ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა სკოლაში

როგორი მოსწავლის აღზრდა გვსურს? რას გულისხმობს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი? როგორ გავიგოთ, მივაღწიეთ თუ არა მიზანს? რა არის მიზანი? – უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამ კითხვებზე პასუხი ნათელია; ნათელია მიზანიც, რომელსაც თანამედროვე ქართული განათლების სისტემა უსახავს სკოლებს. საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულ ადამიანებს სჯერათ, რომ კარგად იციან, რა არის მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი, როგორი უნდა საბოლოო შედეგი და როგორ მიიღონ ის, თუმცა 15–კაციან ფოკუსჯგუფში ჩატარებული საინტერესო ექსპერიმენტი მოწმობს, რომ ზემომოყვანილ კითხვებზე ყველას საკუთარი აზრი აქვს და რომ ეს აზრები მხოლოდ ოდნავ კვეთს ერთმანეთს.

ლოგიკურია, რომ მიზნის მიღწევის გზები, დაწესებულების ტიპის, მასწავლებლის ინდივიდუალური მიდგომისა და სასკოლო გარემოს კვალობაზე, შესაძლოა სხვადასხვანაირი იყოს, მაგრამ არსებითად მნიშნელოვანია, სკოლის ადმინისტრაციასა და მასწავლებლებს გათავისებული ჰქონდეთ, რა არის სწავლების მიზანი, როგორ მიაღწიონ მას და როგორ აკონტროლონ მიღწეულის ხარისხი.

დღეს საქართველოში მოქმედ სკოლებს სწავლების მიზნებს ეროვნული სასწავლო გეგმა უდგენს როგორც საგნობრივი, ისე გამჭოლი კომპეტენციების სახით. სავალდებულო ცხრა კლასის ან სრული ზოგადი განათლების მიღების შემდეგ მოსწავლე აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ცოდნით, უნარებითა და კომპეტენციებით. საინტერესოა, როგორ ვამოწმებთ, მივაღწიეთ თუ არა მიზანს? როგორ ვაფასებთ შედეგებს? როგორ ვაკონტროლებთ ხარისხს?

დღესდღეობით სკოლებში ხარისხის კონტროლის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ყველა თანხმდება, მაგრამ საინტერესოა, რას გულისხმობს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, როგორ გაჩნდა იგი საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რაში ეხმარება სასკოლო საზოგადოებას.

წარმოვიდგინოთ, რომ არაპროფესიონალი კბილის ექიმი მკურნალობს პაციენტს. დამეთანხმებით, შედეგი შესაძლოა ორივეთვის სავალალო იყოს. ჩნდება კითხვა: როგორ მოხდა, რომ კვალიფიკაცია დაუდასტურდა პირს, რომელსაც სათანადო კომპეტენცია არ გააჩნდა? პასუხი შესაძლოა მრავალგვარი იყოს, მაგრამ პრობლემის მიზეზი ერთადერთია: სწავლისას მან მიიღო შეფასება, რომელიც არ დაუმსახურებია, დაუდასტურდა არარსებული სწავლის შედეგები და არც არავის გადაუმოწმებია სასწავლო პროცესისა და კვალიფიკაციის ხარისხი.

ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მსგავს შემთხვევებზე და საილუსტრაციოთ მოვიყვანოთ სპეციალისტები, რომელთა განათლების ხარისხსაც პრაქტიკული საქმიანობა და დიპლომი მოწმობს; შეგვიძლია ანალოგიური მიდგომა გავავრცელოთ სკოლაზე და დავფიქრდეთ: ასახავს თუ არა ჩვენ მიერ დაწერილი შეფასება რეალურ მდგომარეობას? რა უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს, რა რისკი შეიძლება წარმოშვას არარსებული ცოდნის დადასტურებამ? ხომ არ გადავლოცავთ ამით საკუთარ პასუხისმგებლობას უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს? როგორ შეიძლება მოგვარდეს პრობლემა?

სკოლაში შეფასების სანდოობისა და ვალიდურობის დადასტურების ერთ-ერთ გზას კარგად გამართული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა წარმოადგენს. ხარისხის კონტროლი და უზრუნველოფა პირველად საწარმოო სფეროში გაჩნდა, სადაც ნაწარმის ხარისხისა და ვარგისიობის დადასტურება არსებითად მნიშვნელოვანი იყო. შემდგომ იგი გავრცელდა სხვა სისტემებშიც, მათ შორის – საგანმანათლებლოში. საწარმოო სფეროში ხარისხის დადასტურება არც ისე ძნელია, რადგან შეფასების მაჩვენებლები ზუსტად გაწერილი და რაოდენობრივია. მაკონტროლებლებმა დანამდვილებით იციან, რას გულისხმობს ხარისხიანი პროდუქტი, რა არის ჯანრთელობისთვის საშიში და როგორი საწარმოების არსებობაა დაუშვებელი. საგანმანათლებლო სფეროში საქმე უფრო რთულადაა, რადგან განათლების ხარისხის გაზომვა არც ისე იოლია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოება შეთანხმებული არ არის იმის თაობაზე, რას გულისხმობს მისთვის ხარისხიანი განათლება.

ხარისხის უზრუნველყოფის მიდგომების (Quality assurance approach) ევროპული განმარტება გულისხმობს პოლიტიკის, პროცედურების, წესების, კრიტერიუმების ინტეგრირებას და იმ ინსტრუმენტებისა და მექანიზმების გამოცდას, რომლებიც საერთო ჯამში უზრუნველყოფს და აუმჯობესებს სკოლაში განათლების ხარისხს. ტერმინი „მიდგომა“ ამ შემთხვევაში ფართო გაგებით გამოიყენება დამ „სისტემისგან“ განსხვავებით, გულისხმობს ხარისხის უზრუნველყოფისადმი საერთო მიდგომას პოლიტიკის დონეზე. სასკოლო განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფა (Quality assurance in school education) გულისხმობს საგანმანათლებლო პოლიტიკის, პროცედურების, დაგეგმვასთან დაკავშირებული პრაქტიკისა და აქტივობების, შეფასების, რეფლექსიისა და ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებების სასკოლო განათლებაში (სასწავლო პროგრამების შინაარსი, სასკოლო სასწავლო გეგმა, შეფასება და სწავლის შედეგების ვალიდაცია და სხვ.) იმგვარ შერწყმას, რომ დაინტერესებული მხარეების მოთხოვნებსა და მოლოდინებს შეესაბამებოდეს (Comparative Study on Quality Assurance in EU School Education Systems – Policies, procedures and practices 2015).

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დასანერგად მნიშვნელოვანია ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის გათვალისწინება. ხარისხის კონტროლის მიზნია, განამტკიცოს წარმოდგენა იმის შესახებ, როგორ ასრულებს სკოლა შესაბამის მოთხოვნებს, მონიტორინგი კი განათლების ხარისხის სტანდარტებისადმი შესაბამისობის დასადგენად ხარისხის ინდიკატორების სისტემატურ შეგროვებასა და ანალიზს გულისხმობს. შესრულებული სამუშაოს საზომად გამოიყენება ფორმალურად დადგენილი ციფრი ან კოეფიციენტი – ხარისხის ინდიკატორი. ხარისხის უზრუნველყოფის პროცესი ეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან აქტივობებს, როგორებიც შიდა და გარე შეფასებაა (Comparative Study on Quality Assurance in EU School Education Systems – Policies, procedures and practices 2015).

სასკოლო განათლებაში შიდა შეფასება (Internal evaluacion) გულისხმობს წინასწარ შემუშავებული ინდიკატორების საფუძველზე სასკოლო გუნდის მიერ (პროცესებში უშუალოდ ჩართული პირები: ხარისხის მართვის მენეჯერები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მასწავლებლები, კათედრის ხელმძღვანელები) განხორციელებულ სწავლებისა და მენეჯმენტის შეფასებას.

გარე შეფასებას (External evaluation) ახორციელებენ პირები, რომლებიც არ არიან ჩართულნი შესაფასებელი სკოლის საქმიანობაში და არ აქვთ კავშირი დაწესებულებაში მიმდინარე პროცესებთან. შემფასებლებს უფლებამოსილებას ანიჭებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო, ხოლო მათ მიერ განხორციელებული შეფასება მოიცავს სკოლის ყველა სფეროსა (სასწავლო პროცესი, სწავლის შედეგები, რესურსები, სასწავლო გარემო) და სკოლის მართვის სისტემის შეფასებას. საქართველოში ასეთი მექანიზმი ავტორიზაციაა, რომლის საშუალებითაც ხდება დაწესებულების მიერ განხორციელებული შიდა შეფასების დადასტურება.

საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროცესები შესაძლოა ამგვარად გამოიყურებოდეს:

◦ ხარისხის კონტროლი;

არისხის უზრუნველყოფა;

◦ ერთიანი ხარისხის მენეჯმენტი;

არისხის დაგეგმვის ფაზა.

სტატიის მომდევნო ნაწილებში შევეცდებით მოგაწოდოთ ინფორმაცია ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მოდელის შესახებ, რომელიც სწავლის შედეგების დადასტურებისა და ხარისხის კონტროლის ეფექტური საშუალებაა.

კომენტარები

comments