ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

რას  განასახიერებს  მონეტა

გაკვეთილის ჩასატარებლად მრავალფეროვან წყაროებსა და თვალსაჩინოებებს იყენებს. ეს არის სახელმძღვანელოებში არსებული სხვადასხვა სახის წყაროები, მასწავლებლის მიერ თემის შესაბამისად მომზადებული, მოსწავლის მიერ შექმნილი და შეგროვებული მასალა, დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმი; საოჯახო ფოტო ალბომები, დოკუმენტები, მიმოწერა, ძველი ნივთები მაგ. სამუშაო იარაღი, მონეტები თუ ძველი ტელეფონის აპარატი და ა.შ. წყაროებსა და თვალსაჩინოებებთან მუშაობა ხდება როგორც საკლასო ოთახში, ასევე კლასის გარეთაც, მაგალითად, მუზეუმებში, სკოლის ეზოში. მოსწავლეებში სერიოზულ ცნობისმოყვარეობას აღძრავს ნუმიზმატიკა.

 

მონ

მონეტაზე არსებული თარიღები, წარწერები, სურათები, სიმბოლოები, მისი სხვადასხვა თვისება ბევრი ისტორიული კითხვის ნიშნის ამოხსნის საშუალება გამხდარა.

მონეტა განასახიერებს დროის სიმბოლოს, რომლის საშუალებითაც წარმოგვიდგება ქვეყნის ისტორია, კულტურა, მაშინდელი აღებ-მიცემობა.

როგორ შეიძლება მონეტით ამოვიკითხოთ ქვეყნის ისტორია?

ნუმიზმატიკა არის ისტორიის დამხმარე მეცნიერება, რომელიც ცდილობს მონეტების საშუალებით შეისწავლოს ქვეყნის ისტორია, კულტურა,  ეკონომიკური მდგომარეობა.

მეშვიდეკლასელები ხელოვნების გაკვეთილებზე სწავლობენ მაკედონელის ოქროს მონეტას, რომლის  ორივე მხარეს გამოსახული ფიგურებით უნდა ამოიცნონ ქვეყნის ისტორია, გამოუმუშავდეთ ინტერპრეტაციის უნარი და თვითონვე შექმნან ნებისმიერი მასალით მონეტა,  ხოლო მასწავლებელი პარალელურად  აცნობს რომაულ მონეტებს და სხვადასხვა პერიოდის ქართულ მონეტებს.

პედაგოგის ეფექტიანი მუშაობისათვის საჭიროა წინარე ცოდნის და უნარ-ჩვევების საფუძვლიანი ანალიზი.

დღესდღეობით მოსწავლეთა უმეტესობა მონეტებს იცნობს, როგორც მხოლოდ ფულის ერთეულს, მიმოქცევის საშუალებას და არ იციან, რომ კონკრეტული მონეტა განასახიერებს ქვეყნის ისტორიასა და კულტურას.

პედაგოგისთვის არ არის რთული, მოსწავლეებს  მოუთხროს  მონეტების შესახებ:  რა არის გამოსახული მის ავერსსა და რევერსზე,  მოუყვეს მისი დანიშნულებისა და ისტორიის შესახებ. ამ ინფორმაციით  მოსწავლეები გაანალიზებენ და შეხედავენ მონეტას  სხვადასხვა კუთხიდან.

ჩვენი სახელმძღვანელოები ნაკლებად იძლევა იმის საშუალებას, მოსწავლეებმა შეისწავლონ სხვადასხვა პერიოდის და სხვადასხვა ქვეყნის მონეტები.

ამ მიზნით   დავგეგმეთ  პროექტით სწავლება – მაკედონელის მონეტასთან  ერთად შეესწავლათ  თამარის დროინდელი მონეტები და თანამედროვე  პერიოდის  ქართული მონეტები.

სწავლების მეთოდის შერჩევისას  მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს მიზანი და შედეგი -დაგვეხმარება თუ არა ჩვენ მიერ შერჩეული მეთოდი დასახული მიზნის მიღწევაში?!  შედეგების ჩამოყალიბებისას კი გათვალისწინებული უნდა იქნას არა მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესახებ ცოდნის მიღება, არამედ იფიქროს იმაზეც, რომ  მოსწავლეს  გამოუმუშავდეს ზოგადი ტრანსფერული უნარებიც.

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ გეგმას, რომელიც ბევრის მომცემი იქნება მეშვიდეკლასელებისთვის, დაეხმარება მათ შემოქმედებითი უნარის წარმოსახვაში, ინფორმაციის  ანალიზისა  და მსჯელობის უნარის გამომუშავებაში, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.

სხვადასხვა პერიოდის მონეტებს შორის პარალელების გავლება, მსგავსება-განსხვავების დანახვა  მოსწავლეებში აამაღლებს აზროვნების დონეს, გამოუმუშავებს შედარებითი ანალიზის  უნარს. ზოგიერთ მოსწავლეს მონეტების კოლექცია  აქვს. პროექტის მსვლელობისას, ვფიქრობ, კოლექციის გამრავალფეროვნების  უფრო მეტი მოტივაცია გაუჩნდებათ.

პროექტის აღწერა: მოსწავლეები დაიყოფიან  სამ ჯგუფად,  გაეცნობიან პროექტის მიზანს  და ჯგუფებს შორის გადაინაწილებენ  იმ  საქმიანობებს, რომლებზეც უნდა ჩაატარონ კვლევა. მიეცემათ მიმართულების მიმცემი კითხვები: რატომ არის მნიშვნელოვანი მონეტების შესწავლა?  რა მსგავსება და განსხვავებაა სხვადასხვა პერიოდისა და ქვეყნების მონეტებს შორის?  მოსწავლეები შეისწავლიან და გაეცნობიან ფულის ისტორიას, ესტუმრებიან ფულის მუზეუმს, ინტერვიუს აიღებენ სპეციალისტებისაგან, მოიძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნისა და პერიოდის მონეტების შესახებ ბიბლიოთეკაში, ინტერნეტში, ამოიღებენ ფოტო-მასალას.

პირველი ჯგუფი, რომლებიც შეისწავლიან მაკედონელის მონეტებს,  დაევალებათ – შეისწავლონ:

  1. მაკედონელის ბიოგრაფია, მისი საბრძოლო ცხოვრება (საჭირო ინფორმაცია);
  2. საბერძნეთის ისტორიისა და კულტურის შესახებ საჭირო და სასურველი ინფორმაცია, ვინ იყო მაკედონელის მოქანდაკე;
  3. სახელმწიფოში არსებული მონეტები და მათ შესახებ ინფორმაცია, დაიწყონ კვლევა ალექსანდრე მაკედონელის მამის დროს გამოცემული მონეტებიდან – ფილიპიკებიდან (დააკვირდნენ მასალას,  გამოსახულებებს);

კვლევის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან მოცემული ქვეყნისა და ეპოქის პოლიტიკურ მდგომარეობას, კონკრეტული პიროვნების გავლენას  ისტორიულ, კულტურულ თუ ეკონომიკურ სფეროში. მაკედონელის დამოკიდებულებას  სახელმწიფოს ეკონომიკასთან და ყურადღებას  გაამახვილებენ მონეტის სტილზე, მასალაზე, გამოსახულებებზე.

მეორე ჯგუფი – თამარისა და დავით სოსლანის მონეტები. ამ ჯგუფის წევრებს დაევალებათ შეისწავლონ:

  1. თამარის მეფობა, ოქროს ხანა;
  2. რამდენი სახის მონეტა არსებობდა თამარის დროს;
  3. რა არის გამოსახული თამარისა და დავითის მონეტებზე, რა მასალისაგან არის დამზადებული, რა ენაზეა წარწერები და რატომ, ვისი ხელრთვაა;
  4. პარალელურად მოიკვლევენ ,,ვეფხისტყაოსანში’’ არსებულ მონეტებს. აქ დაიხმარებენ ქართულის მასწავლებელს ინფორმაციის მისაღებად (პერპერა, დრაჰკანი, წითელი).

კვლევა-ძიების პროცესში მოსწავლეები გაეცნობიან და გაიღრმავებენ ცოდნას თამარის ეპოქაზე,  სახელმწიფოს მაშინდელ წეს-წყობილებაზე, კულტურულ და სავაჭრო ურთიერთობებზე. პარალელურად გაეცნობიან ,,ვეფხისტყაოსანში“’ არსებულ ,,საჭურჭლეებს’’, ამოიწერენ იმ  სტრიქონებს, სადაც პერპერა და სხვა ფულის ერთეულია  მოხსენებული. მოიკვლევენ, თუ რატომ არის თამარის მონეტაზე არაბული და ებრაული წარწერები, როგორია წესიერად და არაწესიერად მოჭრილი მონეტები.

მესამე ჯგუფი – თანამედროვე მონეტები.

  1. დაევალოთ მოიძიონ ინფორმაცია ნუმიზმატიკის შესახებ;
  2. დაგეგმონ ვიზიტი ფულის მუზეუმში, გაეცნონ იქ არსებულ თანამედროვე ეპოქის ოქროს, ვერცხლის და სპილენძის მონეტებს;
  3. მოიპოვონ ინფორმაცია თანამედროვე მონეტების შესახებ, გაეცნონ ოქროს საწმისიან საინვესტიციო მონეტას;
  4. დააკვირდნენ მსგავსება-განსხვავებას ფულის მუზეუმში არსებულ უძველეს მონეტებსა და თანამედროვე მონეტებს შორის, გააკეთონ შედარებითი ანალიზი.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ესტუმრებიან ფულის მუზეუმს, აიღებენ ინტერვიუს სპეციალისტებისაგან, იქვე მიიღებენ ინფორმაციას ნუმიზმატიკის, როგორც ისტორიის დამხმარე მეცნიერების შესახებ, მოიკვლევენ ინფორმაციას სვანეთის ნუმიზმატიკური კაბინეტის შესახებ. დაათვალიერებენ ფულის მუზეუმში წარმოდგენილ უძველეს  თეთრებს, ასევე  გაარკვევენ  რა არის გამოსახული თანამედროვე საკოლექციო და საინვესტიციო ოქროს, ვერცხლის და სპილენძის მონეტებზე. დღევანდელობიდან კი აიღებენ  ერთ-ერთ ხმარებაში შესულ  მონეტას,  მაგ; ოცთეთრიანს და გაეცნობიან  მის ავერსსა და რევერსზე გამოსახულ ფიროსმანის ხარ-ირმისა და ბორჯღალის სიმბოლოებს.  ჩაინიშნავენ  და  გააკეთებენ დასკვნას. ამავე ჯგუფს დაევალება  თავიანთი საკოლექციო მონეტებზე დაკვირვება და  დასკვნის  გაკეთება  შეძლებისდაგვარად.

 

მონ1

კვლევის ფარგლებში თითოეული ჯგუფის წევრმა კარგად უნდა გაიაზროს მონეტის დანიშნულება, დააკვირდნენ არა მარტო სურათებს, წარწერებს, სიმბოლოებს, არამედ ყურადღება მიაქციონ მათ ფორმასა და მასალას. მასალები ადვილი მოსაძიებელია ინტერნეტში, მუზეუმში. აქვე გვაქვს იმის შესაძლებლობები გავზარდოთ  თუ  შევამციროთ კვლევა.

როდესაც სამივე ჯგუფი დაასრულებს თავიანთ საქმიანობას, თითოეული ჯგუფი საკუთარი ჯგუფის წევრებს გააცნობს კვლევის შედეგებს, მოძიებულ ინფორმაციას დაამუშავებენ, გააკეთებენ ელექტრონულ რესურსს და მზად იქნებიან პრეზენტაციით წარსდგნენ კლასისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე. დამზადებული ექნებათ  საინფორმაციო ბუკლეტები.

პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს მოუწევთ ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობა, რაც მათ თანამშრომლობით უნარებსა და ჯგუფური სამუშაოსთვის საჭირო უნარ-ჩვევებს განუვითარებს.

მსმენელებთან საკუთარი მოხსენების წარდგენისას მოსწავლეებს აუმაღლდებათ აუდიტორიასთან ურთიერთობისა და პრეზენტაციის უნარები.

მოკვლეული მასალები მოსწავლეებს საშუალებას მისცემთ, წარმოდგენა შეექმნათ როგორც ძველი საბერძნეთის ისტორიასა  და ძველბერძნულ მონეტაზე, ასევე საქართველოს ისტორიის გარკვეულ  ხანაზე, კერძოდ თამარის დროინდელ მონეტებზე და დღევანდელ, თანამედროვე მონეტებზე.

პროექტის დასასრულს შეიძლება მოეწყოს დისკუსია. სასურველია, სამივე ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მონეტა ამობეჭდილი იყოს ელექტრონული სახით და ხელმისაწვდომი იყოს ყველასათვის.

,,ვეფხისტყაოსნიდან’’ მოძიებულ სტროფები კი, რომლებიც პედაგოგის მიერ წინასწარ   ჰქონდა დავალებული მეორე ჯგუფს, საინტერესოს გახდის და გააფართოებს სადისკუსიო

მსვლელობას.

გარეგანი მოტივაციისათვის შესაძლებელია პედაგოგმა შეაფასოს თითოეული ჯგუფის კვლევა.

იმისათვის, რომ მოსწავლეები კარგად გარკვეულიყვნენ  მონეტებისთვის  დამახასიათებელი ნიშნების ამოცნობაში, საჭირო იყო კვლევა გეგმის მიხედვით ჩატარებულიყო და მოეხდინათ მოძიებული ინფორმაციის  ანალიზი.

ვფიქრობ, მსგავსი ტიპის პროექტები არა მხოლოდ იმ პრობლემას გადაჭრაში მოგვეხმარება, რომელიც მონეტით სწავლებისას  შეგვხვდა, არამედ დაეხმარება ჩვენს მოზარდებს, ისწავლონ აზროვნება, სხვადასხვა ქვეყნისა და ეპოქის  მონეტებს შორის შედარებითი ანალიზის გაკეთება,  გამოუმუშავდეთ დისკუსიისა და  პრეზენტაციის უნარი, გაუღრმავდეთ თანამშრომლობის, ინფორმაციის დამუშავებისა და აღქმის  უნარები. მოსწავლე ჩაერთვება საზოგადოებრივ საქმიანობაში.

პედაგოგს კი შეეძლება, დაუკავშიროს არჩეული ღონისძიება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს.

ს.გ.VII.7.  მოსწავლეს შეუძლია წარადგს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრებდა მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით გამოთქვას და დაასაბუთს საკუთარ აზრ ხელოვნების ნაწარმოების შესახებ.

ს.გ. VII.12 მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი ისტორიასთან და კულტურასთან.

მე, როგორც  მოქმედი პედაგოგი, ვფიქრობ, შერჩეული მეთოდი შესაფერისია მონეტებით სწავლების დროს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა;
  2. nbg.ge
  3. ვიზიტი ფულის მუზეუმში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი