოფლები) მოწეული ყურძნის ხარისხი ხშირ შემთხვევაში არასასურველია.

საბჭოთა კავშირის პერიოდში, 1946 წლის საერთო აღწერის მონაცემებით, იმერეთში ვენახები დაახლოებით 2 ათას ჰექტარზე იყო გადაჭიმული. ამ ვენახების უმეტესობა საბჭოთა კოლმეურნეობებს ეკუთვნოდა, მოწეული მოსავლისაგან დაყენებული ღვინო კი ძირითადად რუსეთში, ბელორუსიასა და უკრაინაში იყიდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იმერული ღვინის უდიდესი უმრავლესობა ბუნებრივი სასიამოვნო სიმჟავით გამოირჩევა, საბჭოთა კავშირში, სადაც დიდი მოთხოვნა იყო ტკბილ და ნახევრადტკბილ ღვინოზე და სლავი მომხმარებელი სწორედ ასეთ ღვინოს ეტანებოდა, იმერელი მევენახე-მეღვინეები აიძულეს, რომ ტკბილი ღვინის წარმოებაზე გადასულიყვნენ. თუკი, მაგალითად, მეგრული ოჯალეში ან რაჭული ტვიში და მუჯურეთული ბუნებრივად იძლევა ტკბილი ღვინის დაყენების საშუალებას, იმერულ ღვინოში ხელოვნურმა ჩარევებმა ღვინის ხარისხს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

მაგალითად, ადგილწარმოშობის დასახელების იმერული ღვინო “სვირი”, წლების მანძილზე რუსეთში გადიოდა როგორც თეთრი ტკბილი ღვინო (“სვირი” ციცქას და ცოლიკოურის შერევით მზადდებოდა) და მეღვინეებს ღვინოში ათასგვარი არასასურველი ჩარევა უწევდათ, რათა საბჭოთა ხელისუფლებისათვის და რუსი მოხმარებლებისთვის მოსაწონი ღვინო მიეღოთ.

იმერეთში ვენახების განსაკუთრებით ფართოდ გაშენება გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო. თუმცა შემდგომ წლებში აღმასვლას კვლად დაღმასვლა მოჰყვა და დღევანდელი მონაცემებით ამჟამად მთელ იმერეთში ვენახები სულ რამდენიმე ასეულ ჰექტარს მოითვლის.

იმერული ყურძნის აბორიგენული ჯიშებიდან გამორჩეული და უპირველესი, რა თქმა უნდა, ციცქა და ცოლიკოურია. ამ ჯიშებისგან შესაძლებელია დამზადდეს როგორც თეთრი მშრალი, ასევე ცქრიალა ღვინოები. ცოლიკოური იმითაცაა გამორჩეული, რომ რქაწითელისა და საფერავის შემდეგ რაოდენობის მხრივ ქართული ვაზის ჯიშებში მესამე ადგილზეა. ცოლიკოური, იმერეთის გარდა, ასევე გავრცელებულია: სამეგრელოში, რაჭაში, გურიაში ლეჩხუმსა და აჭარაში. ცოლიკოურს იმერეთში ხშირ შემთხვევაში ციცქასთან, გამონაკლის შემთხვევებში კი კრახუნასთან აკუპაჟებენ. როგორც იმერეთში ითვლება, სამი იმერული ჯიშისგან: ციცქა-ცოლიკოური-კრახუნასგან ერთად დაწურული ღვინო ისტორიულად იმერული ღვინის ერთგვარ ნიმუშსა და სახეს წარმოადგენდა.

კრახუნა იმერულ ვაზის ჯიშებს შორის ერთ-ერთი მცირემოსავლიანი ჯიშია. თუმცა ჯიშის ხარისხობრივი გამორჩეულობა იმდენად თვალშისაცემია, რომ კრახუნაზე პრაქტიკულად ყველა ქართველი თუ უცხოელი ღვინის ექსპერტი მხოლოდ დადებით მონაცემებს აქვეყნებს. კრახუნასგან მზადდება თეთრი მშრალი სურნელოვანი ღვინო, ყვავილების ტონებითა და ხანგრძლივი დაბოლოებით.

იმერული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშებს შორის ოცხანური საფერე ნამდვილი მარგალიტია. როგორც ამპელოგრაფი მაქსიმე რამიშვილი წერს: “ოცხანური საფერე ხარისხით მრავალ ცნობილ ევროპულ ყურძნის ჯიშს არ ჩამოუვარდება” და ოცხანური საფერესგან მშრალად დაყენებული ღვინო გამორჩეულად სასიამოვნო და მრავალფეროვანი გემოებით ხასიათდება. ოცხანური საფერესაგან თავისუფლად მზადება როგორც ქვევრის ტრადიციული ქართული, ასევე ევროპული ტიპის ღვინოები. საბჭოთა კავშირის დროს, საერთოდ მიიჩნევდნენ, რომ ოცხანურმა საფერემ თავისი განსაკუთრებულობა სწორედ ევროპულ მუხის კასრში გამოამჟღავნა. თუმცა ეს შეხედულება საკამათოა და სათანადო კვლევას საჭიროებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმერული ვაზის ჯიშები ცქრიალა ღვინისათვის საჭირო განსაკუთრებულ პოტენციალს ავლენენ. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში, ავჭალაში მდებარე შამპანურის ქარხანა ციცქა-ცოლიკოურის კუპაჟისაგან, ე.წ. საბჭოთა შამპანურს ამზადებდა და მთელი, ე.წ. სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში ყიდდა. შემდეგ სოციალისტური ბანაკიც დაინგრა და საკუთრივ საბჭოთა კავშირიც, რასაც ქართული ცქრიალა ღვინის წარმოების შეჩერებაც მოჰყვა. ამას დაემატა ისიც, რომ ფრანგმა შამპანურის მწარმოებლებმა მოითხოვეს, რომ ტერმინი “შამპანური” მხოლოდ საფრანგეთში, შამპანის რეგიონში მოწეული ყურძნისგან დამზადებულ ცქრიალა ღვინოებისათვის ეწოდებინათ. ფრანგების ეს მოთხოვნები ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომაც შეასრულა და უკვე 15 წელზე მეტია, ტერმინი “შამპანური” ქართული ღვინის ეტიმოლოგიიდან ამოვარდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი